asdas
ცნობილი ადამიანები

Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

კალეიდოსკოპი
კალეიდოსკოპი
კალეიდოსკოპი

2009-12-11 11:29:23



თევზი ფუგუ აღარ მოგწამლავთ

იაპონელმა მეცნიერებმა თევზი ფუგუს არაშხამიანი სახეობა გამოიყვანეს. ეს თევზი იაპონური რესტორნების ერთ–ერთ მთავარ ატრიბუტს წარმოადგენს. მას უნიკალური საგემოვნო თვისებები აქვს, მაგრამ არასწორი მომზადებისას შხამს გამოჰყოფს, რომელიც ადამიანისთვის სასიკვდილოა.

დელიკატესური თევზის უსაფრთხო "ვერსიის" გამოყვანა მისი რაციონის შეცვლის შედეგად მოხერხდა. მეცნიერებმა ივარაუდეს, რომ თევზი ფუგუ შხამს გამოიმუშავებს არა დამოუკიდებლად, არამედ მას ზღვის ვარსკვლავებისა და კიბოსნაირთა ჭამის შედეგად იღებს. შესაბამისად, თუ თევზს შხამიან საკვებს არ მისცემენ, იგი ადამიანისთვის უსაფრთხო გახდება.

ამ ჰიპოთეზის სისწორე დაადასტურეს ცდებმა, რომლებიც იაპონიაში 2001 წლიდან ტარდება. მას შემდეგ, რაც მთელი ექსპერიმენტის განმავლობაში ხუთი ათას ფუგუს არატოქსიკური საკვებით კვებავდნენ, გაირკვა, რომ თევზის ორგანიზმში სასიკვდილო შხამის შემცველობა ნულის ტოლი გახდა.

თუმცა, მოლოდინის საწინააღმდეგოდ, იაპონური რესტორნების მფლობელებსა და მზარეულებს სიხარული სულაც არ გამოუხატავთ იხტიოლოგების ამ აღმოჩენის გამო.

მათი აზრით, მრავალი ტურისტი მზად არია ფუგუს კერძში ათასობით დოლარი გადაიხადოს სწორედ მწვავე შეგრძნებების განცდისთვის. გარდა ამისა, მზარეული, რომელსაც შხამიანი თევზის სწორად დამზადება ეხერხება, ერთ–ერთ ყველაზე მაღალკვალიფიციურ სპეციალისტად ითვლება ქვეყანაში, ხოლო რესტორნები, რომლებიც მომხმარებელს ასეთი დელიკატესებით მომზადებულ კერძებს სთავაზობენ, საუკეთესოდ ითვლებიან.

ამგვარად, რესტორნების ბიზნესის წარმომადგენლები მიიჩნევენ, რომ არაშხამიანი ფუგუს აღმოჩენა მათ შემოსავალს დააკარგვინებს.

პოლონეთის ზოოპარკში ადამიანები დასახლდნენ

ვარშავის ზოოპარკის ხელმძღვანელებმა გადაწყვიტეს ერთ–ერთ ვოლიერში ორი ადამიანი ჩაესვათ. მოხალისეები გახდნენ 24 წლის მამაკაცი და 18 წლის გოგონა. მათ ცხოველების ტყავისგან შეკერილი სამოსი ჩააცვეს და გამოქვაბულში მცხოვრები ადამიანების ცხოვრების იმიტაცია შესთავაზეს. ისინი ერთმანეთს უვლიან, ცეცხლს ინარჩუნებენ და დამთვალიერებლებს აკვირდებიან.

ზოოპარკის დირექტორის მოადგილე ევა ზბორნიკოვსკამ აღნიშნა, რომ ეს პროექტი სახუმარო მცდელობაა აიძულონ ადამიანები დაფიქრდნენ ამ სამყაროში საკუთარ ადგილზე. ორგანიზატორების ჩანაფიქრით, ვოლიერში უჩვეულო არსებებმა დამთვალიერებლებს უნდა შეახსენონ, რომ ადამიანებიც ცხოველები არიან.

– ისინი მეტად მშვიდები და კეთილები არიან. არ იკბინებიან, – განაცხადა ზბორნიკოვსკამ ზოოპარკის ახალი ბინადრების შესახებ.

მისი თქმით, გამოქვაბულის ადამიანები ინტერესით ადევნებენ თვალს "უცხოებს", რომლებიც მათი "სახლის" წინ მოძრაობენ. დირექტორის მოადგილემ ასევე აღნიშნა, რომ დამთვალიერებლებს შეუძლიათ მათთან გამოლაპარაკება და საკვების შეთავაზებაც კი სცადონ.

2007 წელს მოხალისეთა ჯგუფმა ასევე განაცხადა თანხმობა, რომ ერთი თვის მანძილზე ეცხოვრათ ავსტრალიის ერთ–ერთ ზოოპარკში. იტყობინებოდნენ, რომ ადამიანები ორანგუტანგებისთვის განკუთვნილ ვოლიერებში იცხოვრებდნენ და მხოლოდ ბანანებით გამოიკვებებოდნენ. ამასთან აღნიშნული იყო, რომ თუ მოხალისეები უწესოდ მოიქცეოდნენ (გისოსებს მივარდებოდნენ ან თავს უხამსობის უფლებას მისცემდნენ) მათ ტრანკვილიზატორებით დაამშვიდებდნენ.

მკვლელობა სექსისთვის

სექსით დაუკმაყოფილებლობა გახდა მკვლელობის მიზეზი ობობას მსგავსი მაიმუნების ჯოგში, რომლებიც ერთ–ერთ ყველაზე უწყინარ სახეობად ითვლებიან მაიმუნებს შორის, რისთვისაც მათ მეტსახელად "ჰიპიც" კი შეარქვეს. ამ სამწუხარო ინციდენტზე ამერიკელი მეცნიერები მუშაობენ.

ისინი კვლევის შედეგად იმ დასკვნამდე მივიდნენ, რომ 6 გააფთრებული მამრობითი სქესის მაიმუნის მსხვერპლი გახდა მათი უფრო ხანდაზმული თანაჯოგელი. დაზარალებულს უამრავი ნაკბენი ჰქონდა სახეზე, სხეულსა და სასქესო ორგანოებზე.

ობობას მსგავსი მაიმუნები ბრაზილიაში სახლობენ და ორ ქვესახეობად იყოფიან გეოგრაფიული გავრცელების მიხედვით. ჩრდილოეთში მცხოვრები "ჰიპები" ფოთლებით იკვებებიან, ცხოვრობენ დიდ მეგობრულ ოჯახურ გაერთიანებებში და ეს მათთვის სრულიად საკმარისია საკუთარი სიამოვნებისთვის ცხოვრებისთვის. სამხრეთელები კი მკვლელობაზეც არ იხევენ უკან. ზემოთხსენებული შემთხვევაც სწორედ მათ ჯოგში მოხდა.

მეცნიერები ასეთ ქცევას იმით ხსნიან, რომ მდედრი მაიმუნები საკვების საძებნელად დიდი ხნით მიდიან ჯოგიდან და მამლები სქესობრივი კავშირის გარეშე რჩებიან. ასეთ დროს კი მამლები საკუთარ თავზე კონტროლს კარგავენ და აგრესიულები ხდებიან. სწორედ ასეთი აგრესიის მსხვერპლი გახდა საცოდავი ხანშიშესული "ჰიპიც".

მამალი კატები ცაციები არიან

შინაური მამალი კატები თამაშისა და მსხვერპლის შეპყრობის დროს მარცხენა თათის გამოყენებას ამჯობინებენ, მაშინ როდესაც დედალი კატები ამისთვის მარჯვენა თათით სარგებლობენ.

ბელფასტის უნივერსიტეტის მეცნიერი დებორა უელსი და მისი კოლეგები თვალს ადევნებდნენ 42 მამალ და დედალ კატას. დასაწყისში კატების ამოცანას წარმოადგენდა ხორცის ნაჭერის ამოღება ვიწროყელიანი საგნიდან, შემდეგ მათ უნდა დაეჭირათ მათ თავს ზემოთ ძაფზე ჩამოკიდებული "თაგვი" და მესამეც, იგივე თაგუნია უკვე იატაკზე "სირბილის" დროს დაეჭირათ.

მეცნიერთა თქმით, მეორე და მესამე შემთხვევის დროს მათ ვერ მოახერხეს მემარჯვენეებისა და მემარცხენეების ერთმანეთისგან გარჩევა და მხოლოდ პირველმა შემთხვევამ მისცა მათ საშუალება დაესკვნათ, თუ რომელი კატა რომელი თათის გამოყენებას ანიჭებდა უპირატესობას.

მამალი კატები მარცხენა თათის გამოყენებას ამჯობინებდნენ, მაშინ როდესაც დედალი კატების უპირატესობას მარჯვენას ანიჭებდნენ. საერთოდ, ცხოველთა სამყაროში მამალი ცხოველები უმეტესად ცაციები არიან. სხვათა შორის, ძაღლები ამ განსხვავებას მაშინვე კარგავენ, როგორც კი მათ კასტრაციას ან სტერილიზაციას უტარებენ.

ადამიანში ცაციაობას განსაზღვრავს სტეროიდული ჰორმონი ტესტოსტერონი. მიუხედავად იმისა, რომ დედამიწის მცხოვრებთა 90 პროცენტზე მეტი მემარჯვენეა, ცაციები უმეტესწილად მამაკაცებში გვხვდებიან. გარდა ამისა, როგორც უელსმა აღნიშნა, ამ შემთხვევაში გარკვეულ როლს "ქცევის ჩატვირთული პროგრამაც" ასრულებს. შთამომავლობის აღზრდისა და დაცვის მისწრაფება, ან ნადირობის ჩვევა ტვინის სხვადასხვა ნახევარსფეროების განვითარებაზე მოქმედებს, რაც ასახვას ასევე ჰპოვეს ტვინის ქერქის გარკვეულ ზონებზე.

მოამზადა კახა ხატიაშვილმა

Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

დღის სიახლეები
რა მოსწონთ თქვენ მეგობრებს

Alternative content

online