asdas
ცნობილი ადამიანები

Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

სოსო ჯაჭვლიანს წინასწარმეტყველური სიზმრები აქვს
"რისკიანი – არა, ჯაჭვლიანი ვარ!"
სოსო ჯაჭვლიანს წინასწარმეტყველური სიზმრები აქვს

2009-11-21 12:09:35



მსახიობი და რეჟისორი სოსო ჯაჭვლიანი აზარტული თამაშებისგან ძალიან შორსაა, ამის მიზეზი ალბათ ნაწილობრივ ისიცაა, რომ ძალიან ბევრი ახლობელი ჰყავს სწორედ კაზინოებით დაქცეული და გაუბედურებული. თუმცა მასაც აქვს თავისებური აზარტი, რომელსაც "მონური სულის" წინააღმდეგ ბრძოლაში ავლენს. თუ რას ნიშნავს ეს, მკითხველი თავად გაარკვევს ბატონ სოსოსთან ინტერვიუში.

– ბატონო სოსო, უბრალოდ დავიწყოთ – აზარტული ადამიანი ხართ?

– როგორ არა, მაგრამ გააჩნია, რაში ხარ აზარტული. ადამიანს თუ რაღაცის მიმართ აზარტი არ გააჩნია, ჩემი აზრით, მას სიცოცხლის ხალისიც ნაკლებად აქვს. აზარტული არ უნდა იყო ისეთი რაღაცის მიმართ, რაც შენ განგრევს. გონებით უნდა შეხედო ყველაფერს. სამწუხაროდ, ისეც ხდება, რომ როცა ახალგაზრდაა ადამიანი, ვერ ხვდება, როგორ იქცევა და ვერც ვერაფერი შეაჩერებს, თუ კარგი რჩევა არ მიეცი. მე ჩემს შვილს როგორ ავუკრძალო რაღაც, თუ მან ეს გადაწყვიტა? უბრალოდ, როგორც მშობელი და მეგობარი, დავუჯდები და ვეტყვი, მე ეს უკვე გავიარე და გირჩევ, არ გააკეთო–მეთქი. მე აზარტული ვარ ჩემი საქმის კეთებაში.

– აზარტული თამაშები არასოდეს გითამაშიათ?

– კაზინომ ხომ საერთოდ დააავადა საქართველო. უამრავი ახლობელი და მეგობარი მყავს, რომლებიც კაზინომ დააქცია. გაყიდეს სახლები და თუ რამეს შოულობდნენ, ყველაფერი იმ კაზინოში წავიდა. ეს ნარკოტიკივითაა. მეც მითამაშია, როცა ამერიკაში ან სხვა ქვეყანაში ვყოფილვარ. უბრალოდ დავმჯდარვარ და მითამაშია გასართობად. კაზინო არ არის ჩემი. ვიცი, რომ ეს არაფერს მომცემს. თუ შევედი, შეიძლება ვითამაშო ასი ლარი და მორჩა.

– რატომ შეხვედით კაზინოში, რატომ დაინტერესდით? მით უმეტეს, თუ აზარტული ადამიანი ხართ.

– მე ყოველთვის მაინტერესებს ასეთი რამ. თან, რომ შედიხარ – საზღვარგარეთულ კაზინოებზე ვამბობ, გაგიჟებს, ჯეკ პოტი ოცი და ორმოცი მილიონი რომ წერია. ამან შეიძლება ჭკუიდან გადაგიყვანოს. თან, თუ ადამიანი სუსტია და ეს ნარკოტიკი კარგად აქვს მიღებული, იქიდან ვეღარ გამოიყვან. იცით, როგორი ტიპი მინახავს კაზინოში? თითოზე ათასებს დებდა და ჩემ თვალწინ ასი ათასი წააგო ნახევარ საათში. გიჟი იყო! მიდიოდა, კიდევ ყიდულობდა, ნერვიულობდა. უკვე ვერ იყო კარგად.

ჩემი ახლობლების სახელებს და გვარებს არ ვიტყვი, მაგრამ ოცდაოთხი საათი კაზინოში არიან. თან გეუბნება, არ დავდივარო. ერთი ჩემი ძალიან ახლობელია და ამ ინტერვიუს წავაკითხებ. მოკლედ, თამაშობს, თამაშობს, დედა უტირა ყველაფერს, რა! შევიკრიბეთ "სასტავი", ახლობლები, ძმაკაცები და დავუსვით საკითხი, რადგან კაზინოს ჩააბარა, რაც კი ჰქონდა, უნდა დაენებებინა თავი. სვანურად მივუდექით და ხატზე დავაფიცეთ, არ უნდა ეთამაშა. მან პირობა შეასრულა, რომ აქ არსად ითამაშებდა და ბოლოს რა გაირკვა – მოსკოვში მიფრინავდა და იქ თამაშობდა! ხომ მაგარია? მერე ესეც გავიგეთ და დავაფიცებინეთ, რომ მსოფლიოში აღარ ითამაშებდა. თურმე მარტო თბილისზე დაუფიცებია, ჩვენ კი ამას ყურადღება არ მივაქციეთ.

– შეასრულა პირობა?

– დრო ითხოვა, გარკვეული ხანი არ შევალ, ერთი–ორი წელი და მერე ვნახოთო. მაგრამ ხომ აზრზე ხართ, ეს ორი წელი იბრიდება. საშინელებაა! მე დოკუმენტური ფილმი მაქვს გაკეთებული (სხვათა შორის, პრიზი აიღო ფესტივალზე) ასეთი სათაურით: "ფანატები? მანიაკები?" – კითხვის ნიშნებით. სტალინელები მყავდა გადაღებული. იმდენი რამ წავიკითხე სტალინზე, მასზე ცუდი რომ მეთქვა, მაგინებდნენ და კარგი რომ მეთქვა, მაინც მაგინებდნენ. ამიტომ ასეთი ფორმა მოვიფიქრე, ფონად გავაკეთე სტალინელები, პოლიტიკოსები, მეცნიერები, სპორტსმენები, მომღერლები და თუ რამეზე ფანატიკურად ხარ შეყვარებული, ეს გადადის მანიაკობაში. ამ ყველაფერს ვაჩვენებ და კომენტარს არ ვუკეთებ, ანუ მაყურებელმა უნდა გააკეთოს დასკვნა.

როცა ამ ფილმს ვაჩვენებდით, პრესკონფერენციაზე ერთი გერმანელი წამოდგა და მკითხა, რა აზრის ხართ სტალინზეო. გერმანელია, თან იცის, რომ მე ქართველი ვარ და რატომ მისვამს ამ კითხვას? უნდოდა, ეკბინა ჩემთვის. დარბაზში სიჩუმე ჩამოვარდა. ვუპასუხე, თქვენ როგორი აზრის ხართ ჰიტლერზე–მეთქი. იცით, რა ტაში იყო დარბაზში?! ასე შევუბრუნე კითხვა. გაჩუმდა ის, ქალი იყო თუ კაცი, ვერც გავარკვიე. მე ხომ ვიცოდი, სტალინი რა ფენომენი იყო, ამოუხსნელი. ახლა რომ ლაპარაკობენ ძეგლის აღებაზე, ასე დავაყენოთ საკითხი – რას ებრძვიან ამ ძეგლს? სტალინი იმდენად დიდი იყო თავისი სისაძაგლით, თავისი სიდიადით, რომ იყოს ის ძეგლი, რა უნდათ? ამას, იცით, ვინ აკეთებს? ვისაც არ უნდა, რომ ბიზნესი განვითარდეს. იყოს ის ძეგლი და თბილისიდან ჩავლენ უცხოელები მის სანახავად.

– თემას გადავუხვიეთ, მაგრამ საინტერესოა, ესე იგი წინააღმდეგი ხართ სტალინის ძეგლის აღების?

– იცით, რა, იმას თავი დავანებოთ, რა იყო და როგორი იყო. სტალინი ნახევარ დედამიწას აკონტროლებდა. ის არც ქართველი იყო, არც რუსი, არც ყაზახი და არც არავინ, უბრალოდ სტალინი იყო, ურჩხული. იყოს ის ძეგლი. ვიტყვით, რომ ყველაზე დიდი ურჩხული ჩვენ გვყავდა, თქვენი დედაც!..

მე ვარ მაგარი აზარტული და გეტყვით, რაში. ვენეციაში ვიყავით ახლა, მსოფლიო ჩემპიონატი ჩატარდა. მკლავჭიდში საერთოდ მოიაზრებიან სვანები, იმერლები, კახელები, მეგრელი ჩემპიონი არ გვყავდა. ქართველები ხომ უნიჭიერესი ხალხი ვართ და მძიმე წონაში გენადი კვიკვინია გავიყვანეთ. ყველას დაადო და დედამიწის ზურგზე ყველაზე ძლიერი ადამიანი გახდა წელს. ვენეციაში ტარდებოდა და მთელი მსოფლიოს ტელევიზიები იღებდა. ამის შესახებ არ იცით, არა? იცით, რატომ? იმიტომ, რომ მე სოსო ვარ, ჯაჭვლიანი და ცოტა განსხვავებული აზრები მაქვს. პოზიციის დედაც და ოპოზიციის დედაც!.. ჩამოვედით მსოფლიო ჩემპიონატიდან, ამაზე მეტი რა უნდა იყოს, რომ ყველაზე ძლიერი ხელი მთელი დედამიწის ზურგზე ქართველს აქვს? არც ერთი ტელევიზია არ დაგვხვდა! ყველამ იცოდა. მეორე დღეს "პირველი არხი" მოვიდა, მაინც საზოგადოებრივი არხიაო, იფიქრა და რაღაც გადმოსცა ფრაგმენტულად, რომ გენადი კვიკვინია გახდა ჩემპიონი. ამ დროს კი ნახევარი საათი მიდის ამ არხზე გადაცემა, რომ პან გი მუნს თურმე მარილიანი ფაფა უყვარს. მიდის გადაცემა, ხელი რამდენჯერ უნდა დავიბანოთ. რა, ხელის დაბანას გვასწავლიან? აი, ეს არის მონობა!

გიყვებით ფინალს. ამ მსოფლიო ჩემპიონატიდან სამი დღის შემდეგ ნორვეგიაში ჩატარდა მსოფლიო გეი პარადი და ყველაზე დიდი ტრაკი ისევ ქართველი გახდა, მეგრელი და ეს ყველა ჟურნალმა ატრიალა და ატრიალა, ააჭრელეს სურათებით ყველაფერი. ამის მიმართ არ უნდა ვიყო აზარტული და არ უნდა ვთქვა, თქვენი დედა–მეთქი?! ჯანსაღ ხელოვნებას არ გამოეხმაურე და საჯდომს უკეთებ რეკლამას?

მაღიზიანებს, უცხო სიტყვები რომ შემოდის. არ გვაქვს ქართული შესატყვისები? ამის მიმართ მაქვს გამძაფრებული აზარტი და მუდამ შევებრძოლები. რუსებთან რომ ვიყავით ერთ ადგილას შემძვრალი საბჭოთა კავშირის დროს, მაშინ ქართველი კაცი თუ იტყოდი "ო, ბოჟე მოი", მაგარი იყავი, კაი ტიპად ითვლებოდი. ახლა დაჯდებიან და "ო, მაი გად". აი, ეს არის მონობა, აი, ეს არის მონური სული! მე მყავს შვილები, მე მყავს ძმები და ახლობლები და არ მინდა, როგორც ჯიში და ჯილაგი, გადავშენდე.

– კიდევ რა საკითხში ხართ აზარტული?

– აზარტული, იცით, რაში ვარ? მთელმა ჩემმა საახლობლომ იცის, რომ კინემატოგრაფისტთა აგარაკებია გლდანის თავზე, ორას ორმოცი ნაკვეთია და თვრამეტი წელია მარტო მე ვცხოვრობ. დავიფიცე, რომ იქიდან არ წამოვალ. მიტოვებულია იქაურობა და არავინ ცხოვრობს, მაგრამ არ წამოვალ. ეკლესიების კომპლექსია, იმასაც აღვადგენ. აი, ამაში ვარ აზარტული. ზოგს რომ ჰგონია, ჯიპიდან გადმოვედი, მათ რა იციან, რომ მე კინოშიც საქმე მაქვს, სპორტშიც საქმე მაქვს და ქატოშიც საქმე მაქვს, რომ იქ რაც მყავს, იმასაც ვაჭამო. რა გგონიათ, ყველს ვერ ვიყიდი, რძეს თუ ხორცს?! მაგრამ მე ეს არ მინდა, მე ჩემი საქონელი მყავს.

მე კინოსტუდიაში ვარ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე. ახლა ამერიკელებმა ფილმი რომ გადაიღეს, სამხედრო ოპერაცია ხომ არ არის, რომ დაფარული იყოს, მაგრამ დღემდე ვერ გავიგეთ, ვინ იღებს ამ ფილმს, ჰოლივუდი თუ ჩვენები. ამ ამერიკელებს რაღაც რომ დასჭირდათ ჩვენგან, ვუთხარი, კი, ბატონო, რას გადაიხდით–მეთქი. რა შემოგვთავაზეს, იცით? რასაც ჩვენი გაძვალტყავებული ბიუჯეტიდან ქართველები ერთმანეთს ვუხდით, იმის მესამედი შემოგვთავაზა ორმოც მილიონიანმა პროექტმა, ანუ როგორც მონას, ისე გიყურებს. ამაზე პროტესტი არ უნდა გამოვხატო?!

– როგორ გამოხატეთ პროტესტი?

– იცით, როგორ გამოვხატე? ვუთხარი, ნუთუ ამას სერიოზულად მეუბნებით–მეთქი. მიპასუხეს, ამაზე დაბალ ფასზეც არიან თანახმა, თქვენ თუ არ გინდათო. წამოვდექი და ჩემს მეგობარს ვუთხარი, ამათ ინდიელები ხომ არ ვგონივართ, ბრჭყვიალებს რომ აძლევდნენ, ისინი კი ოქროში ცვლიდნენ, წამოდი, ამათი დედაც–მეთქი. მე რომ მჭირდება მასობრივი სცენა, ოც–ოცდახუთ ლარზე ნაკლებად ქართველი ჩემთან არ მოდის და იქ უფასოდ წავიდნენ. აი, ეს არის მონობა! მე ჩემს შვილს დავბრიდავ და მონად ვერ გავზრდი. ვაჟა ფშაველა იყო გენიოსი. მან როდის დაგვიწერა, შენ კოსმოპოლიტი ვერასდროს გახდები, თუ მაგარი პატრიოტი არ ხარო. ჯერ შენი უნდა გიყვარდეს.

– ამ თქვენს აზარტულ ბრძოლებში რისკიანი რამდენად ხართ?

– რისკიანი – არა, ჯაჭვლიანი ვარ. ნამდვილად რისკიანი ადამიანი ვარ, ოღონდ ერთი რამ დავიჭირე ჩემს თავში, ამას გაძლევს დრო და ასაკი. დაკვირვებული ვარ, ჩემი ცხოვრების განმავლობაში თუ რამეს ვფიქრობ ჩემი ინტუიციით, ის მართლდება. თუ დავუჯერე ვიღაცას, წავაგებ. ამაში მიწევს გარისკვა. შინაგანი რასაც მეუბნება, ის უნდა გავაკეთო და მართლდება. სასწაული სიზმრები მაქვს.

– მაგალითად, შეგიძლიათ მოგვიყვეთ?

– წინასწარმეტყველური სიზმრები მაქვს. დამესიზმრა ბრეჟნევი და აირჩიეს, დამესიზმრა ჩერნენკო და ისიც აირჩიეს. ანდროპოვი და გორბაჩოვიც დამესიზმრნენ. დამესიზმრა შევარდნაძე და ისიც პრეზიდენტი გახდა. ორი–სამი თვით ადრე მესიზმრება და მერე ხდება ხოლმე. ამ ბოლო დროს სიზმარში რომ ვარ, ვხვდები, რომ სიზმარში ვარ. დავაკვირდი და ორშაბათიდან პარასკევამდე რაც მესიზმრება, იმათ თავისებურად ვხსნი და შაბათ–კვირას თავისი მნიშვნელობა აქვს. ახლა ხომ სასაცილოდ ჟღერს, მაგრამ რამდენჯერაც არ დამიჯერეს, იმდენჯერ ახდა.

– უახლოეს მომავალში რა მოხდება, ხომ ვერ გვეტყოდით?

– აუცილებლად მოხდება, თან ისეთი რაღაც, რომ საქართველოში ყველაფერი კარგად იქნება. სტალინი რომ დაგესიზმრება, აბა, რა იქნება?! ერთხელ კი არა, ასჯერ დამესიზმრა. ყველაფერი კარგად იქნება. დამიჯერეთ!

ანა ნოდია



Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

კავშირი ტეგთან: სტალინი
კავშირი ტეგთან: სტალინი
დღის სიახლეები
რა მოსწონთ თქვენ მეგობრებს

Alternative content

online