asdas
ცნობილი ადამიანები

Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

"არ მინდა, წინასწარ ყველაფერს ვგრძნობდე"
ქალმა იცოდა, რომ ქმარი მოუკვდებოდა
"არ მინდა, წინასწარ ყველაფერს ვგრძნობდე"

2009-11-14 10:25:01



ჩემს ერთ–ერთ რესპონდენტს (სახელსა და გვარს შეგნებულად არ ვასახელებთ) ინტერვიუს ჩასაწერად სახლში ვესტუმრე. მასთან სტუმრად მამიდა, 40 წლის ქალბატონიც იყო. ის რუბრიკა "შეუცნობელით" დაინტერესდა. იმდენი კითხვა დამისვა, მივხვდი, მის ცხოვრებაში უჩვეულო რაღაც ხდებოდა. ვკითხე, რაიმე უცნაური მოვლენის მომსწრე ხომ არ გახდით–მეთქი. მართალი აღმოვჩნდი. მის ცხოვრებაში მართლაც უამრავი უცნაური რამ ხდება, რასაც ვერაფრით ხსნის. ამ ქალბატონმა ვინაობის გამჟღავნება არ ისურვა. ამიტომ მას პირობითად ნანა ვუწოდეთ.
ნანა:
– სანამ რამეს გეტყვით, მინდა, გითხრათ, რომ ნათელმხილველების არ მჯერა. ამიტომ ჩემი ნაამბობი ნათელმხილველურ ნიჭს არ მიაწეროთ. ჩემს ცხოვრებაში უამრავი უცნაური ფაქტი მოხდა. პირველი ოჯახი სიყვარულით არ შემიქმნია. მომავალ მეუღლესთან განსაკუთრებული ურთიერთობა მქონდა. რაღაცნაირად მებრალებოდა. თითქოს გული მიგრძნობდა, რომ დაიღუპებოდა. არ ვიცი, ეს შეგრძნება საიდან მოდიოდა, მაგრამ ფაქტია, რომ ჩემი ინტუიცია გამართლდა. ჩემი მეუღლე ტრაგიკულად დაიღუპა. ტყეში მოჭრილი ხე დაეცა და მოკვდა. მისი დაღუპვა მძიმედ გადავიტანე, მაგრამ, ხომ იცით, ცხოვრება გრძელდება და ადამიანი ტკივილსაც ეჩვევა. ერთ დღეს მეგობარმა თავისი დის ქორწილში დამპატიჟა. გული მიგრძნობდა, რომ ის დღე ჩემს ცხოვრებას შეცვლიდა. ისევ მართალი აღმოვჩნდი. ქორწილში ჩემი მომავალი მეუღლე გავიცანი და ოჯახი მეორედ შევქმენი. ვიცოდი, რომ ტყუპი ვაჟი გვეყოლებოდა. ერთი წლის თავზე მართლაც ტყუპი ვაჟი გვეყოლა.
ჩემს ქმარს მანქანების ბიზნესი ჰქონდა. მანქანები უცხოეთიდან ჩამოჰყავდა და აქ ყიდდა. უმართლებდა, საქმე კარგად მიდიოდა. ერთხელ ვუთხარი, ამ საქმეს შეეშვი, აღარ წახვიდე–მეთქი. ყურადღება არ მომაქცია. როცა უცხოეთში წასასვლელი საბუთები სახლში მოიტანა, ლამის დავუხიე. ვერ ვაცნობიერებდი, ამას რატომ ვაკეთებდი. ჩემი მეუღლე მაინც წავიდა. თურქეთში კი ავარია მოუვიდა, ერთდროულად სამი მანქანა დაამტვრია. ისეთ ვალებში აღმოვჩნდით, რომ ლამის სახლი გავყიდეთ.
ჩემი დისშვილი დანიშნული იყო. ერთხელ ჩემს დას ვუთხარი, შენი სიძე ეს არ იქნება–მეთქი. ჩემი და გაოცებული მიყურებდა. მითხრა, ხომ არ გაგიჟდი, სადაცაა ქორწილი გვექნებაო. ჩემმა დისშვილმა ქორწილი ჩაშალა და ცოლად სხვას გაჰყვა.
– როცა ცუდი ინტუიცია გაქვთ, საფრთხის თავიდან აცილებას ახერხებთ?
– ვერა. ზოგჯერ სხვა არ მიჯერებს, ზოგჯერ კი საკუთარ თავს მე არ ვუჯერებ. როცა რაღაც ხდება, მაშინ ვაცნობიერებ და ვამბობ, ამას ხომ გული მიგრძნობდა–მეთქი. ჩემი მეგობრის შვილი პატარა ასაკში გარდაიცვალა. მას მძიმე სენი ჰქონდა. ვერაფერი უშველეს. ის ბავშვი ძალიან მიყვარდა. მისი გახსენება ახლაც ტკივილს მაყენებს. მეორედ რომ გავთხოვდი, ჩემს სანახავად ქმრის დეიდაშვილი მოვიდა. აღმოჩნდა, რომ მასაც შვილი ჰყავდა გარდაცვლილი. ჩემი მეგობრის შვილისა და ქმრის დეიდაშვილის შვილის სახელი და გვარები ერთმანეთს დაემთხვა. ორივე ერთი და იგივე სენით გარდაიცვალა. ეს რომ გავიგე, საშინელ მდგომარეობაში აღმოვჩნდი.
– ამ ყველაფერს რითი ხსნით?
– მეგობრები მეუბნებიან, კარგი ინტუიცია გაქვსო. ზოგჯერ ვფიქრობ, რომ ჩემს ცხოვრებაში უბრალოდ უცნაური დამთხვევები ხდება. თუ ეს ყველაფერი გამახვილებული ინტუიციის შედეგია, მინდა, რომ დავკარგო. არ მინდა, წინასწარ ყველაფერს ვგრძნობდე.
* * *
ყველა ადამიანს აქვს ინტუიცია, რომელსაც მეექვსე გრძნობასაც უწოდებენ. ამბობენ, ადამიანი ინტელექტუალურად რაც უფრო განვითარებულია, მეექვსე გრძნობა მით უფრო გამახვილებული აქვსო. თუმცა დაზუსტებით არავინ იცის, სინამდვილეში საიდან მოდის აზრი, რომელიც არც ლოგიკას ეფუძნება, არც ინტელექტს, მაგრამ ყოველთვის ხდება, ანუ მომავალში რეალიზდება. ინტუიცია მეცნიერებისთვის ჯერ კიდევ დიდ გამოცანად რჩება. ის ამოუხსნელ ფენომენთა სიაში ერთ–ერთ პირველ ადგილს იკავებს.
1950 წელს ქალაქ ბეატრისის ეკლესიის მგალობელთა გუნდის 15 წევრმა რეპეტიციაზე ერთდროულად დაიგვიანა. 3 საათისთვის დანიშნულ რეპეტიციაზე არავინ მივიდა. 15 წუთში კი ეკლესიაში ნაღმი აფეთქდა. გუნდის წევრები სიკვდილს გადაურჩნენ. არავინ იცის, ეს უბრალო დამთხვევა იყო თუ კოლექტიური ინტუიცია, რომელმაც 15 ადამიანს საფრთხე აარიდა.
შემოქმედ ადამიანებს ინტუიცია განსაკუთრებით აქვთ გამახვილებული. ხშირად მწერლები თავიანთ ნაწარმოებებში ზუსტად აღწერენ იმ მოვლენას, რომელიც წლების შემდეგ მართლაც ხდება. ზოგი ამას უცნაურ დამთხვევას მიაწერს. მეცნიერები უცნაური დამთხვევების ფაქტებსაც იკვლევენ და მათ ლოგიკურ დასაბუთებას ცდილობენ, თუმცა ჯერჯერობით – უშედეგოდ. იმის გამო, რომ ამოუცნობი ფენომენების, ინტუიციისა და უცნაური დამთხვევების შესახებ ერთმნიშვნელოვანი პასუხის გაცემა ყველას უჭირს, ჩვენს მკითხველებს მხოლოდ ფაქტებზე ვუამბობთ. პარანორმალური მოვლენების ქართველმა მკვლევარმა გოჩა დანელიამ ბევრი საინტერესო ამბავი შეკრიბა. ამ ისტორიებს ჩვენს მკითხველებსაც გავაცნობთ.
* * *
1898 წელს მორგან რობერტსონის რომანი "ამაო ძალისხმევა" გამოვიდა. მასში აღწერილია უდიდესი ლაინერის, სახელად "ტიტანიკის" პირველი რეისი, აისბერგთან შეჯახება და დაღუპვა. რომანში აღწერილი მოვლენები 14 წლის შემდეგ ზუსტად განმეორდა – ნამდვილი "ტიტანიკი" ჩაიძირა. გემის აღწერილობა და დაღუპვის თარიღი ზუსტად დაემთხვა რომანში მოთხრობილს, თუმცა ზომები და გემზე ადამიანთა რაოდენობა ოდნავ განსხვავდებოდა.
* * *

რადიოჟურნალისტმა პოლ ჰარვიმ პოლიციის არქივის მასალებზე დაყრდნობით სიუჟეტი გააკეთა და მსმენელებს საზარელი ამბავი მოუთხრო. შტორმში დაღუპული გემიდან ოთხი ადამიანი გადარჩა, მათ შორის ვინმე იუნგა. ისინი ოკეანეში შიმშილით სულს ღაფავდნენ. გაყალბებული კენჭისყრის შედეგად იუნგა შეჭამეს. მათი გადარჩენა მოხერხდა. გამოძიებისას მათ დანაშაული აღიარეს. მსმენელებმა ჟურნალისტს მიუთითეს ედგარ პოს მოთხრობაზე "მარტუკელი გორდონ პიიმის თავგადასავალი", რომელიც ჰარვის სიუჟეტზე 46 წლით ადრე დაიწერა. მოთხრობაში აღწერილი სიუჟეტი რეალურად მომხდარ ამბავს ზუსტად ჰგავდა. კიდევ ერთი უცნაური დამთხვევა იყო – მოთხრობის გმირი და შეჭმული იუნგა მოგვარეეები იყვნენ. ასე რომ, ედგარ პოს ცნობიერებამ მომავლის რეალური ამბის აღწერა შეძლო. სხვათა შორის, ამ შემოქმედისთვის ეს პირველი შემთხვევა არა არის. მან პირველმა გამოთქვა აზრი თხევად კრისტალებზეც. ეს ედგარ პოს დიდი ინტუიციის მაჩვენებელია.

* * *
1944 წლის 4 ივლისს ერთი სოფლის მასწავლებელმა "დეილი ტელეგრაფში" დაბეჭდა კროსვორდი, სადაც ფიგურირებდა სახელები – ომახა, იუტა, მალბერი, ნეპტუნი და ოვერლორდი. ეს ჩამონათვალი ზუსტად დაემთხვა ნორმანდიაში მოკავშირეთა გადასხმის გასაიდუმლოებული ოპერაციის "ოვერლორდის" კოდირებულ სახელებს. ამან სამხედრო დაზვერვა შოკში ჩააგდო. უცნაური ის იყო, რომ ინფორმაციის გაჟონვას ადგილი არ ჰქონია.
* * *
როცა ამერიკელი ასტრონავტი ნეილ ამსტრონგი 1969 წლის 21 ივლისს მთვარის ზედაპირს ტოვებდა, მან უეცრად ჩაილაპარაკა: "წარმატებას გისურვებთ, მისტერ გორსკი!" "დედამიწაზე ნეილმა ეს სიტყვები ასე განმარტა – ერთხელ მას ბურთი გადაუვარდა მეზობლის, ვინმე გორსკის ეზოში. ბურთის გადმოსატანად ეზოში შესულ ნეილს ცოლ–ქმრის ჩხუბის ხმა შემოესმა: "რაო, სექსი მოგინდა, კაპიტანო? ელოდე, სანამ ჩვენი მეზობლის ბიჭი მთვარეზე არ გაფრინდება", – ეუბნებოდა გაბრაზებული ცოლი ქმარს. ქალბატონ გორსკის სიტყვები ახდა. მეზობლის ბიჭი პირველად დაეშვა მთვარეზე. ამსტრონგმა გორსკი ამიტომაც გაიხსენა.
* * *
1952 წლის 14 მარტს მაიამიდან კუბისკენ მოძრავ თბომავალ "ბარეტზე" ხანძარი გაჩნდა. ეკიპაჟი და 120 მგზავრი გადაარჩინეს, სამი მგზავრი კი დაიღუპა. კატასტროფაზე მასალა ტომას კინგმა გამოაქვეყნა. რამდენიმე დღის შემდეგ ჟურნალისტს ერთ–ერთი დაღუპულის ვაჟმა მიაკითხა. გაირკვა, რომ მამამისს სულ ეშინოდა ზღვის, რადგან 1912 წელს "ტიტანიკზე" იმყოფებოდა და დაღუპვას სასწაულებრივად გადაურჩა. ჟურნალისტმა დაადგინა, რომ დანარჩენი დაღუპული მგზავრებიც ასევე იმყოფებოდნენ "ტიტანიკზე" და ისინიც სასწაულებრივად გადარჩნენ. 40 წლის შემდეგ კი კვლავ შევიდნენ ზღვაში და დაიღუპნენ. პრესაში ეს მასალაც გამოქვეყნდა, მაგრამ უფრო მეტი საოცრება მერე მოხდა. ჟურნალისტთან მივიდა 43 წლის ბადლი მესკაიერი და თბომავალ "ბარეტის" გამოუყენებელი ბილეთი აჩვენა. მან გემით მგზავრობა რეისამდე ერთი დღით ადრე გადაიფიქრა. უცნაური ის იყო, რომ 40 წლით ადრე მისმა მშობლებმა "ტიტანიკის" ბილეთები დააბრუნეს და დაღუპვას გადაურჩნენ.
* * *
ნიუ იორკის სავაჭრო ცენტრზე მომხდარი თავდასხმის შემდეგ ერთი–ერთი ჯგუფის თაყვანისმცემლები უცნაურ დეტალზე ამახვილებენ ყურადღებას – ჯგუფის ერთი თვით ადრე გამოცემულ ალბომზე, "პარტი მიუზიკ" გამოსახულია სავაჭრო ცენტრის ორი ცეცხლმოკიდებული ცათამბჯენი. სურათი პრაქტიკულად იმეორებს 11 სექტემბრის ტერაქტის პირველ წუთებში გადაცემულ კადრებს.
უცნაური დამთხვევები
1668 წლის 5 დეკემბერს უელსის სანაპიროსთან ჩაიძირა იალქნიანი ხომალდი. გადარჩა მხოლოდ ჰიუ უილიამსი. 116 წლის შემდეგ იმავე დღეს ჩაიძირა ხომალდი 60 მგზავრით. გადარჩა მხოლოდ ვინმე ჰიუ უილიამსი. 1860 წლის 5 დეკემბერს ჩაიძირა მესამე გემი. 25 მგზავრიდან გადარჩა მხოლოდ ჰიუ უილიამსი.
* * *
მე–20 საუკუნის დასაწყისში მეზღვაური ჯეიმს ჯონსი სიკვდილს სამჯერ გადაურჩა. სამჯერ ჩაიძირა მისი გემი და, ჯონსის გარდა, მთელი ეკიპაჟი დაიხრჩო.
* * *
1987 წლის ივლისში ქალაქ ჰამილტონში მოპედზე მჯდარ ერსკინ ლოურენს ტაქსი დაეჯახა და იქვე მოკლა. ზუსტად ერთი წლის თავზე, ივლისში, იმავე ქუჩაზე იმავე ტაქსი დაეჯახა მოპედს, რომელსაც ლოურენის უმცროსი ძმა მართავდა. ისიც დაიღუპა. ორივე ძმა 17 წლის იყო. კიდევ ერთი უცნაური დამთხვევა ის გახლდათ, რომ ორივე შემთხვევის დროს ტაქსში ერთი და იგივე მგზავრი იჯდა...
* * *
მაიორ სამეფორდს 1918 წელს მეხი დაეცა, რამაც ორივე ფეხის პარალიზება გამოიწვია. 6 წლის შემდეგ მან სამ მეგობართან ერთად წვიმას თავი მუხის ხის ქვეშ შეაფარა. მუხას მეხი დაეცა, მაიორი ისე დაშავდა, რომ მარჯვენა მხარეს პარალიჩი მიიღო. 6 წლის შემდეგ ეტლით გადაადგილდებოდა. ერთ–ერთ პარკში მას კვლავ დაეცა მეხი, რამაც საბოლოოდ იმსხვერპლა. 4 წლის შემდეგ მეხი მის საფლავს დაეცა.
ირინე მჭედლიძე

Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

კავშირი ტეგთან: დღეს
დღის სიახლეები
რა მოსწონთ თქვენ მეგობრებს

Alternative content

online