asdas
ცნობილი ადამიანები

Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

როგორ დავიცვათ თავი "ღორის გრიპისგან"
ღორის ხორცისგან "ღორის გრიპი" არ ვრცელდება
როგორ დავიცვათ თავი "ღორის გრიპისგან"

2009-11-11 16:49:09



ე.წ. ღორის გრიპი, შეიძლება ითქვას, რომ მძვინვარებს. სპეციალისტების მტკიცებით, საქართველოს მისი მასობრივად გავრცელების საშიშროება არ ემუქრება. აღნიშნული დაავადების შესახებ გვესაუბრა დაავადებათა კონტროლისა და სამედიცინო სტატისტიკის ეროვნული ცენტრის დირექტორი პაატა იმნაძე:



– რა არის გრიპი (H1N1)?

– (H1N1) გრიპის ახალი ვირუსია, რომელიც იწვევს ადამიანთა დაავადებას გრიპით. ახალი ვირუსი პირველად დაფიქსირდა აშშ–ში, 2009 წლის აპრილში. ადამიანური შემთხვევები ამჟამად დარეგისტრირებულია მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში. (რ#ტ#) გრიპის ახალი ვირუსის გადაცემა ადამიანიდან ადამიანზე, სავარაუდოდ, ისევე ხდება, როგორც სეზონური გრიპის ვირუსისა.

– რატომ უწოდებენ (H1N1)–ს ღორის გრიპს?

– ახლად გამოვლენილ გრიპის ვირუსს თავიდან უწოდებდნენ ე.წ. "ღორის გრიპს", რადგან ლაბორატორიულმა ტესტირებამ აჩვენა ამ ვირუსის გენეტიკური შემადგენლობის მსგავსება იმ გრიპის ვირუსისადმი, რომელიც ჩვეულებრივ ჩრდილო ამერიკაში ღორებში ცირკულირებს. შემდგომი კვლევებით დადგინდა, რომ ეს ახალი ვირუსი მნიშვნელოვნად განსხვავდება ჩრდილო ამერიკაში ღორებში ჩვეულებრივ მოცირკულირე ვირუსისგან. ახალი ვირუსის 2 გენი არის გრიპის ვირუსებიდან, რომელიც ცირკულირებს ღორებში ევროპასა და აზიაში, ხოლო დანარჩენი ფრინველებსა და ადამიანში მოცირკულირე გრიპის ვირუსის გენებია. მეცნიერები ამ ვირუსს "ოთხმაგი რეასორტაციის" ვირუსს უწოდებენ.

– არიან თუ არა ღორები ამ ვირუსის მატარებელნი და შეიძლება თუ არა მათგან გადაგვედოს ეს დაავადება?

– არ არსებობს მტკიცებულება იმისა, რომ ამჟამად ღორები არიან ინფიცირებულნი ამ ვირუსით, მაგრამ ასევე ცნობილია, რომ ეს არის გრიპის ის ვირუსი, რომელსაც ჩვეულებრივ შეუძლია გრიპის გამოწვევა ღორებში. ჩვეულებრივ პირობებში ამ ვირუსით ადამიანთა დაინფიცირება არ ხდება, თუმცა გრიპის ვირუსი შეიძლება გადაედოს როგორც ღორიდან ადამიანს, ასევე ადამიანიდან ღორს.

– არის თუ არა გრიპის ახალი (H1N1) ვირუსი გადამდები?

– დღეისათვის არსებული მონაცემებით, გრიპის ახალი (H1N1) ვირუსი გადამდებია და ვრცელდება ადამიანიდან ადამიანზე.

– როგორია (H1N1)–ის სიმპტომები ადამიანებში?

– (H1N1) გრიპის ახალი ვირუსის სიმპტომები მსგავსია ჩვეულებრივი ადამიანის გრიპის სიმპტომებისა და მოიცავს შემდეგს: ცხელება, ხველა, ყელის, კუნთებისა და სახსრების, თავის ტკივილი, შემცივნება, საერთო სისუსტე, ზოგჯერ დიარეა და პირღებინება. ისევე, როგორც სეზონური გრიპისას, დაავადებას ხანდახან ახასიათებს მძიმე მიმდინარეობა და გარდაცვალება.

– რამდენად მძიმედ მიმდინარეობს (H1N1)–ით გამოწვეული დაავადება?

– წარმოებს დაავადებულ ადამიანთა ისტორიების შესწავლა, რათა დადგინდეს, როდის არიან ისინი დაინფიცირების, მძიმე მიმდინარეობის ან ჰოსპიტალიზაციის განსაკუთრებული რისკის ქვეშ. სეზონური გრიპის დროს ცნობილია ადამიანთა ჯგუფები, რომლებიც იმყოფებიან განსაკუთრებული რისკის ქვეშ. ესენია: მცირე ასაკის ბავშვები, ორსულები, ქრონიკული დაავადების მქონენი, 65 წლის ასაკის ზევით მყოფი მოსახლეობა. წარმოებს ლაბორატორიული კვლევები, რათა დადგინდეს, აქვს თუ არა მოსახლეობის რომელიმე ჯგუფს ბუნებრივი იმუნიტეტი ამ ვირუსისადმი.

– როგორ ვრცელდება გრიპი (H1N1)?

– (H1N1) გრიპის ახალი ვირუსი ვრცელდება ისევე, როგორც სეზონური გრიპის ვირუსი. ამჟამინდელი აფეთქება გამოწვეულია გრიპის ვირუსის ადამიანიდან ადამიანზე გადაცემით. დაავადებული ადამიანის ხველის ან ცემინების დროს დაინფიცირებული წვეთები ხვდება მათ ხელებზე, აგრეთვე სხვადასხვა ზედაპირებზე ან დისპერსირდება ჰაერში 1 მეტრის მანძილზე. ჯანმრთელი ადამიანი შეიძლება დაინფიცირდეს კონტამინირებული ჰაერიდან, ან დაინფიცირებულ ხელებთან, ზედაპირებთან შეხებისას, თუ იმავე დაუბანელი ხელით შეეხება საკუთარ თვალებს ან ცხვირ–პირს. გამომწვევი შეიძლება გავრცელდეს, თუ ადამიანი ხელით შეეხება გამომწვევებით დაბინძურებულ ზედაპირს და შემდეგ იმავე, დაუბანელი ხელით, საკუთარი თვალის, ცხვირისა და პირის მიდამოს. დაავადებულის ხველისა და ცემინებისას გამოტყორცნილი წვეთებით ხდება გამომწვევის გავრცელება ჰაერში 1 მეტრის მანძილზე, რაც ჯანმრთელთა დაავადების მიზეზი ხდება.

– შეიძლება თუ არა ადამიანი დაინფიცირდეს ღორის ხორცის დამუშავების ან საკვებად გამოყენების დროს?

– არა. ვირუსის გადაცემა ამ გზით არ ხდება. სათანადოდ დამუშავებული ღორის ხორცი და მისი პროდუქტები აბსოლუტურად უსაფრთხოა.

– არის თუ არა საშიში სასმელი წყალი?

– ონკანის წყალი, რომელიც სათანადო დამუშავებას გადის, არ განიხილება, როგორც ამ დაავადების გადამტანი. ადამიანის დაავადება დაბინძურებული წყლის გამოყენების გამო არაა ცნობილი.

– როგორ დავიცვათ გრიპისგან თავი?

– დაავადების თავიდან ასაცილებლად საჭიროა გატარდეს გრიპის პრევენციის ზოგადი ღონისძიებები: მოერიდეთ კონტაქტს იმ ადამიანებთან, რომლებიც თავს შეუძლოდ გრძნობენ, აღენიშნებათ ცხელება და ხველა. ეცადეთ არ შეეხოთ იმ ზედაპირებს, რომლებიც შეიძლება იყოს დაბინძურებული გრიპის ვირუსით. მოერიდეთ დაავადებულებთან კონტაქტს, ხშირად და საფუძვლიანად დაიბანეთ ხელები საპნითა და წყლით, ეცადეთ იცხოვროთ ჯანსაღი ცხოვრების წესით, ეცადეთ იყოთ კარგ ფიზიკურ ფორმაში. კარგად გამოიძინეთ, იყავით ფიზიკურად აქტიურნი. თავი აარიდეთ სტრესებს, მიიღეთ საკმარისი რაოდენობით სითხე და სასარგებლო საკვები. ხველების და ცემინების დროს მიიფარეთ ცხვირსახოცი. გამოყენების შემდეგ ცხვირსახოცი გადააგდეთ, რაც შეიძლება ხშირად დაიბანეთ ხელები წყლითა და საპნით, განსაკუთრებით ხველისა და ცემინების შემდეგ. ეფექტურია ალკოჰოლის შემცველი ხელსაწმენდების გამოყენება. არ შეეხოთ ხელებით თვალებს, პირს, ცხვირს. გამომწვევი შეიძლება ასე გავრცელდეს. მოერიდეთ დაავადებულ ადამიანთან ახლო კონტაქტს. დარჩით სახლში სიმპტომების გამოვლენიდან 7 დღის განმავლობაში, ან სიმპტომების გაქრობიდან 24 საათის, ან უფრო მეტი დროის განმავლობაში.

– რა კლავს ახალი გრიპის გამომწვევს?

– ვირუსი ინაქტივირდება მაღალი ტემპერატურის, 700 გრადუსის ზემოქმედებით; ქიმიური ნივთიერებებიდან ვირუსის გამანადგურებელი თვისებებით გამოირჩევა ქლორი, ჰიდროგენპეროქსიდი, დეტერგენტები ანუ ანტისეპტიკური საპონი და სარეცხი საშუალებები, იოდიფორი, სპირტის შემცველი ანტისეპტიკური საშუალებები.

– როგორ მოიქცეს ავადმყოფი?

– თუ გაქვთ გრიპისმაგვარი დაავადების სიმპტომები, ანუ მაღალი ტემპერატურა, ხველა, მტვრევის შეგრძნება სხეულში, ყელის ტკივილი, გულისრევა, პირღებინება ან დიარეა, დაუკავშირდით თქვენს ექიმს ან სამედიცინო მომსახურების მიმწოდებელს და აცნობეთ, რა სიმპტომები გაქვთ. აუხსენით, რატომ გგონიათ, რომ გაქვთ გრიპი გაითვალისწინეთ ის რჩევები, რომლებსაც მიიღებთ. თუ ვერ ახერხებთ დაკავშირებას სამედიცინო მომსახურების მიმწოდებელთან, საავადმყოფოში მისვლისთანავე აცნობეთ, რომ თქვენ ინფექციის შესახებ გაქვთ ეჭვი. მგზავრობის დროს პირზე და ცხვირზე აიფარეთ ნიღაბი.

– ბავშვებში რა სიმტომებითაა გამოხატული?

– ბავშვებში გადაუდებელი სამედიცინო დახმარების საგანგაშო სიმპტომებია: გახშირებული ან გართულებული სუნთქვა; კანის სილურჯე, სითხის სმის შემცირება, მივარდნილობა, არაკონტაქტურობა, გაღიზიანებადობა, გრიპისმაგვარი სიმპტომების გაუმჯობესების მიუხედავად, მაღალი სიცხე და ხველა, ცხელება და გამონაყარი. ტკივილის ან სიმძიმის შეგრძნება გულმკერდის ან მუცლის არეში. უეცარი თავბრუსხვევა, მოუსვენრობა, შფოთვა, მძიმე ან შეუჩერებელი პირღებინება.

– როგორ მოვუაროთ ავადმყოფს სახლის პირობებში?

– ავადმყოფი უნდა იყოს განცალკევებით ოჯახის სხვა წევრებისგან, სულ მცირე 1მეტრის მოშორებით. ავადმყოფის მოვლის დროს ცხვირზე და პირზე აიფარეთ ნიღაბი. ამ მიზნით შეგიძლიათ გამოიყენოთ როგორც აფთიაქში შეძენილი, ასევე ის ნიღაბი, რომელსაც თავად გააკეთებთ ხელმისაწვდომი ქსოვილისგან, მაგ. ოთხფენოვანი დოლბანდისგან. გამოყენების შემდეგ ნიღბები უნდა გადაიყაროს ან სათანადოდ გასუფთავდეს (გაირეცხოს, გაუთოვდეს); ავადმყოფთან ყოველი კონტაქტის შემდეგ კარგად დაიბანეთ ხელები საპნითა და წყლით; ხშირად გაანიავეთ ის ოთახი, სადაც წევს ავადმყოფი; გამოიყენეთ საოჯახო დეზინფექტანტიანი გამწმენდი საშუალებები, რათა თქვენს ირგვლივ არსებული გარემო სუფთა იყოს.

თეა გულედანი



Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

კავშირი ტეგთან: თავი
დღის სიახლეები
რა მოსწონთ თქვენ მეგობრებს

Alternative content

online