asdas
ცნობილი ადამიანები

Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

სახელმწიფო მოღვაწე სიცრუისკენ მიდრეკილია
სიცრუის დეტექტორის მოტყუებაც შეიძლება
სახელმწიფო მოღვაწე სიცრუისკენ მიდრეკილია

2009-10-19 16:51:19



მექსიკელი აცტეკები სასტიკად სჯიდნენ მატყუარებს. მონტესუმას (აცტეკების ლეგენდარული ბელადი) კანონით, მატყუარა მამაკაცებისთვის სასიკვდილო განაჩენი გამოჰქონდათ, ქალებს კი ტუჩებს აჭრიდნენ. იმპერატორ კარლოს მეხუთის სისხლის სამართლის კოდექსის თანახმად, ანონიმური წერილით ვინმეს დადანაშაულება თანაბრად ისჯებოდა როგორც სიმართლის, ასევე, სიცრუის შემთხვევაში. თანაც იმავე სასჯელით, რასაც ანონიმი ავტორი დასასჯელი პირისთვის იმეტებდა.



ადამიანი ხშირად ცრუობს. რით შეიძლება ეს აიხსნას? ეს კეთდება თვითგადარჩენის, ცხოვრების გაიოლების, მოყვასის გულისტკივილის შემსუბუქების თუ გულისტკენის მიზნით? ყოველ შემთხვევაში, თავის დასაცავად ნათქვამი ტყუილი ყველაზე გავრცელებულია.

ამერიკის სპეცსამსახურები წარმატებით იყენებენ სიცრუის დეტექტორს, რომლის მეშვეობითაც ათივე თითის ფალანგი მიერთებულია დეტექტორთან და მონიტორზე კარდიოგრამასავით აისახება ადამიანის რეალური ხასიათი. ამ მეთოდის გამოყენება ჯერ კიდევ მე–19 საუკუნის საფრანგეთში დამნაშავეთა დაპატიმრების დროს დაიწყეს. სიცრუის დეტექტორის შესახებ გვესაუბრება ფსიქოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, სასამართლო ფსიქოლოგიური საექსპერტო კომისიის წევრი ქეთევან ჩიგოგიძე.

ქეთევან ჩიგოგიძე:

– სიცრუის დეტექტორით კვლევის დროს ძირითადად ნეგატიურ ინფორმაციას ანიჭებენ უპირატესობას. დამქირავებელი დაინტერესებულია, იცოდეს სამსახურში ასაყვანი პირის უარყოფითი თავისებურებანი, მათ შორის, რამდენად უწესოა, მიდრეკილია თუ არა ხიფათისკენ, წინდაუხედავია თუ არა და სხვა. თუმცა, სიცრუის დეტექტორი სრულყოფილი მაინც არ არის, რადგან ადამიანი შეიძლება შეინიღბოს, მოთოკოს იმპულსები და, რაც უფრო თავხედი და უშიშარია, ნაკლებად გამოამჟღავნოს თავი. ამიტომ შეკითხვები ინდივიდუალურად უნდა შეირჩეს. კარგი იქნებოდა, დასაკითხი პირის ცალკეული ცხოვრებისეული დეტალის ცოდნაც.

– სიცრუის დეტექტორის პირისპირ აღმოჩენილი ადამიანი რამდენ ხანში ავლენს თავს?

– ზოგი ადამიანი ერთ საათში ავლენს თავს, ზოგიერთის გამოაშკარავება კი უჭირს დეტექტორს. შესაძლოა, სიტყვა "მკვლელობაზე" სრულიად უდანაშაულო ადამიანმა გამოხატოს რეაქცია და ეს მოხდეს არა იმიტომ, რომ ვინმე მოუკლავს. უბრალოდ, ემოციურად განიცადოს მომხდარი.

– რამდენად უტყუარია დამნაშავის სახის ნაკვთებზე დაკვირვება?

– სხვათაშორის, სახის იოგებზე დაკვირვება მაინცდამაინც ეფექტური არ არის, რადგან ადამიანს შეიძლება შემთხვევით კანის გალვანური (კანის სითბური რეაქცია) მდგომარეობა და კუნთური დაძაბულობა შეეცვალოს, რაც საერთოდ არ უკავშირდებოდეს სიცრუეს. შესაძლოა, დასმულმა შეკითხვამ ან სიტყვამ მასზე იმდენად იმოქმედოს, რომ განცდილი დარდი შეახსენოს. ამ დროს, ტვინი იმპულსს უგზავნის დეტექტორთან მიერთებულ თითის ფალანგებს. შესაბამისად, ადამიანის სუნთვის სიხშირე, პულსი, ოფლიანობა, წნევა, სხვადასხვა სენსორი ტალღურ სიდიდეში გადაიზრდება. ამიტომ მკვლევარი ბოლომდე უნდა მიჰყვეს კონკრეტულ ფაქტს, პიროვნებისგან მომდინარე იმპულსებს. ყოფილა შემთხვევა, როცა მსჯავრდებულები ატყუებდნენ სიცრუის დეტექტორს, თითებზე ისხამდნენ ოფლსაწინააღმდეგო ნივთიერებას, იღებდნენ სედატივებს (დამამამშვიდებელ წამლებს), რათა არ ეთქვათ სიმართლე. ამიტომ, სასამართლოში მაინცდამაინც წარმატებული არ იყო ამ მეთოდის გამოყენება. საერთოდ, არაინტელექტუალები უფრო იოლად იხსნებიან და ტყდებიან, მაგრამ არც ინტელექტუალები არიან დაზღვეულნი. მათაც წამოსცდებათ ხოლმე რაიმე. ისე, არ არსებობს ადამიანი, ბოლომდე შეძლოს როლის გათამაშება. ცნობილი მეცნიერი, ლურია წარმატებით იყენებდა იუნგის თავისუფალი ასოციაციის წესებზე დამყარებულ ტესტირების მეთოდს და ამბობდა, რომ ეს ერთადერთი ტესტია, რომელიც იკვლევს აფექტის კვალს, თუნდაც, წელიწადნახევრის თავზე.

– სიმართლისადმი სწრაფვა ქალში უფრო მეტია თუ მამაკაცში?

– მეცნიერებმა ქალთა სექსუალური ტყუილები უფრო მეტად გამოავლინეს, ვიდრე მამაკაცთა. მაგალითად, ბრიტანელი მამაკაცები სიცოცხლის განმავლობაში 13 პარტნიორ ქალთან ყოფნით ტრაბახობდნენ, ქალები კი მხოლოდ ცხრას ასახელებდნენ. ამ უკანასკნელთა პასუხები არადამაჯარებელი იყო, რადგან მანდილოსნები პასუხებს ტყუილში გამოჭერის მიხედვით ცვლიდნენ. ერთი შეხედვით, თითქოსდა დამნაშავე ქალები უფრო ცოტანი არიან, მაგრამ ქალი, თურმე, დამნაშავედ საერთოდ არ ცნობს თავს. ამით ის, პირველ რიგში, საკუთარ თავს ატყუებს. ქალთა 90% ყოველთვის გამართლებას უძებნის თავის საქციელს. აქედან გამომდინარე, სიცრუის დეტექტორით ვერ გამოვლინდება მათი უარყოფითი მიდრეკილებანი. მამაკაცს კი მეტი პასუხისმგებლობა გააჩნია, ყოველთვის იცის, დააშავა თუ არა და აღიარებს დანაშაულს.

– სახელმწიფო პირისთვის რამდენად აუცილებელია სიცრუის ფილოსოფიის ათვისება? მაკიაველის თქმით, პოლიტიკოსს უნდა გააჩნდეს როგორც ლომის, ასევე, მელიის თვისებები.

– სახელმწიფო მოღვაწე ისევეა მიდრეკილი სიცრუისკენ, როგორც ყველა დანარჩენები, დატუქსვის შიშით ბავშვიც კი ტყუის ხოლმე. სხვის მოტყუებასთან დაკავშირებით ლაპარაკი ზედმეტია, როცა ადამიანი თავადაც ხშირად იტყუებს თავს, რათა გაილამაზოს რეალობა. ეს მისი თვითგადარჩენის საშუალებაა. ყველაფერს საკუთარ თავსაც ვერ ვუმხელთ, არადა, ვიცით, რომ ჩვენივე გარკვეული თვისებები არ მოგვწონს. ხშირად, მატყუარა პირი სიბრალულს იწვევს ადამიანთა შორის, რადგან იტყუება კომპლექსის ან გარემოსგან თავდაცვის მიზნით. სულიერად სუსტები და გარეგნულად არცთუ მიმზიდველები უფრო მეტად ავლენენ ტყუილისადმი მიდრეკილებას. ისე კი, შესაძლებელია, ფიზიკურად ინვალიდმა გამოიჩინოს სულიერი სიძლიერე.

– მართალია, რომ თვითგადარჩენის ინსტინქტი ძლიერ ცხოველებს, თუნდაც ლომებს, ნაკლებად აქვთ, განსხვავებით – სუსტებისგან?

– სხვათა შორის, გავრცელებულია შეხედულება, რომ ცხოველს არ გააჩნია ცნობიერი შრე და მხოლოდ ინსტინქტებით მოქმედებს. ცხოველთა თავდაცვისუნარიანობა, მოჩვენებითი შეტევა, როცა თითქოს გაშინებს, ახლოსაა იმ მექანიზმთან, რაც ადამიანს აიძულებს თავდაცვის მიზნით სიცრუეს. მეცნიერები იკვლევენ, ტვინის რომელი უბანია პასუხისმგებელი ტყუილზე. სიცრუის დეტექტორის შემთხვევაში, ბლოკდაკითხვის დროს (როცა დიდი რაოდენობით შეკითხვას უსვამენ ადამიანს) პირველი პასუხები ყოველთვის რეალურია. გადაკეთებული ნათქვამი, ან შემეშალას პრინციპი არაგულწრფელობაზე მიუთითებს.

არჩილ ნოზაძე



Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

კავშირი ტეგთან: პირველი
დღის სიახლეები
რა მოსწონთ თქვენ მეგობრებს

Alternative content

online