asdas
ცნობილი ადამიანები

Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

ცეცხლოვანი ბურთი თვითმფრინავებსა და შენობებშიც შევარდნილა
სფერულმა ელვამ სიცოცხლე იმსხვერპლა
ცეცხლოვანი ბურთი თვითმფრინავებსა და შენობებშიც შევარდნილა

2009-08-06 17:19:38



ამ დღეებში ბუნების იშვიათი და დღემდე ამოუცნობი მოვლენა, სფერული ელვა, ოთხდღიანი ინტერვალით საქართველოში უკვე მეორედ დაფიქსირდა. მისი ზემოქმედება ასპინძაში, მანამდე კი თეთრიწყაროს რაიონში იწვნიეს. ცეცხლოვანი სფერული ელვის გამო უკვე გარდაცვლილია 54 წლის მამაკაცი, ორი დაზარალებული კი მკურნალობის კურსს კვლავაც გადის.



თვითმხილველები აცხადებენ, რომ ციდან წამოსული წითელი ბურთის მაგვარი მასა გზადაგზა შავ ზოლს ტოვებდა, პირველად მამაკაცს დაეცა და მოკლა, მცირეწლოვანი ბავშვი კი გათიშა. პატარამ მიიღო სხეულის ტრავმული დაზიანებები, თავის ტვინის შერყევა, ჭრილობა შუბლის არეში მარცხნივ და პირველი ხარისხის დამწვრობა კეფის არეში. ამ უბედურების მსხვერპლი მამაკაცის ცხედარი კი დაზიანებულია, ჭრილობები ბევრია, თანაც სხეულის სხვადასხვა ადგილას.

თვითმხილველების მონაყოლზე დაყრდნობით მეცნიერები ვარაუდობენ, რომ ასპინძაში, ისევე როგორც რამდენიმე დღის წინ თეთრიწყაროს რაიონში, ციდან სფერული ელვა დაეშვა. ეს ბუნებრივი მოვლენა ბოლომდე შესწავლილი არაა და გამომდინარეობს იმ კლიმატური პირობებიდან თუ მეტეოროლოგიური მდგომარეობიდან, რაც დღესდღეობით საქართველოში აღინიშნება. გარემოს ეროვნული სააგენტოს მეტეოროლოგიური პროგნოზების ბიუროს უფროსი სვეტლანა ნიორაძე ჩვენთან საუბარში აღნიშნავს, რომ ეს იშვიათი მოვლენა ყოფილი საბჭოთა კავშირის ტერიტორიაზეც დაფიქსირებულა.

– რატომ გახშირდა საქართველოს ტერიტორიაზე სფერული ელვა? თეთრიწყაროს შემდეგ უკვე მეორედ შენიშნეს ასპინძაში.

– ამაზე ვერაფერს გეტყვით, რადგან ეს მოვლენა მისი იშვიათობის გამო შესწავლილი არ არის. მისი მოქმედება ერთეულ შემთხვევებშია დაფიქსირებული. მე არც ისე ახალგაზრდა ვარ და ჩემს პრაქტიკაში პირველად მესმის, ასეთი შემთხვევა თუ იყო საქართველოში.

– რა ნიშნები ახასიათებს სფერულ ელვას?

– იგი ცეცხლოვანი ბურთის მსგავსია, მისი მოქმედება სულ 30 წამი გრძელდება, თუმცა სფერული ელვის ძალა დამანგრეველია, რადგან სფეროს ტემპერატურა სამი ათას გრადუსს აღწევს.

– სფერული ელვის პროგნოზირება თუ ხდება?

– რა დროს წარმოიქმნება ეს მოვლენა, როდის შეიძლება მოხვდეს დედამიწაზე და კონკრეტულად რომელ გეოგრაფიულ ადგილზე, ამის წინასწარმეტყველება გამორიცხულია. ამის პროგნოზირება შეუძლებელია, რადგან თვით ფაქტიც არაა შესწავლილი და პროგნოზირება როგორ მოხდება? ეს გავარვარებული გაზის პლაზმა უარყოფითი ელექტროდებითა და დადებითი იონებითაა დამუხტული. სფერულ ელვას ტრაექტორიის შეცვლა ახასიათებს.

– მართალია, თითქოს სფერული ელვა მაინცდამაინც მოძრავ ორგანიზმს ეტანება?

– სპეციალურ ლიტერატურაზე დაყრდნობით შემიძლია გითხრათ, რომ სფერული ელვა შედის შენობაში და შეიძლება სულაც დატოვოს, გავიდეს შენობიდან. თუ რამეს დაეჯახება, შესაძლოა, აფეთქდეს კიდეც. ასეთი ფაქტები მომხდარა, რასაც თვითმხილველებიც ადასტურებდნენ.

– ამას უცხოელ თვითმხილველთა მონათხრობის მიხედვით აცხადებთ?

– არა, სფერული ელვა საბჭოთა კავშირშიც გამოჩენილა. ასეთ დროს ადამიანებს ცეცხლის ალი ეკიდება, მისი ხმა კი უფრო აფეთქებას ჰგავს. სფერულ ელვას აქვს ძალიან მკვეთრი შეფერილობა და სფეროს ფორმა. შეუძლია შეაღწიოს არა მარტო შენობებში, არამედ ყოფილა შემთხვევები, რომ თვითმფრინავშიც უნახავთ, შესულა და მერე ისევ გასულა თვითმფრინავიდან. შენობებშიც ასევეა. სადაც იპოვის ადგილს, შედის ან მერე ისევ გადის შენობიდან. მას მერე, რაც ამ ელვის განმუხტვა მოხდება, ამას მოსდევს საშინელი ხმაური. სფერულ ელვას დამანგრეველი შედეგები აქვს. ამ ამოუცნობი ფენომენის ხშირ გამოჩენას მეცნიერები ბოლომდე ვერ ხსნიან.

– უცხოეთში როდის მოხდა და რომელ ქვეყნებში?

– ინტერნეტშიც არის მასალები, სამწუხაროდ, წლები არ არის მითითებული. მხოლოდ ის ფიქსირდება, რომ მთელი დედამიწის მოსახლეობის მხოლოდ ხუთი პროცენტი შესწრებია ამ მოვლენას. იმის გამო, რომ სფერული ელვა ძალზე იშვიათი მოვლენაა, მეცნიერებმა სცადეს, იგი ხელოვნურად მიეღოთ, რათა ამ საშუალებით მაინც დაკვირვებოდნენ ამ მოვლენას და მისი ბუნება შეესწავლათ. თუმცა ეს არ გამოუვიდათ. ზოგიერთები სახლშიც ცდილობენ მის გამოწვევას მიკროტალღური ღუმელის საშუალებით ცდებს ატარებდნენ. ზოგი წერს, რომ სფერული ელვა პლაზმისგან შედგება, ზოგიერთის სწავლებით – გაზებისგან. ძირითადად ეს მოვლენა ჩვეულებრივი ელვის შემდეგ ფიქსირდება, წრფივი ელვა გარკვეულ მუხტებს ტოვებს, სფერული ელვა ამ მუხტებს კრეფს. თუმცა, ეს ყველაფერი ვარაუდი და ჰიპოთეზაა. სფერული ელვა რუსეთში სამზარეულოს ფანჯრიდან შესულა სახლში, მრგვალად, 20 სანტიმეტრის დიამეტრით, ისე რომ შუშა არ დაუზიანებია. ეტყობა, სადმე ჭუჭრუტანა იპოვა, მერე გზა გაუგრძელებია აბაზანისკენ, დაეჯახა ქილებს, გატეხა ისინი, ბოლოს დაბრუნდა სამზარეულოში და განიმუხტა გათბობის ბატარეაზე, სადაც აფეთქების ხმაც გაისმა. სფერულმა ელვამ ამოჭრა იმ დიამეტრის შუშა, რა ზომისაც თვითონ იყო.

– სფერული ელვით ადამიანთა სიკვდილიანობა ხშირია?

– საქართველოსგან განსხვავებით, არცერთი სიკვდილის მაგალითი არაა მოყვანილი. არადა, სფერული ელვის დროს ხანძარიც შეიძლება გაჩნდეს და გულ–მკერდის არეზე – დამწვრობაც, რაც საქართველოშიც მოხდა. ინგლისური ზეტის მაგვარი ფორმის კვალი შეიძლება დატოვოს ადამიანის სხეულზე, ანუ ამოწვას.

– ადრეულ წლებში უფრო ხშირად იჭრებოდა სფერული ელვა თუ ახლა?

– ადრეც ხშირი მოვლენა იყო, მე–17 საუკუნეშიც მომხდარა, ამის ამსახველი ნახატებიც არსებობს, რადგან იმ დროს ფოტოებს ვერ იღებდნენ.

Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

კავშირი ტეგთან: ორი
დღის სიახლეები
რა მოსწონთ თქვენ მეგობრებს

Alternative content

online