asdas
ცნობილი ადამიანები

Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

პირველი ადამიანი, ვინც ვარსკვლავების საიდუმლო ამოხსნა
იოჰან კეპლერის სამი კანონი
პირველი ადამიანი, ვინც ვარსკვლავების საიდუმლო ამოხსნა

2009-07-08 13:12:38



ძველ დროში კომეტების დანახვა ადამიანებში შიშსა და შეძრწუნებას იწვევდა. მათგან კარგს არაფერს ელოდნენ, რადგან მათ შესახებ არაფერი იცოდნენ. კომეტები მრავალი სწავლულის დაკვირვების საგანი იყო. ერთ–ერთი მათგანი მე–16 საუკუნის დანიელი ასტრონომი ტიხო ბრაჰე გახლდათ. იგი პლანეტების მოძრაობას მრავალი წელი აკვირდებოდა და დეტალურ ჩანაწერებს აკეთებდა. მისი გარდაცვალების შემდეგ ეს საქმე ცნობილმა მათემატიკოსმა იოაჰან კეპლერმა გააგრძელა. როცა ცაზე ტიხო ბრაჰეს მიერ აღმოჩენილი კომეტა გამოჩნდა, ის კეპლერმაც შეამჩნია და დაკვირვება დაიწყო. ამგვარად, მან სახელი ასტრონომიაშიც გაითქვა. კეპლერი ქალაქ კრაცის ლუთერანულ გიმნაზიაში მასწავლებლად მუშაობდა. სწორედ იქ მუშაობის პერიოდში გამოაქვეყნა პირველი მნიშვნელოვანი ნაშრომი "სამყაროს საიდუმლოება".

ბრაჰეს მიერ მოგროვებული დიდძალი მასალა რომ გამოეყენებინა, კეპლერს უკეთ უნდა შეესწავლა რეფრაქცია (სინათლის სხივის გარდატეხა), ანუ ის, თუ როგორ ხდება ციური სხეულიდან შემოსული სინათლის სხივის გარდატეხა, როცა ის ატმოსფეროში აღწევს.

მეცნიერმა თავისი ახსნა–განმარტებები ჩამოაყალიბა ტრაქტატში "ვიტელოს იდეების გაგრძელება", რომელიც ასტრონომიაში ოპტიკური დანადგარების გამოყენებას ეხებოდა. მან შუა საუკუნეების მეცნიერის, ვიტელოს იდეები განავრცო. კეპლერის წიგნმა გარდატეხა მოახდინა ოპტიკაში. ის იყო პირველი მეცნიერი, რომელმაც ახსნა, თუ რა ფუნქცია აქვს თვალს.

ძველ ასტრონომებს სჯეროდათ, რომ ცა დედამიწის თავზე ქოლგასავით იყო გადაფარებული, რომელსაც შიგნიდან ვარსკვლავები ბრჭყვიალა ბრილიანტებივით ეკვროდა. ძველი ბერძენი ფილოსოფოსი პტოლემეუსი დედამიწას სამყაროს ცენტრად მიიჩნევდა. კოპერნიკს კი სჯეროდა, რომ პლანეტები უძრავი მზის გარშემო ბრუნავდნენ. ბრაჰეც იმავეს ამტკიცებდა. ძველი მეცნიერები ფიქრობდნენ, რომ ციური სხეულები წრიულად და თანაბრად, მუდმივი სიჩქარით მოძრაობდნენ.

ტიხო ბრაჰეს მიერ შედგენილი ცხრილებით კეპლერმა შეისწავლა პლანეტების მოძრაობა და გარკვეული დასკვნებიც გააკეთა. ამაში მას ძალიან გამოადგა თავისი უნიკალური მათემატიკური ნიჭი. მან მარსის მოძრაობის ცხრილების შესწავლისას 7.500 რთული გამოთვლა აწარმოა. თავდაპირველად კეპლერის ყურადღება სწორედ ამ პლანეტამ მიიპყრო. მისი მოძრაობის ცხრილებზე საგულდაგულო დაკვირვებისას კეპლერმა აღმოაჩინა, რომ მარსი მზის გარშემო ბრუნავდა და არა – წრიულად. მარსის ორბიტის მოძრაობაზე დაკვირვებით კი მეცნიერმა დაასკვნა, რომ ის მოძრაობს ელიფსის გასწვრივ, რომლის ერთ–ერთ ფოკუსშიც მოძრაობს მზე.

კეპლერი ფიქრობდა, რომ ციური სხეულების საიდუმლოებების ასახსნელად მარსის ნაცვლად დედამიწა უნდა შეესწავლა. საკუთარმა აღმოჩენებმა მეცნიერს სიახლეების დანერგვისაკენ უბიძგა. მან ცხრილები მარსის შესასწავლად კი არ გამოიყენა, არამედ სრულიად სხვანაირად. წარმოიდგინა, რომ მარსზე იდგა და იქიდან დაჰყურებდა დედამიწას. ამის შედეგად დაასკვნა, რომ დედამიწა მზის გარშემო მაშინ უფრო სწრაფად ბრუნავდა, როდესაც ამ კაშკაშა სხეულთან ახლოს იყო.

ამგვარად, კეპლერმა საბოლოოდ დაასკვნა, რომ მზე მზის სისტემაში მხოლოდ ცენტრი არ არის. მას მიზიდულობის ძალაც აქვს და თავისი ღერძის გარშემოც ბრუნავს. ის დიდ გავლენას ახდენს პლანეტების მოძრაობაზე. კეპლერის აზრით, პლანეტები ფიზიკური სხეულებია, რომლებიც უცვლელი კანონების მიხედვით ჰარმონიულად მოძრაობენ, ხოლო მარსისა და დედამიწის მოძრაობის კანონები შესაძლებელი იყო, სხვა პლანეტებზეც ვრცელდებოდა. აქედან კეპლერმა დაასკვნა, რომ თითოეული პლანეტა მზის გარშემო ელიფსურ ორბიტაზე მოძრაობს და მათი სიჩქარე იმის მიხედვით იცვლება, თუ რა მანძილით არიან მზისგან დაშორებული.

1609 წელს კეპლერმა გამოაქვეყნა ნაშრომი "ახალი ასტრონომია", რომელიც თანამედროვე ასტრონომიაში პირველ და ყველაზე მნიშვნელოვან წიგნად არის აღიარებული. მასში შესულია პლანეტების მოძრაობის პირველი ორი კანონი. 1610 წელს კი ქალაქ ლინცში ცხოვრების დროს გამოაქვეყნა წიგნი "სამყაროს ჰარმონია", რომელშიც მესამე კანონს განიხილავდა.

ეს სამი კანონი მყარ საფუძვლად დაედო პლანეტების მოძრაობის თეორიას. დამტკიცდა, რომ მზის გარშემო პლანეტები ელიფსურ ორბიტაზე მოძრაობენ და მათი მოძრაობის სიჩქარე იმის მიხედვით იცვლება, თუ რა მანძილით არიან მზისგან დაშორებული.

კეპლერის შრომებს თავდაპირველად აღიარება არ მოჰყოლია, პირიქით – ბევრი მოწინააღმდეგე გამოუჩნდა. იმდროინდელი ასტრონომები ვერ ჩასწვდნენ მისი კანონების მნიშვნელობას. ზოგი აღაშფოთა კიდეც კეპლერის დასკვნებმა, მაგრამ ვერაფერი გააწყვეს, მეცნიერის დაშინება ადვილი არ აღმოჩნდა. მან თავისი ნაშრომები ლათინურ ენაზე დაწერა.

გარკვეული დროის შემდეგ ჭეშმარიტებამ იზეიმა და კეპლერის კანონები აღიარეს. დღეს მას უდიდეს მეცნიერად მიიჩნევენ, რომელმაც ბევრად გაუსწრო წინ შუა საუკუნეების ასტრონომიას და მომავლის აღმოჩენები გააკეთა. კეპლერი 1630 წელს, გერმანიაში ყოფნისას გარდაიცვალა. საბოლოოდ ის აღიარეს მეცნიერად, რომელმაც მზის სისტემის საიდუმლოებას ფარდა ახადა და გამეფებული ბურუსის მიღმა შეიხედა.

1627 წელს გამოცემული კეპლერის "რუდოლკისეული ცხრილები" დღეისათვის ასტრონომიაში ერთ–ერთ მნიშვნელოვან ნაშრომად ითვლება. ასტრონომებისა და ნავიგატორებისათვის ის შეუცვლელი სახელმძღვანელო გახდა. თანამედროვე ასტრონომებმა სწორედ კეპლერისეული კანონების საფუძველზე დაიწყეს პლანეტების შესწავლა და უამრავ გამოცანას ახადეს ფარდა.

იოჰან კეპლერის აღმოჩენები გამსჭვალულია ქრისტიანული მრწამსითა და პოსტულატებით. კეპლერს სწამდა ქრისტიანული მოძღვრების მთავარი პოსტულატის – სამების. იგი აბსოლუტურად იზიარებდა მოსაზრებას, რომ ხილული სამყარო ღვთაებრივი სასწაულის ანარეკლს წარმოადგენდა (მამა – ცენტრი, ძე – გარშემოწერილობა და სულიწმინდა – მათ შორის არსებული სივრცე).

რელიგიური შეუწყნარებლობა კეპლერისათვის მიუღებელი იყო. მას სჯეროდა, რომ ადამიანები, პლანეტების მსგავსად, ერთმანეთთან ჰარმონიაში უნდა ყოფილიყვნენ.



Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

კავშირი ტეგთან: დღეს
დღის სიახლეები
რა მოსწონთ თქვენ მეგობრებს

Alternative content

online