asdas
ცნობილი ადამიანები

Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

კანი დაბერებას 25 წლიდან იწყებს
კანი დაბერებას 25 წლიდან იწყებს
კანი დაბერებას 25 წლიდან იწყებს

2011-10-29 12:57:33



ალბათ, ყველა მანდილოსანს დააინტერესებს სახის, თვალის ირგვლივ, კისრის, დეკოლტესა და ხელის კანის მოვლის შესახებ პროფესიონალის მოსაზრებები. ჩვენი სტატიიდან მეზოთერაპიის მნიშვნელობასაც შეიტყობთ, ასევე იმასაც, თუ როგორ უნდა შევაჩეროთ კანის დაბერების პროცესი. ჟურნალ "გუმბათის" მიერ დასმულ კითხვებს პასუხი კოსმეტოლოგმა, ქალბატონმა ნინო კოხრეიძემ გასცა:



- ქალბატონო ნინო, რაზეა დამოკიდებული სახის კანის ფერი და მდგომარეობა?

- კანის ფერი გენეტიკით განისაზღვრება. ამას კონსტიტუციონალური პიგმენტაცია ეწოდება. კანის ფერს განსაზღვრავს კანში ოთხი პიგმენტის შემცველობა: ლურჯი-დეზოქსიჰემოგობლინი; წითელი-ოქსიჰემოგლობინი; ყვითელი-კაროტინი; ყავისფერი-მელანინი. ძირითად როლს კანის შეფერილობაში ასრულებს მელანინი, მის რაოდენობასა და გადანაწილებაზეა დამოკიდებული ადამიანის კანის ფერი. მზის სხივების მოქმედებით მელანინის რაოდენობა იზრდება და ვითარდება ე.წ. ზაგარი - რუჯი. რაც შეეხება კანის მდგომარეობას, მასზე მოქმედებს მრავალი შინაგანი და გარეგანი ფაქტორი. შინაგანი ორგანოების დაავადებები, განსაკუთრებით, ქრონიკული (შინაგანი სეკრეციის ჯირკვლების ფუნქციის მოშლა), არახელსაყრელ ზეგავლენას ახდენს კანზე, ამიტომ საჭიროა ამ დაავადების გამოვლენა და მკურნალობა. კანის მდგომარეობაზე ზემოქმედებს გარემო ფაქტორიც: ამინდი, ჰაერის ტემპრეტურა, ქარი, ინტენსიური მზის დასხივება, ასევე ცუდი განწყობა, მწუხარება, გაბრაზება, არასრულფასოვანი კვება, არასწორი ცხოვრების რეჟიმი, გადაღლილობა. ყოველივე ეს ცვლის კანის ფერსა და მდგომარეობას. კანი ხდება ფერმკრთალი ან იძენს მიწისფერ შეფერილობას. კარგავს სიმკვრივეს, დუნდება და ჩამოეკიდება, შესამჩნევი ხდება ნაოჭები.

- თუ ქალს ჯანმრთელი კანი აქვს, რა ასაკშია საჭირო კოსმეტოლოგთან ვიზიტი?

- კანს ახასიათებს ასაკობრივი ევოლუცია. საშუალოდ, @25 წლიდან იწყება კოლაგენის გამომუშავების დაქვეითება, ჩნდება წვრილი ნაოჭები, ამიტომ, ამ დროს სასურველია კოსმეტოლოგთან ვიზიტი.

- რას გვეტყვით სახის კანის მოვლის ძირითად და დამხმარე საშუალებებზე?

- სახის კანის მოვლაში იგულისხმება: კანის გასუფთავება, დატენიანება, გამოკვება, დაცვა გარეგანი და შინაგანი ფაქტორებისგან. შესაბამისად, თუ რა ტიპის კანთან გვაქვს საქმე, კანის მოვლის საშუალებებიც განსხვავებულია. არჩევენ ნორმალურ, ცხიმიან, მშრალ, კომბინირებულსა და მგრძნობიარე სახის კანს. ნორმალური კანი გადატკეცილია, ელასტიკური და სუფთაა, ადვილად იტანს ყველა კოსმეტიკურ საშუალებებს და პროცედურებს. ცხიმიანი კანი უხეშია, ფორებიანი, ბრწყინავს, იგი მიდრეკილია ანთებითი დაავადებებისაკენ, რაც იმით აიხსნება, რომ ცხიმი შესანიშნავი გარემოა კანზე არსებული მიკრობების ზრდა-განვითარებისათვის. ცხიმიან კანზე ხშირად გვხვდება კომედონები - შავი წერტილები, ისინი ფორებს აცობენ და ხელს უშლიან კანის ნორმალურ ფუნქციონირებას და არიან პოტენციური ფერისმჭამელები. ამდენად, ცხიმიანი კანი განსაკუთრებულ მოვლას საჭიროებს. იგი შედარებით გვიან ბერდება. მშრალი კანი შედარებით ხშირად გვხვდება. იგი ნაზი და სიფრიფანაა. კანის ეს ტიპი არასწორი და არასაკმარისი მოვლით ადრე ბერდება. კომბინირებული ტიპის სახის კანი ყველაზე ხშირად გვხვდება. ამ დროს ცხვირზე, შუბლზე, ნიკაპზე კანი ცხიმიანია, ლოყებზე, საფეთქლებზე, თვალის ირგვლივ, ყელზე - მშრალია. ასეთი ტიპის კანის მოვლა ძნელია. ასევე, აღსანიშნავია მგრძნობიარე კანის მოვლა. იგი ადვილად ღიზიანდება, შრება, იქერცლება, ამიტომ ასეთი კანის მოვლისათვის საჭიროა ჰიპოალერგიული საშუალებები.

- იქნებ გვირჩიოთ, როგორ მოვუაროთ თითოეული ტიპის კანს?

- ნორმალურ კანს აქვს ბალანსირებული წყალ-ცხიმოვანი ცვლა, ამიტომ განსაკუთრებულ კვებას არ საჭიროებს. ასეთ დროს მთავარი ამოცანაა კანის გაწმენდა და მსუბუქი დატენიანება. სახის გასაწმენდად გამოიყენება რბილი გამწმენდი რძე, რომელიც უნდა წაისვათ ნამიან კანზე მასაჟისებური მოძრაობით, ქაფის წარმოქმნამდე. ჩამობანის შემდეგ, სახე მშრალდება პირსახოცის სახეზე მიდებით და არა დაზელვით, შემდეგ სუფთავდება კანი ტონიკით და ისმება დამატენიანებელი სამასაჟო ხაზების მიმართულებით. ცხიმიანი კანის გასაწმენდად გამოიყენება საშუალებები, რომლებიც ასუფთავებენ ფორებს, აცილებენ ცხიმს, არ აშრობენ და არ აზიანებენ კანს. გამოიყენება სპეციალური სამკურნალო ლოსიონები, რომელთაც აქვთ ბაქტერიოციდული მოქმედება და ამცირებენ ცხიმის გამოყოფას. ცხიმიანი კანის გასუფთავება იარაღებით უნდა მოხდეს მაქსიმუმ თვეში ერთხელ. გამწმენდი ნიღაბი კეთდება კვირაში ერთი-ორჯერ. კანის გაწმენდის შემდეგ, სახეზე ისმება დამატენიანებელი კრემი, რომელიც რამდენიმე წუთით ჩერდება კანზე, შემდეგ კი ზედმეტი კრემი ჰიგიენური ხელსახოცით უნდა იქნას მოცილებული. მშრალი კანი - ამ ტიპის კანისათვის აუცილებელია ყურადღების გამახვილება დამატენიანებელ, მკვებავ პროცედურებსა და საშუალებებზე. კანის გასაწმენდად გამოიყენება გამწმენდი კრემები, რომლებიც ისმება და რჩება სახეზე რამდენიმე წამით და შემდეგ ხდება ბამბის ბურთულით გაწმენდა ქვემოდან ზემოთ სამასაჟო ხაზების მიმართულებით. ამის შემდეგ აუცილებელია მკვებავი კრემის გამოყენება. კანის დატენიანების მიზნით გამოიყენება: ცხელი საფენები, ორთქლის აბაზანა, კრიო მასაჟი. მგრძნობიარე კანის გასასუფთავებლად გამოიყენება ჰიპოალერგიული უსპირტო გამწმენდი ლოსიონი, შემდეგ ხდება სახეზე თბილი გადადუღებული წყლის ან მინერალური წყლის შესხურება. ხისტ წყალს ამ ტიპის კანი ვერ იტანს. შემდეგ გამოიყენება დამატენიანებელი ჰიპოალერგიული კრემები, რომელთა გამოყენება ამაგრებს კანს და ქმნის დამცავ ბარიერს გამღიზიანებლის წინააღმდეგ. კომბინირებული კანის გასაწმენდად დილით გამოიყენება სპეციალური რძე-ქაფი და საღამოობით გამწმენდი კრემი. შემდეგ გამოიყენება ტონიკი მშრალი და ცხიმიანი კანისთვის შესაბამის უბნებზე წასასმელად და ამის შემდეგ ისმება დამატენიანებელი კრემი მთელ სახეზე.

- რა არის მეზოთერაპია? შეიძლება თუ არა მისი ჩატარების შემდეგ მკვებავი კრემის ხმარება?

- მეზოთერაპია არის კანში ან კანქვეშ, მრავლობითი მიკროინექციის საშუალებით, სპეციალური კოქტეილების შეყვანა, რის შედეგადაც კანი აღიდგენს ელასტიკურობასა და ახალგაზრდულ ელფერს. მეზოთერაპიის შემდეგ კანს არ სჭირდება დამატებით დამატენიანებელი და მკვებავი კრემის გამოყენება, თუმცა, აკრძალული არ არის.

- თვალების ირგვლივ არსებულ კანს საგანგებოდ რატომ გამოყოფენ?

- იმიტომ, რომ თვალის ირგვლივ კანი ძალიან ნაზია და, როგორც წესი, პირველი იწყებს დაბერების ნიშნების გამოვლენას. გელები და კრემები, რომლებიც შეიცავენ სპეციალურ ინგრედიენტებს, ასწორებენ წვრილ ნაოჭებს, აქრობენ თვალის ქვემო სილურჯეებსა და ტომსიკებს.

- როგორ შევაჩეროთ კანის დაბერების პროცესი?

- ახალგაზრდობის გასახანგრძლივებლად და სილამაზის შესანარჩუნებლად, გარდა ზემოთ ჩამოთვლილისა, არსებობს მრავალი პროცედურა: პილინგი, ფილერი, ლაზეროთერაპია, ფიზიოთერაპია, ფიტოთერაპია, ბოტულოტოქსინი, სინიექციები და სხვა, მაგრამ ინოვაციური, უნივერსალური მეთოდია კანის დაჭიმვა Aპტოს და Lიგჰტ Lიფტ-ის ძაფებით. პროცედურა მცირედ ინვაზიურია, ტარდება ადგილობრივი ანესთეზიით, ამბულატორიულ პირობებში, ეფექტი ნარჩუნდება საშუალოდ 5 წლის განმავლობაში. კორექცია ტარდება პრობლემურ ზონებზე: შუბლის, ცხვირ-ტუჩის, ნიკაპის, კისრის ნაკეცებსა და წარბებს შუა ნაოჭებზე, ქირურგიული ჩარევისა და ნაწიბურების გარეშე.

- როგორ მოვუაროთ კისრისა და დეკოლტეს არეს?

- კისრისა და დეკოლტეს მოვლაში იგულისხმება: კოსმეტიკური საშუალებების გამოყენება, მასაჟი და ფიზკულტურა, წოლისას თავის სწორად დადება ბალიშზე (არ შეიძლება მაღალი სასთუმალი). ყელს ისევე ესაჭიროება კვება და დატენიანება, როგორც სახეს.

- რამდენად არის დამოკიდებული სახის კანის მდგომარეობა ცხოვრების წესსა და კვების რეჟიმზე?

- პირდაპირ დამოკიდებულია. შრომისა და დასვენების სწორი რეჟიმი, სრულფასოვანი და რეგულარული კვება ხელსაყრელად აისახება კანსა და გარეგნულ იერსახეზე.

- როგორ მოვუაროთ ხელებს?

- ხელის კანის მოვლაში იგულისხმება: ხელის სკრაბის, მკვებავი და დამატენიანებელი კრემების, კომპრესების, აბაზანისა და ნიღბების გამოყენება. საოჯახო საქმეების კეთებისას აუცილებელია ხელთათმანის ჩაცმამდე გლიცერიანიანი კრემის წასმა და სამუშაოს დამთავრების შემდეგ, ვიტამინიზირებული კრემის წასმა. ამ კრემის მოქმედების გასაძლიერებლად ღამით საჭიროა ნაჭრის ხელთათმანის გაკეთება.

Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

სიახლეები
დღის სიახლეები
რა მოსწონთ თქვენ მეგობრებს

Alternative content

online