| ქალი და მამაკაცი |

ყველაფერი, რასაც ჩვენი ორგანიზმი მადიანად მიირთმევს, გარედანაც გამოდგება. ზაფხულში კი ბუნების ძღვენისგან სარგებლობა დიდია.
ბოსტნეული, მწვანილი, ხილი და კენკრა მკვებავი ნიღბების შესანიშნავი მასალაა. ისინი არანაკლებ ეფექტურია, ვიდრე ძვირადღირებული კოსმეტიკური პროდუქტები. საჭიროა მხოლოდ იცოდეთ, რომელი ინგრედიენტი გამოგადგებათ. მკვებავი ნიღბების შემადგენლობაში ბევრი ბიოლოგიურად აქტიური ნივთიერება, ფიტონციდები, მიკროელემენტები, ვიტამინები შედის. ეს კომპონენტები ორგანიზმში ცვლის პროცესების გაუმჯობესებას, კანის სისხლით მომარაგებასა და კვებას ეხმარება. შედეგად სახე უფრო ნორჩად, ჯანსაღად, ახალგაზრდულად და მოვლილად გამოიყურება.
მოსამზადებელი მუშაობა
სანამ ნიღაბს გაიკეთებთ, თმა შესაკრავით მაღლა აიწიეთ და კოსმეტიკა სახიდან გულმოდგინედ ჩამოიბანეთ. თუ ნორმალური კანი გაქვთ, შეგიძლიათ სახე ორთქლში მსუბუქად დაირბილოთ. ადუღებულ წყალში პიტნის 1–2 ტოტი ან ერთი მუჭა გვირილა ჩაყარეთ და სახე ორთქლს მიუშვირეთ. ან კიდევ, შეგიძლიათ შუბლსა და ლოყებზე ცხელ წყალში დასველებული და კარგად გაწურული ბამბის პირსახოცი დაიდოთ. ასეთი თბილი პროცედურები ფორებს გააფართოებს და კანი ნიღბიდან ყველა სასარგებლო ნივთიერებას ადვილად შეიწოვს. მაგრამ თუ სახის კანზე სისხლძარღვოვანი ბადე ჩანს, კომპრესები და ორთქლის აბაზანები უკუნაჩვენებია. ამის ნაცვლად შეგიძლიათ უბრალოდ თბილი წყლით დაიბანოთ და ბუნებრივად გაშრობას დაელოდოთ.
ყველას – გემოვნების მიხედვით
ნიღაბი ყოველთვის ახალმომზადებული უნდა იყოს. მეორე დღისთვის დატოვებას, მაცივარშიც კი, არავითარი აზრი აქვს. მასალა ნიღბისთვის ემალის ან ფაიფურის პატარა ჯამში მოამზადეთ. ასევე დაგჭირდებათ ხის კოვზი, წვენსაწური, მიქსერი. ნიღაბს უშუალოდ კანზე იდებენ ან თუ ძალიან ცხიმიანია, მარლაზე, რომელსაც თვალებისა და ტუჩების ადგილები წინასწარ ამოჭრილი აქვს. ამ დელიკატურ მიდამოში ხილის ან ბოსტნეულის მასა არ უნდა მოხვდეს. მშრალი კანის შემთხვევაში ხილის ფაფაში ზეითუნის ზეთს, ნაღებს უმატებენ, ხოლო ცხიმიანი კანის დროს – კოსმეტიკურ თიხას ან კვერცხის ცილას.
შენიშვნა: თუ რომელიმე ხილის მიმართ ალერგია გაქვთ, ის შეიძლება ორგანიზმს გარედანაც არ მოეწონოს.
დესერტი ღამით
კანი მკვებავ ნივთიერებებს ყველაზე ეფექტურად საღამოს ითვისებს. ამიტომ ნიღბის გაკეთება უმჯობესია ძილის წინ. ნიღბის ხანგრძლივობა 15–20 წუთია. უმჯობესია ამ მომენტში არ იმოძრაოთ, არამედ ჰორიზონტალური მდგომარეობა მიიღოთ და დაწვეთ. ფილმის ყურება ან ტელეფონით მეგობართან საუბარი ამ 15–20 წუთის განმავლობაში არ ღირს. პროცედურის ეფექტურობის აუცილებელი პირობა სახის კუნთების სიმშვიდეა. ნიღაბი წყლით, საპნის გარეშე მოიბანეთ. ცხიმიანი კანის შემთხვევაში – გრილი, ხოლო მშრალი კანის დროს თბილი წყლით ჩამოიბანეთ. სახე არ გაიმშრალოთ, რათა არ გაიჭიმოს და ნაოჭები არ წარმოიქმნას. გასუფთავებულ კანზე აუცილებლად დამატენიანებელი კრემი წაისვით. აშკარა ეფექტის მისაღწევად ნორმალური და მშრალი კანისთვის სისტემატურად, კვირაში ერთხელ, ხოლო ცხიმიანი კანისთვის 2–ჯერ ნიღაბი გაიკეთეთ. კურსი 15–20 პროცედურაა.
ნიღბები მშრალი და მოდუნებულ–დამჭკნარი კანისთვის
დამარბილებელი. პომიდორი გახეხეთ, 1 კვერცხის გული და 1 სუფრის კოვზი პურის ფქვილი დაუმატეთ, აურიეთ. სახეზე 10–15 წუთი გაიჩერეთ, თბილი წყლით ჩამოიბანეთ.
მატონიზირებელი. 1 სუფრის კოვზ გახეხილ ბოლოკს 1 სუფრის კოვზი ზეითუნის ზეთი დაუმატეთ. ნიღაბი სახეზე 10–15 წუთი დაიდეთ. თბილი წყლით მოიბანეთ.
მკვებავი. 1 სუფრის კოვზ ყაბაყის წვენში 1 კვერცხის გული აურიეთ. 15 წუთი გაიჩერეთ. თბილ წყალში დასველებული ბამბის ტამპონით მოიცილეთ.
ნაოჭების საწინააღმდეგო. 1 სუფრის კოვზ დასრესილ ალუბალს 1 სუფრის კოვზი ძახველის წვენი და 1 ჩაის კოვზი თაფლი დაუმატეთ. ნიღაბი 10 წუთი გაიჩერეთ. შემდეგ თბილი წყლით ჩამოიბანეთ.
ნიღბები ნორმალური და კომბინირებული კანისთვის
მათეთრებელი. კიტრისა და ლიმონის წვენი თანაბარი რაოდენობით შეურიეთ. ნარევში მარლა დაასველეთ და 10 წუთი სახეზე დაიდეთ. გრილი წყლით ჩამოიბანეთ.
გამამაგრებელი. ერთი პომიდორი გახეხეთ. 1 კვერცხის გული და შვრიის იმდენი ფქვილი დაუმატეთ, რომ სქელი მასა მიიღოთ. სახეზე 10–15 წუთი გაიჩერეთ. ჯერ თბილი და შემდეგ ცივი წყლით ჩამოიბანეთ.
გამაახალგაზრდავებელი. 1 სუფრის კოვზ გახეხილ სტაფილოს 1 კვერცხის გული და 1 სუფრის კოვზი თბილი კარტოფილის პიურე შეურიეთ. სახეზე სქელ ფენად 15 წუთი დაიდეთ.
დამატენიანებელი. გახეხილ ყაბაყს ცხელი რძე შეურიეთ და 1–2 წუთი ადუღეთ. თბილი ფაფა სახეზე 10–15 წუთი დაიდეთ. ჩამოიბანეთ წყლით, რომელშიც დამატებული იქნება ლიმონის წვენი ან ძმარი (1 ლიტრ წყალზე 1 სუფრის კოვზი).
ნიღბები ცხიმიანი კანისთვის
გამწმენდი. 1 სუფრის კოვზ გახეხილ კიტრს ნახევარი სუფრის კოვზი თეთრი კოსმეტიკური თიხა და ცოტა ადუღებული წყალი შეურიეთ. ფაფა 10 წუთი გაიჩერეთ, შემდეგ გრილი წყლით ჩამოიბანეთ.
ფერიმჭამელების საწინააღმდეგო. ჭარხლის წვენი, გახეხილი კარტოფილი და პურის ფქვილი შეურიეთ. მიღებული სქელი მასა სახეზე დაიდეთ. ჭარხლის წვენში მარლა დაასველეთ და ზემოდან დაიფარეთ. 15 წუთის შემდეგ წყალში გაზავებული გრილი რძით ჩამოიბანეთ.
გამაახალგაზრდავებელი. ალუბლის წვენში მარლა დაასველეთ და სახეზე 20 წუთი გაიჩერეთ. გრილი წყლით ჩამოიბანეთ.
მოსავლელი. ორი გარგარის რბილობი დასრისეთ, 1 სუფრის კოვზი ლიმონის წვენი დაუმატეთ. სახეზე 15 წუთი დაიდეთ, შემდეგ გრილი წყლით ჩამოიბანეთ.
მოამზადა აზა გაგოშიძემ, ჟურნალი სარკე. N 29

|
დღის სიახლეები
24-05-2012
24-05-2012
24-05-2012
24-05-2012
|
რა მოსწონთ თქვენ მეგობრებს
|
Alternative content



კანი დაბერებას 25 წლიდან იწყებს
ლალი მოროშკინას სახის კრემი ლარი და 20 თეთრი ღირს
უსაფრთხო მანიკიურის წესები
როგორ გავთავისუფლდეთ ჭორფლისგან












ჯენიფერ ლოპესმა თავისი ახალი სუნამო წარმოგვიდგინა
გვინეტ პელტროუ Hugo Boss-ის ახალი სუნამოს სახე გახდება
ბრედ პიტი _ პირველად მამაკაცი შანელ №5-ის სახე 

პარფიუმერიის კლასიკა Chanel №5 90 წლისაა
მადონა მამაკაცის სუნამოს შექმნის
ევა მენდესი არომატების შესახებ
მადონამ ახალი სუნამო გამოუშვა
ჰოლი ბერის ახალი არომატი
ნანიკო ხაზარაძე: "ჩემს კატას ჩემზე უკეთესი კანი აქვს"
სახის კანის მოვლა
სახე ხახვით გაიწმინდეთ
კაილი მინოუგი თურმე ბოტოქსს იკეთებს 









