asdas
ცნობილი ადამიანები

Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

უსაფრთხო მანიკიურის წესები
უსაფრთხო მანიკიურის წესები
უსაფრთხო მანიკიურის წესები

2011-07-14 13:06:36



თანამედროვე ხარისხიანი ლაქი დეფექტებს არ ნიღბავს, არამედ ლამაზ და მყარ საფარს უზრუნველყოფს, მანიკიურზე ფრთხილად ზრუნავს.
ამ პოპულარულმა კოსმეტიკურმა პროდუქტმა დიდი ევოლუცია განიცადა. პირველი წყალში უხსნადი ფრჩხილების ლაქი მაღალი ხარისხით არ გამოირჩეოდა, ნაკლებად გამძლე და უსაფრთხო იყო, მხოლოდ აცეტონით სცილდებოდა. არც ფერთა მდიდარი გამა გააჩნდა – წითელი ფერის მხოლოდ 5–6 ტონი იყო. თანამედროვე ლაქი ფერთა სიუხვითაც გამორჩეულია და გამძლეობითაც. დღეს ღია მწვანე ან შავი ლაქი არავის უკვირს. არსებობს მრავალი სახის ლაქი: ქამელეონი ფერს იცვლის ფრჩხილების დახრილობის მიხედვით, ტემპერატურული ლაქი სითბოსა და სიცივეში სხვადასხვა ფერისაა, ლაქი, რომელიც ნეონის შუქზე, დისკოთეკებზე, კლუბებში კაშკაშს იწყებს და ქუჩაში "ჩაქრება", "ფერწერული" ლაქი ფრჩხილებზე ისე ძლიერ ბრწყინავს, თითქოს ჯერ კიდევ არ გამშრალა და სხვა.
და მაინც, უხარისხო და მავნე ლაქებისგან დღესაც არ ვართ დაზღვეული. რისკი მინიმუმამდე რომ დაიყვანოთ, ეს კოსმეტიკური პროდუქტი ქუჩაში ან ჯიხურებში არ შეიძინოთ. კარგი კოსმეტიკა მხოლოდ პარფიუმერიის მაღაზიებში უნდა იყიდებოდეს. ხარისხიანი ლაქი უნდა იყოს ერთგვაროვანი. შეძენისას ყურადღება მიაქციეთ პროდუქტის ვარგისიანობის ვადას და მის შემადგენლობას. ფრჩხილებისთვის მავნე ლაქი შეიძლება შხამიან ნივთიერებებს შეიცავდეს.
საშიშ შემადგენლებად აღიარებულია: ტოლუოლი, ფორმალდეჰიდები, მეტაკრილატი, დიბუტილფტალატი. ყურადღება მიაქციეთ, რომ ეს ინგრედიენტები ეტიკეტზე (შესაფუთზე) მოხსენიებული არ იყოს. თუ მანიკიურის გაკეთების შემდეგ ფრჩხილებმა აშრევება დაიწყო, გამუქდა ან ხელებზე გამონაყარი გაჩნდა, ლაქი სასწრაფოდ გადააგდეთ. სხვათა შორის, კანის რეაქცია შეიძლება არამხოლოდ უხარისხო, არამედ სრულიად კარგმა ლაქმაც გამოიწვიოს, თუ რომელიმე ინგრედიენტზე ალერგია გაქვთ.
რისგან შედგება?
ფრჩხილების ნებისმიერი თანამედროვე ლაქი შეიცავს 4 ძირითად შემადგენელს: პოლიმერებს, გამხსნელებს, პლასტიფიკატორებს და პიგმენტებს.
პოლიმერები ნებისმიერი ლაქის საფუძველია. აღნიშნული ნივთიერება ფრჩხილზე გამჭვირვალე, მბრწყინავ ფენას წარმოქმნის. მათ შემადგენლობაში შედის სინთეტიკური პოლიმერები და ნიტროცელულოზა. ისინი ტოქსიკურ ნივთიერებებს არ წარმოადგენენ. ერთმანეთთან ზემოქმედებისას ლაქის ფრჩხილზე კარგად დაწებებას უზრუნველყოფენ და ამით მანიკიურს გამძლეს ხდიან.
გამხსნელები აორთქლების შემდეგ ლაქის ფენას სიმაგრეს მატებენ. ლაქებში გამხსნელებად გამოიყენება ეთეროვანი ეთილაცეტატი (პასუხისმგებელია ლაქის ფენის გაშრობასა და ფორმირებაზე) და ბუტილაცეტატი (ფრჩხილის ზედაპირზე ლაქს თანაბრად ანაწილებს). ქიმიური სახელწოდების მიუხედავად, ეს ნივთიერებები საკონდიტრო საქმეში, სახელდობრ კანფეტების წარმოებაში გამოიყენება. სწორედ ამიტომ შევიგრძნობთ სასიამოვნო ტკბილ არომატს, როდესაც ლაქის ფლაკონს თავსახურს ვხდით.
პლასტიფიკატორები პასუხისმგებელი არიან ლაქის საფარის ელასტიკურობასა და გამძლეობაზე. მწარმოებლები ჩვეულებრივ იყენებენ დიბუტილფტალატს და ქაფურს. თუმცა პირველი სინთეტიკური ინგრედიენტი ევროკავშირში აკრძალულია ორგანიზმზე სავარაუდო უარყოფითი მოქმედების გამო, ხოლო, მიუხედავად იმისა, რომ ბუნებრივი ნივთიერებაა, ქაფურზე ხშირად ალერგია აქვთ.
პიგმენტები არის ნატურალური და სინთეტიკური. ბუნებრივებს შორის გამოყოფენ ქარსს (ლაქს ციმციმის ეფექტს აძლევს), თიხასა და სადაფს (ფერების ერთმანეთში გადასვლისთვის) და ლიმონის მჟავას (ლაქის საფარის სტაბილურობას უზრუნველყოფს). სინთეტიკურებს მიეკუთვნება სილიკატები (პიგმენტების დალექვას აბრკოლებს). ასევე გამოიყენება ნატურალური და სინთეტიკური წარმოშობის სხვადასხვა ფერის წითლიდან დაწყებული შავით დამთავრებული პიგმენტები.
მანიკიურის გაკეთების სამი წესი
მყარი და უსაფრთხო მანიკიურის გაკეთებისთვის მხოლოდ ერთი ლაქი არასაკმარისია. საჭიროა სამი საშუალება: ძირითადი ანუ პირველი ფენა, ფერადი და დამცავი ლაქი.
ძირთადი – ესეც ლაქია, მხოლოდ საღებავების გარეშე. სამაგიეროდ დიდი რაოდენობით მოსავლელ ნივთიერებას შეიცავს. პირველად მას ისვამენ. ძირითადი ლაქის გამოყენება აუცილებელია არამხოლოდ ღია და მუქი ფერის ლაქის ქვეშ, რათა ფრჩხილის ფირფიტის პიგმენტის ფერად შეღებვა თავიდან ავიცილოთ, არამედ სხვა მიზეზების გამო. ეს პროცედურა ფრჩხილის ზედაპირს ამზადებს და იცავს, ზოგჯერ კურნავს კიდეც. ზოგიერთი მსგავსი საშუალება შეიცავს ტალკს, აბრეშუმს და სხვა აქტიურ ნივთიერებებს, რომლებიც ფრჩხილის ფირფიტას კვებავენ. ასევე არსებობს სამკურნალო ძირითადი ლაქი. ის სოკოსგან თავდასაცავად, ასევე ფრჩხილების ზრდისა და სიმაგრისთვის გამოიყენება.
მეორე ფენა დეკორატიულია, ხოლო მესამე – დამცავი. მანიკიური ამის შემდეგ არის მყარი და მბრწყინავი.
ფრჩხილებს ვიმაგრებთ
ფრჩხილების შიგნიდან გამაგრებას ეხმარება ვიტამინები ფ და ვ, კალციუმი, ცილები, ასევე ჟელატინი. ისინი მათ ზრდას ასტიმულირებს, უფრო გამძლესა და გლუვს ხდის. ამიტომ ხშირად მიირთვით ხილი, ჟელე და მუსები, ხოლო დღესასწაულებზე ლაბასხმული თევზი და "ხოლოდეცი". მანიკიურზე ავიტამინოზმა უარყოფითი ზეგავლენა რომ არ მოახდინოს, მიეძალეთ ხილსა და ბოსტნეულს (ჭარხალი, ისპანახი, სტაფილო), ასევე ხაჭოსა და რძის პროდუქტებს. ფრჩხილებს ასევე ესაჭიროება ცილები – ნაღების კარაქი, ხორცი, ღვიძლი, კვერცხი, თევზი, თხილეული.
გაუწყლოებული ფრჩხილები ელასტიკურობასა და სიგლუვეს კარგავენ, ამიტომ ხშირად მტვრევადი ხდება. ფრჩხილებში სინოტივე საკმარისად რომ იყოს, ნებისმიერი სამუშაო სახლში მხოლოდ რეზინის ხელთათმანებით გააკეთეთ. ხოლო ხელებზე კრემის წასმის დროს ფრჩხილების კვება არ დაგავიწყდეთ, მათზეც გადაისვით. ცხიმის ნაკლებობა ფრჩხილების ფირფიტის არაერთგვაროვნობას, მათზე ბზარების გაჩენას იწვევს. ეს რომ არ მოხდეს, ლაქის მოსაშორებლად მხოლოდ ხარისხიანი სითხე გამოიყენეთ. სასურველია დამატებული ჰქონდეს ეთერზეთი და სხვა დამატენიანებელი კომპონენტები.
მოამზადა აზა გაგოშიძემ, ჟურნალი სარკე. N 28


Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

სიახლეები
დღის სიახლეები
რა მოსწონთ თქვენ მეგობრებს

Alternative content

online