asdas
ცნობილი ადამიანები

Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

ლალი მოროშკინას სახის კრემი ლარი და 20 თეთრი ღირს
ლალი მოროშკინას სახის კრემი ლარი და 20 თეთრი ღირს

2011-07-15 09:06:36



საზოგადოებაში პოპულარული სახე, ლალი მოროშკინა, რომელსაც სექსუალური ქალის იმიჯი აქვს და ხალხს თავისი ავანტურებით სალაპარაკოს არ ულევს, ირწმუნება, რომ მისი გარეგნობა მხოლოდ და მხოლოდ ისეთი საშუალებების დამსახურებაა, როგორიც კიტრის ნაფცქვენები და ამდაგვარებია (ქალები მიხვდებიან). ლალი, მაგალითად, თურმე ასეთ საშუალებად არაჟანს იყენებს. არც სილამაზის სალონებს სტუმრობს ხშირად და დიეტების მიმართაც გულგრილია. სამაგიეროდ მისი პრინციპია ცხოვრების ჯანსაღ წესი – ვარჯიში, ფიზიკური აქტიურობა, არავითარი ნიკოტინი. არასოდეს ამბობს ისეთ სიამოვნებაზე უარს, როგორიც მთელი კოლოფი შოკოლადის მირთმევაა, სამაგიეროდ, მეორე დღეს გაცილებით მეტ დროს უთმობს ვარჯიშს.
– ქალბატონო ლალი, აქტიური ქალი ხართ. რა არის თქვენი ენერგიის წყარო?
– რაც უფრო მეტი ადამიანი მიპირისპირდება და ცდილობს, ჩემი გაკეთებული საქმიდან თავად მოითბოს ხელი, გაიკეთოს პიარი, მით უფრო კარგად ვგრძნობ თავს. ამის მიღწევისთვის წლები დამჭირდა, რომ ეს ჩემთვის სანერვიულო არ ყოფილიყო. ეს ჩემთვის ადრენალინის გამოყოფის საშუალებაა და უფრო კარგად ვგრძნობ თავს. ადრენალინი კი ახალგაზრდობის შენარჩუნების ერთ–ერთი კარგი გზა რომ არის, ყველამ იცის.
– ადრენალინის გამოყოფისთვის ექსტრემალურ სპორტსაც ხომ არ მიმართავთ?
– ვმონაწილეობ ყველა რეალითი შოუში, რაც კი მომწონს. ვგულისხმობ "კოდს" და ასევე "ბოიარდს". ორივე მოვიგე. დილაობით კუს ტბაზე სამკილოგრამიანი ჰანტელებით ვვარჯიშობ. ეს ყველაფერი სულიერადაც მეხმარება. საერთოდ, ვარჯიშს რომ დაიწყებ, თავი აღარ უნდა დაანებო და მეც ამ პრინციპს ვიცავ. ჯანმრთელობის შენარჩუნებაში ეს მეხმარება. არ ვეკარები ნიკოტინს, რაც პირველი მტერია ახალგაზრდობის. ფიზიკურად ძლიერი ვარ და ამით ვამაყობ.
– შეიძლება ბავშვურ კითხვას ვსვამ, მაგრამ მაინც – თქვენზე ფიზიკურად სუსტ მამაკაცს თუ მოერევით?
– არამარტო სუსტ, ფიზიკურად ძლიერ მამაკაცსაც მოვერევი, ოღონდ ფსიქოლოგიურად. ფიზიკური ძალა არაფერია, მორალურის გარეშე. ძალიან ძლიერ მამაკაცსაც უდგება დრო, როცა თვალებში ჩაგხედავს, ხედავს, რომ მასზე ძლიერი ხარ და კნინდება. თუ სწორად დაიჭირე ეს მომენტი, გამარჯვებული რჩები. ეს არის ადამიანის ფსიქოლოგია.
– დღევანდელი სტანდარტებით, ქალური სილამაზის ერთ–ერთ მთავარ კრიტერიუმად სიგამხდრე ითვლება, თუმცა სილამაზე და მისი აღქმა მაინც ინდივიდუალურია. თქვენ თავად რას ფიქრობთ საკუთარ ფიგურაზე, მოგწონთ თუ რაიმეს შეცვლიდით?
– ჩემი აღნაგობის გამო, დიდი მხრები რომ მაქვს და, შესაბამისად, დიდი მკერდი, ტელეეკრანი უფრო მადიდებს. არ მომწონს ძალიან გამხდარი ადამიანები. რა თქმა უნდა, არც ღიპიანი და ზედმეტად ქონიანები მომწონს, მაგრამ არც იმას ვამბობ, რომ, ლანდი ვისაც გასდის, ლამაზია. დიეტას არ ვიცავ, მაგრამ, რა თქმა უნდა, მაქვს რაღაც აკრძალვები. კარგად ვიცი, რომ ტორტის სამი ნაჭერი არ უნდა შევჭამო. კარგია, თუ ნამცხვარს საერთოდ არ შევჭამ, მაგრამ მაინც თუ მივირთვი, მეორე დღეს განტვირთვას მივმართავ, ვცდილობ, ნაკლებად შაქრიანი და ტკბილი ვჭამო. გურმანი ვარ და ჩემთვის დიდი მნიშვნელობა აქვს კარგ, ხარისხიან კვებას. მშიერი რომ ვკვდებოდე, ქუჩაში ვერ შევჭამ. როცა რეალურ შოუ "კოდში" ვიყავი, იყო მომენტი, როცა ძალიან მოგვშივდა და ერთმა აჭარულმა ოჯახმა შემოგვთავაზა ძალიან ცხიმიანი საკვები – გურანა. მე კატეგორიული უარი ვთქვი. ნუკი კოშკელიშვილმა ჭამა და ძალიან ცუდად გახდა, გადასხმა დასჭირდა. ეს იმიტომ მოხდა, რომ ჩვენი ორგანიზმი არ არის მიჩვეული ბევრი ცხიმის მიღებას. მით უმეტეს, ადამიანისთვის, რომელიც ამდენი კვირა მსუბუქად იკვებებოდა, ეს მძიმე დარტყმა იყო.
მომწონს ქართული ბრენდის შოკოლადი. ორი დღის წინ მთელი კოლოფი შოკოლადი შევჭამე. მერე, საღამოს, კოღოებმა დამკბინეს. წიგნს როცა ვწერ, 5 კილოგრამს ვიმატებ იმიტომ, რომ მთელი კვირა არ გავდივარ სახლიდან, 20 საათს კომპიუტერთან ვატარებ და ტვინს გლუკოზა სჭირდება. ამიტომ ტკბილეულს გეახლებით.
– ქალები, მამაკაცებისთვის თავის მოსაწონებლად, მზად ვართ, მსხვერპლიც გავიღოთ, არადა მათ ბევრი ისეთი რამ არ მოსწონთ, რაზეც დროს ვკარგავთ და ვირჯებით. თქვენ ამასთან დაკავშირებით რას იტყვით?
– ჩემი მეგობარი მამაკაცებისგან და ჩემი შვილებისგანაც ვიცი, რომ ძალიან არ მოსწონთ, როცა ქალს რაღაც გაურკვეველი, აგურისფერი ნიღაბი უკეთია რუჯის მაგივრად. კაცებს არ უყვართ გადაბუგულ–გადამწვარი ქალები, მაგრამ, ამის მიუხედავად, ისინი მაინც გამწარებულები დარბიან სოლარიუმებში. მე მაქვს ასეთი კითხვა – რატომ დგას ზაფხულში ეპილაციის სპეციალისტებთან რიგი და ზამთარში – არა? ზამთარში ეპილაცია საჭირო არ არის? არის ბევრი რამ, რასაც ხშირად მნიშვნელობას არ ვანიჭებთ.
– ხშირად ქალები სახლში მოუწესრიგებლები, მოშვებულები ვართ, გარეთ კი გამოპრანჭულები დავდივართ. გულწრფელად რომ გვითხრათ, სახლში ხალათით და თმაზე პირსახოცწაკრული თქვენც დადიხართ ხოლმე?
– სახლში რომ ხალათით იყო, ჩემი აზრით, ეს ძალიან დიდი ფუფუნებაა. ეს იმას ნიშნავს, რომ ბევრი დრო გაქვს. მენატრება სიტუაცია, რომ სახლში ხალათით ვიბოდიალო, მაგრამ მე უნდა ვიყო მუდმივად ფორმაში, რადგან ერთი საქმიდან მეორეზე გავრბივარ. ამიტომ ჩემი მანქანა გარდერობს ჰგავს. ადრე, როცა მანქანის მინები დაბურული იყო, სამოსიც კი გამომიცვლია შიგნით. მე საერთოდ არ მაქვს ე.წ. სახლის "მოჯოჯოებული" ტანსაცმელი. არ მესმის მათი, ვისაც სახლში შეუძლია დალაქავებული მაისურით იაროს, ხომ შეგიძლია, გარეცხო და სუფთად გამოიყურებოდე?!
– ორი ბიჭის დედა ხართ. მათ როგორ ფორმაში მოსწონხართ?
– როცა პატარები იყვნენ, ერთი–ორჯერ მითხრეს: "დედა, ხომ არასდროს გასუქდები და დაკარგავ ფორმას? ხომ გეცმევა ჯინსები სულ?". ზუსტად ვიცი, მათ რომ მოუწესრიგებელი მნახონ, ცუდად გახდებიან. მე მათთვის ვარ დედა, რომელიც სადილს აკეთებს, ჭურჭელს რეცხავს, მაგრამ მაინც ინარჩუნებს ფორმას, ჯინსებსა და მაისურშია.
– რეალითი შოუ "კოდში" არ გქონდათ საშუალება, საკუთარი თავის მოვლისთვის ბევრი დრო დაგეთმოთ. ეს დიდ დისკომფორტს გიქმნიდათ?
– არ ვთვლი, რომ თავის მოვლა კოსმეტიკის და საცხების გამოყენებას გულისხმობს. არ მჭირდება სარკესთან დიდხანს ტრიალი. არ ვამბობ, რომ იდეალური ვარ. ვისაც ვუყვარვარ და მოვწონვარ, ისეთს მიმიღებს, როგორიც ვარ, ზედმეტი მაკიაჟის გარეშე. ვიცოდი, რომ ამ რეალითი შოუში ეკრანზე ყოველგვარი მაკიაჟის გარეშე მომიწევდა გამოჩენა, მაგრამ ამით არანაირად დავკნინდებოდი. უფროსი თაობიდან მხოლოდ მე ვიყავი. კატეგორიული მოთხოვნა იყო, რომ შოუს სირთულის გამო სილიკონი არ ჰქონოდა მონაწილეს. მე კატეგორიული წინააღმდეგი ვარ ყოველგვარი პლასტიკური ქირურგიის და ბუნებრიობას ვინარჩუნებ. შოუში ყველაფერი ბუნებაში ხდებოდა, მდინარეში ვბანაობდით, ზღვაში ვიხეხავდით კბილებს და ა.შ. ზღვაში არის მარილი და იოდი დიდი რაოდენობით. მინდა გითხრათ, ღრძილების პრობლემა მქონდა და იქ აბსოლუტურად მომიგვარდა. ბუნება გაჯანსაღებს. იმისათვის, რომ თავი ქალად იგრძნო, თუ ფიანდაზების დაგება და ხუთვარსკვლავიან სასტუმროში ცხოვრება გჭირდება, ე.ი. ფსიქოლოგიური პრობლემა გაქვს.
– მუდმივად მოკლე თმას ატარებთ, არასოდეს გაგიზრდიათ?
– არ ვთვლი, რომ კარგი ხარისხის თმა მაქვს. უფრო მეტიც, მაქვს უგვანო და უვარგისი თმა. როცა გრძელ თმას ატარებ, ის კარგად უნდა გამოიყურებოდეს. მე რამდენიმე წუთში უნდა ვიყო მზად, როცა სახლიდან გავდივარ, გრძელ თმას კი ბევრი დრო სჭირდება. თმის მოვლისთვის საერთოდ არაფერს ვაკეთებ. ვთვლი, რომ არ მჭირდება ზედმეტი დამატებითი საშუალებები თავის მოვლისთვის.
– არც თქვენს კანს სჭირდება დამატებითი საშუალებები?
– არა. ვიყენებ რუსულ კრემს, რომელიც ლარი და 20 თეთრი ღირს და კმაყოფილი ვარ. ჩემ გარშემო, ისინი, რომლებიც კრემებში ბევრ ფულს ხარჯავენ, მეუბნებიან, რომ უტიფარი რუსი ვარ. კანის მოვლისთვის ვსვამ ბევრ წყალს და არ ვეწევი სიგარეტს. არ ვჩერდები იმ ადგილებში, სადაც სიგარეტს ეწევიან. მიყვარს სახეზე არაჟნის წასმა, რომელიც ძალიან კარგია კანისთვის. ბუნებრივ საშუალებებს უფრო ვენდობი, რადგან ვთვლი, რომ ისინი უფრო კარგია კანისთვის. ნახევარი საათით გაიჩერეთ არაჟანი სახეზე და შემდეგ თბილი წყლით ჩამოიბანეთ. ბავშვის თოთო კანის ეფექტს იძლევა.
– დაბოლოს, არ შემიძლია არ გკითხოთ თქვენს ბოლო "პროვოკაციაზე". ახალი წიგნის გამოცემასთან დაკავშირებით ერთ–ერთ შოუში განაცხადეთ, რომ თხოვდებოდით, რაც სარეკლამო ტყუილი აღმოჩნდა. ამან სარგებელი მოგიტანათ?
– ამაზე ერთ რამეს ვიტყვი: მასმედიაში, პრესასა თუ ტელევიზიაში არასდროს იქნება გაცხადებული, რეალურად რა ხდება ჩემს პირად ცხოვრებაში! ეს ნაბიჯი, გათხოვების ამბავი, გნებავთ, საზოგადოებასთან თამაშად, ფლირტად ჩათვალეთ. მე მინდოდა, გამეგო, საზოგადოებას ჩემი პირადი ცხოვრება უფრო აინტერესებს თუ ჩემი შემოქმედება. სამწუხაროდ, ამ ტესტმა აჩვენა, რომ ჩემი პირადი ცხოვრება არის ასპროცენტიანი ყურადღების ცენტრში. ეს დიდად არ მომწონს, რადგან ვთვლი, რომ ჩემი შემოქმედება ბევრად უფრო ღირებულია. ვთვლი, რომ პირადი მხოლოდ ჩემია. თუ საზოგადოებისთვის ჩემი წიგნი გახდა ბესტსელერი და ამ წიგნიდან ციტატებით უკვე ლაპარაკობენ, ეს იმას ნიშნავს, რომ მე ღირებულს ვქმნი.
– პიარის ტექნოლოგიებში ერკვევით?
– მე ვარ პიარტექნოლოგი და ძალიან კარგად ვიცი, როგორ მივიტანო პროდუქტი ადამიანებამდე.
მანანა ნოდია, ჟურნალი სარკე. N 28


Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

კავშირი ტეგთან: ლალი მოროშკინა
დღის სიახლეები
რა მოსწონთ თქვენ მეგობრებს

Alternative content

online