asdas
ცნობილი ადამიანები

Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

ნუცა ჯანელიძე მოსკოვში გადაასხვაფერეს
ნუცა ჯანელიძე მოსკოვში გადაასხვაფერეს
ნუცა ჯანელიძე მოსკოვში გადაასხვაფერეს

2011-06-10 16:52:53



კონცერტმეისტერი, ანსამბლ "ფორტეს" ხელმძღვანელი ნუცა ჯანელიძე, იმ ქალბატონების კატეგორიას მიეკუთვნება, რომლებიც სილამაზის სალონში სრულ სულიერ კომფორტში არიან და პრობლემებს დროებით ივიწყებენ. თუ ფინანსები ამ ფუფუნების საშუალებას არ აძლევს, სახლის პირობებშიც შეუძლია აუცილებელი პროცედურები თავად ჩაიტაროს. ძალიან მოსწონს ნამზეური კანი და არც ამ სიამოვნებას აკლებს საკუთარ თავს, რადგან სოლარიუმის არ ეშინია.

– ქალბატონო ნუცა, გარუჯული ხართ. გიყვართ მზის აბაზანების მიღება?

– ძალიან მიყვარს გარუჯვა და როცა მაქვს საშუალება, სოლარიუმში მივდივარ. თავს ვიცავ ულტრაიისფერი სხივების საწინააღმდეგო კრემებით. სოლარიუმიდან გამოსვლისას კი დამატენიანებელ კრემს ვიყენებ. ცხიმიანი კანი მაქვს და არ მინდა, რომ გამომიშრეს. ღვთის წყალობით, ჯერჯერობით სოლარიუმს ჩემთვის ზიანი არ მოუყენებია. ზღვაზეც შეძლებისდაგვარად ვირუჯები, მაგრამ ვერ ვიტყვი, რომ მზეზე ყოფნა მიყვარს. არსებობს ბევრი წესი, რომ ნამზეური მიიღო სწრაფად და კარგად, მაგრამ მე ყველაზე მეტად მშველის თვითონ ზღვის წყალი. ზღვიდან ამომაქვს ჭურჭლით წყალი და დროდადრო ვისხამ კარგი ფერის მისაღებად. ნამზეური მახდუნებს და ამიტომ მომწონს.

– გასახდომად დიეტასაც მიმართავთ ხოლმე?

– დიეტას ვერ ვიცავ. ძალიან მიყვარს ცხელი მჭადი და ყველი, ნამცხვარი, ტორტის ნაჭრები, ცალობით რომ იყიდება. მიყვარს ვაშლის ნამცხვარი. ეს ის საკვებია, რომელსაც დიეტოლოგები კატეგორიულად კრძალავენ, მაგრამ, რაც უნდა დამარიგონ, არ ჭამოო, მაინც ვერ ვანებებ თავს. ნუკრი კაპანაძემ მირჩია, სამ საათში ერთხელ ჭამე და ყველაფერი ნორმაში ჩაგიდგებაო. ამასაც ვერ ვახერხებ. ვითომ ყოველი ორშაბათიდან ვიწყებ ამ წესების დაცვას, მაგრამ მაინც არ გამოდის.

– ვერც ვარჯიშს და მასაჟის გაკეთებას ახერხებთ?

– მასაჟებს ვიკეთებ მაშინ, როცა ამის საშუალება მაქვს. ძალიან მიყვარს აუზზე სიარული, მაგრამ არა იმ დროს, როცა ბევრი ხალხია. როცა ბევრი ხალხია, ვერაფერს აკეთებ, ვერ ცურავ, ვერ ჯდები, თავისუფალი ადგილი არ არის...

– ქალბატონი ნუცა, რა არის თქვენთვის სილამაზის სალონი – განტვირთვის საშუალება თუ უბრალოდ თავის მოვლის ადგილი?

– ორივე – თავის მოვლის და განტვირთვის საშუალება. როცა სალონში ვარ, მგონია, რომ არავითარი პრობლემა არ მაქვს. ძალიან ბედნიერი ვარ. ქალმა ყოველთვის უნდა მოიცალოს თავის მოვლისთვის, სალონში წასვლის საშუალება აქვს თუ არა.

– რამდენად გიყვართ გარეგნობაში ექსპერიმენტები – ვარცხნილობის, მაკიაჟის, ჩაცმის სტილის მკვეთრი ცვლილებები?

– მაკიაჟზე არ ვატარებ ექსპერიმენტებს, მაგრამ თმის ფერი ძალიან ბევრჯერ მაქვს შეცვლილი. ვიღაც რომ მეტყვის, ვაიმე, მუქი ფერის თმა როგორ გიხდებაო, უცებ მუქ ფერზე გადავდივარ. მერე ვიღაც მეტყვის, რომ – არა, ეს ფერი გასუქებს, არ გიხდება, სხვა სცადე და მეც სხვა ფერს ვირჩევ. სპეციალისტების აზრს ვიზიარებ, ანუ არსებობს საკითხები, რაც სხვას უკეთესად ესმის, ვიდრე შენ.

– მეგობრებისგანაც იღებთ რჩევებს გარეგნობასთან დაკავშირებით?

– სულ პირველად, როცა თმა შევიღებე, ეს იყო ბაკურ ბაკურაძის იდეა. ანსამბლ "ფორტეს" კონცერტი იყო 2000 წელს და მაშინ გვითხრა ბაკურმა, მაყურებლის წინაშე განსხვავებულ იმიჯით უნდა წარდგეთო. 3 წლის მანძილზე მოსკოვში ვცხოვრობდით და არანაირი კავშირი არ გვქონდა ქართულ სცენასთან. ამიტომ განსხვავებული იმიჯი არჩია ბაკურმა და მითხრა, ქერა გახდიო. თავიდან ძალიან შევიცხადე, მაგრამ ძალიან კარგ სტილისტთან, ალა ჯიბლაძესთან შევიღებე თმა და ისეთი ეფექტი მოახდინა ამ ყველაფერმა, რომ ძალიან მომეწონა. იმის მერე ჩვეულებრივი, ბუნებრივი ფერი დავიბრუნე. ამ ორი კვირის წინ მოსკოვში ვიყავი ჩასული ნუკრი კაპანაძესთან ერთად. იქ ახლობელი გვყავს, გია ხოფერია, რომელიც "ფორტეს" მეცენატია, მასთან ვიყავით სტუმრად. იქ დაიბარა თავისი სტილისტი და უთხრა, გოგოები გადამიღებე სასწრაფოდო. კი ვიუარეთ, მაგრამ არ მოგვისმინა და თავად შეგვირჩია იმიჯი, როგორ უნდა გვქონოდა თმა. რომ დავბრუნდი, ისეთ ეფექტური იყო ეს ვარცხნილობა, ყველამ მკითხა, ამას თბილისში ვერ გაიკეთებდიო. ასე გადავსხვაფერდი ამ ბოლო ორ კვირაში.

– სალონის გარეშე შეგიძლიათ თავად გაიკეთოთ მაკიაჟი, ვარცხნილობა და ა.შ.?

– როგორ არა, შემიძლია. მაგრამ ყველაფერი უნდა მქონდეს თან – თმის სახვევი, გელი, სპეციალური სავარცხელი, კოსმეტიკა და ა.შ. ამ ყველაფერს თუ სახლიდან წავიღებ, ნებისმიერ ადგილას შემიძლია თავად მივხედო თავს. რა თქმა უნდა, ისე პროფესიონალურად ვერა, როგორც სტილისტი ან ვიზაჟისტი, მაგრამ მაინც ასე თუ ისე ვახერხებ. ნინო ახობაძე – "ფორტეს" ერთ–ერთი წევრი, ისე იკეთებს თავად ვარცხნილობას, რომ შეიშლები. ხელი სასწაულად აქვს გაწაფული!

– საეკრანო, სასცენო მაკიაჟი, გარუჯვა – ეს ყველაფერი კანისთვის კარგი არ არის, საკმაოდ აზიანებს მას. თქვენ როგორ უვლით კანს?

– ძალიან საზიანოა, მაგრამ მე ყოველთვის მაქვს სველი ხელსახოცი, რომლითაც ვიწმენდ კანს. ექიმმა მითხრა, რომ, რადგან ცხიმიანი კანი მაქვს, არ შეიძლება კოსმეტიკური რძით მოვიშორო მაკიაჟი და ამისთვის ლოსიონს ვიყენებ. მუდმივად მაქვს მაკიაჟის მოსაშორებელი საშუალება, ჩანთითაც დამაქვს. ვიყენებ მხოლოდ დამატენიანებელ კრემს.

– ნიღბებს თუ იყენებთ?

– ამ ხერხს დედაჩემი მიმართავდა ხოლმე – კიტრი, მარწყვი, ბოსტნეული, პომიდორი... რას არ იდებდა სახეზე. ამაზე რომ მეცინებოდა, მეუბნებოდა, როგორც შენ გინდა კვება, ისე უნდა კანსაცო. მე მეზარება. ერთადერთი, კიტრის ქერქს ვიდებ სახეზე, როცა მცხელა. ძალიან აგრილებს.

– უფროსი თაობისგან კიდევ რა გაქვთ ნასწავლი?

– ამას ყველას ვეუბნები, რაც დედაჩემმა მასწავლა: როცა სახეზე კრემს ისვამ, ყოველთვის კარგზე უნდა იფიქრო და დადებითი ემოციით შეიზილო კრემი. მეც გაღიმებული, ბედნიერი სახით ვისვამ კრემს. მერე მეცინება, ვინმე გვერდიდან რომ მიყურებდეს, რა სასაცილოა, ღიღინ–ღიღინით, გაღიმებული რომ ვისვამ მკვებავს. ასევე მასწავლეს, რომ ყინულის პატარა ნატეხები კარგია კანისთვის და ვისვამ ხოლმე, როცა ვახერხებ. ფანტასტიკურია!

– რას ატარებთ კოსმეტიკის ჩანთით?

– მკვებავს, რომელსაც სოლარიუმის მერე ვიყენებ, პომადას და სუნამოს. მეტს არაფერს.

– მაკიაჟს ყოველდღიურად იკეთებთ?

– არა. ტელევიზიაში იმდენად ხშირად მიწევს მაკიაჟით სიარული, რომ მომბეზრდა. თუ სადმე არ მივდივარ, არ ვიღებები.

– როგორ მანიკურს იკეთებთ?

– ჯერ ერთი, მაქვს ძალიან პატარა ფრჩხილები, მეორეც, პიანისტისთვის ფრჩხილი არ შეიძლება. ერთხელ, დაკვრა რომ დავიწყე, მედეა გონგლიაშვილმა, ცნობილმა კონცერტმეისტერმა, შემამჩნია, რომ მესვა ვერცხლისფერი ლაქი. შენიშვნა მომცა, კონცერტმეისტერს ლაქი არ უნდა ესვას, სადად უნდა იყო, მოვლილი ფრჩხილებითო. ძალიან მომწონს დაწებებული ფრჩხილები. ახლა ვაპირებ, გავიკეთო. ერთხელ ამხანაგმა გამიკეთა, მაშინ ახალი გამოსული იყო. წავედი კონცერტზე, რუსთაველის თეატრში უნდა დამეკრა. დავუკარი და ამძვრა ერთი ფრჩხილი. თან ძალიან მწარე იყო. გამოვედი კონცერტის დასრულების შემდეგ და ყველა "ფრჩხილი" დავიგლიჯე.

– როგორ ფიქრობთ, ქალს დიდი თანხა სჭირდება თავის მოვლისთვის? თქვენ რამდენი გეხარჯებათ ამისთვის, თუ საიდუმლო არ არის?

– რა თქმა უნდა, თუ კარგი გინდა, ყველაფერი ძვირი ჯდება. არსებობს ყველანაირი საშუალება – ძალიან კარგი, კარგი და საშუალო ხარისხის, რომ თავს მოუარო. თუ სალონში წასვლის საშუალება არ გაქვს, შეგიძლია მაღაზიაში იყიდო და სახლში მოუარო თავს. მე ხელფასის ნახევარზე ცოტა ნაკლები მიჯდება თავის მოვლა.

– დაბოლოს, რა არის ქალის კარგი გარეგნობის საიდუმლო?

– სიკეთე. როცა ადამიანს ბოროტება არ აწუხებს, ყოველთვის კარგად გამოიყურება.

მანანა ნოდია



Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

სიახლეები
დღის სიახლეები
რა მოსწონთ თქვენ მეგობრებს

Alternative content

online