
ერთხელ "დღის შოუში" ცხოველების თემა განიხილებოდა, მოყვანილი ჰყავდათ დიდტანიანი ძაღლები, მათ შორის მცველი ძაღლები, შავი კანე კორსოები. გადაცემის წამყვანი, ნანიკო ხაზარაძე ისე მედგრად მიუჯდა მისთვის უცხო ძაღლს, ისე ეფერა, ხახაც დაუთვალიერა, კბილებიც დააკრეჭინა, რომ მისი ყურებისას დავიძაბე – თავის დროზე "ბასკერვილების ძაღლად" წოდებული ჯიშის პირუტყვს მისთვის არაფერი ევნო. როგორც ჩანს, ძაღლმა, რომლის სახეობაც მკვეთრად განვითარებული ინტუიციით გამოირჩევა, ნანიკოსგან სიყვარული და დადებითი ენერგეტიკა იგრძნო და უდრტვინველად დაემორჩილა.
თავად ნანიკოს სახლში ყოველთვის ჰყავდა ცხოველები: კატა და ძაღლი, მათ შორის – დიდტანიანი ძაღლებიც. ამჟამად ეგზოტიკური არსება, უბეწვო კატა ჰყავს, რომელსაც ეგვიპტურ სფინქსს ეძახიან. კატა ხვადია, სახელი ჩვეულებრივი აქვს – უბრალოდ "ბიჭი". ნანიკოს ოჯახში სამი სხვადასხვა ასაკის ქალბატონი ცხოვრობს: ნანიკო, მისი დედა და ქალიშვილი ლილუ, წლინახევრის სფინქსი კი ერთადერთი მამრია. ნანიკოს თავისი ბიჭი გვერდიდან არ სცილდება, ეფერება და მის ლოგინშიც ნებივრობს. ამასთან, ოჯახში ზედმეტ პრობლემებს არ ქმნის – გაწონასწორებული, წყნარი და ჭკვიანია. პატრონმა ბიჭი ასე გაგვაცნო:
– საუცხოო გარეგნობა და პლასტიკა აქვს: ვარდისფერია შავი კოპლებით. ჩემზე უკეთესი კანი აქვს. ზოგი ამბობს, რომ სფინქსი უძველესი ჯიშია, ზოგი გამოყვანილად მიიჩნევს და რამდენიმე წელია, ამ თემაზე დავა არ წყდება. მისი პლასტიკიდან გამომდინარე, მე მაინც მჯერა, რომ უძველესი ჯიშია.
– აფრიკული ჯიშის კატა თქვენს ოჯახში როგორ მოხვდა?
– ბიჭი ჩემი პირველი კატის შვილიშვილია. პირველად ეს ჯიში მოსკოვში ვნახე და მიზნად დავისახე, რომ ჩემს ოჯახში მოხვედრილიყო. ევროპაში, რუსეთსა და ამერიკაში სფინქსი საოცრად ძვირი ღირს.
მერე თბილისში ტელევიზიით განცხადება გავაკეთე, ვიყიდი ტიტველ კატას–მეთქი და იმ წუთასვე გამომეხმაურა ერთი ქალბატონი, რომლის მადლობელი ვარ დღემდე. კნუტი ახალი გაჩენილი იყო და ორ თვეში წამოვიყვანე.
– რა სპეციფიკური თვისებებით გამოირჩევა თქვენი ბიჭი?
– საოცრად ჭკვიანი ცხოველია, ისევე, როგორც მისი დედა და ბებია იყვნენ. ამ ჯიშის კატას ძაღლის თვისებები უფრო აქვს, ვიდრე კატის.
– ანუ?
– დაძახებაზე რეაგირებს და მოდის. სახლში რომ ვბრუნდები, გრძნობს და კართან მხვდება. ეს ორი თვისება ზოგადად კატებს არ ახასიათებთ.
– ამბობენ, ძაღლისგან განსხვავებით, კატას ოჯახში თავისი საცხოვრებელი ადგილი უფრო უყვარს, ვიდრე პატრონიო. თქვენს კატას რას ატყობთ?
– ზოგადად ამბობენ, რომ კატა სახლში თავს პატრონად მიიჩნევს, ხოლო ოჯახის წევრებს – სტუმრებად. ამას აბსოლუტურად ვეთანხმები. მე ახლა ჩემს კატასთან ვარ სტუმრად თავის სივრცეში.
– ანუ თქვენ თვლით, რომ კატის სტუმარი ხართ? ხუმრობთ?
– ასეა მიჩნეული და სრულიად ვიზიარებ ამ აზრს. ჩვენ, ყველა, ვინც აქ ვცხოვრობთ, მისი სტუმრები ვართ. კატა მოწყობილია, მორგებულია ამ სახლს, ზუსტად იცის, სად უყვარს წოლა, ჯდომა, არ უყვარს სტუმრები, ემალება – თავისი წესები აქვს, რასაც ყველა მივყვებით.
– სად უყვარს ნებივრობა, მისი საყვარელი ადგილი რომელია?
– დივანი, სადაც თავისი პატარა გადასაფარებელი აქვს. რომ დაჯდება, შეიძლება დაიკნავლოს – ამით განიშნებს, გამახვიეო. ჩემთან წოლა და ძილიც ძალიან უყვარს. სახლში სულ თან დამყვება და მუხლებზე მიჯდება ხოლმე. ალბათ პატრონად მე მთვლის. ჩვევად აქვს: ოჯახის წევრს ამოიჩემებს და ყველაზე მეტად მასთანაა "მიბმული". ასე რომ, ჩემი ბიჭი ჩემზეა მოჯაჭვული, თუმცა დედაჩემს და ლილუსაც უჯერებს, ძალიან ჭკვიანია.
– თქვენ კი ამბობთ, რომ თქვენი კატა უპრობლემოა, არადა ცხოველს ოჯახში თავისებური ყურადღება მაინც უნდა.
– დილით, შინიდან რომ გავდივარ, ძირითადად სძინავს. თავისთვის არის, ზოგჯერ მოვა და ისე ჩაგიჯდება კალთაში, ვერც გრძნობ. დიდად არავის აწუხებს, მთავარია, საჭმელი დაუყარო და წყალი დაუსხა, რომ მშიერი არ იყოს. სპეციალური საჭმლით ვკვებავთ. როცა მოსაქმება მოუნდება, ტუალეტში შედის, დიდი ყურადღება არ სჭირდება.
– ასეთ ჰიგიენას ალბათ თქვენ მიაჩვიეთ.
– ყველა კატას აქვს უნარი, თვითონ შევიდეს ტუალეტში და მოისაქმოს. შეიძლება კნუტობისას სხვა ოთახი დასვაროს, მაგრამ რაღაც ეტაპიდან თვითონ არის საკუთარი თავის პატრონი.
– ცხოველები ინსტინქტით გრძნობენ საფრთხეს. თქვენს კატებთან დაკავშირებით მსგავსი შემთხვევა თუ გახსენდებათ?
– საფრთხე რომ წინასწარ ეგრძნოთ, ასეთი შემთხვევა არ ყოფილა, მაგრამ ერთხელ ავარიაში მოვყევი და მთელი ის პერიოდი, სანამ მოვმჯობინდებოდი, ჩემი კატა იმ ადგილას მეჯდა, სადაც ყველაზე დიდი ტრავმა მქონდა, არ მომცილებია.
– დადგენილია, რომ კატის შეხება დადებითად მოქმედებს ადამიანის ნერვულ და გულ–სისხლძარღვთა სისტემებზე. თუნდაც შეგრძნების დონეზე მსგავსი განცდა თუ გქონიათ?
– ეს დაავადებები არ მაწუხებს და, ამდენად, კატის შეხებით კურნების ძალა საკუთარ თავზე არ გამომიცდია. უბრალოდ მიხარია და მომწონს მასთან ურთიერთობა, მენატრება და ძალიან მიყვარს.
– ძველ ეგვიპტეში კატებს მისტიკურ ცხოველად მიიჩნევდნენ და მისი კულტიც არსებობდა. ამის გჯერათ?
– აბსოლუტურად ვეთანხმები აზრს, რომ კატას დიდი ენერგეტიკა აქვს. ჩემი კატის პლასტიკა რომ ნახოთ, მიხვდებით, რატომ ეძახიან ეგვიპტურ სფინქსს და რატომ ითვლება მაგიურ ცხოველად.
– თქვენს ბიჭს გარეთ არ ასეირნებთ, თქვენი მეგობრების წრეში არ დაგყავთ?
– არა, კატას გარეთ გასვლა არ უყვარს, ეშინია, ეს მისთვის ძალიან დიდი სტრესია. საჭიროების მიხედვით ექიმთან თუ წავიყვანთ და ესეც დიდ სტრესთან არის დაკავშირებული.
– თქვენმა შვილმა, რომელიც ოჯახში ცხოველის გვერდით გაიზარდა, რა განსაკუთრებული თვისებები შეიძინა?
– ლილუ რომ გაჩნდა, მაშინ კატა სულ რამდენიმე თვის იყო, ერთსა და იმავე სივრცეში ყოფნა უწევდათ, ერთად გაიზარდნენ, კატას ფაქტობრივად მის ლოგინში ეძინა. ამბობენ, რომ ბავშვი თუ ცხოველის გვერდითაა, უფრო კეთილშობილი და მზრუნველი იზრდება – ამას ვეთანხმები. ჩემი შვილი უაღრესად თბილია, ძალიან უყვარს ცხოველები, ყოველთვის უფრთხილდება და ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ სხვებმა არ დაჩაგრონ.
– ადრე ძაღლებიც გყოლიათ. რომელი ცხოველი უფრო კომფორტულია თქვენთვის, ძაღლი თუ კატა?
– კატა უფრო კომფორტულია. ძაღლიც ძალიან მიყვარს, მაგრამ მას მეტი ზრუნვა და ენერგია სჭირდება. დრო არ მაქვს, თორემ მასაც სიამოვნებით ვიყოლიებდი. შეიძლება მთელი დღე ისე გავიდეს, სახლში ვერც მოვიდე. აქედან გამომდინარე, ძაღლს ვერ გავასეირნებ. ცოდოა ცხოველი, რომლის მოვლის თავიც პატრონს არ აქვს. ამ შემთხვევაში ძაღლი არ უნდა აიყვანო.
– როგორც ჩანს, დიდტანიანი ძაღლების მიმართ შიში არ გაქვთ.
– ქვეყანაზე არც ერთი ძაღლის მეშინია. ადრე მყავდა ბოქსიორი, დობერმანი, კავკასიური ნაგაზი... ბოლოს ჩემს დეიდაშვილს ჰყავდა სენბერნარი, მასაც ჩემად ვთვლიდი, ძალიან მიყვარდა. სამწუხაროდ, ცოტა ხნის წინ მოკვდა.
– ძაღლის რომელ ჯიშს ანიჭებთ უპირატესობას, რომელს უფრო თქვენეულად თვლით?
– ყველაზე მეტად ბოქსიორი მიყვარდა, რადგან ძალიან ჭკვიანი, თბილი და ერთგული ძაღლი იყო. ბოი ერქვა, ტუჩის გარმონზე მღეროდა, ხმას აყოლებდა.
– ეტყობა, ფაუნაც გიყვართ, სახლში ქოთნის მცენარეები გქონიათ. მათ ძირითადად ვინ უვლის?
– მეც და დედაჩემიც, ორივე ვუვლით. ყურადღებას არ ვაკლებთ. შინიდან თუ მივდივართ და სახლს ვკეტავთ, ყოველთვის ვუტოვებთ ადამიანს, ვინც მოდის, წყალს უსხამს, ასუფთავებს და ა.შ. ორი მცენარე მყავს (ზმნის ამგვარი ფორმა ნანიკოსია – ავტ.), რომლებიც თავის დროზე ჭკნებოდნენ, სახლში მოვიყვანეთ და გავახარეთ. ახლა ძალიან კარგ ფორმაში არიან.
– რა ჯიშის მცენარეები გაქვთ?
– ერთია ჩინური ხე. ზოგი ფულის ხეს ეძახის, ზოგიც – ბარაქის ხეს. ერთი მცენარე ადრე ჩემს მეგობარს ჰყავდა და უკვდებოდა, წამოვიყვანე და გავახარე. წელს დავადგინე, რომ თურმე "დრაკონი" ჰქვია, ანუ დრაკონის წელს აღმოვაჩინე, რომ სახლში "დრაკონი" მყავს. ხესავითაა, წვრილ ღეროზე დგას და ზემოთ გაფურჩქნულია. არ ყვავილობს, მარტო ფოთლები აქვს. აივანზე კი ყინვაგამძლე მცენარეები მყავს.
ნანა კობახიძე

|
დღის სიახლეები
23-02-2012
23-02-2012
|
რა მოსწონთ თქვენ მეგობრებს
|



თქვენი თმა რომ ბზინავდეს
ჟიზელ ბუნდჰენი მსოფლიოში ყველაზე ძვირადღირებული მოდელია
ჯორჯო არმანიმ მღვდელს ანაფორა შეუკერა













სახე ხახვით გაიწმინდეთ
კაილი მინოუგი თურმე ბოტოქსს იკეთებს
კანი დაბერებას 25 წლიდან იწყებს


სილამაზე ბუნებრივი პროდუქტებიდან
ლალი მოროშკინას სახის კრემი ლარი და 20 თეთრი ღირს
უსაფრთხო მანიკიურის წესები
როგორ გავთავისუფლდეთ ჭორფლისგან
ნუცა ჯანელიძე მოსკოვში გადაასხვაფერეს
ყველაფერი ლამაზი თმის შესახებ
ნათია მაქაცარია: ქალის მომხიბვლელობის საიდუმლო ინტელექტია
ევა ლონგორიას ლამაზი სხეულის საიდუმლოებანი 


