| ქალი და მამაკაცი |

მსახიობი როლანდ ოქროპირიძე ერთი წლის წინ დაქორწინდა და სულ რამდენიმე თვის წინ მამაც გახდა. ახალგაზრდა მსახიობი ამ დიდ პასუხისმგებლობას მოუმზადებლად არ შეხვედრია, რადგან დამოუკიდებელ ცხოვრებას და საკუთარი ფულის გამომუშავებას 17 წლის ასაკიდან მიეჩვია. უფრო მეტიც, მსახიობი მალე ბიზნესმენობასაც აპირებს. ამაში კი მას მოზარდობის დროინდელი გამოცდილება და, როგორც თავად ამბობს, ფულის პრაქტიკულად ხარჯვის სიყვარული დაეხმარება.
– როლანდ, ვიცით, რომ პატარაობიდან გაქვთ საკუთარი შემოსავალი. მოგვიყევით ამის შესახებ.
– 17 წლიდან ფინანსურად დამოუკიდებელი ვარ. თეატრალურში რომ ჩავაბარე, უკვე ჩემი ფული მქონდა. არაყს ვაკეთებდი, ვაბარებდი მაღაზიებში და იქიდან მქონდა შემოსავალი. მარტო ვცხოვრობდი, თან ვსწავლობდი და იმ პერიოდში ჩემს მშობლებს ფინანსური კრიზისის დრო ედგათ. თან მამაჩემს არ უნდოდა, თეატრალურში ჩამებარებინა. მიზეზად ამბობდა, სწავლის გადასახდელი ფული არ მაქვს და რა ვქნაო. მოვინდომე, ვიფიქრე, რომ საკუთარ თავს თავად მივხედავდი. მამაჩემს ეგონა, ამას ვერ მოვახერხებდი და მსახიობობაზე ფიქრს თავს დავანებებდი. მაშინ ერგნეთიდან სპირტი შემოდიოდა, მას ვყიდულობდი, წყლით და ნამდვილი ჭაჭის არაყით ვაზავებდი და დიღმის მასივსა და ვაშლიჯვარში ვაბარებდი. ამისთვის კვირაში ერთი დღე მქონდა. ამ დროს ინსტიტუტიდან თავისუფალი ვიყავი. სხვათა შორის, დღემდე მაქვს შენახული ის წიგნაკი, სადაც ჩაბარების ჩანაწერებს ვაწარმოებდი.
– მომგებიანი ბიზნესი იყო?
– საკმაოდ. 2000 წელს კვირაში საშუალოდ 70 ლარს გამოვიმუშავებდი, რაც ნორმალური შემოსავალი იყო. ეს მყოფნიდა ჭამაში, ჩაცმასა და ტრანსპორტში. დღეში 10 ლარი გამომდიოდა, რაც საკმარისი იყო. მაშინ სიგარეტი 1 ლარი ღირდა. სტუდენტს დღეში 10 ლარი ჰყოფნიდა.
– შემდეგ რატომ შეწყვიტეთ თქვენი ბიზნესი?
– 2 წელი მარტო ვიყავი. სწორედ იმ პერიოდში ვიგრძენი, რომ სხვანაირი გავხდი, უკეთესი, ვიდრე ვიყავი. ეს 10 წლის წინ ხდებოდა. ვსწავლობდი, მარტო ვცხოვრობდი და თავისუფლებას ვგრძნობდი. მერე ჩემი მშობლები ჩამოვიდნენ კახეთიდან და მითხრეს, რომ ჩემთან ერთად უნდოდათ ცხოვრება. ეს ძალიან არ მინდოდა და ამასთან შეგუება გამიჭირდა. ამ თემაზე ვკამათობდით. მე ვამბობდი, რომ მარტო კარგად ვიყავი, თავს თავად ვუვლიდი, თავად ვრეცხავდი და ვასუფთავებდი. ვგრძნობდი, რომ ბევრი რამის გაკეთება შემეძლო, მიუხედავად იმისა, რომ ძნელი იყო. მშობლებს კი ჩემთან ერთად ცხოვრება სურდათ. ამიტომ ვუთხარი მათ, მაშინ დამილაგეთ, მაცხოვრეთ, საჭმელიც თქვენ გააკეთეთ–მეთქი. ამის შემდეგ ბიზნესზეც ხელი ავიღე და დამოუკიდებლად ცხოვრებაზეც. (იცინის).
– გყავთ მანქანა, შექმენით ოჯახი და ამ დროს ამბობთ, რომ ბიზნესი მიატოვეთ. როგორ ახერხებთ, ყველაფერს გაწვდეთ?
– ჯერ ერთი, ხელფასი მაქვს თეატრში, მეორეც, ხანდახან გადაღებებიც არის... აქედან რაღაცეებს ვაგროვებთ და ვცდილობთ, მინიმალურად მაინც გვეყოს. დედაჩემიც მუშაობს და გვეხმარება. ჩემი მეუღლის დედაც მუშაობს და ისიც გვიმართავს ხელს. პირველი ავტომობილი ჩემმა მეგობარმა მიყიდა. ის უფრო უბრალო მანქანა იყო, ვიდრე დღეს მყავს. მანქანის გემო რომ გავიგე, მერე უკვე კრედიტი გამოვიტანე ბანკიდან და ისე ვიყიდე მანქანა. მის საფასურს განვადებით ვიხდიდი.
– ძალიან გულუხვი მეგობარი გყოლიათ. ბევრს არ ჰყავს ასეთი.
– ძალიან კარგი მეგობარია. ქართველი არ არის, უცხოელია. უბრალო მანქანა მიყიდა. კი არ მაჩუქა, თვითონაც სჭირდებოდა, როცა აქ ჩამოდიოდა. როცა თვითონ აქ არ იყო, მე მყავდა ძირითადად. ისე გამოვიდა, რომ ის ავტომობილი ფაქტობრივად მას არ ჰყოლია.
– ოჯახის შექმნამ რაზე გათქმევინათ უარი ფინანსური კუთხით?
– როცა იმდენი ფული არ გაქვს, რომ, როგორც გინდა და სადაც გინდა, იქ დახარჯო, უნდა აკონტროლო. ასე თუ ისე, როცა მარტო ვიყავი, ფულს არ ვაკონტროლებდი. ახლა მიწევს, დავუკვირდე, სად და როგორ იხარჯება. მე და ჩემს მეუღლეს ეს მაინც გვიჭირს. როცა ფული გვაქვს, მივდივართ და ვხარჯავთ. რაც მოგვწონს, იმას ვაკეთებთ. კაფეში, ბარში ვჭამთ და არა – სახლში. უცებ კი აღმოჩნდება, რომ ხელფასამდე რამდენიმე დღით ადრე ფული აღარ გვაქვს.
– ასეთ დროს ალბათ ვალს იღებთ.
– მიწევს, მაგრამ ვალის აღება ძალიან არ მიყვარს. შეიძლება ითქვას, რომ ვალი არ მაქვს, თუ არ ჩავთვლით 2–3 ლარს, რომელსაც ოჯახის წევრს ან ახლო მეგობარს ვართმევ. ვალს საერთოდ ვერიდები.
– მაინც რაში გიყვართ ფულის ხარჯვა განსაკუთრებულად?
– აჩემება ვიცი. ეს სამოსს, აქსესუარს და თვით საჭმელსაც კი ეხება. ასევე ძალიან მიყვარს იარაღი, ნადირობა და შემიძლია ფული უსაზღვროდ და უაზროდ დავხარჯო ტყვიებში, მონადირის სხვადასხვა ჩასაცმელში, იარაღში და ა.შ. არ მენანება ფულის ხარჯვა, როცა ჩემს მეუღლეს საჩუქარს ვუკეთებ. სიხარულით ვყიდულობ, რადგან ვიცი, რომ მას გავახარებ.
– ბოლოს რა უყიდეთ, თუ გახსოვთ?
– ბოლოს ბეჭედი ვუყიდე, რომელიც ძალიან მომეწონა და მასაც ძალიან გაუხარდა. უბრალოდ ვათვალიერებდი მაღაზიებს და ისეთი ბეჭედი შემხვდა, სოფოს რომ მოსწონდა.
– თქვენზე შეიძლება ითქვას, რომ ბიზნესის ნიჭი გაქვთ?
– სურვილი მაქვს, რომ ბიზნესის ნიჭი მქონდეს, მაგრამ რადგან ამ სფეროში ჩემი თავი სერიოზულად არ გამომიცდია, ვერაფერს ვიტყვი. ახლა ვაპირებ, ძალები ბიზნესშიც მოვსინჯო. კახეთში პატარა ტბა მაქვს, თავისი მიწით და ტყეებით. სანამ უცხოელ ტურისტებს მოეწონებათ ის ადგილი, მანამდე საკმაოდ დიდი თანხაა ჩასადები და სპონსორს ვეძებ. ეს ალბათ 2–3 წლის შემდეგ გამოვა. ახლა კი პარტნიორი მყავს, უფროსი მეგობარი, რომელსაც უნდა, რომ ტბაში თევზი ჩავსვათ, ლიფსიტები, რომლებიც ერთ წელიწადში გაიზრდებიან. მათ მოვლა სჭირდებათ, რა თქმა უნდა, მაგრამ შემდეგ მოდის ხალხი, ბევრ თევზს ერთად იჭერენ და ყიდიან. ეს საკმაოდ სარფიანი ბიზნესია.
– გამოდის, რომ ბიზნესზე ფიქრი სერიოზულად დაგიწყიათ.
– კი. მომავალ თვეში უკვე ჩავსვამთ თევზს.
– მამა გახდით და საზრუნავი მოგემატათ, შესაბამისად ალბათ ხარჯებიც გაიზარდა. ბავშვის ნივთები უფრო ძვირი ღირს, ვიდრე მოზრდილი ადამიანის.
– ბავშვს რაც სჭირდება, ვცდილობ, ყველაფერი ჰქონდეს. ხანდახან მე და ჩემი ცოლი ვკამათობთ იმაზე, რომ ბავშვს ძალიან ბევრი სათამაშო აქვს, ასევე ისეთი ტანსაცმელიც, რომელიც ჯერაც არ ჩაუცვამს. ვერ ასწრებს ჩაცმას, რადგან ყოველდღიურად იზრდება. მეჩვენება, რომ სოფოს იმდენად უხარია, როცა ბავშვს რაღაც აქვს, არც უკვირდება, რამდენად სჭირდება ის რაღაც. მე კი პრაქტიკული ვარ. მაგალითად, ცოტა ხნის წინ 4 თვის გახდა ჩვენი საბა და საჩუქრები ვუყიდეთ – ტანსაცმელი, სათამაშოები, აი, ისეთი, კბილები რომ ამოსდის და უნდა ღეჭოს და ა.შ. სოფომ მუჭისხელა სანათი ნახა, მიკი მაუსის ნახატით, რომელიც ჩამრთველში მაგრდება და ანათებს. 35 ლარი ღირდა. იმ დღეს ბევრი ფული დავხარჯეთ და იმის ახსნა დამჭირდა, რატომ უნდა გადავიხადოთ 35 ლარი სანათში, როცა ჩვეულებრივის ყიდვა 5 ლარად შეგვიძლია... მოკლედ, ასეთ რაღაცაზე არასოდეს გვიკამათია და ცოტა გამიკვირდა. მე ვცდილობ, ცოტა უფრო პრაქტიკული ვიყო და ის ვიყიდო, რაც ნამდვილად გამოსაყენებლი და საჭიროა.
– დაბოლოს, როგორია თქვენი საფულე?
– ძალიან მიყვარს პრაქტიკული საფულეები. ახლა რა საფულეც მაქვს, ზომით დიდი არ არის, მაგრამ ტევადია. ყველაფერს ვატარებ, რაც მჭირდება. ეს საფულე მეგობარს გავუცვალე, რადგან მომეწონა.

|
დღის სიახლეები
24-05-2012
24-05-2012
24-05-2012
24-05-2012
|
რა მოსწონთ თქვენ მეგობრებს
|
Alternative content



"ქართუ ბანკის" იურიდიული სამსახურის უფროსმა თანამდებობა დატოვა
საქართველოს ხელისუფლებას ბაყაყების ბიზნესში არ გაუმართლა
მთავრობა გვთავაზობს, ვიყიდოთ ასანთი და მოვიგოთ 1000 ლარი
"აირზენას" ფინანსური პრობლემები აქვს











ბიძინა ივანიშვილი "თელასს" ყიდულობს?
ფეისბუკის ერთი აქციის ღირებულება 38 აშშ დოლარი იქნება
ივანიშვილს თვის ბოლოსთვის რუსეთში ქონება აღარ დარჩება 

ბიძინა ივანიშვილი რუსეთში დეველოპერულ აქტივებს თითქმის მილიარდ დოლარად ყიდის
ბიძინა ივანიშვილის "დოკტორ სტოლეტოვის" სააფთიაქო ქსელი 60-70 მილიონ დოლარად გაიყიდა
ზუგდიდელმა ალექსანდრე ზარქუამ ჩეკების გათამაშებაში 50 ათასი ლარი მოიგო
ბიძინა ივანიშვილმა ბანკი "როსიისკი კრედიტი" 352 მლნ დოლარად გაყიდა
"ჯეოსელი" 5 ათასი ლარით დაჯარიმდა
ყველაზე მდიდარი ქართველები რუსეთში
გიორგი პერტაია - ელექტრონული ზედნადებების წარმოება შესაძლოა, ბეჭდურ გამოცემებზე არ გავრცელდეს
"თელასის" გენერალურ დირექტორად აშოტ მანუკიანი დაინიშნა
ქვითრებით ლატარიაში მონაწილეობის შესახებ გადაწყვეტილება უკვე ძალაშია 



























































.jpg)


























