asdas
ცნობილი ადამიანები

Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

სტივ ჯობსმა დროს ისევ გაუსწრო და მარადისობაში გადავიდა
"ეფლის" იმპერია მშობლებისგან მიტოვებულმა ბიჭუნამ შექმნა
სტივ ჯობსმა დროს ისევ გაუსწრო და მარადისობაში გადავიდა

2011-10-27 13:05:53



ის კომპიუტერულ ტექნოლოგიებზე მაშინ აკეთებდა არჩევანს, როდესაც ამ სფეროთი მხოლოდ მოხალისეები იყვნენ გატაცებული. მან მილიონობით ადამიანს აუხდინა ოცნება. ის რამდენიმე ათეული ტექნოლოგიური რევოლუციის ავტორია და სიცოცხლეშივე შევიდა იმ ადამიანთა სიაში, რომლებმაც მსოფლიო შეცვალეს.

მსოფლიოს აღარ ჰყავს ადამიანი, რომელიც დროს უსწრებდა – ასეთი სათაურებით აჭრელდა მსოფლიო პრესა, როდესაც ცნობილი გახდა, რომ კომპანია "ეფლის" დამაარსებელი სტივ ჯობსი გარდაიცვალა.

სტივ ჯობსმა კოლეჯიც კი ვერ დაამთავრა, სამაგიეროდ პრესტიჟულ სტენფორდის უნივერსიტეტში ლექციებს კითხულობდა, სადაც მსმენელების ტევა არ იყო. თითოეული მისი ლექცია ინტერნეტში დიდი პოპულარობით სარგებლობდა. "17 წლის ასაკში სადღაც წავიკითხე, თუ შენ ყოველდღე ისე იცხოვრებ, თითქოს ის უკანასკნელია, ერთხელ ასეც მოხდებაო. მას შემდეგ ყოველდღე, როცა სარკეში ვიყურები, საკუთარ თავს ვეკითხები, გავაკეთე თუ არა ყველაფერი, რაც მინდოდა და სანამ ვპასუხობ "არას", ვხვდები, რომ კიდევ ბევრი უნდა ვიმუშაო. იცით, რა? მე მალე მოვკვდები და სწორედ ეს მეხმარება, ცხოვრებაში ძალიან ბევრი აღმოჩენა გავაკეთო. წარუმატებლობის შიში და სიამაყე ვერაფერს გახდება სიკვდილთან", – განაცხადა სტივ ჯობსმა 2005 წელს.

ათი წლის წინ ჯობსმა სამყარო კასეტებისა და კომპაქტდისკებისაგან გაათავისუფლა – მან შექმნა აიპოდი, რომელიც დღემდე ყველაზე დიდი გაყიდვადი მედიაპლეერია მთელ მსოფლიოში. შემდეგ კი ის ფლეშმეხსიერების ზომამდე დაიყვანა. მან შექმნა "ეფლის" იმპერია, რომელიც დღეს ყველაზე გავლენიანია მთელ ტექნოლოგიურ სამყაროში.

ლეგენდარული ადამიანის გარდაცვალებას უზარმაზარი რეზონანსი მოჰყვა. მაიკლ ჯეკსონის სიკვდილსაც არ გამოუწვევია ინტერნეტსივრცეში ისეთი ამბავი, როგორიც ამ გენიოსის გარდაცვალებას. ბოლოს ის საზოგადოების წინაშე სიკვდილამდე ერთი დღით ადრე გამოჩნდა. ეცვა მისთვის დამახასიათებელი შავი როლინგი და ლურჯი ჯინსები. ძალიან გამხდარი იყო, მაგრამ მაინც შეძლო მეორე თაობის აიპოდის პრეზენტაციის ჩატარება.

სტივი 2003 წლიდან მძიმედ ავადმყოფობდა. ექიმებმა იშვიათი სახეობის დაავადება, კუჭქვეშა ჯირკვლის სიმსივნე დაუდგინეს. ერთი თვის წინ კი მან ოფიციალურად დატოვა "ეფლის" ხელმძღვანელის თანამდებობა.

სტივ ჯობსი 1955 წლის 24 თებერვალს სან ფრანცისკოში დაიბადა. მისი ბიოლოგიური მშობლები იყვნენ აბდულფატახ ჯანდალი და ჯოანა კეროლ შიბლი, მაგრამ მათ ბავშვზე უარი თქვეს და პოლ და კლარა ჯობსებს მიაშვილეს. სტივის ბიოლოგიური მამა სირიელი ემიგრანტი იყო, რომელმაც სან ფრანცისკოს უნივერსიტეტის ასპირანტთან გააბა რომანი. მოულოდნელმა ორსულობამ ისინი ძალიან დააბნია და ამიტომ ბავშვის გაშვილება გადაწყვიტეს. ბედის ირონიით, ისინი მოგვიანებით დაქორწინდნენ და სტივს ბიოლოგიური და – მონა სიმპსონი შეეძინა.

ტექნოლოგიების მიმართ ინტერესი სტივმა ბავშვობიდან გამოიჩინა. სკოლაში სწავლის პარალელურად ის კომპანია "ჰიულეტ პაკარდის" ლექციებზე დადიოდა. 1972 წელს, სკოლის დამთავრების შემდეგ, ის პორტლენდში კოლეჯის სტუდენტი გახდა, მაგრამ პირველი სემესტრის შემდეგ გამორიცხეს. აქედან მის ცხოვრებაში რთული პერიოდი დაიწყო. ხშირად მეგობრების სახლში იატაკზე ეძინა, კოკა კოლას ბოთლებს აბარებდა და კვირაში ერთხელ 12 კილომეტრს ფეხით გადიოდა იმისათვის, რომ ერთ–ერთ ეკლესიაში გემრიელი საჭმელი ეჭამა.

1974 წელს სტივი კალიფორნიაში დაბრუნდა და კომპიუტერული კლუბის წევრი გახდა. მალე სამუშაოდ მოეწყო კომპანიაში, რომელშიც კომპიუტერულ თამაშებს ქმნიდნენ. მას უნდოდა, ფული დაეგროვებინა და ინდოეთში ემოგზაურა. ერთი წლის შემდეგ მეგობარ დენიელ კოტკესთან ერთად გაემგზავრა კიდეც ინდოეთში. იქიდან კი თავგადაპარსული, ტრადიციული ინდური სამოსით და ბუდისტური აზროვნებით დაბრუნდა.

კალიფორნიაში სტივი კვლავ კომპიუტერულ სამყაროს დაუბრუნდა. მან იცოდა, რომ მომავალი მთლიანად კომპიუტერული ტექნოლოგიების იყო. 1976 წელს მეგობრებთან სტივ ვაზნიაკთან და რონალდ უეინთან ერთად შექმნა კომპანია "ეფლი" და დაიწყეს ფიქრი იმაზე, თუ რა საოცრებების ჩადენა შეეძლოთ – ყოველ წელს საზოგადოება ახალი ტექნოლოგიების წინაშე დგებოდა, კომპანია "ეფლში" კი დიდმა ფულმა დაიწყო დინება.

მიუხედავად იმისა, რომ ჯობსი "ეფლის" დამაჯერებელ და ქარიზმატულ დირექტორად ითვლებოდა, მაშინდელი თანამშრომლები მას ახასიათებდნენ, როგორც ექსცენტრულ და ტემპერამენტიან მენეჯერს. 1984 წელს კომპანიაში გაყიდვები მკვეთრად დაეცა. ამას კი შიდა დაპირისპირებებიც მოჰყვა. საქმე იქამდეც მივიდა, რომ ჯობსმა კომპანიის მმართველის თანამდებობა დატოვა.

იმედგაცრუებულმა სტივმა მეორე კომპანია "ნექსტი" შექმნა. წარმატება ამჯერადაც ჯობსის მხარეს აღმოჩნდა. მან არჩევანი ფართო საზოგადოებაზე გააკეთა და კომპიუტერი ყველასათვის ხელმისაწვდომი გახადა. სწორედ ამ დროს შექმნა კომპიუტერი, რომელიც პორტატული კომპიუტერის წინაპარი იყო.

1986 წელს ჯობსმა შეიძინა კომპანია "გრაფიკ ჯგუფი", რომელსაც "პიქსარი" დაარქვა. მალე ეს კომპანია კომპიუტერულ გრაფიკაში წამყვან პოზიციაზე აღმოჩნდა. მოგვიანებით მისმა კომპანიამ კონტრაქტი გააფორმა "დისნეისთან", რის შედეგადაც მსოფლიოში კომპიუტერული მულტფილმების ერა დადგა. "პიქსარისა" და "დისნეის" თანამშრომლობის შედეგად 1995 წელს გამოვიდა მულტფილმი "სათამაშოების ისტორია". მას შემდეგ კომპიუტერული მულტფილმები მსოფლიო ეკრანების ყველაზე უხვშემოსავლიანი პროდუქტია.

მიუხედავად იმისა, რომ სტივ ჯობსის ქონება მილიარდებს ითვლიდა, ის ვერასოდეს ეგუებოდა აზრს, რომ "ეფლი" მის მმართველობაში არ იყო. 1996 წელს ეს საშუალებაც მიეცა, როდესაც კომპანია "ეფლმა" "ნექსტის" ყიდვა გადაწყვიტა. საქმიანი გარიგება 430 მლნ დოლარს შეადგენდა, სტივ ჯობსი კი კვლავ "ეფლის" ხელმძღვანელ თანამდებობაზე მოხვდა.

იმისათვის, რომ კომპანია "ეფლი" უფრო მომგებიანი ყოფილიყო, ჯობსმა რამდენიმე პროექტი დახურა. ამ იმპერიაში ყველა ხელქვეითს ეშინოდა მისი. იმ დროს დადიოდა ხმები, თუ სტივ ჯობსთან ერთად ლიფტში მოხვდები, ეს იმას ნიშნავს, იქიდან გათავისუფლებული გამოხვალო.

მალე ბაზარზე გამოჩნდა აიმაკი, რამაც კომპანიის შემოსავლები მნიშვნელოვნად გაზარდა. მას შემდეგ "ეფლის" იმპერია მუდმივად მზარდი და მომგებიანი გახდა. სტივ ჯობსი "ეფლის" ხელმძღვანელის თანამდებობის სანაცვლოდ წელიწადში მხოლოდ ერთ დოლარს იღებდა, სამაგიეროდ მის განკარგულებაში იყო კომპანიის 5,426 მლნ აქცია, ასევე კომპანია "დისნეის" 138 მლნ აქცია. ჟურნალმა "ფორბსმა" მისი ქონება 5,1 მილიარდ დოლარად შეაფასა და ამით მდიდარ ამერიკელებში 43–ე ადგილზე მოხვდა.

იმავე "ფორბსის" შეფასებით, სტივ ჯონსი ამერიკაში ერთ–ერთი ყველაზე რთული შეფი იყო. მისმა ყოფილმა კოლეგამ ჯეფ რასკინმა ერთხელ განაცხადა, რომ ჯობსისგან საფრანგეთის კარგი მეფე გამოვიდოდა.

1991 წლის 18 მარტს სტივ ჯობსი ლორინ პაულზე ბუდისტური ტრადიციებით დაქორწინდა. მათ სამი შვილი შეეძინათ, ბიჭი და ორი გოგონა. ამის გარდა, სტივს კიდევ ჰყავს ქორწინების გარეშე შვილი ლიზა ბრენან ჯობსი, რომელიც 1978 წელს მხატვარ კრისან ბრენანთან გაუჩნდა. თავდაპირველად სტივი მამობას უარყოფდა, შემდეგ კი მაინც აღიარა.

ქალებთან ურთიერთობაში სტივ ჯობსი ბევრი უცნაურობით გამოირჩეოდა. მაგალითად, ვინმე ჯოან ბაზი მისი საყვარელი მხოლოდ იმიტომ გახდა, რომ თავის დროზე ბობ დილანის საყვარელი იყო. ამბობენ, ახალგაზრდა სტივენი ამ ქალით ისე მოიხიბლა, რომ ცოლად მოყვანასაც აპირებდა, მაგრამ გაირკვა, რომ 41 წლის ჯოანს შვილები არ ეყოლებოდა. ეს კი ამ რომანის დასრულებისთვის საკმარისი მიზეზი აღმოჩნდა.

ჯობსი "ბითლზის" დიდი თაყვანისმცემელი იყო. ის თავის გამოსვლებში ხშირად ავლებდა პარალელებს ამ ჯგუფთან: "ბიზნესში ჩემი მისაბაძი "ბითლზი" იყო. ისინი შესანიშნავი ოთხეული იყვნენ, რომლებიც ერთმანეთის ნაკლოვანებებს ფარავდნენ, ერთმანეთს აწონასწორებდნენ და ამ ოთხეულის შედეგი ძალიან ძლიერი იყო. დიდ ბიზნესს ვერასოდეს გააკეთებს ერთი ადამიანი. ყველაზე წარმატებული ბიზნესი კარგი გუნდის შედეგია".

შავი, გრძელსახელოიანი როლინგი, ლურჯი "ლივაისის" შარვალი და "ნიუ ბალანსის" სპორტული ფეხსაცმელი წლების მანძილზე ჯობსის საფირმო ჩაცმულობა გახლდათ. კომპიუტერული გენიოსი ნებისმიერ პრეზენტაციაზე ასე ცხადდებოდა. მისმა ბიოგრაფმა უოლტერ აიზეკსმა ფარდა ახადა სტივენ ჯობსის გარდერობის საიდუმლოს. 1980 წლის დასაწყისში იაპონიაში ვიზიტისას ჯობსმა "სონის" ერთ–ერთ მამამთავარს, აკიო მორიტას ჰკითხა, მის კომპანიაში ყველას რატომ ეცვა უნიფორმა. ამაზე აკიომ უპასუხა: "ომის შემდეგ ადამიანებს ტანსაცმლის ყიდვის საშუალება არ ჰქონდათ, ამიტომ კომპანია "სონიმ" თავის თანამშრომლებს მისცა სამოსი, რომელსაც ყოველდღე ჩაიცვამდნენ. წლების შემდეგ ეს უნიფორმა გემოვნებიან ტანსაცმლად იქცა". ამ ისტორიის მოსმენის შემდეგ სტივმა გადაწყვიტა, რომ მისი სამუშაო უნიფორმაც შესაძლებელი იყო გემოვნებიან სამოსად ქცეულიყო.

2003 წელს სტივ ჯობსი საკუთარი დაავადების პირისპირ აღმოჩნდა. მას სასწრაფოდ ამოკვეთეს სიმსივნე და მაშინ ქიმიო და რადიოთერაპია არ დასჭირვებია. ორწლიანი მკურნალობის შემდეგ, 2006 წელს, სტივენი კონფერენციაზე გამოჩნდა და სიტყვითაც გამოვიდა. ის ირწმუნებოდა, რომ სრულიად გამოჯანმრთელდა. 2008 წელს კი დაგეგმილი სიტყვით გამოსვლა არ შედგა, რადგან სტივ ჯობსი "ჩვეულებრივი ვირუსის" მსხვერპლი გახდა. ამ დროს კომპანიაში დიდი პანიკა შეიქმნა. აქციონერები ითხოვდნენ, სრული ინფორმაცია ჰქონოდათ ხელმძღვანელის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ. სწორედ მაშინ გამჟღავნდა, რომ სტივ ჯობსი სერიოზულად იყო ავად.

2008 წლის 28 აგვისტოს საინფორმაციო სააგენტო "ბლუმბერგმა" შეცდომით გამოაქვეყნა განცხადება ჯობსის გარდაცვალების შესახებ, რამაც სერიოზულად შეარყია მაშინდელი ტექნოლოგიური იმპერია. იმის დასამტკიცებლად, რომ ცოცხალი იყო, ერთი თვის შემდეგ სტივი საჯაროდ გამოვიდა და მარკ ტვენის სიტყვები გაიმეორა: "ცნობა ჩემი გარდაცვალების შესახებ გაზვიადებულია".

2009 წელს ჯობსს ღვიძლი გადაუნერგეს. ექიმები ვარაუდობდნენ, რომ ის გამოჯანმრთელდებოდა. თავის ამბიციურ გეგმებზე ჯობსმა საავადმყოფოშივე დაიწყო მუშაობა, მაგრამ ოპერაციიდან ნახევარი წლის შემდეგ ის თანამშრომლებს წერილით გამოემშვიდობა. როგორც ამბობენ, სიკვდილის წინ სტივმა დამსახურებული შვებულება აიღო.

Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

კავშირი ტეგთან: სტივენ ჯობსი
კავშირი ტეგთან: მარადისობა
დღის სიახლეები
რა მოსწონთ თქვენ მეგობრებს

Alternative content

online