asdas
ცნობილი ადამიანები

Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

ავთანდილი: "მე ვარ ერთადერთი დიზაინერი, რომელიც ბაზრისთვის არის მზად"
"მე ვარ ერთადერთი დიზაინერი…"
ავთანდილი: "მე ვარ ერთადერთი დიზაინერი, რომელიც ბაზრისთვის არის მზად"

2010-06-24 15:31:30



არის თუ არა ავთანდილი ნომერ პირველი დიზაინერი საქართველოში და რატომ არ აინტერესებს მას არც ერთი დიზაინერის აზრი, ამას "გუმბათთან" მისი ინტერვიუდან შეიტყობთ.



– ავთო, თქვენ ახლახანს დაბრუნდით უკრაინიდან, სადაც ერთ–ერთ ყველაზე პოპულარულ ჩვენებაში მიიღეთ მონაწილეობა. რა ხდებოდა და როგორ ჩაიარა ამ ყველაფერმა?

– ყველაფერმა ძალიან კარგად ჩაიარა. ეს იყო "მეიკ ფეშენი", რომელიც ყოველ წელიწადს ტარდება კიევსა და მოსკოვში, ახლა ასევე ტარდება ყაზახეთში. ამ ჩვენებაზე მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის დიზაინერი, 100 ყველაზე ლამაზი გასათხოვარი გოგონასთვის წარმოადგენს 1 საქორწინო კაბას. ეს ყველაფერი საკმაოდ მხიარულ და მდიდრულ გარემოში ეწყობა, თავისი მარტინებით, ხილით და ა.შ. საკმაოდ კარგი და გასართობი ჩვენებაა და ფეშენ–ინდუსტრიისთვის ძალიან მნიშვნელოვანი დღეა, რადგან ბევრი დიზაინერი, ყოველ წელიწადს, თავის ხედვით გამოხატავს იმას, თუ როგორ კაბაში ხედავს ის დედოფალს. ზოგი მას შავ კაბაში ხედავს, ზოგი წითელში, თეთრში, ზოგი – მკერდშიშველს და ა.შ.

– როგორ შეაფასეს თქვენ მიერ წარმოდგენილი საქორწინო კაბა?

– კაბამ ძალიან კარგი შეფასება მიიღო. საზოგადოების უმრავლესობას ყველაზე მეტად ჩემი კაბა მოეწონა, რის გამოც ძალიან ბედნიერი ვარ.

– კაბა გაიყიდა უკრაინაშივე, თუ საქართველოში დაბრუნდა?

– არა, ეს იყო საჩვენებელი მოდელი, რომელიც გაყიდვას არ ექვემდებარებოდა. იქ ყველამ კაბები წარმოვადგინეთ, შემდეგ კი ის გასათხოვარი გოგონები, როცა გათხოვდებიან, თვითონ გადაწყვეტენ, საქორწინო კაბისთვის რომელ დიზაინერს მიმართონ.

– უკრაინაში ყოველთვის ბევრი შემოთავაზება გაქვთ, ახლაც ხომ არ მიგიღიათ რაიმე სერიოზული შემოთავაზება?

– კიევში უკვე იმდენი შემოთავაზება მაქვს, რომ დამატებით აღარც განვიხილავ.

– ავთო, დღევანდელი ქართული მოდის ინდუსტრიასაც შევეხოთ. საკმაოდ გააქტიურებულია დღეს ეს სფერო. თქვენ როგორ შეაფასებთ ასეთ ცვლილებებს საქართველოში?

– ეს ნამდვილად კარგია, აღმოცენდება ბევრი კარგი ახალი დიზაინერი, შემდეგ კი ერთ–ორ წელიწადში დარჩება ის, ვინც კარგად მუშაობს და კომერციულად გამართლებულია.

– როგორ შეაფასებთ იმ ახალგაზრდა დიზაინერებს, რომლებიც ახლა გამოჩნდნენ ამ სფეროში?

– მე არ ვესწრები მათ ყველა ჩვენებას და, აქედან გამომდინარე, არ ვიცი, ვინ რას აკეთებს და როგორ მუშაობს. მართალი გითხრათ, ეს ნაკლებად მაინტერესებს. მე თვითონ იმდენი საქმე მაქვს, რომ ამისთვის დროს ვერ ვნახულობ.

– ეს ახალგაზრდა დიზაინერები კონკურენციას გაზრდიან?

– კი, რამდენიმე წლის შემდეგ ის დიზაინერები, ვინც ბოლომდე დარჩებიან, კონკურენციას, რა თქმა უნდა, შექმნიან.

– დღეს რომელიმე დიზაინერს თვლით თქვენს კონკურენტად?

– რა ვიცი, აბა, თქვენ თვლით ვინმეს ჩემს კონკურენტად?

– ანუ თვლით, რომ დღეს ავთანდილი ნომერ პირველია?

– ნებისმიერი გამოკითხვა ამას აჩვენებს და ადასტურებს.

– ავთო, დღეს ბევრი ქართველი დიზაინერი კრიტიკულად გაფასებთ, როგორ ფიქრობთ, რატომ?

– მე, პირადად, არ გამიგია რაიმე, მაგრამ, სიმართლე გითხრათ, სულ არ მაინტერესებს, ვინ რას ფიქრობს ჩემზე, ვინ რა პიარს იგორებს ჩემს სახელზე, არ მაინტერესებს, რადგან მე არაფრის ღირსად ვთვლი ისეთ ადამიანს, რომელიც რაღაცეებს იგონებს და ამით შემდეგ თავს იპიარებს.

– როგორ შეაფასეს მოდის კრიტიკოსებმა თქვენი კოლექცია და რაიმე შემოთავაზება ხომ არ მიგიღიათ მათგან?

– მე ასე მარტივად არ ვწყვეტ რაიმეს, რომც მიმიწვიონ, სად უნდა მიმიწვიონ?! მაშინ ავთანდილის სახლი უნდა გახსნან იქ, რომ ვიმუშაო, თორემ მე სხვა სახლში ნამდვილად არ ვიმუშავებ. თანაც ისეთი ადამიანები არ იყვნენ ჩამოსულები, რომ ვიღაცის სახლში მივეწვიე. ხოლო რაც შეეხება მათ ჩემდამი შეფასებას, ეს უკვე ძალიან ბევრ საიტზე დევს, ასევე დაიბეჭდა ფრანგულ პრესაში. მათ თქვეს, რომ მე ვარ ერთადერთი დიზაინერი, რომელიც ბაზრისთვის არის მზად. ანუ არის ბევრი ნიჭიერი დიზაინერი, მაგრამ, გარდა ნიჭიერობისა, არსებობს კომერციული მხარეც. მათ თქვეს, რომ ეს არის ქართული არმანი, რომელიც აქტიურად მუშაობს ქართულ და მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის ბაზარზე. ასეთ კვირეულებს თუ კიდევ ჩაატარებენ საქართველოში, აუცილებლად მივიღებ მონაწილეობას, რა თქმა უნდა, თუ ეს იქნება ასევე მაღალ დონეზე ჩატარებული და იქნება ის პირობები, რაც მე, როგორც წამყვან დიზაინერს, მაწყობს.

– ავთო, თქვენ იმ პერიოდში დაიწყეთ მოღვაწეობა, როდესაც მოდის სფერო მაინცდამაინც არ ყვაოდა. არ გაგიჭირდათ თავის დამკვიდრება და ამ ყველაფრის მიღწევა?

– დიახ, იმ დროს ამ სფეროში მარტო მე და მაკა ასათიანი ვმუშაობდით. რთული ნამდვილად არ იყო, მაშინ ყველაფერი ისე კეთდებოდა, რომ თითქმის ყველაფერი ავთანდილთან იყრიდა თავს, კონცერტები, ტელევიზიები და ა.შ. პრინციპში დღესაც იგივე მდგომარეობაა, უბრალოდ, დღეს მე თვითონ ძალიან ბევრ რამეზე ვამბობ უარს, რადგან არის ისეთი პროექტები, რომლებშიც მონაწილეობის მიღება არ მიღირს.

– როგორ ფიქრობთ, დღეს უკვე ყველა მიზანი განახორციელეთ, რაც გქონდათ, თუ არის, რაც ჯერ კიდევ არ შეგისრულებიათ?

– არა, მე ჯერ არაფერი გამიკეთებია. მე ვარ ისეთივე დამწყები დიზაინერი, როგორც ბევრი სხვა.

– მაშინ, რას უნდა ველოდოთ ახალს ავთანდილისგან?

– ამას მალე ნახავთ.

– როგორია 2010 წლის ზაფხულის ქალი და მამაკაცი ავთანდილისგან?

– ზაფხულის ქალი არის თეთრი, ჰაეროვანი, ძირითადად შიფონისგან არის ყველაფერი შექმნილი, ყველაფერი ფრიალებს, არსად ხელს არ გიშლის. ქსოვილი არის ნატურალური. ძირითადად დაბლებზეა სატარებელი, რადგან კაბების ძირითადი ნაწილი სულ გრძელია. კაციც ასევე არის ძალიან ნათელ ფერებში გაკეთებული, გამოყვანილი პერანგები, შარვლები ზემოთ ძალიან ფართე და ქვემოთ დავიწროებული და ასევე წარმოდგენილია ძალიან მსუბუქ ფეხსაცმელზე.

– აქსესუარები წინა წლებივით მასიურებია მოდაში?

– ახლა უფრო ბროშები, შიფონისა და აბრეშუმის ყვავილებია მოდაში, რაც ნებისმიერ ქალს უხდება და ალამაზებს.

– ძირითადად, რომელი ფენის წარმომადგენლები იმოსებიან თქვენთან?

– ავთანდილი ყველა ტიპის ფენისთვის არის განკუთვნილი. ზოგი სეილზე ყიდულობს, ზოგი ახალ კოლექციას, ზოგი კი იკერავს. ანუ საზოგადოების ძალიან ბევრი ფენა იცმევს ჩემთან.

– ავთო, თავად შეგიძენიათ სხვა დიზაინერთან სამოსი?

– კი, როგორ არა. მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის დიზაინერების საკმაოდ ბევრი ტანსაცმელი მაქვს. ახლა, მაგალითად, მაცვია დისქვარდის მაისური, ჟან–პოლ გოტიეს ფეხსაცმელი და ალექსანდრ მაქუინის შარვალი. ამ წუთას ჩემი არაფერი მაცვია. ძალიან ხშირად ვიძენთ მსოფლიო დიზაინერების სამოსს მე და ჩემი მეუღლე, ასევე ჩვენი შვილისთვისაც. ხოლო რაც შეეხება ქართველ დიზაინერებს, მართალი გითხრათ, არავის ნაწარმი არ მაქვს.

– ავთო, ხშირად ამბობენ, რომ რაც გიხდება, მხოლოდ ის არის მოდაში. თუ მართლაც ასეა, მაშინ რაღა საჭიროა მოდის შემოსვლა და ამდენი შრომა?

– რაც იმ სეზონზე არის მოდაში და იქიდან რაც გიხდება, ის არის შენი. საერთოდ, ეს ძალიან სადავო თემაა, ამიტომ მოდით, ამაზე ნუ ვიდავებთ. საბოლოო ჯამში, ვისაც რა უნდა, იმას იცვამს. თავად პიროვნების გადასაწყვეტია ის, თუ როგორ უნდა გამოიყურებოდეს. საერთოდ, ქართველი ქალები საკმაოდ ლამაზად და კარგად იმოსებიან, ძალიან კარგი გემოვნება აქვთ. მოდიდან იღებენ იმას, რაც მათ სურთ.

– რომელ ქართველ ქალს გამოკვეთდით გემოვნებიანი და მოდური ჩაცმულობით?

– არ ვიცი, არ მიფიქრია ამაზე. მე ვიცი, რომ ჩემი მეუღლე ყოველთვის ძალიან ლამაზად იცვამს, მეტი არ მაინტერესებს.

– დაბოლოს, რა რჩევებს მისცემდით ქართველ ქალებს?

– არანაირს.

ნინო ჯანიძე



Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

კავშირი ტეგთან: დღეს
დღის სიახლეები
რა მოსწონთ თქვენ მეგობრებს

Alternative content

online