asdas
ცნობილი ადამიანები
როგორ მუშავდება თექა
როგორ მუშავდება თექა
როგორ მუშავდება თექა

2010-03-04 17:41:49



თექის მოთელვა რთული საქმეა, თუმცა მისი სწავლა შეიძლება. აი, ქარგვას კი ნებისყოფა სჭირდება. ბისერებით ქარგვა უფრო რთული საქმეა, ვიდრე მულინის ძაფებით მოქარგვა. თუ მოინდომებთ, ამ ყველაფრის შესწავლა შეიძლება. ნინო ქიტუაშვილი უკვე რამოდენიმე წელია ბისერებით ქარგვით, თექის აქსესუარების შექმნითა და მომზადებითაა დაინტერესებული.



ნინო ქიტუაშვილი, ხელოვანი:

– რთულია, დამოუკიდებლად ისწავლო ბისერებით ქარგვა, მოთელო თექა, ააწყო სასურველი აქსესუარი და გაალამაზო ესა თუ ის საოჯახო ნივთი. თუმცა პირველი ეფექტი ჩემზე ერთ–ერთმა ულამაზესმა აქსესუარმა მოახდინა, რომელმაც ვიტრინიდან მომაწონა თავი, ამის შემდეგ გადავწყვიტე, მეც დამეწყო ეს კარგი საქმე.

– რატომ დაინტერესდით ხელსაქმით?

– ხელსაქმე ეს ისეთი რაღაცაა, გინდა–არგინდა მაინც დააინტერესებს ადამიანს. ეს არის უძველესი გადმონაშთი, რომლითაც ჩვენი წინაპრები იმოსებოდნენ. ნატურალური მატყლისგან ქმნიდნენ სხვადასხვა სამოსსა და აქსესუარებს. ჩემი დაინტერესება კი ერთ–ერთ ვიტრინაში გამოფენილმა, ულამაზესმა აქსესუარმა განაპირობა. ისე მაცდურად და მიმზიდველად იყო გაკეთებული, რომ გადავწყვიტე, მეც დამეწყო თექის მოთელვა, ბისერებით მოქარგვა და საერთოდ, ხელსაქმით დავინტერესებულიყავი.

– როგორ ითელება მატყლი?

– თექა ჩვეულებრივი მატყლია. თუმცა მის დამუშავებას, იმისთვის, რომ თექის სახე მიიღოს, ძალიან დიდი ეტაპი სჭირდება. ჩვეულებრივი მატყლისგან შეგვიძლია არაჩვეულებრივი აქსესუარი გავაკეთოთ. თექის მოთელვა რამოდენიმე ეტაპად შეგვიძლია დავყოთ. აუცილებლად უნდა გაირეცხოს გამდინარე წყალში, შემდეგ გავაშროთ და მარლაზე დავაფინოთ, საპნიანი წყლით დავნამოთ კარგად, ამის შემდეგ უნდა შევკრათ და იმდენჯერ მოვთელოთ, რამდენჯერაც ჩვენი ძალ–ღონე ამ ყველაფერს გასწვდება. გაშრობის შემდეგ დავაუთოვოთ. თექის საუკეთესო დამამზადებლებად ქისტი ქალებიც ითვლებიან. მათ იციან თავიანთი ხელსაქმის ფასი და მათივე შექმნილი ორნამენტები სიმკაცრითა და თბილი ფერებით გამოირჩევიან. ასევე დაინტერესებულ პირებს დღემდე სიამოვნებით უჩვენებენ დამუშავების პროცესს.

– თქვენ რომელ მატყლს იყენებთ?

– ჩვენთან აქტუალურია მთის მატყლი. უფრო მასობრივად კი ეს ყველაფერი თუშეთში იშოვება. მაგრამ არ უნდა დაგვავიწყდეს ისიც, რომ ყველა მატყლი არ იძლევა სასურველ შედეგს. არის რთულად დასამუშავებელი მატყლი, რომელიც იმდენად უხეშია, რომ ყოველი დამუშავების შედეგადაც ვერ იძლევა სასურველ სახეს. მას უხეში მატყლის ეფექტი აქვს. თუმცა არის ისეთი მატყლიც, რომელიც ძალიან ნაზია და მისი დამუშავება საკმაოდ ადვილია. ის კარგი და ეფექტური მოსათელი მატყლია. არსებობს ამერიკული მატყლი, რომელიც დამყოლია და მისგან კარგი თექის ყვავილები კეთდება. თანაც ძველის ახლით შეცვლამ საკმაოდ დააინტერესა საზოგადოება და პოპულარული გახადა თექა.

– როგორ შეიცვალა ძველი თექა ახლით?

– თექა სადა და მოხდენილი ქსოვილია. როგორც იცით, თექამ მხოლოდ რამოდენიმე ფერით მოაღწია ჩვენამდე. თექის ფერების ცვალებადობამ გამოიწვია საზოგადოების დაინტერესება და ახლა მისი აქსესუარები ძალიან პოპულარულია.

– ნუთუ ტრადიციულმა თექამ თავისი ეფექტი დაკარგა?

– არა, პირიქით, საკმაოდ რთულია ტრადიციული თექის გაკეთება. მისი ეფექტი საკმაოდ მაღალი დონისაა. უბრალოდ, ძველი თექის ფერები, როგორც აღვნიშნეთ, იყო ძალიან მცირე. ანუ სულ რაღაც სამი თუ ოთხი ფერი გამოიყენებოდა. ქალბატონები იყენებდნენ ხახვის ფურცლების ნახარშს, ენდროს წითელ ან შინდისფერ ფერებს, ასევე მატყლი იშოვებოდა ყავისფერი, თეთრი და შავი. ახლა კი, საღებავების მეშვეობით, აბსოლუტურად ყველა ფერის მიღება შეგვიძლია. ასევე არაერთი ფერი შეგვიძლია შევურიოთ ერთმანეთს და საკმაოდ განსხვავებული ფერთა კომბინაცია მივიღოთ.

– ბისერებს თექაზეც აქარგავთ?

– ბისერი აბსოლუტურად განსხვავდება თექისგან, თუმცა ბისერის გამოყენება თექაზე საკმოდ კარგი და ეფექტური ერთობლიობაა. ძალიან უხდება ბრჭყვიალა, თვალისმომჭრელი ბისერები საზაფხულო თექის ფერებს, თუმცა თითოეულისგან ცალცალკეც არაჩვეულებრივი ქმნილებები გამოდის. ბისერებისგან ოჯახურ პირობებში შეგვიძლია გავაკეთოთ ლამაზი ნათურის სადგამები, ულამაზესი პატარა ხეები და შევქმნათ კარგი საზაფხულო განწყობა. ანუ ბისერითა და თექით შეგვიძლია გავამდიდროთ ინტერიერი. საკმაოდ ორიგინალური აქსესუარები შეგვიძლია შევძინოთ როგორც ინტერიერს, ასევე ჩვენს გარდირობს.

– რთულია ბისერით სხვადასხვა აქსესუარების მომზადება?

– რთული სულაც არაა, თუმცა ნებისყოფისა და გამძლეობის დიდი გამოცდაა. სასურველი შედეგის მიღებას საკმაოდ დიდი დრო სჭირდება. თუმცა, აქსესუარსაც გააჩნია. ოჯახურ პირობებში ყველა ტიპის აქსესუარისა და ნივთის გაკეთება შეგვიძლია. საკმაოდ ლამაზია ბისერების ყვავილები, რომელებიც წვრილი, ძაფისებური სინით იწნება. ამ დამყოლი სინით შეგიძლიათ არაერთი აქსესუარის გაკეთება.

– არის კი მოთხოვნა ინტერიერისთვის განკუთვილ აქსესუარებზე?

– საკმაოდ ორიგინალური ნამუშევრები გამოდის. გინდა–არგინდა ეს ყველაფერი თვალში საცემია და არც ერთ თქვენს სტუმარს, დამიჯერეთ, გულგრილს არ დატოვებს. აქედან გამომდინარე, არამგონია, რომელიმე ადამიანისთვის საოჯახო ნივთი არ იყოს აქტუალური ან მიმზიდველი.

– რომელი უფრო აქტუალურია – ბისერი თუ თექა?

– თუ ორივეს კარგი დამმზადებელი ჰყავს და ფერები გემოვნებიანადაა შეხამებული, დაცულია ყველა ის ზომა და ფორმა, რაც აუცილებელია, მაშინ დამიჯერეთ, ორივეს ეყოლება ერთი დონის მთხოვნელი. შეიძლება სეზონის მიხედვითაც გამოვყოთ ორივე, ანუ ბისერი ყოველთვის აქტუალურია ზაფხულში მოღებულ, უყელო მაისურებზე, ხოლო თექა იმდენად აქტუალურია ზამთარში, რომ მისგან შარფებს, პიჯაკებს, ჟილეტებს, მანტოებსა და ქუდებს აკეთებენ. თექა თბილია და სწორედ ამიტომ იგი ზამთარში უფრო მასობრივად გამოიყენება.

– ყიდით თუ არა თქვენს ნამუშევრებს?

– ყოფილა შემთხვევა, როცა ჩემს სტუმარს ძალიან მოსწონებია ესა თუ ის აქსესუარი და მიმიყიდია კიდეც. დაურეკავთ და შეუკვეთიათ, მაგრამ ისე, რომ სადმე გამეტანა და გამეყიდა, არ ყოფილა ასეთი შემთხვევა.

– რა არის მთავარი ნიუანსი თექისა და ბისერის გაკეთების დროს?

– აუცილებლად უნდა გავიაროთ რაღაც გარკვეული კურსი სპეციალისტთან, რომ მან გვაჩვენოს ამა თუ იმ აქსესუარის თუ ნივთის მომზადების პროცესი. შემდეგ კი ყველაფერი თქვენს გუნება–განწყობაზე და გემოვნებაზეა დამოკიდებული. არ დაგავიწყდეთ, რომ თექასა და ბისერში ყოველი ხელოვანის სული ჩანს.

თამარ ლაშხია



Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

კავშირი ტეგთან: პირველი
დღის სიახლეები
რა მოსწონთ თქვენ მეგობრებს

Alternative content

1523728
1523928 online