asdas
ცნობილი ადამიანები

Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

1 კილოგრამ მურწაში 18–20 ლარს მიხდიან, ხრამული 10–12 ლარი ღირს
მტკვრის თევზი ძალიან გემრიელია
1 კილოგრამ მურწაში 18–20 ლარს მიხდიან, ხრამული 10–12 ლარი ღირს

2010-03-04 17:41:49



მტკვრის სანაპიროზე უამრავი ადამიანი თევზაობს. ზოგისთვის ეს პროფესია და ოჯახის შენახვის წყაროა, ზოგისთვის კი – ჰობი. ჩვენ რამდენიმე მეთევზეს ვესაუბრეთ.



მერაბ ლ:

– ბატონო მერაბ, რამდენი წელია რაც თევზაობთ?

– თევზაობა 6 წლის ასაკში დავიწყე. ეს საქმე მამაჩემმა შემაყვარა, მასთან ერთად მთელი საქართველო მაქვს მოვლილი. ბევრ ადგილას მითევზავია. ამჟამად მტკვრის სანაპიროზე ვთევზაობ.

– ეს თქვენი გატაცებაა?

– თავიდან თევზაობა ჩემი ჰობი იყო. ახლა სამსახური არ მაქვს, ოჯახს კი რჩენა უნდა. თითქმის ყოველდღე აქ ვარ და ჩემი ანკესით ვშოულობ ლუკმა–პურს. თევზაობა ჩემთვის უკვე ყოველდღიური სამსახურია, დიდი ხანია, როგორც გატაცებას ისე აღარ ვუყურებ. ცოტა მიჭირს სიცივეში თევზის დაჭერა, მაგრამ საქმე ასე მოითხოვს.

– სათევზაოდ რომელი სეზონია უკეთესი?

– ყველაზე კარგი დრო გაზაფხული და შემოდგომაა. თევზი უფრო მეტია და სითბოში წყლის ზედაპირზე ამოდის. ზამთარში ცივა და თევზიც წყლის სიღრმეში ცურავს.

– თევზის რაოდენობაზე წვიმა ან ქარი თუ მოქმედებს?

– წვიმას აქვს მნიშვნელობა. წვიმის დროს წნევა დაბალია და თევზი ზედაპირზე არ ამოდის, მდინარის სიღრმეში ცურავს. მტკვარიც საკმაოდ ღრმა მდინარეა, გარკვეულ მონაკვეთებზე 30 მეტრსაც აღწევს. ასეთ სიღრმეში თევზაობა რთულია.

– მტკვრის სანაპიროზე ისეთი ადგილი თუ არის, სადაც დიდი რაოდენობით თევზია?

– მე სათევზაოდ ამორჩეული ადგილი არ მაქვს. უნდა იარო და ადგილი უნდა შეარჩიო. თევზაობა ყველგან დაშვებულია, მხოლოდ ხიდისგან 50 მეტრის დაშორებით უნდა იყო, ასეთი წესია. მისი დარღვევის შემთხვევაში 50 ლარით გაჯარიმებენ.

– თევზაობის დროს კიდევ რა აკრძალვები მოქმედებს?

– არ შეიძლება ასაფეთქებელი ხელსაწყოებით, დინამიტით თევზაობა. ასეთი საშუალებებით მტკვრის სანაპიროზე ბევრი თევზაობს. ეს უკვე ბრაკონიერობაა და სასტიკად ისჯება. მე ანკესს ვანიჭებ უპირატესობას. არის სხვა საშუალებებიც, მაგალითად, ზოგი ბადით, ზოგიც ე.წ. კამერით თევზაობს. მე ანკესით დაჭერილი თევზის რაოდენობა სრულიად მაკმაყოფილებს. ცივ ამინდში, დილიდან საღამომდე 2–3 კილოგრამ თევზს ვიჭერ. ზაფხულში, რა თქმა უნდა, უფრო მეტს.

– მტკვარში რამდენი სახეობის თევზი ბინადრობს?

– დაახლოებით 5–6 სახის. მურწა, ხრამული, მანავი. ყოველი მათგანი ძალიან გემრიელია. საკმაოდ დიდი ზომის იზრდება და მათზე მოთხოვნილებაც საკმაოდ დიდია.

– დაჭერილ თევზს სად ჰყიდით?

– ზამთარში ე.წ. დეზერტირების ბაზარში ვაბარებ. 1 კილოგრამ მურწაში 18–20 ლარს მიხდიან. ხრამული 10–12 ლარი ღირს. ფასი მერყეობს. ვინც მეტს გადაიხდის, მეც იმას მივყიდი. ზაფხულში ბაზრებში თევზს დაბალი ფასი აქვს. ამიტომ, აქვე სანაპიროზე ვდგავარ და ჩემს დაჭერილ თევზს გამვლელებს ვთავაზობ. მყიდველების რაოდენობას ნამდვილად არ ვუჩივი.

– ბაზარში გაყიდვამდე მდინარეში დაჭერილ თევზს ამოწმებენ?

– ცოცხალ თევზს შემოწმება არ სჭირდება. ბევრი ამბობს, რომ მტკვარი ბინძური მდინარეა და აქ დაჭერილი თევზი საკვებად უვარგისია, მაგრამ ეს ასე არ არის. მტკვრის თევზი ძალიან კარგი და გემრიელია.

– თქვენ მხოლოდ მტკვარში თევზაობთ?

– ზამთარში კი. შემოდგომით, სექტემბრის დასაწყისში ბორჯომში მივდივარ, თან ვისვენებ ოჯახთან ერთად, თან ვთევზაობ. თბილისის ზღვაზეც დავდივარ. ყველაზე დიდი თევზიც, 42 კილოგრამიანი ლოქო, თბილისის ზღვაზე დავიჭირე. ზოგჯერ კიბორჩხალებსაც ვიჭერ.

– თქვენს ანკესს რაიმე უცნაური ნივთი ხომ არ ამოჰყოლია?

– მტკვარში საკმაოდ დიდი ზომის ოქროს სამაჯური ვიპოვე. უვარგისი ნივთების ანკესზე წამოგება მტკვარში თევზაობის დროს უცხო არ არის. ის ხომ ძალიან დაბინძურებულია.

ჟორა ნავასარდლოვი, 81 წლისაა, 40 წელია რაც თევზაობს და ამ საქმიანობით დიდ სიამოვნებას იღებს.

– ბატონო ჟორა, თევზაობა როგორ დაიწყეთ?

– მაშინ ახალგაზრდა ვიყავი, ჩემს ამხანაგს უყვარდა თევზაობა. მეც რამდენჯერმე მდინარეზე გავყევი. მას შემდეგ შეიძლება ითქვას, ანკესი ხელიდან არ გამიშვია, ამ საქმიანობით დიდ სიამოვნებას ვიღებ.

– ანუ თევზაობა თქვენი ჰობია?

– ძალიან მიყვარს ეს საქმიანობა. ოჯახში მიშლიან, შენს ასაკში თევზაობა არ შეიძლებაო. მაგრამ ანკესს მაინც ვერ ველევი. აქ ხშირად ვთევზაობ. ზამთარში ცოტა მიჭირს, სიცივის გამო ვერიდები მტკვრის სანაპიროზე დგომას. გაზაფხული და ზაფხული სათევზაოდ ყველაზე კარგი დროა. თევზი ბევრია და წყლის ზედაპირზეც ამოდის.

– თქვენ მხოლოდ მტკვრის სანაპიროზე თევზაობთ?

– მტკვრის სანაპიროზე ერთი ადგილი მაქვს შერჩეული. აქ გოგირდის აბანოებიდან თბილი წყალი გამოედინება და თევზიც მეტი მოდის. დავდივარ თბილისის ზღვაზე, ლისის ტბაზე. ადრე საქართველოს სხვადასხვა კუთხეში დავდიოდი სათევზაოდ. ახლა ასაკის გამო ვეღარ ვახერხებ.

– მდინარის სიბინძურე თევზის ხარისხზე არ მოქმედებს?

– ყველანაირი სიბინძურე, რაც ზღვაში ხვდება თევზზე მოქმედებს. მაგრამ კარგად გარეცხვისა და გასუფთავების შემდეგ იგი ორგანიზმისთვის მავნე ნივთიერებებს აღარ შეიცავს. მტკვრის თევზი ძალიან გემრიელია. ოჯახში ძალიან გვიყვარს და ჩემს დაჭერილ თევზსაც სიამოვნებით მივირთმევთ.

– თქვენი შვილები ან შვილიშვილები თუ თევზაობენ?

– მე ძალიან მიყვარს მათთან ერთად თევზაობა. ჩემს შვილიშვილებთან ერთად დავდივარ ხოლმე სხვადასხვა ადგილას, მაგრამ ეს იშვიათად ხდება.

ნინო შავაძე



Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

კავშირი ტეგთან: ადამიანი
დღის სიახლეები
რა მოსწონთ თქვენ მეგობრებს

Alternative content

online