asdas
ცნობილი ადამიანები

Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

დაკბენის შემთხვევებიდან ხშირად დამნაშავე ადამიანია
დაკბენის შემთხვევებიდან ხშირად დამნაშავე ადამიანია
დაკბენის შემთხვევებიდან ხშირად დამნაშავე ადამიანია

2010-02-25 16:15:49



ზოომაღაზიები თბილისში მრავლად არის. რას სთავაზობენ მყიდველს და როგორი მომსახურება აქვთ, ვეტერინარი ნადეჟდა კოლეროვა გვიამბობს:

– რას სთავაზობთ მყიდველს?

– აქ იყიდება კატის კნუტები და მათთვის საჭირო აქსესუარები. აგრეთვე თევზები, ზღვის გოჭები, თუთიყუშები, ზაზუნები, წყლის კუები და ა.შ. იყიდება საკვები ცხოველებისა და ფრინველებისათვის. გვაქვს ძაღლებისთვის ყელსაბამები, ვიტამინები, სათამაშოები. ვთანამშრომლობთ ერთ–ერთ გერმანულ ფირმასთან, რომელიც თევზის მაღალხარისხიანი საკვებით გვამარაგებს. ვყიდით აკვარიუმის მოწყობილობებს და მის საწმენდებს.

– აკვარიუმი რთული მოსავლელია?

– დიახ,აკვარიუმი შრომატევად მოვლას მოითხოვს. სჭირდება სისტემატური წმენდა, რომ ზედმეტი ნალექისგან განთავისუფლდეს. საერთოდ ყველა თევზს განსაკუთრებული მოვლა უნდა, ტემპერატურული რეჟიმი და წყლის სპეციალური მჟავიანობა. 25 გრადუსი არის ნორმა, რომ თევზმა იცოცხლოს.

– თევზები, რომლებსაც აქ ყიდით, საიდან ჩამოგყავთ?

– საქართველოში თევზების გამრავლება დაბალ დონეზეა, ამიტომ მათი იშვიათი ჯიშები საზღვარგარეთიდანაა ჩამოყვანილი.

– რაზეა ყველაზე დიდი მოთხოვნა?

– ძაღლისა და კატის საკვებზე. ამ მხრივ გვყავს მუდმივი კლიენტები.

– ხშირად ბავშვებისთვის საჩუქრად ყიდულობენ ზღვის გოჭს და ზაზუნას. დიდი მოთხოვნაა თუთიყუშებზეც, იმ იმედით, რომ მომავალში ალაპარაკდებიან. მაღაზიის პირობებში, სადაც რამდენიმე თუთიყუშია, ისინი არ ლაპარაკობენ. იგი მარტო უნდა იყოს, ოჯახის წევრებთან კონტაქტში უნდა შედიოდეს და ასე ისწავლის 200–მდე სიტყვას.

– ჩიტების არჩევა რის მიხედვით ხდება?

– უფრო მეტად ჯიშების მიხედვით არჩევენ. რაც უფრო იშვიათია, იმას ყიდულობენ. საერთოდ ძვირადღირებული ჩიტების გაყიდვა ძნელია. ორი თვეა გვყავს ამაზონი, რომელიც 1000 დოლარი ღირს.

– ამაზონი როგორ მოხვდა თქვენს მაღაზიაში?

– არ ვიცით საიდან ჩამოიყვანეს, რადგან ჩიტებს ძირითადად კერძო პირებისგან ვყიდულობთ. ზოგიერთ ქვეყანაში იკრძალება მათი საზღვარგარეთ გაყვანა. უმეტესად ისინი საქართველოში კონტრაბანდული გზით ხვდებიან. მეზღვაურებს ჩამოჰყავთ და რაღაც პერიოდის შემდეგ აღმოჩნდება, რომ ვერ უვლიან. შემდეგ უმეტესობა ზოომაღაზიაში ხვდება.

– ძაღლის ტანსაცმელს ხშირად ყიდულობენ?

– ქართველები ჯერ ვერ მიეჩვივნენ, რომ ძაღლს ფეხსაცმელი და ტანსაცმელი სჭირდება. ზოგიერთები ძაღლებს მოდის გამო ყიდულობენ. არსებობს გარკვეული ჯიშები, რომლებისთვისაც ზამთარში შემოსვა აუცილებელია. მაგალითად, ტოიტერიერი არის მცივანა და მოკლებეწვიანი. არსებობს სპეციალური საწვიმარებიც, რადგან დასველების შემდეგ გრძელბეწვიანი ძაღლების გაშრობას რამდენიმე საათი სჭირდება.

– თქვენს მაღაზიაში რა სახის ვეტერინარული მომსახურებაა?

– ყველაზე ხშირად შინაური ცხოველები მოყავთ ასაცრელად და გასაკრეჭად. ძაღლები კუდისა და ყურების მოსაჭრელად მოჰყავთ. დასავლეთის ზოგიერთ ქვეყანაში ეს იკრძალება, მაგრამ ჩვენთან მაინც ხდება.ჰგონიათ, რომ ასეთი ოპერაციის შემდეგ ძაღლი უფრო გაავდება, თუმცა ასე არ არის. შინაურ ცხოველებში ხშირია ტრამვები. მაგალითად, ჩვენთან მოყავთ ხოლმე აივნიდან ან ფანჯრიდან გადმოვარდნილი კატები.

– ასეთი შემთხვევები პატრონის დაუდევრობის გამო ხდება?

– რა თქმა უნდა, პატრონები არ იცავენ წესებს. ადვილი არაა შინაური ცხოველების მოვლა. მათთან მოპყრობა უნდა იცოდე. ნებისმიერი მათგანი იკბინება, თუ გააღიზიანებთ. არასწორი ქცევის გამო უწყინარი ზაზუნაც კი შეიძლება აგრესიული გახდეს. დაკბენის შემთხვევებიდან 95%–ში ადამიანია დამნაშავე.

– რას ურჩევდით მათ, ვისაც შინაური ცხოველის ყოლის სურვილი აქვთ?

– სასურველია, რომ ყველა პატრონმა იცოდეს, რა ელის მასაც და მის ცხოველსაც. მათი მოვლა ნამდვილად არ არის ადვილი.

თეონა კენჭიაშვილი



Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

კავშირი ტეგთან: ორი
დღის სიახლეები
რა მოსწონთ თქვენ მეგობრებს

Alternative content

online