asdas
ცნობილი ადამიანები

Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

"მიშა თუმანიშვილის ნაჩუქარი კრიალოსანი მუდამ თან მაქვს"
გოგა პიპინაშვილმა პარკეტის დაგებაც იცის
"მიშა თუმანიშვილის ნაჩუქარი კრიალოსანი მუდამ თან მაქვს"

2010-02-10 16:53:58



საყმაწვილო ცენტრ "ართ–ჰოლის" პრეზიდენტი და კინომსახიობთა თეატრის მსახიობი გოგა პიპინაშვილი მოგვიყვება, როგორ აღმოჩნდა პროფესიულ სცენაზე. ვინ აზიარა მსახიობის ოსტატობას და რა არის მისთვის ყველაზე დიდი საჩუქარი.



გოგა პიპინაშვილი:

– ლილი იოსელიანის მოსწავლე ვარ, მან მაზიარა ამ ხელოვნებას, ამიხსნა, რა ჯანდაბა მინდოდა თეატრში. არ ვნანობ, მაგრამ იმდენი სირთულე ახლავს, მიფიქრია, რატომ გავაკეთე ასეთი არჩევანი. პარალელურად ვცდილობ, უამრავი პროფესია შევიძინო, ან მქონდეს მაინც სხვა პროფესიების ირგვლივ ცნობები. ბატონი მიშა თუმანიშვილი იგულისხმება ჩემს მასწავლებლად და ასევე ადამიანად, რომელმაც პროფესიულ სცენაზე ამიყვანა. როცა მე თუმანიშვილის თეატრში მივედი, რომელსაც მაშინ თეატრალური სახელოსნო ერქვა, სადაც ამა თუ იმ პიესაზე ლაბორატორიულად მუშაობდნენ, სულაც არ მქონდა იმის ამბიცია, რომ მე ინსტიტუტი დავამთავრე და უკვე მსახიობი ვარ. მერე მთელი ცხოვრება ბატონ მიშასთან ერთად გავატარე, მასთან ვსწავლობდი. ბედმა გამიღიმა, რომ ქალბატონი ლილი და ბატონი მიშა – ორი ბუმბერაზი ადამიანი – იყვნენ ჩემი მასწავლებლები. დღეს, რაც მე უკვე ვიცი, ის მიმაქვს და ვასწავლი ჩვენი სტუდიის ბავშვებს.

– ბატონო გოგა, შეგიძლიათ მოგვიყვეთ იმ პატარა ხის კუბიკის ისტორია, რომელიც ბატონმა მიშა თუმანიშვილმა გაჩუქათ?

– მაშინ თუმანიშვილის თეატრი რემონტდებოდა. ბატონმა მიშამ სცენის ფიცარნაგიდან აიღო ერთი ფიცარი, დაგვახერხინა პატარა კუბიკებად და სიმბოლურად ყველას დაგვირიგა. თუმანიშვილის თეატრი მას განსაკუთრებით უყვარდა. ნაბოლარა შვილივით ჰყავდა. ბატონი მიშას ნებისმიერი საჩუქარი ყველა მსახიობისთვის განსაკუთრებულია. ის ხის კუბიკი დღესაც ჩემს საგრიმიოროში დევს. ყველა პრემიერა და განსაკუთრებული სპექტაკლი იწყება იმით, რომ იმ ძველ ფიცარნაგზე სანთელს ვანთებ. ეს მარტო ჩემია და ძალიან ინტიმური თემაა.

– ცხოვრობთ ეკლესიურად?

– ეს ის თემაა, რომელიც სურვილის მიღმა რჩება სტუდიაში გათენებული ღამეების ხარჯზე, ბოლო თვე–ნახევარი ფაქტიურად არ მძინებია. აქედან გვიან გავდივართ ჩვენც და ბავშვებიც. რთულია, დაწყებული საქმე შუა გზაში მიატოვო, ამიტომ ჩართულები რომ ვართ, დრო ისე იპარება, ვერც ვიგებთ.

– მსახიობი რომ არ გამხდარიყავით, რა პროფესია გექნებოდათ?

– ჩემი ცხოვრების მანძილზე ძალიან ბევრ რამეს მივედ–მოვედე. შორს ვარ იმ აზრისგან, რომ მსახიობობას თავი დავანებო და ელიავას ბაზრობაზე დავდგე ტრაფარეტით – "ვაგებ პარკეტს", თუმცა ეს საქმე კარგად მეხერხება. აქაურობა სრული ბუნკერი იყო. მე და ჩემმა თანამშრომლებმა მთელი დრო ამას შევწირეთ და რაღაცა გამოგვივიდა. ჩემი ხელფასიც ამას შეეწირა. აქ მე ხელფასი არ მაქვს.

– ოჯახს როგორ არჩენთ?

– მე ჩემი პროფესია მაქვს. მაქვს სპექტაკლები და ვთამაშობ. ჩემი ოჯახის შენახვის სხვა უამრავი საშუალება არსებობს. უმეტეს დროს სტუდიაში ვატარებ. ჩემი შვილი აქ მნახულობს, უკვე 15 წლის ხდება და ისიც ჩაბმულია ამ საქმიანობაში. ძალიან უნდა ამ სფეროში პროფესიული ნაბიჯების გადადგმა. ჯერ ადრეა ამაზე საუბარი, მაგრამ მე მის სურვილს არ შევეწინააღმდეგები.

– რა არის ყველაზე დიდი საჩუქარი თქვენს ცხოვრებაში?

– ის ადამიანი, რომელზეც ახლა ვსაუბრობ. მან ჩემი ცხოვრების წესი რადიკალურად შეცვალა. ანო რომ გაჩნდა, სურვილიც გაჩნდა იმისა, რომ მეთამაშა რაც შეიძლება ბევრი როლი და თან – მაღალ ხარისხში. მომცა არანორმალური სტიმული იმისა, რომ ჩემს პროფესიაში კიდევ უფრო სერიოზული ნაბიჯები გადამედგა. ეს დღემდე ასეა.

– ეროსი მანჯგალაძის ნაჩუქარი საათი კვლავ გაქვთ?

– ასეთი საჩუქრებით განებივრებული არ ვარ, მაგრამ ასეთი საჩუქარი სულ სამი–ოთხი მაქვს. ისინი ჩემთვის განსაკუთრებული მნიშვნელობისაა. როლზე ორი დღით ადრე დამნიშნეს. სპექტაკლის დაწყების წინ ძალიან ვღელავდი და ბატონ ეროსის შეშინებულმა ვკითხე, რომელი საათია–მეთქი. "საათიც არ გაქვს, შე უბედურო", – მითხრა. მოიხსნა საათი და მაჩუქა. სხვათა შორის, ნათლობის პატარა რიტუალი სწორედ ბატონმა ეროსიმ ჩაატარა. მსახიობი რომ სცენაზე პირველად ადიოდა, რიტუალი არსებობდა – გრიმს უსვამდნენ სახეზე, ბატონმა ეროსიმ თავის საგრიმიოროში შემიყვანა, უჯრიდან ახალი გრიმები ამოიღო და შენ მონათლული არ ხარო, – სახეზე წამისვა. იმ გრიმის მოწმენდას დიდხანს მოვუნდი. ბატონმა მიშა თუმანიშვილმა კრიალოსანი მაჩუქა, ეს არის თილისმა, რომელიც ჩემს საქმესთან ყოველთვის პირდაპირ კავშირშია. როცა რაღაც თემის გადაწყვეტა მიჭირს, ის კრიალოსანი ყოველთვის ჩემ გვერდითაა. ამ კრიალოსანით ბევრი პრემიერა მითამაშია და ბევრი რთული გადაწყვეტილება მიმიღია. ის ყველა თავისი მოწაფის მიმართ ასეთივე გულუხვი იყო. მაშინ ვერცხლზე ვმუშაობდი, რაღაც სამკაულებს ვაკეთებდი, ის გაწყვეტილი იყო, ამას გოგას მეტი ვერავინ გადააბამსო, – თქვა და დამიტოვა. მე გადავაბი. ეს ისეთი რელიქვიაა, რომელიც მთელი ცხოვრება ჩემი იქნება.

– ბატონო გოგა, ფილმში "გარიგება" მიტოს როლს ასრულებთ, გავხართ თქვენს გმირს?

– ცოლების ცვლის თვალსაზრისით? სიმღერა და მუსიკა ძალიან მიყვარს, მაგრამ მე არ ვმღერი. ქეიფებისთვის უნდა გეცალოს, ეს ქართულ სინამდვილეში ყველას უყვარს. ამის მიმართ კიდევ განსაკუთრებული დამოკიდებულება მაქვს, თუნდაც მხოლოდ იმიტომ, რომ უამრავი კარგი და ამ კუთხით გამორჩეული მეგობარი მყავს, რომელმაც სიმღერაც და სუფრასთან ქცევაც კარგი იცის. სუფრის კულტურა ვინც იცის, მათთან მიხარია ქეიფი.

– ყველას ძალიან მოეწონეთ "იუმორინაში", სადაც სომხის როლს ასრულებთ. არ აპირებთ საესტრადო სცენაზე კვლავ გამოსვლას?

– ეს იყო ექსპერიმენტი. მაინტერესებდა, თეატრალური პერსონაჟი შეძლებდა თუ არა დამოუკიდებელ ცხოვრებას საესტრადო სცენაზე. თუმანიშვილის კინომსახიობთა თეატრში სპექტაკლი "ჯერ დაიხოცნენ, მერე იქორწინეს" დღესაც მიდის, სადაც მე ამ როლს ვთამაშობ. თუ დღის წესრიგში აუცილებლობა დადგა, შესაძლოა, საესტრადო სცენას ის კვლავ დავუბრუნო, მაგრამ ამის მოთხოვნილებას მე ვერ ვგრძნობ.

– რა მდგომარეობაა "ართ–ჰოლში"?

– ამ საქმის მიმართ დამოკიდებულება შეიცვალა. სტუდიაში 90 ბავშვი დადის და ერთი სული აქვთ, ახალ პროექტზე როდის დაიწყებენ მუშაობას. დიდი მონდომებაა. აქამდე 6, 7, 8 წლიდან ვიყვანდით ბავშვებს, ახლა უკვე 9 წლიდან. მცირე ასაკში ბავშვები ამ სფეროში ჩასაბმელად მეცოდებიან. ბავშვის ფსიქიკა უნდა უძლებდეს და იგებდეს, რას ვითხოვთ ჩვენ მისგან.

– რაიონებიდან ჩამოსვლის სურვილი აქვთ?

– აქვთ სურვილი და, აქედან გამომდინარე, ვცდილობ შეიქმნას დამოუკიდებელი ხელოვნების ცენტრი, რომელსაც ისეთი ინფრასტრუქტურა ექნება, რომ რაიონებში მცხოვრებნიც იყვნენ ამ საქმიანობაში ჩაბმულნი. დღეს ამის საშუალება არავის აქვს. გოგონა, რომელიც რუსთავიდან დადის, საღამოს ლექციებს ვერ ესწრება იმიტომ, რომ მერე ტრანსპორტი არაა. მინდა ისეთი სასწავლებელი იყოს, ბავშვებს დარჩენა შეეძლოთ. იყვნენ ბავშვები, რომლებიც სოციალურად დაუცველ ფენას, იძულებით გადაადგილებულებს წარმოადგენენ. აქ ძირითადი აქცენტი გაკეთებულია ჯანმრთელობის პრობლემის მქონე ბავშვებზე, რასაკვირველია, არიან ჯანმრთელებიც. ეს არის ინტეგრირებული ტიპის სასწავლო ცენტრი.

– სპონსორები გყავთ?

– ძალიან ბევრი და მათ სათავეში მე ვარ. ჩემი სპონსორები ჩემი მეგობრები არიან, რომლებიც აქ აბსოლუტურად უანგაროდ მუშაობენ.

თეა გულედანი



Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

კავშირი ტეგთან: დღეს
დღის სიახლეები
რა მოსწონთ თქვენ მეგობრებს

Alternative content

online