asdas
ცნობილი ადამიანები

Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

ნუკა კაციტაძეს ბიზნესის მართვა არ გამოუვიდა
რესტორანი ტაილანდელებს გადავაბარე
ნუკა კაციტაძეს ბიზნესის მართვა არ გამოუვიდა

2011-06-23 10:43:05



პირველი "მის საქართველო" (გასული საუკუნის 80–იანი წლები), ნუკა კაციტაძე, ბოლო პერიოდში ბიზნესით იყო დაკავებული – ძმასთან ერთად ტაილანდური რესტორანი გახსნა. ერთი წლის მმართველობის შემდეგ მიხვდა, რომ ბიზნესი მისი საქმე არ იყო და მმართველობას ჩამოშორდა, თუმცა გარკვეული გამოცდილება მაინც მიიღო.
ქალბატონი ნუკა დიდი ხანია ოჯახს თავად უზრუნველყოფს მატერიალურად. მიუხედავად იმისა, რომ ცდილობს, ფული მოზომილად დახარჯოს, ხანდახან ქალურ სისუსტეებში მაინც ეფლანგება.
– ქალბატონო ნუკა, თქვენ ბიზნესის საქმე როგორ მიდის?
– ერთი წელი ტაილანდური რესტორნის დირექტორი ვიყავი, მაგრამ მერე ამ ბიზნესს გამოვეთიშე და ეს საქმე თვითონ ტაილანდელებს გადავაბარე. ძალიან რთული საქმე იყო და დავიღალე. ამ რესტორნის დამფუძნებელი ჩემი ძმაა.
– იმ ერთი წლის მანძილზე როგორი გამოცდილება მიიღეთ, რთულად მოიპოვება ფული?
– ვიღაცისთვის შეიძლება ციდან ცვივა ფული, მაგრამ მე, პირადად, ყოველთვის რთულად ვშოულობ მას. მით უმეტეს, როცა საქმე ბიზნესს ეხება, ყოველ წუთში უნდა ანგარიშობდე, ითვლიდე. მანამდე რესტორნის მართვის გამოცდილება არ მქონდა და აღმოჩნდა, რომ ძალიან ბევრი დეტალისგან შედგება. იმდენი წვრილმანია გასათვალისწინებელი მომსახურებაში, პროდუქტებში თუ ა.შ., რომ ძალიან რთულია. იქ უნდა იყო 24 საათი, რაც ქალისთვის დიდი დატვირთვაა. არიან ქალბატონები, რომლებიც ამ საქმეში ძალიან მაგრები არიან. მე კი ვთვლი, რომ ძალიან მაგარი არ ვარ, თუმცა საკუთარ თავს დავუმტკიცე, რომ ბიზნესის გაკეთებაც შემიძლია.
– ფიქრობთ, რომ მამაკაცი ბიზნესს უფრო უკეთ ართმევს თავს, ვიდრე ქალი?
– მამაკაცს უფრო მეტი გამძლეობის უნარი აქვს. ქალს კი სჭირდება მეტი გამოძინება, სილამაზის სალონში ვიზიტი და ა.შ. ყველაფერი უნდა მოასწროს. მამაკაცს ამდენი არ სჭირდება, ერთხელ შეიჭრის თმას და მორჩა, დადის კოსტიუმით! გადასახადების გაკონტროლება, პლუს ბიზნესი და თავის მოვლა ქალისთვის უკვე ძალიან ბევრია. რომ არ დამვიწყებოდა, რა მქონდა გასაკეთებელი, მუდმივად სიას ვწერდი, კედლებზეც კი მქონდა გაკრული და ა.შ. ბიზნესვალი იყო ასაღები, პროდუქტი მოსატანი, ბავშვი სკოლაში მისაყვანი... მოკლედ, ყველაფრის ერთად გაკეთება ძნელი იყო.
– ფულის საკითხში რისკიანი გადაწყვეტილების მიღება შეგიძლიათ? მაგალითად, რადგან ვალი ახსენეთ, დიდი რაოდენობის კრედიტი გამოგიტანიათ?
– არასოდეს! რისკიანი არ ვარ. ძალიან მეშინია ყველაფრის, რაც გაუთვლელი და გაურკვეველია. არ შემიძლია სარკისო ნაბიჯების გადადგმა და ყველაფრის ჩემს თავზე აღება. თუ ზუსტად არ ვიცი, რა შედეგი მოჰყვება, გათვლილი არ მაქვს რისკი, ისე ნაბიჯს ვერ გადავდგამ. პატარა რისკი, რომელიც არ მავნებს და სერიოზულად არ მანერვიულებს, შემიძლია გავწიო.
– მომგებიანი ბიზნესიდეები თუ გიჩნდებათ ხოლმე?
– მე საერთოდ ცხოვრებისეული იდეები მომდის ხოლმე, ეს არ არის დაკავშირებული ფულთან. თუნდაც ერთი პროექტი მაქვს იდეაში – სადარბაზოებს რომ სხვანაირად მიხედონ არქიტექტორებმა. ყველა სადარბაზო არა მარტო მოწესრიგებული უნდა იყოს, არამედ დიზაინერის ხელი ეტყობოდეს და ყველას თავისებური სტილი ჰქონდეს. ჩვენს სადარბაზოში მეზობლები სულ ვცდილობთ, სიტუაცია გამოვასწოროთ. საზღვარგარეთ სადარბაზოებში რომ შევდივარ, ძალიან მომწონს. ლამაზად აქვთ გაკეთებული. ეს ბიზნესიდეა არ არის, უბრალოდ პროექტია, რომელიც, კარგი იქნება, თუ განხორციელდება.
– ბიზნესიდან შორს დგახართ და ტაილანდური რესტორნის ხელმძღვანელობის სურვილი რატომ გაგიჩნდათ?
– ჩემი ძმა გურმანია და რატომღაც ტაილანდური რესტორნის გახსნა გადაწყვიტა. ბებიას და ბაბუას ადრე ფუნთუშეულის საცხობი ჰქონდათ. ამის გამო ოჯახში ყველას არაჩვეულებრივი ხელი გვაქვს, გადასარევად ვაცხობთ და ვამზადებთ კერძებს. ეს გენეტიკურია. ამიტომ ჩემმა ძმამ გადაწყვიტა, თავის მეგობართან ერთად გაეხსნა ტაილანდური რესტორანი. ორივე დაკავებული იყო და ფიქრობდნენ, დირექტორად ვინ უნდა დაენიშნათ. როცა კვების სისტემასთან გაქვს საქმე, რასაკვირველია, ჯობს, მმართველი ოჯახის წევრი იყოს. ამიტომ ჩემმა ძმამ და მისმა მეუღლემ გადაწყვიტეს, დირექტორი მე ვყოფილიყავი. რომ მკითხეს, შეგიძლიაო, ვუპასუხე, რომ ვნახავდი და თუ გამომივიდოდა ეს საქმე, დავრჩებოდი. თავიდან ძალიან რთული იყო. ყველაფერს ვუკვირდებოდი, ანგარიშს ვსწავლობდი. ცოტა ხანში ეს პრობლემა მომიხსნეს და ფინანსური დირექტორი დანიშნეს. დანარჩენის მართვა, პროდუქტის მიღება თუ რესტორანში წვეულებების მოწყობა მე მეხებოდა. ამას თავი გავართვი და მივხვდი, რომ ამ საქმის კეთება შემეძლო. ზოგადად, თუ ოდესმე ბიზნესს გავაკეთებ, ეს შემოქმედებასთან იქნება დაკავშირებული. ეს რესტორანიც შემოქმედებასთან იყო დაკავშირებული. არაჩვეულებრივი საღამოები ეწყობოდა. თვითონ მსახიობი ვარ და ჩემი განათლებით, ჩემი ჩარევით ეწყობოდა ეს ყველაფერი. იყო ძალიან ლამაზი, არაჩვეულებრივი წვეულებები და უგემრიელესი საჭმელები. ბიზნესი მარტო ფულის გამო არ მაინტერესებს.
– ბიზნესი რთულია, მაგრამ არც ოჯახის ფინანსების მართვაა ადვილი. თქვენ როგორ გამოგდით ეს საქმე?
– თვე როცა იწყება, წინასწარ ვდებ გადასახადებისთვის ფულს, სადღაც 150–200 ლარს. შემდეგ უკვე შეიძლება სახლისთვის რაღაც გავაკეთო. ამ ეტაპზე კარადა მაქვს შეკვეთილი. ჯერჯერობით ჩემი უმცროსი ვაჟი სტუდენტია და არ მუშაობს. ამიტომ ჩემი გვერდზე დგომა სჭირდება. მისთვისაც ცალკე მაქვს ფული გამოყოფილი. ცოტას მოვიკლებ და ბავშვებს მივცემ ფულს, რომ ვიღაც დაპატიჟონ კაფეში და ა.შ. ამ ყველაფერს შეთანხმებით ვაკეთებთ. არის თვეები, როცა ვიტყვი, რომ ახლა უფრო ეკონომიურად უნდა ვხარჯოთ ფული. გადასახადებში თანხის გადადება კი აუცილებელი და უპირობოა.
– ესე იგი ფულს რაციონალურად ანაწილებთ.
– კი, ზოგადად, ეკონომიური მხარჯველი ვარ, მაგრამ მაქვს რაღაც პერიოდი, როცა უცებ გავფლანგავ ხოლმე ფულს. ცოტას რომ გადაუხვევ და რაღაცას იყიდი, რაც არ გჭირდება, მაგალითად, ჭიქას, ალბათ ეს ფლანგვაა, მაგრამ თან ნერვების დამაწყნარებელი საშუალებაცაა. ასეთი შენაძენებიც მქონია. შეიძლება ზედმეტად ვუყიდო შვილს რაღაც, რაც უკვე აქვს, მაგრამ მაინც მომწონს. არ მაქვს ისეთი დიდი შემოსავალი, რომ არაჩვეულებრივად ვიცხოვრო, ამიტომ თავს სულ ვაკონტროლებ, რომ ზედმეტი რაღაცეები არ ვიყიდო.
– ფულის დაზოგვა მსხვილი შენაძენის "ხათრით" გამოგდით?
– იმ პერიოდში, როცა სწავლა მთავრდება და, ჩემი შვილის სწავლის საფასურის ჩათვლით, ყველანაირ გადასახადს გადავიხდი, მაშინ შემიძლია დიდ შენაძენზე ვიფიქრო ხოლმე. ამ პერიოდში მიჭირს, მაგრამ მეორე თვეში ამოვისუნთქავ. მალე სახლის გარემონტებას ან დიდ შენაძენზე დავიწყებ ფიქრს. სამოგზაუროდ თუ მივდივარ, ვცდილობ, ისეთ ადგილას წავიდე, სადაც ნაკლები თანხა დამჭირდება. არსებობს ისეთი ტურები, სადაც შეღავათიანი ფასებია, თუ არა და, შემიძლია სექტემბერში ბათუმში წავიდე. გამოზოგვა და ფულის შეგროვება არ გამომდის.
– რა არის თქვენი სისუსტე, რაშიც ფული სულ გეხარჯებათ?
– ჩემი სისუსტე ფეხსაცმელი და ოქროა. ახლახან ვიყავი მაღაზიაში და, მიუხედავად იმისა, რომ არაფრის ყიდვას ვაპირებდი, არ მჭირდებოდა, დავინახე ფეხსაცმელი და იმწამსვე მივხვდი, რომ ჩემი ზომა იყო, რომელსაც დილიდან დაღამებამდე გაუხდელად, ბედნიერი ვატარებდი. ძირითადად ამაში მეხარჯება ფული.
– ვალის აღება თავისუფლად შეგიძლიათ?
– კი, როგორ არა, ოღონდ მოკლე ხნით. თუნდაც მოგზაურობისთვის შეიძლება ფული ვისესხო, თუმცა ეს დიდ თანხას არასოდეს უკავშირდება. ფულს სამოსისთვის არ ვისესხებ. ასეთი რამისთვის სესხება არ მჭირდება.
– ნუკა, გყავთ ორი შვილი, 23 წლის გოგონა და 21 წლის ვაჟი. მათ თუ ასწავლით, როგორი დამოკიდებულება უნდა ჰქონდეთ ფულისადმი?
– ქეთის აქვს სამსახური, ამიტომ რაღაცეების სწავლა არ სჭირდება. რაც შეეხება ლადოს, სანამ თვითონ არ იმუშავებს, რაც უნდა ვუთხრა, ფულის ყადრს ნამდვილად ვერ გაიგებს. ქეთი ისეთი ტიპია, ფულს რომ ვაძლევ, აგროვებს და მერე ყიდულობს რაღაცას. ბიჭი – პირიქით, ყოველდღე რომ მისცე დიდი თანხა, ჯიბეში არ იტოვებს. ორივე ჩემი გაზრდილია, მაგრამ ფულისადმი დამოკიდებულებას ადამიანი თავად სწავლობს. ქეთი ეუბნება ძმას, შენ არ იცი, რა კარგია, როცა საკუთარი ხელფასი გაქვსო.
– როგორი საფულეები გიყვართ?
– მიყვარს საფულეები, რომლებშიც ყველაფერი ეტევა – დოლარიც, ლარიც, ბარათებიც და ა.შ. საფულეს, როგორც წესი, მე ვარჩევ, იმიტომ, რომ ვიცი, როგორი მომწონს და როგორს ვიყენებ.
– ფული ოდესმე დაგიკარგავთ?
– ერთხელ მოსკოვში ამომაცალეს საფულე, სადაც მთლიანი თანხა მედო, რაც მჭირდებოდა. სხვათა შორის, მერე ვიხსენებდი, რომ ძალიან უცნაურად გამოვხატე რეაქცია – არც ისტერიკა დამმართნია, არც მსგავსი რამ. უბრალოდ ოთახში ჩავიკეტე, კედელს მივეყუდე და მინდოდა, დამეძინა. ალბათ სტრესს ამით ვებრძოდი.
მანანა ნოდია ჟურნალი სარკე N 25


Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

კავშირი ტეგთან: ბიზნესი
დღის სიახლეები
რა მოსწონთ თქვენ მეგობრებს

Alternative content

online