asdas
ცნობილი ადამიანები

Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

თბილისში საახალწლო ნათურები 1,5 მლნ. ლარი დაჯდა
ნათურები 1,5 მილიონად
თბილისში საახალწლო ნათურები 1,5 მლნ. ლარი დაჯდა

2009-12-11 11:29:22



დედაქალაქის საახალწლოდ მოწყობა დასასრულს უახლოვდება. ქალაქის განათებისა და მოწყობისთვის ბიუჯეტიდან 1.500.000 ლარი დაიხარჯა. მთავარი ნაძვის ხე, ისევ პარლამენტის წინ დამონტაჟდა. გარდა ამისა, ქალაქის მასშტაბით ნაძვის ხეები კიდევ რამდენიმე ადგილას დაიდგმება.



ექსპერტი გია ხუხაშვილი საუბრობს, თუ რა ზარალს მიაყენებს ბიუჯეტს საახალწლო სამზადისისთვის გამოყოფილი თანხა.

– ბატონო გია, თბილისის საახალწლო განათება მილიონ–ნახევარი დაჯდა, ეს რამდენად დააზარალებს დედაქალაქისა და, საერთოდ, სახელმწიფოს ბიუჯეტს?

– მილიონ–ნახევარი არ არის ისეთი მტკივნეული ციფრი, რომ აპოკალიფსზე ვისაუბროთ, თუმცა ეს ერთ–ერთი სიმპტომია იმისა, რომ ჩვენ საკმაოდ ავად ვართ. იმის ფონზე, რაც დღეს ქვეყანაში ხდება, ანუ იმ მაღალი სოციალური სიდუხჭირის ფონზე, ამხელა ხარჯების გაწევა მაინცდამაინც დიდ შთაბეჭდილებებს არ ტოვებს. ხელისუფლება მუდმივად ცდილობს, რომ ვიზუალური კეთილდღეობისათვის სურათები შექმნას, რის მიღმაც არის უკიდურესი გაჭირვება და სასოწარკვეთაც კი. ამ თანხის გამოყოფაზე შეიძლება ითქვას, რომ, როცა მთელი სხეული გტკივა, იქ დამატებითი ტკივილის კერა გაჩნდება თუ არა, ამას გადამწყვეტი მნიშვნელობა, რა თქმა უნდა, არ აქვს. მაგრამ კიდევ ერთი სიმპტომი რომ ჩნდება, ეს იმაზე მეტყველებს, რომ ორგანიზმი კვდომის პროცესს აგრძელებს და გადარჩენის არანაირი ნიშან–წყალი არ ეტყობა.

– განათების ახალი ატრიბუტების შეძენა არ იყო საჭირო?

– საახალწლო განწყობის შექმნა საჭიროა, მაგრამ ეს ყველაფერი მისტიკაში გადადის. ამ ყველაფრის გაკეთება უფრო მოკრძალებულად და თბილად შეიძლებოდა. საკმოდ ცივია. შთაბეჭდილება რჩება, თითქოს თბილისში თოვლის დედოფალია ჩამოსული, რომელმაც მოაჯადოვა ბიჭუნა, სახელად "საქართველო" და ახლა ქართული საზოგადოება იმით უნდა დაკავდეს, რომ შუშისთვალება ბიჭი გააცოცხლოს.

– ბიჭუნა, სახელად "საქართველო" თუ სახელად "მიშა"?

– არა, მიშაზე არ არის ლაპარაკი, სახელად "საქართველო".

– ვარდების მოედანზე საახალწლო სოფელს ამონტაჟებენ, გამოცხადებულია მერიის ცხელი ხაზი და იქ დარეკვის შემდეგ, სოფელში მცხოვრებ მოსახლეობას შეუძლია ჩამოიტანოს საახაწლო სანოვაგე და გაყიდოს. როგორ ფიქრობთ, სოფლებიდან მართლა ჩამოვა ხალხი, თუ ისევ ადგილობრივები დაკავდებიან?

– არ ვიცი, ასეთ დეტალებში არ ვარ ჩახედული, მერიის ფანტაზია ჩემი ცნობიერებისთვის ძნელად აღსაქმელია, ამიტომ ასე ღრმად არ ვიხედები ხოლმე.

– მერიის წარმომადგენლის თქმით, საახალწლო სოფლების საშუალებით ადამიანები დასაქმდებიან.

– დასაქმების ძალიან ორიგინალური ფორმაა. გამოვლენ ადამიანები და გაყიდიან იმას, რაც არა აქვთ? მათთვის დასაქმების ფორმები სულ უფრო და უფრო ორიგინალური ხდება.

– სულ ახლახან დაამონტაჟეს ნაძვის ხეები პარლამენტის წინ და თავისუფლების მოედანზე.

– ნაძვის ხის კენწეროზე "წამოკოსებული" წმინდა გიორგი, სიმართლე გითხრათ, ძალიან ბევრ რამეზე მეტყველებს და არცთუ ისე სასიამოვნოზე.

– რაზე მეტყველებს?

– მინიმუმ, რელიგიური თვალსაზრისით, ჩემი აზრით, ეს არაა კორექტული ნაბიჯი და არ მეტყველებს ჩვენი ხელისუფლების კორექტულობაზეც კი, რწმენაზე აღარაფერს ვამბობ.

– ამის შესახებ საეკლესიო პირები და პატრიარქი რატომ არაფერს ამბობენ?

– რაც შეეხება საეკლესიო პირებს, ისინი არსებულ ვითარებაში ვერ მისცემენ თავს უფლებას, რომ ცეცხლზე ნავთი დაასხან. ბევრ რამეზე ხმამაღლა ვერ ისაუბრებენ, რაც ჩემთვის, აბსოლუტურად, გასაგებია, რადგან სასულიერო პირისგან ნებისმიერი უკმაყოფილების გამოთქმა, ხელისუფლების მხრიდან, პოლიტიკაში ჩარევად აღიქმება, რაც არაერთხელ გაუკეთებიათ. აქედან გამომდინარე, მე დაახლოებით წარმომიდგენია, რაზე ფიქრობს დღეს პატრიარქი ან რაზე ფიქრობენ სასულიერო პირები, მაგრამ სამწუხაროდ, ამის ხმამაღლა თქმის უფლებას თავის თავს ვერ აძლევენ. არა იმიტომ, რომ ეშინიათ, არამედ იმიტომ, რომ მათი ნებისმიერი გამოსვლა, ხელისუფლების მხრიდან, პოლიტიკურ პროცესებში ჩარევად აღიქმება და ძალიან მაღალ რისკებს ქმნის, ამიტომ თავს იკავებენ და მე მათი აბსოლუტურად მესმის.

– წმინდა გიორგის ძეგლის ქვეშ საახალწლო კონცერტიც გაიმართება, ამაზე რა აზრის ხართ?

– წმინდა გიორგის ძეგლი მართლმადიდებლურ ქვეყანაში საერთოდ უნდა იდგეს თუ არა, ეს საკითხავია და მერე ნაძვის ხეზე "წამოაკოსეს" და შემდეგ მის ძირში კონცერტს გამართავენ ხელისუფლების მიმართ ლოიალური მომღერლები, რომელთა ნიჭიერება და მონაცემები სერიოზული კითხვის ნიშნის ქვეშ დგას. ეს კიდევ ცალკე უბდურებაა.

– ბატონო გია, საახალწლო მზადებისთვის წინა წლებთან შედარებით მეტი თანხა იყო საჭირო?

– ვფიქრობ, უფრო მეტი არ დაჯდებოდა, მაგრამ უფრო და უფრო მძიმდება სურათი. ირაციონალიზმი ემატება და უფრო და უფრო პირქუში ხდება. ეს მორთულობა, რაც ქალაქშია, რაღაცნაირად ამხიარულებს ადამიანებს? ვფიქრობ, ფერიც კი, რაღაც არაამქვეყნიურია, ცივია.

– თუმცა, "რუსთავი–2"–ზე გავიდა გადაცემა, სადაც ამ განათების შესახებ მოსახლეობას აზრს ეკითხებოდნენ და ყველას მოსწონდა, თუმცა საზოგადოების ნაწილი ამბობს, რომ ამ თანხით, შესაძლებელი იყო, ერთჯერადი დახმარება გაეწიათ გაჭირვებული ოჯახებისათვის.

– "რუსთავი–2"–ს, ჩვენს სინამდვილეში, თავისი ფუნქცია აქვს, მან თეთრზე უნდა ილაპარაკოს რომ შავია და პირიქით. ეს პროპაგანდისტული მანქანის დამახასიათებელი საუბრებია და "რუსთავი–2"–ის ეს ტონი ჩვენ დიდი ხანია არ გვიკვირს. თავისთავად, ეს თანხები უნდა გადანაწილებულიყო და ყველაზე კარგი საახალწლო საჩუქარი იქნებოდა სოციალურად დაუცველი ადამიანებისთვის, ამ თანხის გადანაწილებით, თუნდაც საახალწლო სუფრისთვის, რაღაც შეეძინათ. გარდა ამისა, ის, რაც დღეს რუსთაველზე ხდება, არანაირად არავის არ ამხიარულებს. იმიტომ, რომ აბსოლუტურად ყველაფერი პირქუშ ფერებშია გადაწყვეტილი, გარკვეულწილად, მე მეშინია კიდეც რომ ვუყურებ იმ ჭაღებს, გადმოკიდებულს რუსთაველზე, რომლების ფერებიც კი არაა ცოცხალი, აბსოლუტურად მკვდარ ფერებშია გადაწყვეტილი. ყოველ შემთხვევაში, მე ასე აღვიქვამ.

– რატომ გადაწყვიტეს, რომ ეს ფერები ყოფილიყო?

– ეს სცილდება ადამიანურ ლოგიკას, ადამიანურ აღქმას, ცოცხალი ადამინის აღქმის ფარგლებს.

– განათებები, ძირითადად, ცენტრალურ გამზირებზე არის და გამორიცხული არაა, გარეუბანში მცხოვრებ ადამიანსაც გაუჩნდეს მისი უბნის განათების სურვილი, საახალწლო განწყობის შექმნა მხოლოდ დედაქალაქის ცენტრში უნდა ხდებოდეს?

– გარეუბანში მცხოვრებ ადამიანს კიდევ ბევრ სხვა რაღაცაზეც სწყდება გული, მაგალითად, იმაზე, რომ შუქი არის, გაზიც არის, მაგრამ გადახდის საშუალება არ აქვს, არ აქვს ღირსეული სამსახურის შოვნის საშუალება და, შესაბამისად, ვერ ხვდება ახალ წელს ისე, როგორც საჭიროა. ბევრი უფრო მნიშვნელოვანი პრობლემა აქვს, ვიდრე იმაზე ფიქრი, რომ რუსთაველი უფრო განათებულია და კარგადაა მორთული, ვიდრე მაგალითად გლდანი. აქვს ყოველდღიური პრობლემები, როგორ გამოკვებოს ოჯახი და ა.შ. ახალი წელიც მაინცდამაინც არ უხარია. საშუალო სტატისტიკური ქართველი დიდი ხანია გაკოტრებულია, ხარჯები ბევრად აჭარბებს მის შემოსავლებს და აქვს ყოველდღიური საზრუნავი იმისა, რა აჭამოს ბავშვებს და როგორ გაათბოს ისინი. ეს არის ის რეალური სინამდვილე, რომელსაც საქართველოს მოსახლეობა ყოველდღიურად აწყდება.

– ბატონო გია, თქვენ აღნიშნეთ, რომ შეიძლებოდა ეს თანხა გაჭირვებული მოსახლეობისთვის გამოეყენებინათ, მაგრამ როცა ყველა ქვეყანაში საახალწლო სამზადისია, რატომ არ შეიძლება საქართველოშიც შევქმნათ ამის განწყობა?

– მე არ ვამბობ, რომ არ უნდა იყოს საახალწლო სამზადისი. ნამდვილად უნდა იყოს და, მათ შორის, საქართველოშიც, მაგრამ ამის გაკეთება შეიძლება ბევრად უფრო მოკრძალებულად, გამომდინარე ქვეყნის რეალური მდგომარეობიდან. შეიძლებოდა ეს ყველაფერი ბევრად უფრო მხიარულად და თბილად გაკეთებულიყო. 2–3 წლის წინ, იმედზე იყო ტელეპროექტი, როდესაც პირდაპირ ეთერში ხდებოდა დასაჩუქრება. მზადდებოდა სიუჟეტები – როგორ ასაჩუქრებდნენ სოციალურად დაუცველებს. იყო იაფი, მაგრამ ბევრად უფრო თბილი და ეფექტური პროექტი, ყველა გაგებით. ბევრ ადამიანში ეს ემოციას იწვევდა და იქვე ჩნდებოდა ახალი ოჯახების დახმარების სურვილი, რითაც პრობლემა გლობალურად ვერ წყდებოდა, მაგრამ ეს იყო სწორი ნაბიჯი და არა ის, რომ ჩვენ ჭაღები გადმოვფინოთ რუსთაველზე, რომელიც ვერავის ათბობს ვერც ფერით, ვერც ესთეტიკურად და ვერც რეალური სითბოს გამოყოფით. მაგრამ არ მიკვირს, რომ ასე ხდება, ჩვენ შეჩვეულები ვართ და მომავალ წელს, დარწმუნებული ვარ, კიდევ უარესი იქნება თუ ქვეყანაში რაღაც რადიკალურად არ შეიცვლება.

– რადიკალურ ცვლილებაში პრეზიდენტის შეცვლას გულისხმობთ?

– არა, მე ვგულისხმობ სისტემურ ცვლილებებს, ამ შემთხვევაში არ ვსაუბრობ პერსონალიებზე. თუ ამ ხელისუფლებას აქვს იმის რესურსი, რომ რადიკალურად შეცვალოს რაღაც ქვეყანაში, მე ამის წინააღმდეგი არ ვიქნები. მე არ მჭირს პიროვნული პრობლემა. საუბარია იმაზე, რომ ქვეყანას სჭირდება სისტემური ცვლილებები და ვინ განახორციელებს ამას, ეს ჩემთვის მეორეხარისხოვანია.

თეა გულედანი



Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

კავშირი ტეგთან: პატრიარქი ილია II
კავშირი ტეგთან: დღეს
დღის სიახლეები
რა მოსწონთ თქვენ მეგობრებს

Alternative content

online