asdas
ცნობილი ადამიანები

Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

ლადო პაპავა: "საქართველოში პური გაძვირდება"
მოსაზრება
ლადო პაპავა: "საქართველოში პური გაძვირდება"

2012-02-18 00:09:17



დამოუკიდებელ ექსპერტთა კლუბის წევრი ლადო პაპავა დარწმუნებულია, რომ 2012 წლის საპარლამენტო არჩევნები გაყალბდება და მთავრობის მიერ წინასაარჩევნოდ პოპულიზმისთვის გაწეული ხარჯები საბოლოოდ ინფლაციასა და ცხოვრების დონის გაძვირებას გამოიწვევს.
ლადო პაპავა ფიქრობს, რომ რუსეთში ხორბლის გაძვირება საქართველოში პურის გაძვირებას გამოიწვევს.
- ძალიან ბევრი ფაქტორი მოქმედებს იმისა, რომ საქართველოში საბანკო პროცენტი გაიზარდოს, - აცხადებს ლადო პაპავა, რომელიც ჩვენთან საუბარში საკმაოდ საინტერესო ეკონომიკურსა და პოლიტიკურ ნიუანსებს ეხება.
გთავაზობთ ინტერვიუს ექსპერტ ლადო პაპავასთან.
- ბატონო ლადო, თქვენ დადებითად შეაფასეთ იუსტიციის სამინისტროში, კერძოდ, სამოქალაქო რეესტრში გატარებული რეფორმები. თუმცა, ფაქტია, რომ მოქალაქეთა აღრიცხვიანობა ისევ სერიოზული პრობლემაა. "პრივატბანკის" თანამშრომლის ინფორმაციით, მომხმარებელი წუხდა, რომ მის ერთოთახიან ბინაზე 139 ადამიანი იყო მიწერილი და წყლის გადასახადიც სულადობის მიხედვით ამდენ ადამიანზე მიუვიდა. თუ წარმატებული რეფორმა განხორციელდა, ასეთი უზუსტობა შეიძლება?
- ეს უკვე პოლიტიკური საკითხია, იმიტომ, რომ აქ არის ადამიანების მიწერები ბინებზე სპეციალურად. აი, რატომ ვამბობ, რომ საქართველოში 2012 წელს სამართლიან არჩევნებს არ უნდა ველოდოთ. სხვა თუ არაფერი, ესეც იმის დასტურია, როდესაც არარსებული სულები სხვადასხვა საცხოვრებელ ადგილებზე არიან მიწერილები. მარტო ამ ერთ მისამართზე არ იქნება მიწერილი, სხვაგანაც იქნება. საბოლოო ჯამში, ეს არის სწორედ ის საფუძველი, რითაც არჩევნები ყალბდება. ეს პოლიტიკური გადაწყვეტილებაა. სხვანაირად ესენი არჩევნებს ვერ მოიგებენ. მე როცა სამოქალაქო რეესტრის წარმატებულობაზე ვლაპარაკობ, მხედველობაში სხვა რამე მაქვს. თითოეული მოქალაქე, იგივე კომუნისტების დროიდან მოყოლებული, ძალიან წვალობდა პასპორტისა და სხვა დოკუმენტაციის აღებაზე. ეს ქრთამთან იყო დაკავშირებული.
- ეს გასაგებია, თუმცა, დღეს, იგივეს იხდიან ადამიანები და ზოგიერთ შემთხვევაში, უფრო მეტსაც, ვიდრე მაშინ ქრთამის სახით.
- სამაგიეროდ, ამ თანხებს ცივილიზებულად ვიხდით. მაშინ ჩუმად უნდა მიგეცათ. თან თანხას იხდი, თუ ცნობის მიღება გეჩქარება. ანუ ცივილიზებული ფორმები გაჩნდა, რაც მისასალმებელია. ასეთი რამ ჩვენს მეზობელ სახელმწიფოებში, სამწუხაროდ, არ არის.
- რატომ ვერ მოწესრიგდა ქვეყანაში მოსახლეობის აღრიცხვიანობის სისტემა, ამაზე ხომ ძალიან დიდი თანხები დაიხარჯა ბიუჯეტიდან?
- რა თქმა უნდა, მხოლოდ პოლიტიკური ინტერესებიდან გამომდინარე.
- გამოდის, პრეზიდენტი სააკაშვილი ცრუობს, როდესაც იუსტიციის სამინისტროს წარმატებულ რეფორმებზე საუბრობს?
- თქვენ ფიქრობთ, რომ მარტო მაგას იტყუება სააკაშვილი?! მარტო ამას არ იტყუება. ეს სტილია სააკაშვილის მართვის. ახლაც, ვაშინგტონში ყოფნის დროს, სულ იძახდა, 35 წლის გავხდი პრეზიდენტიო. ჯერ ერთი, პრეზიდენტი გახდა 36 წლის ასაკში და არა 35 წლის. 35 წლის ასაკში სააკაშვილი პრეზიდენტი ვერც გახდებოდა, იმიტომ, რომ ჩვენი კონსტიტუციით, პრეზიდენტად შეიძლება არჩეულ იქნეს პიროვნება, რომელსაც შეუსრულდება 36 წელი. მაგრამ სააკაშვილმა ობამასთანაც თქვა ამის შესახებ და მერე კიდევ სამ ადგილას. ეს თითქოს არცთუ ისეთი მნიშვნელოვანი ტყუილია, მაგრამ ტყუილი ხომ ითქვა? თანაც, ისეთი ტყუილი, რომელიც საქართველოს კონსტიტუციას ეწინააღმდეგება. ასე რომ, ტყუილები ქართულ პოლიტიკაში მიღებული ფორმაა.
- ბატონო ლადო, "ქართუ ბანკის" ხელმძღვანელი ნოდარ ჯავახიშვილი ფიქრობს, რომ ბანკების საპროცენტო განაკვეთები გაიზრდება.
- ბანკებში საპროცენტო განაკვეთის გაზრდის ბევრი საფუძველი არსებობს. ჯერ ერთი, ევროზონაში კრიზისია. ევროზონაში საპროცენტო განაკვეთები მატულობს. ჩვენი ბანკები, როგორც წესი, სესხულობენ ტრადიციულად ფულს ევროპის ფინანსური ბაზრებიდან და შემდეგ განათავსებენ კრედიტების სახით საქართველოში. წარმოიდგინეთ, თუ იქ საპროცენტო განაკვეთი მატულობს, ბუნებრივია, ჩვენს ბანკებსაც უძვირდებათ. შემდეგ ის დესპოტური მექანიზმები, რომლებიც ეროვნულმა ბანკმა აამოქმედა საბანკო ზედამხედველობასთან დაკავშირებით. ის, როგორი პრობლემებიც ექმნება თითოეულ მოქალაქეს ბანკთან ურთიერთობით, როცა მისი ყველა ნაბიჯი არის აბსოლუტურად დეტალურად გაშიფრული, ბანკებისადმი ნდობას ამცირებს. ანუ ბანკებმა რეალურად სულ უფრო მაღალი საპროცენტო განაკვეთი უნდა შესთავაზონ მოქალაქეებს, რომ დეპოზიტები გახსნან. ბუნებრივია, თუ აწევენ საპროცენტო განაკვეთს დეპოზიტების მოსაზიდად, მაშინ კრედიტებიც გაძვირდება. ასე რომ, იმის ძალიან ბევრი ფაქტორი მოქმედებს, რომ საქართველოში საბანკო პროცენტი გაიზარდოს.
- შესაბამისად, ცხოვრების დონეც გაძვირდება?
- ცხოვრების დონე მარტო ამით არა, სხვა რამითაც ძვირდება. უკვე გაჩნდა ინფორმაცია, რომ ხორბალი ძვირდება. რუსეთში ის უკვე გაძვირდა. სხვა ქვეყნებშიც ხორბლის გაძვირება მოსალოდნელია. ასე რომ, პური გაძვირდება. ხოლო პურის გაძვირება, მეტ-ნაკლებად, სხვა დანარჩენი კვების პროდუქტების გაძვირებაზეც აისახება.
- ანუ საკმაოდ რთული და მძიმე პერიოდი გველოდება.
- რა თქმა უნდა. ამას ემატება ისიც, რომ მთავრობა იძულებული იქნება, 2012 წელს არჩევნების მოსაგებად საკმაოდ დიდი პოპულისტური ხარჯები გასწიოს. თუ ნაციონალები დარჩნენ ხელისუფლებაში, შემდეგ მსგავსი პოპულისტური ხარჯების გაღება მოხდება 2013 წლის არჩევნების მოსაგებად. ამიტომ, ბუნებრივია, ეს ხარჯები გაზრდის ქვეყანაში მოთხოვნას იგივე მიწოდების პირობებში. საბოლოო ჯამში, ადგილი ექნება ფასების ზრდას, ანუ ინფლაციას.
შორენა კოწოწაშვილი


Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

კავშირი ტეგთან: საქართველო
დღის სიახლეები
რა მოსწონთ თქვენ მეგობრებს

Alternative content

online