| ქალი და მამაკაცი |

8 წლის წინ, როდესაც სიტყვა "ბრენდი" ჯერ კიდევ მხოლოდ ალკოჰოლურ სასმელთან ასოცირდებოდა, მანანა გეგიძემ და ელგუჯა მარღიამ პიარ სააგენტო "პროფილი" და "ქართული ბრენდის დღე" შექმნეს. თუ ქართული ბრენდები პირველად მხოლოდ ღვინის ბაზარზე ჩანდნენ, ახლა 35 სფეროს მოიცავენ. მათი რაოდენობა წლიდან წლამდე მატულობს.
2010 წლის ბოლოს, 22 დეკემბერს, "შერატონ მეტეხი პალასში" ქართული ბრენდების "აღლუმი" მერვედ გაიმართება. წელს ცერემონიალზე რეკორდული რაოდენობის ახალი ბრენდების პრეზენტაცია მოხდება. როგორც კვლევებმა აჩვენა, 2010 წელს ქართულ სამომხმარებლო ბაზარზე, წინა წლებთან შედარებით, მეტი ახალი სახელი გამოჩნდა. მათთან ერთად ცერემონიალზე ტრადიციულად დაჯილდოვდება წლის ლიდერი და ნდობა–რეპუტაციის ბრენდები.
სანამ 2010 წლის ფავორიტები დასახელდებიან, მანამდე "სარკე" ამ პროექტის ავტორებს, მანანა გეგიძეს და ელგუჯა მარღიას ესაუბრა.
მანანა გეგიძე:
– 8 წლის წინ პიარ სააგენტო "პროფილი" და "ქართული ბრენდის დღე" თითქმის ერთდროულად დაარსდა. საქართველოში მაშინ სიტყვა "ბრენდი" უმეტესწილად კონიაკთან ასოცირდებოდა. დაჯილდოების პირველ ცერემონიალზე სტუმრებისათვის იმის ახსნაც კი დაგვჭირდა, რომ კონიაკის პრეზენტაციაზე არ მოდიოდნენ. მაშინ ქართულ ბაზარზე ღვინის გარდა სხვა სფეროში სერიოზული ქართული ბრენდები არ არსებობდა. ამიტომაც პირველად მხოლოდ ღვინის კომპანიები დავაჯილდოვეთ და ცერემონიალიც სალონური გამოგვივიდა. 2004 წელს უკვე ქართულ ბიზნეს რუკაზე სხვა სფეროებშიც იმატა ახალმა სახელებმა, მაგრამ სფეროების მიხედვით ქართული ბრენდების დახარისხების შესაძლებლობა უკვე 2005 წელს მოგვეცა.
– რა კრიტერიუმებით აფასებთ ბრენდს?
– ამ რვა წლის განმავლობაში ჩვენთვის ბრენდის შეფასების კრიტერიუმი უცვლელია – ცნობადობა, კომერციული და პიარ სტრატეგიები, მეცენატობა, სოციალური ვალდებულებები და ხარისხი. თუ კომპანია ამ ნიშნებით არ გამოირჩევა, ბუნებრივია, ის ბრენდის სახელსაც ვერ ატარებს. კულტურის სფეროშიც გადავდგით ნაბიჯები და პირველად "ქართული ხმები" დავაჯილდოვეთ, როგორც ქართული კულტურული ბრენდი. ასე დაიწყო ყველაფერი და დღეს უკვე 35 სფეროში ვავლენთ საუკეთესო და ყველაზე სანდო ბრენდებს. შეფასებების დროს გვაქვს ზღვარი, რომელსაც თუ გადალახავს ესა თუ ის კომპანია, მაშინ უკვე დაჯილდოებულთა შორის მოხვდება.
– მხოლოდ ქართულ ბრენდებზე გაქვთ აქცენტი?
– კი, უცხოური ბრენდი შეიძლება მოხვდეს მხარდამჭერთა შორის, მაგრამ დაჯილდოება მხოლოდ ქართულ ბრენდებზეა გათვლილი. ჩვენ ქართულ ბრენდებს ყველა ეტაპზე გვერდით ვუდგავართ. პირველი ნაბიჯების გადადგმაში დიდ სტიმულს ვაძლევთ და ახალ ქართულ ბრენდებს, როგორც ახალ წარმატებულ სახელებს, ვაჯილდოვებთ. შემდეგ, როცა განვითარდებიან და მოიპოვებენ მომხმარებლის ნდობას, შეგვიძლია ამ დროსაც დავუფასოთ ამაგი და ბოლოს, თუ ლიდერები გახდებიან თავიანთ სფეროში, არც ამ შემთხვევაში გამოგვრჩება. მთელი წლის განმავლობაში ფუნქციონირებს ჩვენი ინტერნეტ პორტალი, სადაც თითოეეულ კომპანიას საშუალება აქვს, თვალყური ადევნოს საკუთარ რეიტინგებს. ახალი ბრენდი მხოლოდ მეორე წელს შედის შეფასების სისტემაში. წელს, როგორც არასდროს, ყველაზე მეტი ახალი ქართული სახელები დაფიქსირდა. წლის განმავლობაში მუდმივად ჩნდებოდა სამი–ოთხი ახალი ქართული ბრენდი, 2010 წლის მანძილზე კი ათი ახალი წარმატებული ქართული სახელი დაფიქსირდა. ყველაზე დიდი ბრძოლა ლიდერ კომპანიებშია. რამდენიმე უკვე 6–7 წლის განმავლობაში ინარჩუნებს ლიდერის პოზიციებს.
– ქართულ ბრენდებზე რვაწლიანი დაკვირვება რა დასკვნების გაკეთების საშუალებას გაძლევთ? რა თავისებურებები აქვს ქართულ ბრენდს?
– ამ ბაზარზე მუდმივად ცვალებადი სიტუაციაა. ხშირად ყოფილა შემთხვევა, გამოჩენილა ახალი წარმატებული კომპანია, მაგრამ მოლოდინი არ გამართლებულა და მეორე წელს ბაზრიდან გამქრალა ან უბრალოდ მეტის მიღწევის პრეტენზია აღარ ჰქონია. სამშენებლო სფერო საერთოდ დაიკარგა. არადა რამდენიმე წლის წინ სამშენებლო კომპანიების სახელები ყოველთვის ლიდერობდნენ. სამაგიეროდ ძალიან გააქტიურდა და მეტი წინსვლაა რძის პროდუქტებისა და საკონდიტრო წარმოების კომპანიებში. მოდის კვირეულებმა სამოდელო ბიზნესი ძალიან გამოაცოცხლა, ამიტომ წელს ამ სფეროში ორ ახალ ქართულ ბრენდს დავაჯილდოვებთ.
– "ქართული ბრენდის დღეს" მასმედიაზეც დიდი აქცენტი კეთდება. რა ტენდენციებია ამ მხრივ?
– მასმედიაში უფრო ჩაღრმავებული კვლევები კეთდება ხოლმე. ბევრი სატელევიზიო პროექტი თითქმის თანაბარი რეიტინგებით სარგებლობდა, ამიტომ რთული იყო, მათ შორის საუკეთესოები გამოგვევლინა. მედიაბაზარზე გაჩნდნენ ბრენდები, მაგრამ გარკვეული დროის შემდეგ გაქრნენ. ყოფილა შემთხვევა, როცა ქართულ ბაზარზე გამოჩენილა ჟურნალი, დაგვიჯილდოვებია და შემდეგ გამქრალა. მათი გამოჩენა, ისევე როგორც გაქრობა, გარკვეულ მოვლენებთან იყო დაკავშირებული. მედიაბაზარზე ხშირად იქმნება პროდუქტი, რომელსაც კონკრეტული მიზანი და სათქმელი აქვს. როცა თავის სათქმელს ამბობს, შემდეგ ის ქრება.
– რამდენიმე წელია "სარკე", როგორც ლიდერი ბრენდი, ისე ჯილდოვდება. თქვენ როგორ ახსნით ჩვენი ჟურნალის ლიდერობას?
– "სარკეს" ლიდერის პოზიციები დაარსების დღიდანვე ჰქონდა. რა თქმა უნდა, კონკურენტებიც არსებობენ, მაგრამ ძალიან ბევრი ნიუანსია. მედიაბაზრის კვლევის დროს ბევრ რამეს ვითვალისწინებთ – ტირაჟს, გავრცელების და დაფარვის ზონას. პირადად მინახავს შეგროვებული "სარკეების" ძველი ნომრები დასავლეთ საქართველოს ძნელად მისასვლელ სოფლებშიც კი. მას ბევრ ოჯახში ისევე აგროვებენ, როგორც თავის დროზე "ცისკარს". "სარკის" ნომრებს საზღვარგარეთ მცხოვრებ ქართველებს უგზავნიან და ყველგან კითხულობენ. ლიდერობისთვის კი ეს ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორია.
– წლევანდელი დაჯილდოების ცერემონიალი, რომელიც 22 დეკემბერს გაიმართება, რა სიურპრიზებს გვპირდება?
– სიურპრიზები წელს ნამდვილად იქნება. გარდა იმისა, რომ ცერემონიალზე ყველა კომპანია საკუთარ პროდუქტს წარმოადგენს, იქნება შოუს ელემენტებიც. სტუმრებს ძალიან საინტერესო სიურპრიზები ელოდებათ. "ქართული ბრენდის დღე" უკვე თავადაც ბრენდია და მას ბევრი მხარდამჭერი ჰყავს, პირველ რიგში, საერთაშორისო ორგანიზაციებში. პარტნიორული ურთიერთობა გვაქვს ამერიკის შეერთებული შტატების საზოგადოებასთან ურთიერთობის ასოციაციასთან. წლების მანძილზე ჩვენი პარტნიორია ეკონომიკური განვითარების სამინისტრო და თბილისის მერია. პროექტს უპრეცედენტო საინფორმაციო მხარდაჭერა აქვს. ყველაფერს ვაკეთებთ იმისათვის, რომ წელიწადში ერთხელ ნამდვილი ქართული ბრენდების დღესასწაული შედგეს.
ელგუჯა მარღია:
– ამ პროექტს თავიდანვე ჰქონდა მიზანი, რომ ხელი შეეწყო ქართული ბრენდების განვითარებისთვის. ჩანაფიქრმა გაამართლა და ამ სფეროში დიდი ინტერესი გამოიწვია. "ქართული ბრენდის დღემ" ქართულ კომპანიებში ჯანსაღი კონკურენციის ჩამოყალიბებას შეუწყო ხელი. ერთმანეთის წარმატებებს აღიარებენ და მუშაობენ იმაზე, რომ თავად გახდნენ ლიდერები. ეს უდავოდ ამ პროექტის გამარჯვებაა. არასდროს ყოფილა შემთხვევა, რომ ქართული ბრენდის დაჯილდოებას სკანდალი და კომპანიებს შორის დაპირისპირება მოჰყოლოდა, რადგან ჩვენი შედეგები ზუსტად ასახავს საზოგადოებრივ განწყობას და ბაზარზე რეალურ სურათს.
ავთო ჩიტიძე
|
დღის სიახლეები
24-05-2012
24-05-2012
24-05-2012
|
რა მოსწონთ თქვენ მეგობრებს
|
Alternative content



"ქართუ ბანკის" იურიდიული სამსახურის უფროსმა თანამდებობა დატოვა
საქართველოს ხელისუფლებას ბაყაყების ბიზნესში არ გაუმართლა
მთავრობა გვთავაზობს, ვიყიდოთ ასანთი და მოვიგოთ 1000 ლარი
"აირზენას" ფინანსური პრობლემები აქვს











ბიძინა ივანიშვილი "თელასს" ყიდულობს?
ფეისბუკის ერთი აქციის ღირებულება 38 აშშ დოლარი იქნება
ივანიშვილს თვის ბოლოსთვის რუსეთში ქონება აღარ დარჩება 

ბიძინა ივანიშვილი რუსეთში დეველოპერულ აქტივებს თითქმის მილიარდ დოლარად ყიდის
ბიძინა ივანიშვილის "დოკტორ სტოლეტოვის" სააფთიაქო ქსელი 60-70 მილიონ დოლარად გაიყიდა
ზუგდიდელმა ალექსანდრე ზარქუამ ჩეკების გათამაშებაში 50 ათასი ლარი მოიგო
ბიძინა ივანიშვილმა ბანკი "როსიისკი კრედიტი" 352 მლნ დოლარად გაყიდა
"ჯეოსელი" 5 ათასი ლარით დაჯარიმდა
ყველაზე მდიდარი ქართველები რუსეთში
გიორგი პერტაია - ელექტრონული ზედნადებების წარმოება შესაძლოა, ბეჭდურ გამოცემებზე არ გავრცელდეს
"თელასის" გენერალურ დირექტორად აშოტ მანუკიანი დაინიშნა
ქვითრებით ლატარიაში მონაწილეობის შესახებ გადაწყვეტილება უკვე ძალაშია 







































































































