asdas
ცნობილი ადამიანები

Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

დღეს ირაკლი ჩარკვიანის დაბადების დღეა
მეფე
დღეს ირაკლი ჩარკვიანის დაბადების დღეა

2011-11-19 19:06:41



დღეს, 19 ნოემბერს, ირაკლი ჩარკვიანის დაბადების დღეა. ირაკლი გახლდთ ქართველი მუსიკოსი, პოეტი და წიგნის ავტორი, მოღვაწეობის უკანასკნელ წლებში უფრო მეტად ცნობილი იყო ფსევდონიმით „მეფე“. ირაკლი ჩარკვიანის მუსიკალური მოღვაწეობა დაიწყო 1976 წელს ჯგუფ „არიშთან“ ერთად. მუსიკოსის შემდეგი ჯგუფი იყო ნაკლებად ცნობილი, ინდი ჟანრის კოლექტივი „ტაქსი“, რომელშიც აგრეთვე უკრავდნენ დადა დადიანი, ბიჭიკო ოსიპოვი და კახა კიკაბიძე. 1988 წელს, ალბომ „ტაქსის“ გამოცემის შემდეგ მსმენელებმა დიდი ინტერესი გამოიჩინეს მათი მუსიკის მიმართ. „ტაქსის“ წარმატების პიკი იყო 90-იანების დასაწყისი. ამ პერიოდში ჩატარებული ყველაზე ცნობილი კონცერტებიდან აღსანიშნავია თბილისის ფილარმონიასა და ქუთაისში, ლადო მესხიშვილის სახელობის თეატრში გამართული კონცერტები. ირაკლის მონაწილეობით შემდგარი სხვა პროექტები იყო: ელექტრონულ-ალტერნატიული ჯგუფი Childrens Medicine (საბავშვო მედიცინა) (1991-1992); Daira (1997) - პროექტი, რომელიც ლივერპულში მოქმედებდა და რომელშიც მონაწილეობდნენ ირაკლი და დადა დადიანი. ირაკლის პირველი სოლო-გამოჩენის მაუწყებელი იყო სიმღერა „War is Over". მისი პირველი სოლო-დისკი, Svan Songs ჩაიწერა და გამოიცა 1993 წელს გერმანიაში. ეს მნიშვნელოვანი სოლო-დებიუტი იყო და დღემდე ითვლება 90-იანებში ჩაწერილი ქართულენოვანი ალტერნატიული დისკების ერთ-ერთ მთავარ ნიმუშად. 1994-1995 წლებში ირაკლი მუშაობდა მუსიკაზე კინოფილმისათვის „ორფეოსის სიკვდილი“. 1997 წელს გამოიცა მუსიკოსის მეორე სტუდიური ალბომი „აფრენ“. 1999 წელს გამოჩნდა სიმღერა „საქართველო“, 2000 წელს შემდეგი დამოუკიდებელი სიმღერა - „უსაფრთხოება“. ირაკლის მორიგი სტუდიური დისკი „ამო“ გამოჩნდა 2001 წელს. ეს ალბომი ცნობილია სიმღერებით „სექსი და ორღანი’78“, აგრეთვე გადაიღეს ვიდეოკლიპები ამ და ალბომის სხვა სიმღერებზე. 2004 წელს გამოჩნდა ალბომი „სავსე“, რომელიც დაემთხვა ირაკლის შემოქმედების თაყვანისმცემელთა ახალი ტალღის გამოჩენას. ამ დისკიდან ყველაზე ცნობილი სიმღერებია „ვიცი, რომ აქ ხარ“ და „ნანასი“. ეს პერიოდი აგრეთვე გამოირჩევა ირაკლის შემოქმედებითი აქტიურობით - შინაურ სტუდიაში იგი მუშაობდა ბევრ ახალ სიმღერაზე და პარალელურად საკმაოდ ხშირად იღებდა ახალ ვიდეოკლიპებს საკუთარ სიმღერებზე. აქვე აღსანიშნავია, რომ ამ პერიოდიდან მან საკუთარ ფსევდონიმად „მეფე“ აირჩია. 2006 წლის 25 თებერვალს მუსიკოსი გარდაიცვალა საკუთარ სახლში. მოგვიანებით, 2007 წელს, სპეციალური ალბომი მის ხსოვნას მიუძღვნეს ცნობილმა მუსიკოსებმა: ჯგუფებმა 33ა, მწვანე ოთახმა, Outsider, ვაკის პარკმა, The Young Georgian Lolitaz, ზუმბამ და სხვა შემსრულებლებმა. დისკს „ქაღალდის გემი - Tribute ალბომი" ეწოდება. მოგვიანებით შეგროვდა მუსიკოსის სიცოცხლეში ჩაწერილი უკანასკნელი მუსიკალური მასალა და გამოიცა მისი ბოლო სტუდიური ალბომი „ძირს მეფე!“

Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

კავშირი ტეგთან: ირაკლი ჩარკვიანი
კავშირი ტეგთან: დაბადების დღე
დღის სიახლეები
რა მოსწონთ თქვენ მეგობრებს

Alternative content

online