| ქალი და მამაკაცი |

ბიძინა ივანიშვილის ბიზნესცენტრის ვერანდიდან ისეთი ხედი იშლება, ის, ძალაუნებურად, სააკაშვილს ზემოდან დაჰყურებს. აქედან მთელი თბილისი ხელის გულივით ჩანს. აღსანიშნავია, რომ მიხეილ სააკაშვილის საპრეზიდენტო სასახლე, პოლიტიკაში მოსული ბიზნესმენის შტაბბინასთან შედარებით, მოკრძალებულად გამოიყურება.
სოლოლაკის ფერდობზე ამ გრანდიოზული მშენებლობის დაწყებისას გამოჩნდნენ სკეპტიკოსები, რომლებმაც ივანიშვილის კრიტიკა დაიწყეს, გარემოს შეუსაბამო მშენებლობა წამოიწყოო. ივანიშვილს კარგად ახსოვს და აღნიშნავს ხოლმე, რომ მშენებლობის მოწინააღმდეგეებმა თქვეს, თავზე ტაშტები და ვედროები წამოგვახურაო. თუმცა, ეს 50-მილიონიანი თანამედროვე კონსტრუქცია მაინც დასრულდა და დღეს, საზოგადოების მთელი ყურადღება ამ ერთ დროს დაწუნებული შენობისკენაა მიმართული.
თავად ივანიშვილის თქმით, ეს ნაგებობა მსოფლიო არქიტექტურის ერთ-ერთ საუკეთესო ნიმუშადაა აღიარებული. სხვათა შორის, ამ სასახლის იაპონელმა არქიტექტორმა შინ ტაკამაცუმ საკუთარი ქმნილება ციხე-სიმაგრედ დაახასიათა და ამერიკელი მედიამაგნატის, უილიამ რანდოლფ ჰარსტის კალიფორნიაში აგებულ ციხე-სიმაგრესთანაც გააკეთა ანალოგია. ბიზნესცენტრის ლითონისა და მინის ჰოლში დემიენ ჰერსტისა და როი ლიჰტენშტეინის ნამუშევრები კიდია, შიდა ეზოში კი ზაჰა ჰადიდის, ანიშ კაპურისა და ჰენრი მურის ქანდაკებებია მიმობნეული.
ბიძინა ივანიშვილის პირველ პრესკონფერენციაზე მისულ ჟურნალისტებს სწორედ იმ დარბაზებში გვიმასპინძლეს, სადაც ეს ხელოვნების ნიმუშებია გამოფენილი. ეს არ არის საგამოფენო სივრცე, ძვირადღირებული ხელოვნების ნიმუშები ინტერიერის გასაფორმებლად არის გამოყენებული. ივანიშვილის რეზიდენციაში მიწვეული ჟურნალისტები გამალებით პოზირებდნენ ხელოვნების იმ ნიმუშებთან, რომლებიც თანამედროვე ხელოვნების შედევრებადაა აღიარებული და ძალიან, ძალიან ძვირი ღირს.
ჯერ კიდევ ეზოში, სახლის გვერდით მოწყობილ ე.წ. მწვანე კედელზე ჩვენ ვნახეთ რობერტ ინდიანას ცნობილი სკულპტურა "სიყვარული". სკულპტურამ სახელი მასში ჩადებული იდეის წყალობით გაითქვა. ნამუშევარზე წითელი, ლურჯი და მწვანე ფერებით გამოკვეთილი ნაწილები მთლიანობაში ქმნის ფრაზას - "სიყვარული არის ღმერთი". ამ სკულპტურის ფასი 75.000 დოლარია.
შენობის ეზოს ინგლისელი მოქანდაკის, ჰენრი მურის შექმნილი სკულპტურები ამშვენებს.
ბიზნესცენტრის ეზოში დგას ინდოელი სკულპტორის, ანიშ კაპურის მიერ შექმნილი "ცის სარკეც". ამ მონუმენტის ფასი 900.000 ევროა.
ბიზნესცენტრის შესასვლელში, ფოიეში აქვს ადგილი მიჩენილი დამიენ ჰერსტის ორ ქმნილებას, პეპლებით გაწყობილ ერთგვარ მოზაიკებს, რომლებიც ძალიან ძვირადღირებული და ლამაზია.
ოფიციალური შეხვედრების ოთახის ერთ-ერთი სამშვენისია უძვირფასესი ნახატი. ეს არის პოპკულტურის ამერიკელი წარმომადგენლის, როი ლიხტენშტეინის ცნობილი ქმნილება "ინტერიერი წითელი კედლით", რომელიც 2008 წლის 11 ნოემბერს ნიუ იორკში სოთბის აუქციონზე 7.026.500 დოლარად გაიყიდა. გაურკვეველია, ბიძინა ივანიშვილი იყო თუ არა ის იღბლიანი, ვინც სურათი აუქციონზე შეიძინა. შესაძლოა, მან უკვე შემდგომში იყიდა ეს ნახატი, როდესაც, როგორც თავად ამბობს, საკმაოდ დიდი კედლის გამოცოცხლება დასჭირდა.
ივანიშვილი აღნიშნავს, რომ თანამედროვე ხელოვნებით არის გატაცებული და ამ სფეროში საკმაოდ დიდი ცოდნაც დაუგროვდა. თუმცა, მილიარდერი იმასაც აღიარებს, რომ მის მეუღლეს გაცილებით ბევრი ინფორმაცია აქვს ამ სფეროში. ივანიშვილის თქმით, თანამედროვე ხელოვნება ბევრისათვის ასახსნელად რთულია, თუმცა, როდესაც გაერკვევი, შეუძლებელია, ამან არ გაგიტაცოს. მით უმეტეს, თუკი შესაბამისი ფინანსებიც გაქვს, ხელი რამ უნდა შეგიშალოს?
ივანიშვილის ინტერესის სფეროს წარმოადგენს იმპრესიონისტული ხელოვნებაც, თუმცა, როგორც ირკვევა, იმპრესიონისტების ნამუშევრები, ბევრ სხვა შედევრთან ერთად, მას ლონდონში აქვს გადატანილი. მილიარდერი ქართველებს გრანდიოზულ საჩუქარს გვიმზადებს და ხელოვნების ნიმუშების ბრიტანეთში წაღებაც იმისათვის გახდა საჭირო.
მასა და მის მეუღლეს სურთ, საქართველოში გახსნან უდიდესი მუზეუმი, რომელშიც თანამედროვე ხელოვნება იქნება წარმოდგენილი. ცხადია, ეს ყველაფერი ადგილობრივ მოყვარულებსაც დააინტერესებთ და უცხოელებისთვისაც იქნება მიმზიდველი.
მილიარდერის თქმით, იდეა, რომელიც მას ჰქონდა, საკმაოდ მაღალბიუჯეტიანი გამოდგა, 10 მილიარდამდე იყო საჭირო. ამიტომაც ამ იდეის მცირეოდენი ტრანსფორმაცია გახდა საჭირო. მუზეუმის შესაქმნელად მუშაობა უკვე დაწყებულია, ივანიშვილის კოლექციის გარკვეული ნიმუშები აუქციონებზე გაიყიდება. სამაგიეროდ, ივანიშვილების წყვილი ხელოვნების სხვა ნიმუშებს შეიძენს და საქართველოში ახალ მუზეუმსაც ჩაეყრება საფუძველი.
თუმცა, პრესკონფერენციაზე დასმულ მრავალ კითხვას შორის არც ერთი ყოფილა დაკავშირებული ისეთ თემებთან, როგორიც ხელოვნება და კულტურაა.
რა სახის კითხვები არ დაისვა, ივანიშვილის კანონიერ ქურდებთან კავშირით დაწყებული, მისი ბეღურებისადმი ანტიპათიით დამთავრებული. ივანიშვილს ისიც კი ჰკითხეს, თუ რა დამოკიდებულება აქვს მას რელიგიური და სექსუალური უმცირესობების მიმართ. ბუნებრივია, დაისვა ისეთი სერიოზული საკითხებიც, როგორიც ივანიშვილისათვის მოქალაქეობის ჩამორთმევა და მომავალი არჩევნებია, მაგრამ, როგორც აღვნიშნეთ, ხელოვნებისთვის ამ დღეს არავის ეცალა!
პირველი პრესკონფერენციის დაწყებამდე, ჟურნალისტებმა ივანიშვილის შუშებიან დარბაზში თითქმის ორ საათამდე გავატარეთ და სასურველ რესპონდენტს ველოდით. გაირკვა, რომ ივანიშვილიც მოუთმენლად ელოდა მის დაწყებას. მის მისასალმებელ სიტყვას წინ უძღვოდა მცირედი პაუზა, რა დროსაც ივანიშვილს მღელვარება მართლაც ეტყობოდა. დაახლოებით, ერთი წუთის განმავლობაში რეპორტიორები მას პრესკონფერენციის პირველ ფოტოებს უღებდნენ. მთავარმა რესპონდენტმა როგორც კი ხმა ამოიღო, არ დამალა და გულწრფელად აღიარა, რომ მართლაც ღელავდა. მან აღნიშნა, რომ საჯარო ფიგურა არასდროს ყოფილა, ინტერვიუებსაც კი არ იძლეოდა და ერთბაშად ამდენ ჟურნალისტთან შეხვედრა მისთვისაც ადვილი საქმე არ იყო.
თუ რა მოხდა პრესკონფერენციის დროს, ბევრმა თქვენგანმა, ალბათ, თავად იხილა ან ბევრი წაიკითხა ამის შესახებ. საბოლოოდ კი, ისიც გაირკვა, რომ მალე კიდევ შედგება შეხვედრა ჟურნალისტებთან. იმედია, ეს შეხვედრები მაინც არ ჩაივლის ასეთი სკანდალებითა და ხმაურით.

|
დღის სიახლეები
24-05-2012
24-05-2012
24-05-2012
|
რა მოსწონთ თქვენ მეგობრებს
|
Alternative content



კულინარიული შედევრები
სურათი 80 მილიონად
ლონდონის აუქციონზე ფიროსმანის "მწყემსი" 600 ათას გირვანქა სტერლინგად გაიყიდა
თბილისს პრიმა-ბალერინა ეწვია











ბარ რაფაელს კინოში იღებენ
კოტე მარჯანიშვილის 43 უცნობი წერილი ქართული თეატრის ისტორიას შეცვლის
საუკეთესო გუნდისა და შემსრულებლისთვის საპატრიარქომ 10 ათასი ევროს ოდენობის პრემია დააწესა 

ჯერარდ ბატლერი შტურმით აიღებს ბაღდადს
დუტა სხირტლაძე ნიკა რურუამ თელავის თეატრის მმართველობიდან მოხსნა
არმანი: „შონ პენს შეუძლია, მსოფლიო შეცვალოს"
ემა სტოუნი: "არ მეგონა, თუ რაიან გოსლინგს მოვხიბლავდი"
ჯენიფერ ლოპესი ყველაზე გავლენიანი ცნობილი ადამიანია
"დისკოს დედოფალი" დონა სამერი გარდაიცვალა
ჰიუ გრანტი: "51 წლის ასაკში უფრო გამგები მამაკაცი გავხდი"
ქეთო, კოტე და ურჩი ნათურა
ლუი არმსტრონგის უნიკალური ჩანაწერი დღის სინათლეს იხილავს 






































































































