asdas
ცნობილი ადამიანები

Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

"ქართველებისთვის ხალხური სიმღერა და გალობა ჯვარია"
"შავნაბადას" ნაპოვნი მარგალიტები
"ქართველებისთვის ხალხური სიმღერა და გალობა ჯვარია"

2011-10-20 13:49:29



ქართული ფოლკლორული ანსამბლი "შავნაბადა" მთელი მსოფლიოს მასშტაბით მოგზაურობს და ქართულ საგანძურს უცხო ქვეყნებს აცნობს. იმ ცოდნამ და გამოცდილებამ, რაც მათ ეროვნული კულტურის ფესვებთან შეხებამ მისცა, ანსამბლს უბიძგა, შეექმნა მოკლე შემეცნებითი ხასიათის 16 ფილმი, რომელთა საშუალებითაც მივიწყებულ უნიკალურ ქართულ ტრადიციებს დღის სინათლეზე გამოიტანდნენ და ხალხს დაუბრუნებდნენ. ამ ფილმებში ანსამბლის წევრებს ძვირფასი და დღემდე გაუხმაურებელი საარქივო მასალები აქვთ გამოყენებული. ეს იდეა "შავნაბადას" ხელმძღვანელს, დათო ცირეკიძეს და დანარჩენ წევრებს ოქსფორდში მასტერკლასების ჩატარების დროს გაუჩნდათ. ამის შესახებ ისინი თავად გვიამბობენ.

დათო ცინცაძე:

– ჩვენი ანსამბლი საზღვარგარეთ ხშირად ატარებს კონცერტებსა და მასტერკლასებს. იქ ყოფნისას ვგრძნობდით, რომ საქართველოს კულტურაზე, სიმღერასა და ტრადიციებზე უცხოელებმა არ იცოდნენ. ძალიან გაგვიხარდებოდა, თუ ვინმე გვეტყოდა, ჩვენი სიმღერა როგორ გააგზავნეს კოსმოსში ან იუნესკო–მ როგორ აღიარა ქართული ხალხური სიმღერა პოლიფონიურ შედევრად. ისე, უცხოელებს რა უნდა მოვთხოვოთ, როდესაც ჩვენთან, საქართველოშიც, ბევრმა არ იცის ისეთი საკითხები, როგორიცაა ღვინისა და "მრავალჟამიერის" ურთიერთობა. საქართველოს იმ კუთხეში, სადაც ვაზი არ მოდის, "მრავალჟამიერი" არ შეუქმნიათ... ძალიან ბევრი რამაა, რაზეც გვსმენია, მაგრამ გაცნობიერებული არ გვაქვს. ამიტომაც გადავწყვიტეთ, სამეცნიერო საკითხები პოპულარული ენით მოგვეყოლა, თითოეულ საკითხზე, რაც კულტურას, ტრადიციას და სიმღერას ეხება, გაგვეკეთებინა თითო პატარა ფილმი.

ეს იქნება "დისქავერის" ფორმატის ფილმები, სადაც ერთ კონკრეტულ საკითხს იკვლევენ და ადასტურებენ. სულ 16 თემა ავიღეთ, რომლებზეც სათითაოდ 16 წუთიანი ფილმები კეთდება. ამ პროექტს ჰქვია "ანსამბლი "შავნაბადა" და ბანკი "კონსტანტა" წარმოგიდგენთ". ფილმები იქნება ატვირთული "ფეისბუქზე", შემდეგ გავა საპატრიარქოს არხზე და დაიგზავნება ყველა ქვეყნის მუსიკალურ ცენტრში, მათ შორის – ოქსფორდსა და კემბრიჯში. ამ ეტაპისათვის 9 ფილმია გადაღებული. პირველი იქნება "ღვინო და "მრავალჟამიერი", ბოლო – "ქართული მუსიკალური რუკა". ფილმი მთავრდება პატრიარქის სიტყვებით, რომ ქართველებისთვის ხალხური სიმღერა და გალობა არის ჯვარი, სიმღერა – ჰორიზონტალური ბოძი ჯვრისა, რომელიც ხალხშია განფენილი და გალობა – ვერტიკალური, ანუ ღვთისაკენ მიმართული სვეტი, რომ გალობის ხმა ღმერთამდე მივიდეს.

– ფილმზე მუშაობისას რა აღმოჩენები გააკეთეთ პირადად თქვენთვისაც და ფართო საზოგადოებისთვისაც?

მიშა ჯავახიშვილი: პირველ ფილმში ნათქვამია, "ჩაკრულო" კოსმოსში რომ გაიგზავნა. თითქოს ეს ყველამ იცის, მაგრამ მის გარშემო საინტერესო აღმოჩენები გავაკეთეთ. პირველი კითხვა, რომელიც ადამიანს უჩნდება, ისაა, თუ როგორ გაიგზავნა "ჩაკრულო" კოსმოსში. მოვიძიეთ დოკუმენტალური მასალა, რომელიც აქამდე არავის უნახავს. აღმოჩნდა, რომ 1977 წელს ნასას პროგრამით მომზადდა კოსმოსური ხომალდი, "ვოიაჟ 2", რომლის მისიაც იყო, დედამიწიდან კოსმოსში წაეღო ჩვენი პლანეტის ბუნებრივი ხმები – მისალმება 55 ენაზე და მსოფლიო მუსიკა. აქამდე ვიცოდით, რომ კოსმოსში ქართული "გამარჯობაც" გაჟღერდა, მაგრამ ნასას ოფიციალურ მასალებში ეს არ არის. სამაგიეროდ, მსოფლიო მუსიკაში "ჩაკრულო" მეთორმეტე ადგილზეა, თუმცა გაგზავნილია, როგორც საბჭოთა ხალხური სიმღერა. ამიტომაც მისალმებაც რუსულ ენაზეა.

სანამ კოსმოსში გასაგზავნი მუსიკალური ნაწარმოებები შეიკრიბებოდა, შეიქმნა სპეციალური ჯგუფი და დაიწყეს მუშაობა. თავიდან სურდათ, რომ საბჭოთა კავშირის სახელით კოსმოსში "პოდმოსკოვიე ვეჩერა" წასულიყო, მაგრამ, საბედნიეროდ, ამ პროექტში იყო ჩართული ამერიკელი ფოლკორისტი, რომელსაც ხელთ ჩაუვარდა "ჩაკრულოს" ჩანაწერი და მან გამოთქვა სურვილი, რომ სწორედ ის გაეგზავნათ კოსმოსში. იმის გამო, რომ სიმღერის ხანგრძლივობა 5 წუთზე ნაკლები უნდა ყოფილიყო, შემოკლება გახდა საჭირო. ბევრი ვერსია არსებობდა, თუ ვინ ასრულებდა ამ სიმღერას, ოფიციალურ დოკუმენტებში კი მითითებულია, რომ "ჩაკრულოს" მღერიან როსტომ საღინაშვილი და ილია ზაქაიძე.

– თქვენი კვლევებით, "მრავალჟამიერის" შესახებ ახალს რას ამბობთ?

დათო ცინცაძე: "მრავალჟამიერი" და ღვინო" ყველაზე ღრმა და საფუძვლიანი ფილმი გამოვიდა. ფილმის დასრულების შემდეგ ხვდები, თუ რატომ აქვს "მრავალჟამიერს" ურთიერთობა ღვინოსთან. ფილმში საუბრობენ მერაბ კოკოჩაშვილი, ანზორ ერქომაიშვილი, მეღვინე ლევან ფრუიძე, მამა არჩილი, რომელიც ამბობს, რომ, ისტორიული წყაროების მიხედვით, მე–11 საუკუნემდე ქართულ ეკლესიაში წირვის დროს არასწორად აზავებდნენ ბარძიმში ზიარებისათვის საჭირო ღვინოს. როდესაც მსოფლიო პატრიარქმა იკითხა, თუ რატომ არ სრულდებოდა ქართულ ეკლესიაში ეს წესი ისე, როგორც საჭირო იყო, ქართველებმა უპასუხეს – ღვინო ჩვენი წმინდა კულტურაა და მას წყლის შერევას ვერ ვაკადრებთო. საბოლოოდ ყველაფერი ისე შეიცვალა, როგორც საჭირო იყო.

რაჭაში არქეოლოგიური აღმოჩენებით დასტურდება, რომ ხორბალი საქართველოში უძველესი დროიდან არსებობდა. ნაპოვნია ქოთანი, რომლის ფსკერის გამოკვლევებით დადგინდა, რომ ამ ჭურჭელში არსებული ღვინის ნალექი ჩვენ წელთაღრიცხვამდე 60 საუკუნით ადრინდელია. რელიგიური რიტუალისთვის მნიშვნელოვანი ღვინო და პური საქართველოდან მოდის. ფილმის ბოლოს ანზორ ერქომაიშვილი ამბობს, არც ერთი კომპოზიტორის მიერ შექმნილი "მრავალჟამიერი" არ ამაღლებულა იმ დონემდე, როგორც ეს ხალხური "მრავალჟამიერის" შემთხვევაშია. ყველაზე მეტი, 77 ჯიშის ყურძენი მოდის კახეთში და ყველაზე მეტი "მრავალჟამიერიც" სწორედ ამ კუთხეშია. ლონდონის არქივში დაცულია 1913 წელს ჩაწერილი "მრავალჟამიერი", რომელსაც ზაქარია ფალიაშვილის სიტყვებიც მოჰყვება – "ორი–სამი ჭიქა ღვინის გადაკვრის შემდეგ დაიწყეს სიმღერა, მაგრამ რა სიმღერა! მე ასეთი შესრულებული სიმღერა არ მინახავს".

მიშა ჯავახიშივლი: ერთი ფილმი მთლიანად ქართულ ქორეოგრაფიას ეძღვნება. ჩვენ წინაპრები, როდესაც ნადირობიდან, თევზაობიდან ბრუნდებოდნენ, ერთმანეთს მოძრაობით უყვებოდნენ, ვინ რა მოინადირა და რა გადახდა თავს. "ხორუმი" ქართულ ქორეოგრაფიაში ერთ–ერთი ყველაზე ძველი ცეკვაა. სტრაბონის წყაროებიდან ვიგებთ, რომ ქართველები მწყობრში დადგებოდნენ, ერთი მათგანი შეძახილით მიაბიჯებდა და დანარჩენები მწკრივად მიჰყვებოდნენ. ჩვენს წელთაღრიცხვამდე მეორე საუკუნეში თრიალეთის მთაზე გამოსახულია მონადირეთა ფერხული. თუ ამ ნახატებს ავამოძრავებთ, თვალნათლივ დავინახავთ, რომ ის ერთგვარი "ხორუმია".

– კიდევ რომელ ტრადიციებს ეხებით თქვენი ფილმებით?

დათო: ქართული სუფრის ტრადიციას. განსხვავებული სასმისი ბარძიმის სიმბოლოა. ფილმში მამა კახაბერი ყვება, რომ ძველად ქართველები სუფრაზე განსხვავებულ სასმისს ისე სვამდნენ, ერთმანეთს უტოვებდნენ, როგორც ზიარების დროს. აღმოსავლეთის მთიან რეგიონებში ასეთი ტრადიცია იყო: ქართველი კაცი განსხვავებული სასმისის წინ იჩოქებდა, ხელებს უკან ილაგებდა და ისე სვამდა, ანუ ზიარების მსგავსად, სასმისს ხელით არ ეხებოდა. ეს ამბები ფილმში ბევრად საინტერესოდ არის გადმოცემული. მათი ნახვისას ადამიანები აუცილებლად დაფიქრდებიან და მათი აზროვნება მნიშვნელოვნად შეიცვლება.

Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

კავშირი ტეგთან: სიმღერა
დღის სიახლეები
რა მოსწონთ თქვენ მეგობრებს

Alternative content

online