asdas
ცნობილი ადამიანები

Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

კაკი ჭანკურიძე: "უბანში პატარძალას მეძახიან"
კაკი ჭანკურიძე: "უბანში პატარძალას მეძახიან"

2011-07-18 14:50:19



ტელეეკრანზე ცოტა ხნის წინ გამოჩნდნენ, თუმცა, უკვე საკმაოდ ბევრი ადამიანი აალაპარაკეს შოუზე, რომელიც "თქვენია". ამბობენ, რომ კომედიური შოუს მსახიობობა მათთვის ჰობია, რომელსაც შემოსავალი მოაქვს. სურთ, რომ ქართველი მაყურებელი კარგ იუმორს მიაჩვიონ და აღებული პასუხისმგებლობა პირნათლად შეასრულონ. ჩვენი ინტერვიუდან გაიგებთ, როგორ ქმნიან კვების ტექნოლოგი, ორი იურისტი და მსახიობი "თქვენს შოუს".
– სანამ "თქვენი შოუს" მსახიობები გახდებოდით, რა გზა გაიარეთ?
კაკი ჭანკურიძე:
– ყველა სხვადასხვა გზით მოვედით აქამდე. მე თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მხიარულთა და საზრიანთა კლუბიდან დავიწყე ამ სფეროში ნაბიჯების გადადგმა. მათთან ერთად გამოვდიოდი სცენაზე. მერე ბათუმის მუსიკალური ფესტივალის გამარჯვებულები და საქართველოს ჩემპიონები გავხდით. ჩემპიონატის შემდეგ, გიორგი აფციაურმა მიგვიწვია "სხვა კონცერტზე" და მერე უკვე "რუსთავი 2"–ში დავიწყეთ მომზადება. გარკვეული პერიოდი გვამოწმებდნენ და გვამზადებდნენ შოუსთვის.
ნიკა სადრაძე:
– მე და თორნიკემაც იგივენაირად დავიწყეთ. ერთადერთი განსხვავება ის არის ჩვენსა და კაკის შორის, რომ ეგ მოიწვიეს ჩვენი სასწავლებლის გუნდში, ჩვენ კი ჩვენით დავიწყეთ.
გიორგი მარშანია:
– წლების წინ, ღრმა ბავშვობაში, იყო ასეთი სერიალი "მუსკულები". ამ სერიალის სცენარს ვწერდი. ამ სერიალზე მუშაობისას ალეკო მალხაზიშვილი გავიცანი, რომელთანაც დროდადრო ვთანამშრომლობდით ხოლმე. ასე გავიცანი გიორგი აფციაურიც, რომლის სადიპლომო ნამუშევარში "სხვა კონცერტი" ვიღებდი მონაწილეობას ბიჭებთან ერთად და დღეს ერთად ვქმნით "თქვენს შოუს".
– ყველა სტუდენტი ხართ?
გიორგი მარშანია:
– მე თეატრალური დავამთავრე. პარალელურად სხვადასხვა ადგილას ვმუშაობდი, თუმცა, ასეთ შოუში პირველად ვმონაწილეობ.
კაკი ჭანკურიძე:
– მე ჯერ არ დამიმთავრებია უნივერსიტეტი, კვების პროდუქტების ტექნოლოგი ვარ, აგრარული უნივერსიტეტის სტუდენტი ვარ.
ნიკა სადრაძე:
– ბაკალავრიატი და მაგისტრატურის პირველი კურსი უკვე დავამთავრე, პროფესიით იურისტი ვარ.
თორნიკე პარუნაშვილი:
– მეც, ისევე, როგორც ნიკამ, უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის ბაკალავრიატი დავამთავრე და "ალმა მატერის" მაგისტრატურაში ვაბარებ.
– სცენარს თქვენით წერთ თუ კონკრეტული პირი მუშაობს ამაზე?
კაკი ჭანკურიძე:
– ვისაც რა შეგვიძლია, იმას ვაკეთებთ. სცენარს ყველა ვწერთ. ერთი კონკრეტული ადამიანი არ წერს ჩვენთვის ტექსტს, ამაზე "კომედი" და "თქვენი შოუს" ხალხი ერთად ვმუშაობთ.
– გიორგი მსახიობია, მაგრამ თქვენთვის შოუში მონაწილეობა გარკვეულ რისკთან არ იყო დაკავშირებული?
ნიკა:
– რატომ? ამერიკაში, ბევრი წარმატებული ადამიანი, პოლიტიკური ფიგურა ყოფილა მსახიობი. არსებობს პროფესია და არსებობს ჰობი. ის, რასაც დღეს "თქვენს შოუში" ვაკეთებ, ჩემი ჰობია. ჰობი, რომელსაც შემოსავალი მოაქვს ჩემთვის.
– მომავალში რამდენად წარმოგიდგენიათ შოუში თქვენი თავი?
გიორგი მარშანია:
– მინდა, რომ საქართველოში იუმორისტული გადაცემები განვითარდეს, ხალხი კარგ იუმორს მიეჩვიოს. მეც მივიღებ მონაწილეობას შოუში.
თორნიკე:
– კი, მეც წარმომიდგენია, რადგან ამის სურვილი მაქვს.
– ანუ, ამ გზას გაჰყვებით. მაგისტრატურაში რატომ გადაწყვიტეთ ჩაბარება?
– მშობლებს გაუხარდებათ.
– უდავოა, რომ პოპულარულები ხართ, ალბათ, გცნობენ ქუჩაში.
ნიკა:
– ემოციას უფრო მეტად ბავშვები გამოხატავენ, თორემ ქართველები ისეთები ვართ, სიამაყის გამო სასიამოვნო სიტყვებს არავინ გეტყვის.
თორნიკე პარუნაშვილი:
– მე ავტობუსში მცნობენ ხოლმე, ამოდიან და "თქვენი ბილეთები, თუ შეიძლება"–ო, მეუბნებიან, მერე ტრანსპორტიდან ჩავყავარ და ავტოგრაფსაც მართმევენ.
კაკი ჭანკურიძე:
– მევალეები გვცნობენ.
– ოჯახში როგორ შეხვდნენ თქვენს წარმატებას?
თორნიკე:
– კარგად. ჩვენ შევიცვალეთ. სახლში დღე რომ მივიდე, ვეღარ ვიცნობ, იმდენად მივეჩვიე საღამოს მისვლას. კვირა დღესაც ვერ ვჩერდები ხოლმე, იმდენად ვარ იმას მიჩვეული, რომ დღე სახლში არ უნდა ვიყო.
ნიკა:
– ჰო, ისე იცის სამსახურმა შეჩვევა, ერთელ თუ ჩაჯექი რეჟიმში. თან, როცა იმას აკეთებ, რაც გსიამოვნებს, არაფერი სჯობს. მართალია, ძალიან ვიღლებით, მაგრამ ესეც კარგია.
– კაკი, პირველი იყავით "თქვენს შოუში", ვინც საქორწილო კაბა ჩაიცვა. ყველანაირ როლს შეასრულებთ?
– მეტი რაღა უნდა შევასრულო, უბანში პატარძალას მეძახიან. ეს ხუმრობით და ისე, ჩემთვის ეს არ არის პრობლემა. თუ ამ სფეროში ხარ და იუმორისტული შოუს მსახიობი თუ გქვია, ნებისმიერი როლი უნდა შეასრულო, არ უნდა გერიდებოდეს რამის გაკეთება. კომპლექსი არ უნდა გაწუხებდეს, მე ასე ვფიქრობ და ამიტომაც დავთანხმდი პატარძლის კაბის მორგებას.
ნიკა:
– არის რაღაცები, რაც ამ ეტაპზე შეიძლება ვერ გააკეთო, რადგან ახალი ხარ. მაგრამ დრო გავა, უფრო მეტად შეეჩვევი სიტუაციას და არავინ იცის, რა როლს მოირგებ.
– სცენაზე თამაში გირჩევნიათ, თუ შოუს ფორმატი უფრო მოგწონთ?
თორნიკე:
– თავიდან შოუს სიტუაცია გვეუცხოებოდა. აქ უფრო სტუდიური სიტუაციაა. სხვა კონცერტზეც იყო კამერები, მაგრამ არც გვახსოვდა, რომ გვიღებდნენ, რადგან მაინც სცენაზე ვთამაშობდით.
კაკი:
– ორივეს სხვადასხვანაირი ხიბლი აქვს. კამერებთან მუშაობასაც ადვილად შევეწყვეთ. ვცდილობთ, ყველაფერი ისე შევასრულოთ, რომ რამდენიმე დუბლის ჩაწერა არ დაგვჭირდეს.
– ხშირია შემთხვევა, როცა არ ხართ კმაყოფილი საკუთარი თამაშით?
თორნიკე:
– საწყის ეტაპზე მე გმირის ხასიათში შესვლა მიჭირდა, ერთ ტემბრზე ვლაპარაკობდი, მაგრამ ნელ–ნელა მივეჩვიე. მსგავსი რაღაცები ახლა აღარ ხდება.
– "კომედი შოუს" მსახიობები მათი საქმის გამგრძელებლებად გთვლიან. თქვენ თუ ხართ მზად პასუხისმგებლობის ასაღებად?
ნიკა:
– მე უკვე იმაზე ვფიქრობ, ჩვენს ხაზს ვინ გააგრძელებს.
კაკი:
– ჩვენ ჯერ კიდევ გვჭირდება გაზრდა. ბევრი რამე უნდა ვისწავლოთ იმისთვის, რომ, თუნდაც, მათ დონემდე მივიდეთ.
გიორგი:
– პასუხისმგებლობა უკვე აღებული გვაქვს, ახლა, მუშაობაა საჭირო.
– თვითონ როგორ გიყურებენ ბიჭები, როგორც დამწყებ მსახიობებს, თუ როგორც კოლეგებს?
კაკი:
– როგორც კოლეგებს. ისინი რომ არა, ძალიან გაგვიჭირდებოდა.
გიორგი:
– ძალიან გვეხმარებიან. ოთო, ვართე და გიორგი აფციაური განსაკუთრებით. მთელი გუნდია ჩართული იმაში, რომ ყველამ რაღაც ვისწავლოთ.
– ბიჭებო, სცენაზე ვინმეს ბაძავთ?
თორნიკე:
– გმირი, რომელიც მე ძალიან მიყვარს, ჯიმ ქერია. ძალიან მიყვარს მარტინ ლოურენსიც.
– არაქართველ პუბლიკასთანაც წარმდგარხართ?
თორნიკე:
– კი, ბაკურიანში ვიყავით ერთ–ერთ კონცერტზე წასულები.
კაკი:
– მე და თორნიკე კონცერტის წამყვანები ვიყავით. ოღონდ სცენაზე გასვლამდე ერთი საათით ადრე გავიგეთ, რომ არაქართულენოვანი მაყურებელი გვეყოლებოდა. დაწერილი პროგრამის რუსულად გადაკეთება ერთ საათში მოგვიწია.
– ამბობენ, რომ ნელ–ნელა არაქართულ იუმორს აჩვევთ ხალხს.
კაკი:
– ასე არ არის, მაგრამ, ვფიქრობ, რომ შეიძლება უკეთესიც იყოს, თუ საზოგადოებას ე.წ. ამერიკულ ან ინგლისურ იუმორს მივაწვდით.
– რატომ?
– იქ მეტი შესაძლებლობებია.
გიორგი:
– მე მჯერა, რომ ცოტა ხანში ქართული იუმორიც მივა იმ დონეზე, რომელზეც კაკი საუბრობდა. მაყურებელიც იქნება ამისთვის მზად და ისიც, ვინც ამას გააკეთებს.
თეონა მჭედლიძე, ჟურნალი გუმბათი. N 29


Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

სიახლეები
დღის სიახლეები
რა მოსწონთ თქვენ მეგობრებს

Alternative content

online