| ქალი და მამაკაცი |

პოპულარული პოლიტიკური ჟურნალისტი ეკა ბერიძე, სანამ მილიარდერ ბიძინა ივანიშვილთან სატელევიზიო ინტერვიუს ჩაწერდა, მას სახლში ეწვია, მისივე მიპატიჟებით, რა თქმა უნდა. ჟურნალისტმა და რესპონდენტმა დიდხანს და ბევრ თემაზე ისაუბრეს და ეკამ გადაწყვიტა, მილიარდერი თავის გადაცემა "პირდაპირ საუბარში" განსხვავებული კუთხით ჩაეწერა, ეჩვენებინა მისი სახე ისეთი, როგორიც მაყურებლისთვის აქამდე უცნობი იყო. ინტერვიუმ და ბიძინას საუბრებმა ფსიქოანალიზზე არაერთგვაროვანი რეაქცია გამოიწვია, ზოგს გაუკვირდა, ზოგმა ქილიკი დაიწყო... მაგრამ შედეგი, რომელიც ამ ინტერვიუს მეორე დღეს მოჰყვა, მართლაც გამაოგნებელი იყო. "მაესტროს" შენობაში დილაადრიან მისული ეროსი კიწმარიშვილი – ტელეკომპანიის მართვის კომპანიის ხელმძღვანელი, ღობეზე გადაძვრა, შენობა დაიკავა და ტელეარხის მუშაობა დაბლოკა.
"სარკე" ტელეჟურნალისტ ეკა ბერიძეს ესაუბრა, რომლის "ნამუშევარიც", პირდაპირ თუ ირიბად, ამ ალიაქოთის მიზეზი გახდა.
– ეკა, თქვენმა ინტერვიუმ ბიძინა ივანიშვილთან აზრთა სხვადასხვაობა გამოიწვია და ზოგისთვის საქილიკო თემადაც იქცა. ასეთი კუთხით მისი წარმოჩენა წინასწარ იყო გათვლილი თუ ყველაფერი სპონტანურად მოხდა?
– ამბობდნენ, რომ მე რაღაცნაირად გავედი ჩემი ფორმატიდან. ამას თავისი ახსნა აქვს. ივანიშვილის გამოჩენის დღიდან მინდოდა, ის ჩემი გადაცემის სტუმარი ყოფილიყო. მსურდა, ეს ჩვეულებრივ ფორმატში მომხდარიყო, სტუდიაში მოსულიყო და არ ჩამეწერა წინასწარ ან ჩართვა არ გამეკეთებინა. მისმა პრესსამდივნომ მას შემახვედრა და ძალიან ბევრ თემაზე ვისაუბრეთ. ეს იყო ეთერამდე – მივედი მასთან თხოვნით, რომ ჩემი სტუმარი გამხდარიყო. როცა ვსაუბრობდით, დავინახე, რომ ის გაცილებით ღრმა და საინტერესო პოლიტიკოსია, ვიდრე სხვები. ჩვეულებრივი პოლიტიკოსის ჩარჩოებში არ ჯდება და, შესაბამისად, ჩემი ინტერვიუ ვერ იქნებოდა ისეთი, როგორიც ჩვეულებრივ პოლიტიკოსთან. ამ ადამიანის ცოტა სხვა კუთხით გახსნა მოვინდომე.
რა თქმა უნდა, მასთან მქონდა პოლიტიკური შეკითხვებიც, მაგალითად, დავუსვი კითხვა – თქვენ წინაშე რომ დადგეს ალტერნატივა, ან ნატო–ში გაწევრიანება, ან აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დაბრუნება, როგორ არჩევანს გააკეთებდით–მეთქი. ეს არ არის ადვილი შეკითხვა და საკმაოდ ღირსეული პასუხი გამცა, რომ თუ ხელისუფლებაში მოვა, მოვლენებს ისე არ განავითარებს, რომ ეს ორი საკითხი ერთმანეთის ალტერნატივა გახდეს.
რადიო "თავისუფლების" დღიურებში ივანიშვილმა თქვა, რომ წიგნის დაწერას აპირებდა. როცა მასთან მივედი, ვკითხე, პოლიტიკაში რომ არ მოსულიყავით, რა გეგმები გქონდათ–მეთქი. მაშინ დაიწყო საუბარი იმაზე, რომ მისთვის მნიშვნელოვანია კაცობრიობის ფსიქიკური პრობლემები და აუცილებელია რესურსების იქითკენ მიმართვა, რომ ადამიანი ბავშვობიდან სწორად განვითარდეს. ის ძალიან კეთილშობილური საქმისთვის აპირებდა თავისი როგორც ინტელექტუალური, ისე ფინანსური რესურსის დახარჯვას. ამაზე ისაუბრა გადაცემის ბოლო 15 წუთი და სწორედ ეს იყო ყველაზე რეზონანსული.
ეროსი კიწმარიშვილმა თქვა, ჩავთვალე, რომ ეს ბიძინა ივანიშვილის ყველაზე ცუდი პიარი იყოო. მე არავის "პიარშიკად" არ ვმუშაობ! ჟურნალისტი ვარ და ჩემს რესპონდენტს იმ საკითხებზე ველაპარაკები, რაც საინტერესოდ მიმაჩნია. იმ ბოლო 15 წუთს ნაციონალური არხები აქტიურად ატრიალებდნენ იმ კონტექსტში, როგორც მათ სურდათ, რაც იმას ნიშნავს, რომ სწორედ ამან გამოიწვია ყველაზე მეტი ეფექტი. არ ვიცი, ეროსი კიწმარიშვილი რომელი საუკუნის პიარტექნოლოგიით ხელმძღვანელობდა, როცა ამას ამბობდა.
– ივანიშვილთან პირადი შეხვედრის დროს კიდევ რაზე ისაუბრეთ?
– ყველა იმ თემაზე, რაც ჩემთვის საინტერესო იყო, დაწყებული პოლიტიკური შეხედულებებიდან, ბიზნესგამოცდილებით დამთავრებული. ვწუხვარ, რომ იმ ადამიანების გარდა, ვინც ეკონომიკასა და ბიზნესში ერკვევა, ეს საკითხები გაუგებარი დარჩა. მაგალითად, მან საკმაოდ საინტერესო გადაწყვეტილება მიიღო რუსეთში. რამდენჯერმე ყოფილა შემთხვევა, როცა მან რომელიღაც საწარმოს აქციები იყიდა, მაგრამ დაინახა, რომ უკანონობასთან ჰქონდა საქმე, არ დაინანა და ეს აქციები უკან ჩააბარა. ანუ ფინანსური დანაკარგი მხოლოდ იმიტომ განიცადა, რომ ყოველთვის ცდილობდა, გვერდი აევლო უკანონობისთვის.
ეს მსოფლიოს ერთ–ერთი წამყვანი მილიარდერია და როგორ წარმოგიდგენიათ, რომ მასთან მელაპარაკა მხოლოდ ამ წუთისთვის აქტუალურ პოლიტიკურ თემებზე?! თუ ვინმეს რამეზე ქილიკი უნდა, რაზეც უნდა მელაპარაკა, მაინც გააქილიკებდნენ და ამიტომ არ მაქვს ამის კომპლექსი.
ივანიშვილს საკმაოდ მწვავე შეკითხვაც დავუსვი. ადრე ის მათ აკრიტიკებდა, ვინც პოლიტიკური მიზნებისთვის ეწეოდა ქველმოქმედებას. დღეს ის პოლიტიკაშია და ვკითხე, გააგრძელებთ თუ არა ქველმოქმედებას–მეთქი. მისთვის ამ კითხვაზე პასუხის გაცემა არც ისე ადვილი იყო, რადგან ჯერ, როგორც ჩანს, მართლა არ იცის, როგორ მოიქცევა. შეგუებულია იმას, რომ მის მიმართ კრიტიკა წამოვა. მის პრინციპებს ეწინააღმდეგება, გააგრძელოს ქველმოქმედება, მაგრამ ალბათ ისე მოიქცევა, რომ კანონი არ დაარღვიოს. ნინო ბურჯანაძესთან, ირაკლი ალასანიასთან თუ სხვებთან სხვა სახის მწვავე შეკითხვები არსებობს და ივანიშვილთან – სხვა. როცა მას უკვე ექნება პოლიტიკური ბეგრაუნდი, სწორედ იმ თემებზე დაველაპარაკები, რა საკითხებშიც შეცდომას დაუშვებს ან არ დაუშვებს. ჯერჯერობით, გარდა იმისა, რომ განაცხადი გააკეთა და პარტნიორები აარჩია, სხვა პოლიტიკური ნაბიჯი არ გადაუდგამს და ნამდვილად ვერ ვკითხავდი, ბეღურები რატომ არ გიყვარს–მეთქი.
პირად საუბარში ივანიშვილმა მითხრა, რომ ძალიან უყვარს სპორტი; რომ კარგად დგას თხილამურზე. მეც მიყვარს თხილამურებით სრიალი. ეს იყო ჩვეულებრივი საუბარი ადამიანთან, რომელსაც საინტერესო ბიოგრაფია აქვს. ურთიერთობაში კი ძალიან უბრალოა. ჩვენი ამ შეხვედრიდან ინტერვიუმდე საკმაო ხანი იყო გასული და რა დასკვნებიც გავაკეთე და რაც საინტერესო იქნებოდა საზოგადოებისთვის, ის ჩავდე ჩემს კითხვებში. პოლიტიკა და გაცნობითი ხასიათის შეკითხვები შევთავაზე. ეს იყო ამ ადამიანის პირველი გასვლითი ინტერვიუ – რითი სუნთქავს, რა ინტერესები აქვს, რაზე ფიქრობს... მინდოდა, საზოგადოებას მისი პორტრეტი ენახა.
– მასთან სტუმრობისას მისი ცოლიც გაიცანით?
– არა, მხოლოდ ბიძინა ივანიშვილი გავიცანი. ის ყოველთვის ლაპარაკობს თავის ოჯახზე. ჩემთანაც არაერთხელ ახსენა მეუღლე დიდი სიყვარულითა და პატივისცემით. ისიც ჩანს, რომ მის შეხედულებებს ანგარიშს უწევს. ინტერვიუს შემდეგ, როცა სტუდიიდან გადიოდა, თქვა, რომ ძალიან აინტერესებდა, ამ გადაცემის შესახებ მეუღლე რას ეტყოდა.
– მგონი, ერთადერთი ჟურნალისტი იყავით, რომლის მიმართაც სიმპათია გამოხატა.
– ეს ძალიან სასიამოვნო და სრულიად მოულოდნელი იყო, რადგან ამ ადამიანთან მანამდე არანაირი შეხება არ მქონია. ვერც წარმოვიდგენდი, ასე თუ ადევნებდა თვალს ტელეკომპანიებს და კონკრეტული შეხედულებები ჰქონდა. წერილშივე შემომთავაზა – წამოვიდეს ეკა ბერიძეო. მერე კი მისმა პრესსამდივნომაც იგივე შემომთავაზა. მე ეს გადაწყვეტილება არ მივიღე, რადგან ვფიქრობ, რომ ჩემი ადგილი ტელევიზიაშია და აბსოლუტურად მიუკერძოებელი და ობიექტური უნდა ვიყო. არც არავის პრესსამდივნოში ვაპირებ მუშაობას.
– ივანიშვილთან ინტერვიუს უკავშირებთ იმას, რაც ეროსი კიწმარიშვილმა მეორე დღეს "მაესტროში" გააკეთა?
– ეროსი კიწმარიშვილი უკავშირებს, მე – არა. ამბობს, რომ ამ ინტერვიუს შემდეგ აღელდა და გადაწყვიტა, დილის 8 საათზე ღობის გავლით გადმოსულიყო "მაესტროში".
ჩემი აზრით, ეროსი კიწმარიშვილმა რაღაც მომენტში გადაწყვიტა, ვა ბანკზე წასულიყო და ამით გარკვეული დივიდენდები მოეპოვებინა. უნდოდა, მისი სახელი ასოცირებული ყოფილიყო "მაესტროსთან" და ამისთვის ასეთ ძალადობრივ მეთოდებს მიმართა. როგორც ჩანს, აღარ შეეძლო ან აღარ სურდა, "მაესტროსთვის" გაეკეთებინა ის, რასაც უკეთებდა. როგორც ვიცი, კიდევ ბევრი ვალდებულება აქვს ამ ტელეკომპანიის წინაშე და უნდოდა, ამგვარი ორიგინალური მეთოდებით დაემთავრებინა ურთიერთობა.
– თუმცა ეროსი კიწმარიშვილს "მაესტროსთვის" ბევრი გაუკეთებია და ამას არც დამფუძნებლები უარყოფენ. იქნებ მართლა უფრო "მსუყე ლუკმის" იმედად გადაწყდა მისი ამ საქმიდან ჩამოშორება?
– კიწმარიშვილმა "მაესტროსთვის" ის გააკეთა, რაც კონტრაქტით ევალებოდა, მაგრამ გაცილებით მეტი გაიკეთა თავისთვის. სწორედ იმით, რომ "მაესტროში" მართვის კომპანიით შემოვიდა, ავტორიტეტი გაიუმჯობესა და მოახერხა, პოლიტიკური პარტია შეექმნა. როგორც ვიცი, ფინანსური მოგება უფრო მეტი ნახა, ვიდრე "მაესტრომ" – მისი სახით. რაც შეეხება "მსუყე ლუკმას", მამუკამ არაერთხელ განაცხადა, რომ "მაესტროს" არ ყიდის და კოტე გოგელიას სახით შეძლებული დამფუძნებელი და დამფინანსებელი ჰყავს. თუ ჟურნალისტებს რამე ეჭვები აქვთ, ჩვენი მომავალი ნაბიჯები საუკეთესო დასტური იქნება იმისა, ჩაჯდება თუ არა "მაესტრო" ვინმეს პოლიტიკურ ინტერესებში. ეს ტელეკომპანია კონკრეტული პარტიის კონკრეტული ლიდერის მმართველობის პირობებში ახერხებდა, მიუკერძოებელი დარჩენილიყო. მგონი, კიწმარიშვილს თვითონ უნდოდა, "მაესტროთი" მსუყე ლუკმა მოეპოვებინა და ამას რომ ვერ მიაღწია, სწორედ ამიტომ გადადგა ასეთი რადიკალური ნაბიჯები.
– თქვენი მეუღლე, კახა ბექაური, კიწმარიშვილს მიუყვანია "მაესტროში". ამბობს, რომ მამუკა ღლონტი წინააღმდეგი იყო, კახას გენერალური დირექტორის პოსტი ჩაებარებინა. მერე კი თავად გაათავისუფლა, რასაც სერიოზული დაპირისპირება მოჰყვა.
– ტყუილია! მამუკა არ იყო კახას დანიშვნის წინააღმდეგი. ყველაფერი პირიქით იყო. მამუკა ღლონტის შეთავაზების მერე კახამ გადაწყვიტა, რითიც შეეძლება, იმით დაეხმაროს "მაესტროს".
რუსუდან ადვაძე

|
დღის სიახლეები
24-05-2012
24-05-2012
24-05-2012
|
რა მოსწონთ თქვენ მეგობრებს
|
Alternative content



ჯეიმს ბონდებს ნაზი ქალი წვრთნის
ვაზაგაშვილები ”პირველ არხს” უჩივიან
კახა ბექაური: "მეცხრე არხი" არცერთ თანამშრომელს არ დაუტოვებია
გაზეთი "პოსტკრიპტუმი" ჟურნალისტის მიმართ ფიზიკურ ანგარიშსწორებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს











ვანო ჩხარტიშვილი მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ სარჩელს ამზადებს
ვანო ჩხარტიშვილი ტელეკომპანია ”მზის” დაბრუნებას აპირებს
რას ხედავს სიზმარში ნუცა ხიდირბეგიშვილი 

ნანუკა ჟორჟოლიანი ჩაფიძის კლინიკაში მოხვდა
ია ანთაძე: ”შსს-ს განცხადება ცინიკურია”
შსს: გელა მთივლიშვილი არ გვიცემია
ჟურნალისტ გელა მთივლიშვილს პოლიციამ სცემა
"პირველი სტერეოს" ოფისი ტელეკომპანიის ყველა თანამშრომელმა დატოვა
ხატია ძერყორაშვილი: "ახალგორიდან მე და დედამ გადაცმულებმა გამოვაღწიეთ"
"1 სტერეოს" შენობას დეპუტატ დავით ბეჟუაშვილის წარმომადგენლები იკავებენ
კახა ბექაური - "მეცხრე არხმა" "თრიალეთის" 10%-იანი წილი იყიდა
კახა ბექაურს მე-9 არხზე ინგა გრიგოლია უნდა 






































































































