asdas
ცნობილი ადამიანები

Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

რას აბრალებს ვასიკო ოდიშვილი ეროსი კიწმარიშვილს
თეა სიჭინავა: "ცხვრები არ ვართ, არც ღლონტის და არც კიწმარიშვილის ჭკუაზე არ გავივლით!"
რას აბრალებს ვასიკო ოდიშვილი ეროსი კიწმარიშვილს

2011-12-09 00:11:01



30 ნოემბერს სამსახურში მისულ ტელეჟურნალისტ თეა სიჭინავას ცოტა ხნით მოეჩვენა, რომ დეჟავუ ჰქონდა. თითქოს 2007 წლის 7 ნოემბრის ცივი საღამო დაბრუნდა, როცა "იმედის" კართან კოლეგებთან ერთად იდგა და სპეცსამსახურების მიერ ტელეკომპანიის დარბევას აპროტესტებდა. ამჯერად ყველაფერი "მაესტროსთან" ხდებოდა. შენობაში გამაგრებული იყო ტელეკომპანიის მართვის კომპანიის ხელმძღვანელი – ეროსი კიწმარიშვილი და მისი დაცვა, ჟურნალისტებს შიგნით არ უშვებდნენ, შენობის მეორე სართულზე კი "მაესტროს" თანამშრომლები იყვნენ გამოკეტილი, მათ შორის ერთ–ერთი გახლდათ დამფუძნებელი ეკა აკობია – "ყოველდღიური აბების" წამყვან ვასიკო ოდიშვილის ცოლი...
თეა: როცა დილით შემატყობინეს, რომ "მაესტროს" შენობაში უცხო ადამიანები შეცვივდნენ, მეგონა, 2007 წლის 7 ნოემბერი მეორდებოდა. როცა ჭიშკართან მივედი, პოლიციის თანამშრომლები წინააღმდეგობას გვიწევდნენ და შენობაში არ გვიშვებდნენ. ახლა "მაესტროს" ჭიშკართან ვიდექი და შესვლას ვითხოვდი, მაშინ – "იმედის" ჭიშკართან და ვაპროტესტებდი იმას, რაც ხდებოდა. 30 ნოემბერს, "მაესტროს" ამბების დროს, ზუსტად ის ქურთუკი მეცვა, რაც 2007 წლის 7 ნოემბერს. ლეგენდარული ქურთუკი დაარქვეს ჩემმა მეგობრებმა. შავი ქურთუკია. მაშინაც მე ვყვიროდი "იმედთან" და ახლაც "მაესტროსთან" ემოციურად ვაპროტესტებდი, რომ შენობაში სამუშაოდ არ მიშვებდნენ.
არ მინდა, იგივე განმეორდეს, რაც "იმედში" მოხდა. გვეგონა, ბადრი პატარკაციშვილის ტელევიზიაში ვმუშაობდით. ერთ მშვენიერ დღეს გავიღვიძეთ და თურმე ჯოზეფ ქეის ტელევიზია ყოფილა. განსხვავება ის არის, რომ ახლა ჩვენი გუნდი ერთიანია და ერთი ბზარიც არ გაჩენილა. ეს ძალიან მიხარია და ვამაყობ.
– ადრეც იგრძნობოდა დამფუძნებლებსა და მმართველ კომპანიას შორის დაპირისპირება?
თეა: რამდენად რთული იყო მათ შორის ურთიერთობა, არც უნდა გვცოდნოდა და არც ვიცოდით. ჩემი საქმე მქონდა. როცა პირველი სერიოზული კონფლიქტი წარმოიშვა, ამის შესახებ ყველამ გაიგო. ეს იყო შარშან, დეკემბერში, როცა არხი გენერალურმა დირექტორმა, კახა ბექაურმა დატოვა. ამის მერე ყველაფერი კალაპოტში ჩადგა და ჩვენ მუშაობის საშუალება მოგვეცა. ხანდახან იყო ფინანსური პრობლემები – ხელფასის დაგვიანება. რაც შეეხება ჩემს ჟურნალისტურ დამოუკიდებლობას, არასოდეს არავინ შემხებია. იმიტომაც ვმუშაობდი "მაესტროში", რომ ჩემი სარედაქციო საქმიანობა ხელშეუხებელი იყო.
– რატომ გადაწყვიტა მთელმა გუნდმა, მამუკა ღლონტის გვერდით დამდგარიყო? იქნებ ეროსი უკეთეს რამეს გთავაზობდათ?
თეა: ჩვენთვის მთავარი იყო, მუშაობა გაგვეგრძელებინა იმ სიტუაციაში, როგორშიც მთელი ორი წელი ვმუშაობდით, როცა ეროსი შემოვიდა, როგორც მმართველი კომპანია. მთელი ორი წელი ეროსი კიწმარიშვილი არ გამოჩენილა ისე, როგორც იმ დღეს მოვიდა. მასთან შეხება მხოლოდ მაშინ მქონდა, როცა გადაცემაში სტუმრის სტატუსით მოდიოდა. მამუკა ღლონტი ამბობდა, მე გამოვალ ტელევიზიიდან, ოღონდ ეროსი კიწმარიშვილიც გამოვიდესო. ჩვენს განცხადებაში ვთქვით, რომ ამას მივესალმებოდით და ვერაფრით შევეგუებოდით შენობაში იმ უცხო ადამიანების დარჩენას. ეროსი კი აცხადებდა, მამუკა ღლონტმა დატოვოს შენობა და შემდეგ მეც გავალ ნეიტრალურ ტერიტორიაზე სასაუბროდო. მას ერთი სიტყვაც არ უთქვამს, რა გადაწყვეტილებას მიიღებდა იმ ადამიანებთან დაკავშირებით, რომლებიც მეორე სართულზე ასვლის საშუალებას არ გვაძლევდნენ. ეს ჩვენთვის მიუღებელი იყო.
არ ვიცი, რა გათვლა ჰქონდა მმართველი კომპანიის დამფუძნებელს. მე მასთან არანაირი საქმე არ მქონდა გასარჩევი და ისე ვერ ვიმუშავებდი, როგორც ის გვთავაზობდა, მე უნდა განვახორციელო მართვაო. მე ჟურნალისტი ვარ და ამ საქმიანობის გაგრძელება მინდა.
– ვასიკო, თქვენ როგორ აფასებთ მომხდარს?
ვასიკო: მოხდა უზნეობა! ეს იგივეა, თქვენს სახლში რომ მოვიდეს ვიღაც და გითხრათ, გადაგაყენეო და არც ძილის საშუალება მოგცეთ და არც ტუალეტში შესვლის.
– მამუკა ღლონტმა თქვა, რომ კიწმარიშვილი ტელევიზიიდან თქვენს დათხოვნას აპირებდა. თქვენი აზრით, მიზეზი რა იყო?
ვასიკო: საერთოდ ვერ გავიგე, რა უნდა და რატომ უნდა, რა გითხრათ? რა უფლებით უნდა, ისიც ვერ გავიგე. ადამიანი ჩემთან გადმოძვრა სახლში და მუშაობის საშუალება არ მომცა. ყველაზე დიდი ცინიზმი კი ის იყო, რომ ამბობდა, ვწუხვარ, ვასიკოს გადაცემა ეთერში რომ არ გადისო. შეიძლება იურისპრუდენციაში ვერ ვერკვევი, მაგრამ ის კი ვიცი, რომ სახლი, რომელიც მე მაქვს და საჯარო რეესტრშია გატარებული, ჩემი საკუთრებაა. რეესტრში დაფიქსირებულია, "მაესტრო" რა არის და ვისი საკუთრებაა.
– მათ შორის, ერთ–ერთი მესაკუთრე თქვენი მეუღლე ეკა აკობიაა.
ვასიკო: დიახ და ამას მნიშვნელობა არ აქვს. მთელი ჩემი ცხოვრების განმავლობაში სიმართლის მხარეს ვიყავი და სიმართლე ვის მხარესაც იქნებოდა, იქით დავდგებოდი.
– მაშინ, როცა თქვენ "მაესტროს" ეზოში იყავით, ეკა მეორე სართულზე იყო გამოკეტილი. რას გრძნობდით?
ვასიკო: იმას, რაც შეიძლება ქმარმა იგრძნოს, როცა მისი ცოლი საფრთხეშია. ფანჯრიდან ვხედავდი და საჭმელს გისოსებიდან ვაწვდიდი. ტყვიავიდან ჩამოყვანილი "ვაჟკაცები" არ მიშვებდნენ შიგნით. ორდღენახევარი მე და ეკას ჩვენი შვილი არ გვინახავს. თვითონ ეკა მხნედ იყო. ყველა ასე ვიყავით, მაგრამ შეურაცხყოფილები.
– მომდევნო დღეს თქვენი გადაცემის, "ყოველდღიური აბების" მთელი გამოშვება ეროსი კიწმარიშვილს რომ მიუძღვენით, მამუკა ღლონტს არაფერი ჰქონდა საქილიკო?
ვასიკო: გადაცემას თუ კარგად დააკვირდებით, ღლონტზეც იყო იქ საუბარი.
– თუმცა, სხვებისგან განსხვავებით, მასზე საკმაოდ რბილად ხუმრობთ .
ვასიკო: ბევრჯერ გამიქილიკებია ღლონტი ჩემს გადაცემაში. რაც ჩვენ გარშემო ხდება და რაც საინტერესოა, გადაცემაში ყველაფერზე ვსაუბრობ. თუ იმ დღის "გმირი" იქნება ღლონტი, მასზე ვიტყვით რამეს, თუ არა და – სხვაზე. როცა მე და ჩემი გადაცემის სცენარისტები ვკეტავთ კარს, იმის იქით ჩვენთვის აღარავინ არსებობს. იმაზე ვქილიკობთ, ვინც უფრო მეტად ჩაგრავს ხალხს! ჩვენს საქმეში არავინ არასოდეს ერეოდა, არც ახლა ერევა და ვერც ვერავინ ჩაერევა. ამას სრული პასუხისმგებლობით ვამბობ!
– ახლა რა განწყობით მუშაობთ, როცა სხვაგან ხართ "შეხიზნული" – რადიო "მაესტროს" ოფისში?
ვასიკო: მიხარია, რომ ისევ ეთერში ვართ. იმ დღეს გადაცემა შუა ქუჩაში ჩავწერე. რომ დამჭირდეს, იალბუზის წვერზე ავალ და იქ ჩავწერ, იმდენად მიყვარს ის საქმე, რასაც ვაკეთებ. ყველას დიდი მადლობა, ვინც ჩემს გადაცემას ელოდება. ვიცი, რომ ბევრი ელოდება და მათ არც ერთ შემთხვევაში იმედს არ გავუცრუებ.
თეა: კარგი იქნებოდა, ეს ამბავი საერთოდ არ მომხდარიყო, მაგრამ იმაში კი გაგვიმართლა, რომ საზოგადოების მხრიდან ამხელა მხარდაჭერა ვიგრძენით. ყოველდღიურად ვიღებ მხარდამჭერ და გამამხნევებელ მესიჯებს. ქუჩაშიც გამოხატავს ამას ხალხი ჩვენ მიმართ.
ეროსი კიწმარიშვილი ამბობს, რომ მამუკა ღლონტის მძევლები ხართ.
ვასიკო: ყველა ჩვენგანი საღ–სალამათია, ყველა თავის ჭკუაზე არის და ყველამ თავისით მიიღო გადაწყვეტილება. იდიოტი და ნაძალადევად წამოყვანილი არავინ არის. რა, ღლონტი წკეპლით დადიოდა და ისე მოვყავდით? ეროსი ამბობდა, მეცოდება, ვასიკო გადაცემას რომ ვერ წერს და ხან ხეზე კიდია და ხან სხვაგანო. შევეშვი და ჩავწერდი!
თეა: ისე გამოვიდა, რომ ცხვრები ვმუშაობდით აქ და ადამიანები არ ვიყავით. არც ერთის და არც მეორის ჭკუაზე არ გავივლიდით. ჩვენ დავდივართ ისე, როგორც ამას ჟურნალისტური ეთიკა და პრინციპები გვკარნახობს. ჩვენ გვქონდა დამოუკიდებლობა და თავისუფლება და ამის დაკარგვა არ გვინდოდა. სადაც საფრთხე დავინახეთ, იმას მოვშორდით. ჩვენი გუნდის პლუსი სწორედ ის არის, რომ მატერიალური ინტერესების გამო არავინ მუშაობს. "იმედიდან" რომ წამოვედი, "მაესტროში" სამჯერ უფრო ნაკლები ხელფასი მქონდა. შეიძლება ვიღაცამ თქვას, გიჟია და როცა ქვეყანაში ასეთი რთული პირობებია, ცხოვრება ჭირს, რა დროს იდეალებზე ლაპარაკიაო, მაგრამ არის გარკვეული პრინციპები, რომლებსაც ვერ ღალატობ. ასეთია აქ მომუშავე თითოეული ადამიანი. "იმედში" იყო მიმზიდველი, მაცდური წინადადებები – სამმაგი, ოთხმაგი ხელფასი, მშვიდი სამსახური, ყველანაირი პირობები, მაგრამ ადამიანთა ჯგუფმა ამაზე უარი ვთქვით.
– ეროსის თქვენი გადაბირების მცდელობა არ ჰქონია?
თეა: არა, მაგას ვერ დავაბრალებთ.
ვასიკო: ჩვენთვის არსებობს ღირსება, რომელიც ყველაზე მთავარია.
– ეროსი კიწმარიშვილს მოუძიებია ფული, გადაურჩენია ტელეკომპანია, ახლა დამფუძნებლებმა მისი გაშვება გადაწყვიტეს, რადგან უფრო კარგი დამფინანსებელი ნახეს. ამ ფაქტს როგორ აფასებთ?
ვასიკო: ეროსიმ რა ფულიც მოიზიდა, მისი ჯიბიდან არ არის. ეს თანხა იმიტომ მოვიდა "მაესტროში", რომ აქ ასეთი გუნდი მუშაობს. დასაყვედრებელი არავის არაფერი სჭირს. ტელევიზიას ქმნიან ადამიანები, რომლებიც იქ მუშაობენ და არა – შტატივი, კამერა და განათება. კაცმა არ იცის, კიდევ რა მოუნდება ეროსის. ახლა შეიძლება ზემოდან ჩამოცოცდეს რადიო "მაესტროში".
– კიწმარიშვილმა ჩემთან საუბრისას თქვა, რომ "ყოველდღიური აბები" მისი იდეა იყო და ბევრი იშრომა, რომ იმ დონემდე მისულიყო, როგორიც დღეს არის.
ვასიკო: თავიდან თქვა, არსებობს ასეთი ფორმატი და ხომ არ გაგვეკეთებინაო, მაგრამ მერე ამ გადაცემაზე მთელი "მაესტრო" მუშაობდა. მან დაწერა სცენარები და მან წაიყვანა?! გადაცემის პროდიუსერი მამუკა ღლონტი იყო. კახა ბექაურს მიუძღვის დიდი წვლილი ამ გადაცემის სრულყოფაში და არა – კიწმარიშვილს.
რუსუდან ადვაძე


Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

კავშირი ტეგთან: ეროსი კიწმარიშვილი
დღის სიახლეები
რა მოსწონთ თქვენ მეგობრებს

Alternative content

online