asdas
ცნობილი ადამიანები

Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

მაია ასათიანი: "მე და გვანცა შუაღამემდე ერთად ვართ და მერე, საბედნიეროდ, ცალ–ცალკე ვიძინებთ"
”ხინკალი და მწვადი ჩვენი განტვირთვაა”
მაია ასათიანი: "მე და გვანცა შუაღამემდე ერთად ვართ და მერე, საბედნიეროდ, ცალ–ცალკე ვიძინებთ"

2011-12-05 09:59:41



ორი წლის წინ ტელეწამყვან მაია ასათიანის ტოქ შოუს გუნდში ახალი წევრი მივიდა – გვანცა კილასონია, პოპულარული ხმა რადიო "ფორტუნადან". მანამდე იქ უკვე მუშაობდა მისი ქმარი, ტელერეჟისორი თემურ გოგოლაძე. ასე რომ, "პროფილის" გუნდი, რომელიც ისედაც ერთ ოჯახად გრძნობდა თავს, კიდევ უფრო შინაურული გახდა. ამ "ოჯახის" სამზარეულოზე "სარკეს" მაია და გვანცა – შოუს წამყვანი და პროდიუსერი ესაუბრებიან.
– როგორ აღმოჩნდა გვანცა რადიოდან ტოქ შოუ "პროფილში" პროდიუსერად?
მაია: მეორე სეზონის ბოლოს ისე მოხდა, რომ პროდიუსერი აღარ გვყავდა.
– ის პროდიუსერი, მადონა ვასაძე, რომელიც "ნანუკას შოუში" წავიდა?
მაია: არა, ასე არ იყო. მას ჩვენთან კონტრაქტის ვადა ამოეწურა და გადავწყვიტეთ, ახალი ძალა მოგვეძებნა. "პროფილს" ახალი სისხლი სჭირდებოდა და ბევრი კრიტერიუმით ვეძებდი შემცვლელს. გვანცას გარდა სხვა ალტერნატივა და არჩევანი არ მქონია. ერთადერთი პრობლემა ის იყო, რომ გვანცა დღე–დღეზე ბავშვს ელოდებოდა. როდესაც სამუშაო შევთავაზე, მეორე დღეს იმშობიარა. ძალიან გამიხარდა, გვანცა რომ დამთანხმდა. დღეს ვთვლი, რომ მისი გამოჩენით ჩვენს გადაცემაში მართლა ახალი სისხლი გადაისხა.
გვანცა: როცა "პროფილში" მოვედი, მადონა აქ აღარ დამხვდა, მაგრამ არც სხვაგან მუშაობდა. "ნანუკას შოუში" მერე წავიდა, ნანუკას მადონა აქედან არ წაუყვანია. რაღაც პერიოდი ის უმუშევარი იყო და ნანუკა ჟორჟოლიანმა მერე წაიყვანა.
მე გამიმართლა, რომ ამ შოუში ვარ. მეორე წელია, ჩემთვის ორშაბათი არ არსებობს, კვირა ხუთშაბათიდან იწყება და ხუთშაბათიდან ხუთშაბათამდე ვცხოვრობ.
– მაია, რა ნიშნით არჩევთ გადაცემისთვის პროდიუსერებს?
მაია: ზუსტად ისეთს ვეძებდი, როგორიც გვანცაა. უნდა ყოფილიყო კარგი მენეჯერი, ძალიან ინფორმირებული, დიდი სანაცნობო წრე უნდა ჰყოლოდა, უნდა ყოფილიყო კრეატიული და ისეთი ფასეულობების მატარებელი, ჩვენს გადაცემას კარგად რომ მოერგებოდა.
"პროფილის" მთავარი მიღწევა ის არის, რომ მრავალმხრივი შოუა. ერთ გადაცემაში შეიძლება გვყავდეს გურამ საღარაძე, მეორე გადაცემაში კი დაკარგული დედა–შვილი შევახვედროთ ერთმანეთს. გადაცემის მაღალრეიტინგულობა არ არის დამოკიდებული იმაზე, ვინ მოდის "პროფილში" სტუმრად, მთავარია, როგორ კეთდება გადაცემა პერსონის შესახებ, მის ირგვლივ. ჩვენ არასოდეს ვისვრით კენჭებს სხვის ბოსტანში, არასოდეს არავის ვკიცხავთ, არასოდეს ვაბრალებთ ჩვენს წარუმატებლობას სხვის წარმატებას და არასოდეს მოგვყავს სტუმარი იმისათვის, რომ დავამციროთ. ჩვენთან ყველა ფენის სტუმარი ნომერი პირველია. ეს სუფთა გადაცემაა. როცა სტუმრად მეძავი გვყავს, მას თქვენობით და პატივისცემით ველაპარაკები, ისევე როგორც ნებისმიერ სხვა სტუმარს. გადაცემაში კლასიკური მუსიკაც გვაქვს და რესტორნულიც.
– რესტორნულ მუსიკას, რომლის პრემიერებიც ხშირად იმართება თქვენს გადაცემაში, თავად თუ უსმენთ?
მაია: ჩვენს გადაცემაში ხშირად არ არის ამ ტიპის სიმღერების პრეზენტაცია. როგორც ჩანს, თქვენ "პროფილს" არ უყურებთ. ასეთი თემატიკის გადაცემას ჩვენ წელიწადში ერთხელ ვაკეთებთ, თან ალბათ არცთუ ისე ცუდად, რადგან სეზონში გასროლილი ერთი ისარი ზუსტად აღწევს ხოლმე მიზანს.
– რა დრო სჭირდება გადაცემის გაკეთებას?
გვანცა: თემას და რესპონდენტებს გააჩნია. ყველაზე რთული გასაკეთებელი თემაა "დაკარგულები", როდესაც ერთი ადამიანი თავის ახლობელს ეძებს. დრო სჭირდება, რომ მას ახლობელი უპოვო, ხან ერთი სეზონიც კი. ამ თემაზე ცალკე მუშაობს ადამიანი, რომელიც მუდმივად სხვის დაკარგულ ნათესავებს ეძებს. ეს ყველაზე რთულად დასაგეგმია. არის თემები, რომლებსაც ორი კვირა მაინც უნდა, რომ კარგად გამოიძერწოს და საფუძვლიანად გაკეთდეს. მარტივი თემებიც გვაქვს ხოლმე, მაგრამ მაინც ყველაფერს ბოლომდე სჭირდება ჩაკირკიტება.
– ცნობილია, რომ ტოქ შოუს გუნდის შეკვრა და დაბალანსება ძალიან რთულია. ზოგჯერ პროდიუსერია მძიმე ხასიათის, ზოგჯერ წამყვანია თავისნათქვამა და რთულად მისადგომი და ა.შ. თქვენ, ყველა, როგორ უგებთ ერთმანეთს?
გვანცა: ჩვენ ერთი ოჯახი ვართ, მაგრამ ყველაზე მომთხოვნი მაია ასათიანია. სხვანაირად წარმოუდგენელია. მაია რომ მომთხოვნი არ იყოს, არც ჩვენ ვიქნებით ბოლომდე მობილიზებული. ორშაბათიდანვე რომ მაია არ იყოს შემართებით, მე და დანარჩენი პროდიუსერები ვერ ვიქნებით ზამბარასავით, რაღაც რომ არ გამოგვეპაროს. მაიას მაგალითი იმდენად გადამდებია, რომ ყველაშია კარგი შოუს გაკეთების აზარტი. ამაზე დიდი აზარტი არც ტოტალიზატორია და არც კაზინო.
– როგორია კონკურენცია თქვენს "ბაზარზე"?
გვანცა: კონკურენციას თუ დავარქმევთ იმას, რომ კიდევ რამდენიმე შოუ არსებობს, კი, ბატონო! თუმცა, რაც თბილისში ხდება, ეს არ არის კონკურენცია. ასეთი შოუ 20–30 მაინც უნდა იყოს, რომ თავი ვიღაცის კონკურენტად ვიგრძნოთ ან პირიქით. როდესაც კვირაში სულ რაღაც სამი ტოქ შოუა, ამ შემთხვევაში კონკურენცია არ არის. შეიძლება დღეში გადიოდეს რამდენიმე გადაცემა, ერთი მთავრდებოდეს და მეორე იწყებოდეს. ისე კი არა, სხვადასხვა დღეს რომ გადის. ერთი რომ მთავრდება და ტიხარის მერე მეორე შოუ იწყება, აი, ეს არის კონკურენცია. თბილისი პატარა ქალაქია, პატარა შოუბიზნესით. ძალაუნებურად ერთ ჯამში ითქვიფებიან, ოღონდ სხვადასხვა მიქსერით და ამით თუ ვიმსჯელებთ, კონკურენცია არის.
– ვისი "მიქსერი" მუშაობს უფრო კარგად?
გვანცა: ვისი კექსიც უფრო გემრიელია.
მაია: არ მიყვარს პრესის ფურცლებიდან კონკურენტებზე საუბარი. ჩვენი კონკურენტი ისაა, ვინც "პროფილს" კონკურენტად მიიჩნევს. იმ დღეებში, როცა ეთერში ვართ, ჩვენს საქმეს ვაკეთებთ და ჩვენს სათქმელს ვამბობთ. ვერაფერს ვიტყვი მათზე, ვისაც გაცილებით ნაკლები მაყურებელი ჰყავს. ჩემს საქმეს ვაკეთებ, დამეწიეთ და გამასწარით!
– თქვენს შემოქმედებით გუნდში მხოლოდ ქალები არიან. გადაცემას მამაკაცური არ აკლია?
მაია: მამაკაცებიც გვყავს. ჩვენს საქმეს საბოლოოდ გვირგვინს ჩვენი რეჟისორი თემურ გოგოლაძე ადგამს – გვანცას მეუღლე. ის რომ არა, "პროფილი" ვიზუალურად ასე შეფუთული ვერ იქნებოდა. გვყავს სუპერმემონტაჟეები, ოპერატორები, ასე რომ, ქალური გუნდი არ გამოდის. სულ ხუთი ქალი ვართ, ძირითადი მესაჭე კი კაცია. ძალიან ვამაყობ, რომ ქართულ ტელესივრცეში ნომერ პირველი რეჟისორი "პროფილის" პულტთან ზის. იმედია, ამაში არავინ შემომედავება.
– გვანცა, როგორია ქმართან ერთად მუშაობა?
მაია: ვერაფრით მიხვდებით, რომ ისინი ცოლ–ქმარი არიან.
გვანცა: სამსახურში არ გვაქვს ლავ სთორი.
მაია: და არც სახლში ლაპარაკობენ "პროფილზე".
გვანცა: ფაქტობრივად, სამსახურში ქმარს ვერ ვხედავ. მხოლოდ ჩაწერის დროს ვართ ერთად, როცა თემო მეკითხება, ყველანი მზად თუ არიანო. ეს არის და ეს.
– სამსახურის მიღმა როგორი ურთიერთობა გაქვთ შოუს წამყვანს და მის პროდიუსერს?
მაია: სამსახურში ხომ ერთად ვართ და საღამოს რომ მივდივართ, მერეც სულ ერთად ვართ. ერთმანეთის მეგობრებიც ვართ, ახლობლებიც და ოჯახის წევრებიც. წინადადება წამოვაყენე, საახალწლოდ ერთად წავიდეთ დასასვენებლად–მეთქი და გვანცამ გამიპროტესტა, თქვენთან ერთად გაღვიძება აღარ შემიძლიაო.
გვანცა: ყოველი ჩაწერის მერე უცებ გადავწყვეტთ ხოლმე, სად დავსხდეთ სავახშმოდ.
მაია: როგორც წესი, მამაპაპურ რესტორნებს ვანიჭებთ უპირატესობას. ხინკალი, მწვადი... ასე განვიტვირთებით. გადაცემასაც ვარჩევთ. შუაღამემდე ერთად ვართ და მერე, საბედნიეროდ, ცალ–ცალკე ვიძინებთ.
– ვინ უფრო კაპასია ურთიერთობაში?
მაია: არც ერთი. ამ საქმეს არ სჭირდება ასეთი რამეები. ჩვენ მეგობრები ვართ და აქ უფროსუმცროსობა არ არსებობს.
გვანცა: ვის უნდა აუწიო წარბი? მიზანი ერთია და იქ უკვე წესებით უნდა ითამაშო. ყველამ ვიცით ჩვენი ადგილი და ყველა ერთი მიზნისთვის ვმუშაობთ.
მაია: არასოდეს ვამბობ, ჩემი გადაცემა–მეთქი. ვამბობ: "ჩვენი გადაცემა". იმიტომ კი არა, რომ "ჩემი"–ს თქმა არ შემიძლია, არამედ იმიტომ, რომ ეს არ არის მაიას შოუ, ეს არის "პროფილი".
– გვანცა, მაიას ჩაცმულობა მოგწონთ? ამის გამო მას ხშირად აკრიტიკებენ.
გვანცა: ნათქვამია, მღვდელი ჭილოფშიც იცნობაო. მაიას რაც უნდა ეცვას, საკმარისია, უბრალოდ იდგეს და შოუ გამოსულია. როცა ამდენი წლის განმავლობაში ქვეყნის ყველაზე წარმატებული დიზაინერი ავთანდილი გაცმევს, რაღაზე უნდა ილაპარაკო?! მაია იმ სტილის სამოსს იცვამს, რომელიც ყველაზე მეტად უხდება. ის სპორტულ სამოსშიც ძალიან მომწონს, ჯინსებში და ელასტიკებში, მაგრამ ავთო სწორედ იმას ურჩევს, რაც ძალიან უხდება. მან ზუსტად იცის მაიას სილუეტი. ამბობს, რომ მაია ყველაზე უპრეტენზიო წამყვანია. ზედმეტი მოზომვები არ მჭირდება, რადგან ამ გოგოს ზედმეტი კილოგრამები არ აქვსო. ბოლო სეზონზე მაიამ ავთოს ახალი კოლექცია წარმოადგინა. ეს არის სამოსი კოლექციიდან, რომელიც მან ლონდონში, პარიზსა და მონაკოში აჩვენა. "პროფილის" წამყვანს ზუსტად ასე უნდა ეცვას და არა – სხვანაირად. რაც უფრო სადა, მოკრძალებული, დახვეწილი იქნები ჩაცმაში, მით უფრო დავარცხნილი ტოქ შოუ გექნება.
მაია: ზოგადად ჩემი ჩაცმულობის კრიტიკა ძველი თემა და ჩავლილი ამბავია.
ლანა კიკნაძე


Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

კავშირი ტეგთან: მაია ასათიანი
დღის სიახლეები
რა მოსწონთ თქვენ მეგობრებს

Alternative content

online