asdas
ცნობილი ადამიანები

Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

მერაბ სიჭინავას პაროდიები ტელევიზიას აღარ სჭირდება
აღარც პაროდისტი, აღარც პროკურორი
მერაბ სიჭინავას პაროდიები ტელევიზიას აღარ სჭირდება

2012-02-23 00:09:46



არცთუ დიდი ხნის წინ უთოშიც რომ ჩაგეხედათ, პაროდისტი მერაბ სიჭინავა გამოჩნდებოდა. მერე ის "უთო" მთლიანად სხვა სახეებმა შეავსეს, როგორც ამბობენ, ხელისუფლების რჩეულებმა.
დიდი ხნით გაუჩინარებული სიჭინავა რამდენიმე ხნის წინ პაროდიების კრებულით გამოჩნდა. "იყუჩეთ, ხალხო! ისმინეთ! ქვეყანას შველა სჭირდება! ამგვარი უსამართლობა ყველანაირ ზღვარს სცილდება", – ამ ტექსტით მან დიდი მსახიობი სპარტაკ ბაღაშვილი "აამეტყველა". "აღსდეგ, სამშობლოვ, ბედკრულო! ამას მე ვამბობ, ეროსი, ჩვენამდეც აღწევს ტკივილი, ნანატრი საქართველოსი", – ამას უკვე ეროსი მანჯგალაძის ხმით ამბობს.
რატომ მიეფარა თვალს მერაბ სიჭინავა და რითია დაკავებული? როგორც აღმოჩნდა, ყოფილი პროკურორი კვლავ ახალი პაროდიების კეთებით ირთობს თავს, მიუხედავად იმისა, რომ მისთვის ქართული ტელესივრცე დახურულია, გარდა "კავკასიისა", აღარსად იწვევენ. ახალი დროების პროკურატურაში კი თავის ადგილს ვეღარ ხედავს და ამიტომ თავის ძირითად პროფესიას ამ ეტაპზე დაემშვიდობა, სიტუაციის შეცვლის იმედით. მომავალში აპირებს, შვილი, იურისტი ბუბა სიჭინავაც დაიყენოს გვერდით და მამა–შვილი ერთად გამოჩნდნენ მაყურებლის წინაშე.
– ბატონო მერაბ, რატომ აამეტყველეთ ასეთ მძაფრი ტექსტებით ქართული კინოსა და თეატრის ვარსკვლავები, სპარტაკ ბაღაშვილი და ეროსი მანჯგალაძე რამ გაგახსენათ?
– როცა ქართველებს ეს ბუმბერაზი ადამიანები აღარ გაგვახსენდება, მაშინ მართლა დაღუპულები ვიქნებით. ასე მგონია, ცოცხლები რომ ყოფილიყვნენ, ისინიც იმავეს იტყოდნენ, რასაც ჩემი გმირები ამბობენ.
– რატომ აღარ გიწვევენ კონცერტებსა და შოუებში, რატომ აღარ ჩანხართ თქვენი პაროდიებით?
– ის დრო წავიდა, პროკურორიც რომ ვიყავი და იუმორიც ჭრიდა. ახლა სხვანაირი იუმორის დრო მოვიდა – უფრო სატირის და იმ მტკივნეული თემების ასახვის, რასაც იუმორისტი და სატირიკოსი უნდა ემსახურებოდეს. ამ კუთხით რამდენიმე ჩანახატი გავაკეთე, მაგრამ, სამწუხაროდ, რეალიზება ვერ მოვახერხე, იმ რეალობიდან გამომდინარე, რაშიც ვიმყოფებით.
– რა რეალობას გულისხმობთ?
– თუნდაც იმას, რომ ტელეკომპანია "კავკასიის" გარდა ჩემი ჩანაწერების გაშვება ვერც ერთ არხზე მოვახერხე.
– რატომ?
– იმიტომ, რომ სიმართლე მწარე მოსასმენია... ყველამ თავისი საქმე უნდა აკეთოს. ვთვლი, რომ მე ჩემს საქმეს ვაკეთებ.
– თქვენი საქმე უფრო პროკურორობა ხომ არ არის?
– სიმართლე გითხრათ, დღეს ჩემს თავს ამ სისტემაში ვერ ვხედავ. იქიდან ჩემი სურვილით წამოვედი. ჩემი პროფესია უზომოდ მიყვარს, მასთან უამრავი მოგონება მაკავშირებს. თუ ქვეყანაში სიტუაცია შეიცვლება, ჩემს პროფესიას აუცილებლად დავუბრუნდები. არ მიმაჩნია, რომ, როგორც იურისტმა, საკუთარი თავი ამოვწურე.
– როგორ ფიქრობთ, იუმორისტი და საერთოდ შემოქმედი პოლიტიკისგან შორს უნდა იდგეს თუ ახლოს?
– ხელოვნების პოლიტიზირება არ უნდა მოხდეს, რადგან ასეთ დროს შემოქმედს აღარ ექნება ყველაზე მთავარი – ხალხის სიყვარული. ზოგიერთები ძალიან ინანებენ, რომ შემოქმედება კონკრეტული მიზნებისკენ აქვთ მიმართული.
– ქალების პაროდიებსაც აკეთებთ. როგორ ახერხებთ მათი ხმების იმიტაციას?
– ათამდე ქალის ხმის იმიტაცია მაქვს გაკეთებული – ეკა ბერიძის, სალომე ზურაბიშვილის, სანდრა რულოვსის, ია ანთაძის... ყველა პერსონაჟის ხასიათში ვჯდები, მათ გამომეტყველებით, მიმიკებითაც ვემსგავსები.
– რა გრძნობაა, როცა ქალის როლს ირგებთ?
– ქალი სინაზესთან და სილამაზესთან ასოცირდება. ამიტომ ქალ პერსონაჟებსაც ფაქიზი, ფრთხილი მოპყრობა სჭირდებათ.
– ბიძინა ივანიშვილის პაროდია ჯერ არავის გაუკეთებია, პირველი თქვენ ხართ. რამდენად იოლი იყო?
– თუ დამიჯერებთ, ბიძინა ივანიშვილის ხმა, გამომეტყველება ერთი მოსმენით, დანახვით შემოვიდა ჩემში. გამიხარდა, როცა მისი პაროდია მაყურებელსაც მოეწონა. მოგეხსენებათ, ახალი პერსონაჟის შექმნა საფრთხილოა. პირველად როგორც მიაწოდებ მაყურებელს, მის მეხსიერებაში ისე დარჩება.
– როგორ იგრძენით თავი მილიარდერის ამპლუაში?
– პერსონაჟის სოციალურ სტატუსზე არასოდეს ვფიქრობ. ისე, მილიარდი ნამდვილად არ მაწყენდა.
– რას გააკეთებდით, უცებ ციდან რომ დაგეცეთ თავზე?
– მაგის ბედი ვინ მომცა!
– რას კარგავთ, იოცნებეთ.
– მაშინ... პირველ რიგში, ბანკის ვალებს გავისტუმრებდი, მერე ძველ მანქანას გამოვცვლიდი, ახლობლებს, გაჭირვებულებს დავეხმარებოდი. ეს ტრაფარეტული და ყალბი ნათქვამი არ გეგონოთ, მართლა ასე მოვიქცეოდი. თუმცა შეიძლება ჩემს შვილებს ბევრი ჩემი ოცნება წყალში ჩაეყარათ, რადგან ისინი ეკლესიურად ცხოვრობენ და ტაძრებისთვის ფულის შეწირვაზე ოცნებობენ.
– ბატონო მერაბ, რაღაც მოწყენილი მეჩვენებით.
– საერთო სიტუაცია იუმორზეც აისახება. როცა ხალხის დიდი ნაწილი უმუშევარი და მშიერია, ბედნიერი ვერ იქნები, რადგან შენც მათი ნაწილი ხარ.
– არც პაროდისტობა, აღარც პროკურორობა. რითი ხართ დაკავებული?
– საოჯახო საქმეებით და ბანკის ვალების გასტუმრებით. შეძლებისდაგვარად იპოდრომზე ვვარჯიშობ.
– მახსოვს პერიოდი, როცა ოჯახში ლამის ყოველ წელს თითო ახალი წევრი გემატებოდათ. ამ კუთხით მაინც არ გაქვთ სიახლე?
– რაოდენობა ხარისხში ავიყვანე. უფროსი ვაჟი, ბუბა, უკვე სტუდენტია, ჩემსავით იურისტია და ხმების იმიტაციაშიც მე მგავს, ჩემი ანარეკლია. ახლა ოჯახური წყვილებია მოდაში და შეიძლება მაყურებლის წინაშე ორივე ერთად წარვდგეთ.
– ოჯახისთვის, შვილებისთვის დღესასწაულების მოწყობა თუ გეხერხებათ?
– ერთ ამბავს მოგიყვებით, თანაც მსმენელის დეფიციტი მაქვს და რადგან მისმენთ, ამას საჩემოდ გამოვიყენებ. საახალწლო მაშხალები ყველა ბავშვს უყვარს, მაგრამ მათი სროლისას ნერვიულობა მეწყება. მეშინია, პატარებს არაფერი მოუვიდეთ. მაშინ სამხედრო პროკურატურაში ვმუშაობდი. მეგობარმა მითხრა, კარგი მაშხალა მაქვს, მოგცემ და ბავშვები გაახარეო. ახალი წლის ღამეს, ზუსტად თორმეტ საათზე, ნაჩუქარ მაშხალას ფანჯარაში გავაყოფინე თავი, თან ბავშვებს ვუთხარი, ახლა მაგარ რამეს გაჩვენებთ–მეთქი. მთელი ოჯახი ფანჯარასთან გამწკრივდა, მაგრამ მაშხალამ ქუჩაში კი არა, სახლში გაისროლა. საშინელი კვამლი და სუნი დადგა, კინაღამ სახანძროს გამოძახება დაგვჭირდა. თურმე შემშლია და მაშხალა უკუღმა დამიჭერია – თავით ოთახისკენ. კიდევ კარგი, ოჯახის მთელი შემადგენლობა ჩემ გვერდით იდგა სასწაულის მოლოდინში და ოთახის სიღრმეში არავინ იყო, თორემ შეიძლებოდა ცუდი რამ მომხდარიყო. ასე დამთავრდა ჩემი სიურპრიზი.
ირინე მჭედლიძე


Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

კავშირი ტეგთან: სიჭინავა
დღის სიახლეები
რა მოსწონთ თქვენ მეგობრებს

Alternative content

online