asdas
ცნობილი ადამიანები

Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

ნოდარ მელაძეს ტელევიზიაში სტუდია აუფეთქდა
”ამ გადაცემამ ყველას ნევროზი დაგვმართა”
ნოდარ მელაძეს ტელევიზიაში სტუდია აუფეთქდა

2012-02-18 00:35:29



თოქ შოუ "100 გრადუსი ცელსიუსის" წამყვანი, 27 წლის ნოდარ მელაძე, ნანობს, რომ საქმისთვის დიდი მსხვერპლი გაიღო და პირად ცხოვრებას სათანადო დრო არ დაუთმო. "ყველაზე ცხელი ტოქ შოუს" წამყვანს – როგორც თავად იცის ხოლმე თქმა, არ უყვარს, როცა პირად ცხოვრებაზე ეკითხებიან. სამაგიეროდ ძალიან მოსწონს, როცა მისი რესპონდენტები ბოლომდე იხსნებიან და კარგ შოუს უდგამენ. მოკლედ, ნოდარი ყველაფრისგან შოუს აკეთებს, გარდა საკუთარი ცხოვრებისა.
– ნოდარ, გაგვაცანით თქვენი ოჯახის წევრები.
– მყავს მშობლები – ნოდარ მელაძე და ნატალია ვახტანგიშვილი, და–ძმა – მზია და პაატა. მე ყველაზე უმცროსი ვარ, 27 წლის.
– ჟურნალისტობა თქვენი ბავშვობის ოცნება იყო?
– სხვათა შორის, ბავშვობაში ექიმობა მინდოდა, მაგრამ მერე მივხვდი, რომ ჟურნალისტიკა მაინტერესებდა. 13–14 წლის ასაკში გაზეთ "გაზაფხულში" ვმუშაობდი და პოპულარულ ადამიანებთან ინტერვიუებს ვწერდი. შემდეგ მე და ჩემმა მეგობრებმა, თამთა სანიკიძემ, ნინო კუტალაძემ და ეკა ლიპარტიამ გადავწყვიტეთ, გაზეთი გამოგვეშვა, მაგრამ სპონსორი ვერ ვიშოვეთ. ზამთრის ერთ ცივ დღეს კი ოთხივე მივედით ტელეკომპანია "ევრიკაში" და განვაცხადეთ, რომ გადაცემის გაკეთება გვინდოდა. რა თქმა უნდა, გვითხრეს, რა გადაცემა უნდა გააკეთოთ, ვინ ხართო. ჩვენ სამი კვირა ვითხოვეთ, დაგვთანხმდნენ და სამ კვირაში უკვე ეთერში ვიყავით.
– რა გადაცემა მოამზადეთ?
– ეს იყო გადაცემა "თინეიჯერი" მუსიკაზე, შოუბიზნესსა და გართობაზე. თავიდან 15 წუთი გვქონდა. მერე იმდენად წარმატებული აღმოჩნდა, რომ პირდაპირ ეთერში გავედით და დრო გავზარდეთ.
ჟურნალისტიკის ფაკულტეტის პირველ კურსზე ვიყავი, როცა განცხადება ვნახე, რომ რადიო "ფორტუნას" წამყვანები სჭირდებოდა და მივედი. ასე მოვხვდი პირველად საინფორმაციო სივრცეში, სადაც 3 წელი ვიმუშავე. იმდენად დატვირთული ვიყავი, რომ ერთი მოვლენის გაშუქებიდან მეორეზე გადასვლას ვერ ვასწრებდი. შემდეგ რადიოს პირდაპირ ეთერში დამსვეს. ბოლოს გადავწყვიტე, ტელევიზიაში წავსულიყავი. იმ პერიოდში "კავკასიაში" გამოჩნდა ადგილი, სადაც ოთხი თვე ვიმუშავე. სატელევიზიო ტექსტის წერა იქ ვისწავლე. მე უფრო დიდი მასშტაბის ტელევიზია მაინტერესებდა. ამიტომ სამუშაოდ "პირველ არხზე", "მოამბეში" გადავედი. იქ გამოსაცდელი ვადით მიმიღეს, ორ კვირაში კი თანამშრომლად ამიყვანეს. ეს პერიოდიც ძალიან საინტერესო იყო, რადგან 2004 წელს შეტაკებები მოხდა ცხინვალის რეგიონში და იქ გამიშვეს. მახსოვს, დღე და ღამე მანქანაში გვეძინა, სულ ვმუშაობდით, სროლის ხმა ისმოდა. მაშინ ბევრი ადამიანი გავიცანი. ჟურნალისტისთვის კი მთავარი კონტაქტებია. მერე გაკეთდა "ღამის მოამბე" და მე და ჩემი მეგობარი, ლელა წიკლაური, იქ გადაგვიყვანეს. შემდეგ წელიწადნახევარი საინფორმაციო სამსახურის პროდიუსერი ვიყავი და მივხვდი, რომ ეს ყველაზე საშინელი სამსახურია ტელევიზიაში.
– რატომ?
– იმიტომ, რომ ამ დროის განმავლობაში გამიფუჭდა ნერვები, სულ სამსახურში უნდა ვყოფილიყავი და, ტელევიზიის გარდა, ჩემთვის ცხოვრება აღარ არსებობდა. ეს ძალიან დიდი პასუხისმგებლობაა. ყველაფერი უნდა გააკონტროლო. მივხვდი, რომ ეს აღარ მინდოდა. ამიტომ სამუშაოდ ტელეკომპანია "მზეზე" გადავედი. იქ ჩემს ცხოვრებაში სხვა ეტაპი დაიწყო. შემიძლია თამამად ვთქვა, რომ ეს იყო ქართულ სატელევიზიო სივრცეში ყველაზე კრეატიული ტელევიზია – არ ერიდებოდა არანაირ ნოვაციას. რეპორტაჟებიც ყოველთვის ყველაზე განსხვავებული გვქონდა. მუდმივად მიწევდა მასალების საზღვარგარეთიდან გაკეთება. სამსახურში ჩემზე ამბობდნენ, თვითმფრინავის ტრაპიდან არ ჩამოდისო. შემდეგ გადაწყვიტეს, დილის საინფორმაციო გამოშვება წამეყვანა. შემდეგ დღის გამოშვების წამყვანად გადამიყვანეს და ბოლოს "მზეც" დაიხურა. ეს ერთ–ერთი მძიმე დღე იყო ჩემთვის. სამუშაო დღე რომ სრულდებოდა, სამსახურიდან ყველა ერთად მივდიოდით ტელეკომპანიის გვერდით მდებარე კაფეში და გვიანობამდე არ ვიშლებოდით. ეს იყო ტელევიზია, სადაც კონფლიქტები თითქმის არ ხდებოდა.
– "მზის" ხალხი მერე სხვადასხვა არხებზე გადანაწილდით. "იმედი" თქვენ აირჩიეთ თუ მან აგირჩიათ?
– საინფორმაციო სამსახურის მაშინდელმა უფროსმა მანანა მანჯგალაძემ დამირეკა. სხვა წინადადებებიც მქონდა, მაგრამ "იმედი" ვარჩიე, რადგან იქ "მზის" გუნდის ერთი ნაწილი, ერთი სამეგობრო გადავედით. თავიდან, როგორც კორესპონდენტი, ისე ვმუშაობდი, შემდეგ კი მე და თამთა სანიკიძე დღის საინფორმაციოს წამყვანებად დაგვნიშნეს.
– როგორ გახსოვთ ტელეწამყვანის ამპლუაში პირველი პირდაპირი ეთერი?
– ეს იყო ჯოჯოხეთი. ბედის ირონიით, საშინელი დღე დაემთხვა. "მზის" ეთერში დილის 8 საათის საინფორმაციო გამოშვება უნდა წამეყვანა. ე.წ. ქუდი წავიდა და 8 წამში პირდაპირ ეთერში უნდა გავსულიყავი, რომ უცებ სტუდია აფეთქდა და ყველა განათება ჩაქრა. ამ დროს შემოვიდა რეჟისორი, ერთი ნათურა მომანათა და ასე გავედი ეთერში, სახე ნახევრად ჩაბნელებული მქონდა.
ერთი მსგავსი შემთხვევაც მახსოვს. წინა ღამით გადაცემის ჩაწერა მქონდა, მონტაჟი დილის 5 საათზე დავასრულე. დილის 9 საათზე კი უკვე სამსახურში ვიყავი. მეძინებოდა. საინფორმაციო მიმყავდა და რაღაც დიდი სიუჟეტი გადიოდა, ანუ კადრში არ ვჩანდი. ამ დროს დავამთქნარე. რეჟისორმა კი უცებ ეთერში დაღებული პირით გამომაჩინა.
– ასე მოხვედით თქვენს ტოქ შოუმდე. როგორ შეაფასებთ ამ რამდენიმე თვეს, რაც გადაცემა გადის, კმაყოფილი ხართ?
– არ მეგონა, საინფორმაციოზე რთული რამე თუ იქნებოდა, მაგრამ თურმე ვცდებოდი. რთულია, როცა დებატები მიდის და ორი განსხვავებული აზრის ჭიდილია, თანაც საქართველოში დებატების კულტურა არ არსებობს. შეიძლება რაღაც ისტორია ტელეფონით გიამბონ, მაგრამ შემდეგ სტუდიაში ხმას აღარ იღებენ ან საერთოდ არ მოდიან. ამ გადაცემამ ყველას ნევროზი დაგვმართა. სტუმარს შეითანხმებ, გადაცემას ააწყობ და უცებ რესპონდენტი აღარ მოდის. მერე კი ყველაფერი თავიდან ბოლომდე უნდა გადააწყო, რაც კოლოსალურ შრომას უკავშირდება. აღარ მახსოვს, ბოლოს როდის დავისვენეთ. რეალურად სტუმრების დეფიციტია, რადგან გულწრფელი ადამიანები ძალიან ცოტანი არიან. გვეუბნებიან, რომ ხშირად მოგვყავს ერთი და იგივე ხალხი, ეს მართლაც ასეა, მაგრამ ისინი გულწრფელად საუბრობენ და კარგ შოუს აკეთებენ. სანთლით ვეძებთ ადამიანებს, რომლებიც სტუდიაში მოვლენ, იქნებიან ლაღები და არ დაკომპლექსდებიან.
პირველი გადაცემის ჩაწერის დროს სასწაული მოხდა: ციცინო შურღაიას პირდაპირი ჩართვა მოსკოვიდან ფაქტობრივად ჩაგვივარდა. გადაცემა დავიწყე ისე, რომ მთავარი კოზირი, რაც უნდა მქონოდა, აღარ გამაჩნდა. ამაზე იყო ყველაფერი აწყობილი, სცენარი ინგრეოდა. ჩაწერის პარალელურად მოძრავ სატელევიზიო სადგურში სრული პანიკა იყო. საერთაშორისო კოორდინატორი მოსკოვის ყველა სტუდიაში რეკავდა, რომ გაერკვია, სად შეიძლებოდა, თავიდან შეეკვეთა სიგნალი. რეკავდა კაიროში, რომ იქნებ მოსკოვიდან კაიროში განხორციელებულიყო სიგნალი და იქიდან – თბილისში. ამ სრული პანიკის დროს ვცდილობდი, გადაცემის ჩაწერა გამეხანგრძლივებინა და ბოლოს სრულიად უაზრო კითხვებზე გადავედი. საბედნიეროდ, პროდიუსერმა ყურში მითხრა, რომ მოსკოვიდან ჩართვა მოხერხდა და შვებით ამოვისუნთქე. ეს იყო ყველაზე რთული ეთერი.
ამ გადაცემაზე მუშაობა საინტერესოა, მაგრამ საინფორმაციოს ვერ შემიცვლის. თუმცა ფაქტი ერთია, ტოქ შოუმ გაამართლა. ერთ–ერთი რეიტინგული პროექტია, ეს არის გადაცემა, რომელზეც მეორე დღეს ბევრს საუბრობენ.
მსგავსი გადაცემა ერთადერთია ქართულ ტელესივრცეში. ეკა ხოფერიას აქვს "აუდიტორია", მაგრამ იქ სხვანაირი თემები შუქდება. რასაც ახლა უყურებთ, გადაცემის ეს ფორმატი, თავიდან ბოლომდე მე დავწერე – როგორი უნდა ყოფილიყო სტუდია, გაფორმება და ა.შ. რომ იცოდეთ, რა რესურსებით კეთდება ეს გადაცემა, გაგეცინებათ. მხოლოდ სამი ადამიანი ვაკეთებთ – მე და ორი პროდიუსერი. პარალელურად სამივე საინფორმაციო გადაცემაში ვმუშაობთ. მიკვირს კიდეც, ეთერში როგორ გავდივართ. შეზღუდული რესურსებით მაქსიმუმს ვაკეთებთ პირადი კონტაქტების ხარჯზე.
– ვისი მოწვევა გიხარიათ განსაკუთრებით?
– ასე ყველას ვერ ვიტყვი, რადგან სხვებს ეწყინებათ. მაგალითად, გადაცემაში, სადაც პროსტიტუციის ლეგალიზაციაზე ვლაპარაკობდით, პოეტმა ზაზა ქინქლაძემ მშვენიერი შოუ მოაწყო. დათო ოქიტაშვილმა თემაზე – შოუბიზნესი, ძალიან მაგარი შოუ დადგა და ა.შ. მიხარია, იმ სტუმრების მოწვევა, რომლებიც კარგი შოუს გაკეთების საშუალებას გვაძლევენ.
– ამ გადაცემის შემდეგ თქვენ გარშემო ჭორები არ მომრავლდა?
– ჭორები ყოველთვის იყო. მაგალითად, მანქანა, რომელიც მყავს, თურმე მაჩუქეს. ასეთ რაღაცეებს ყურადღებას არასდროს ვაქცევ. ჩემმა მეგობარმა, რომელმაც განათლება დასავლეთში მიიღო, მასწავლა, რომ ჰყავდა ლექტორი, რომელიც ნებისმიერ ცუდ სიტუაციას ხვდებოდა ფრაზით – "მერე რა!". ახლა ვცდილობ, მეც იგივენაირად მოვიქცე.
– ერთი პერიოდი ლაპარაკობდნენ, თითქოს ნანიკო ხაზარაძესთან კონფლიქტი გქონდათ.
– არა, მე და ნანიკო ტელევიზიაში ყველაზე ახლო მეგობრები ვართ. ჩემთან სახლშიც არის ნამყოფი. როცა ვხვდები, რომ გადაცემაში ცეცხლოვანი ადამიანი მჭირდება, ნანიკოს ან ია ფარულავას ვიწვევ. ეს ჭორი ალბათ იმ პირდაპირ ეთერს მოჰყვა, როცა ნანიკომ დღის შოუში თემაზე "წარმატება" მითხრა, როცა შენ გაზეთში მუშაობდი, ვერც წარმომედგინა, რომ ცხოვრებაში ამდენს მიაღწევდიო. რა არის ამაში ცუდი და საწყენი?! არაფერი! პირიქით, ადამიანზე ჩემმა განვლილმა გზამ კარგი შთაბეჭდილება მოახდინა.
– როგორ ფიქრობთ, მიაღწიეთ წარმატებას თუ ჯერ კიდევ წინ გაქვთ ეს ეტაპი?
– წარმატება და პოპულარობა ჩემი იდეაფიქსი არასდროს ყოფილა. როცა საქმეში ხარ ჩართული, ვერც ამჩნევ, შენ გარშემო რა ხდება. იმდენ დროს ვატარებ ტელევიზიაში, რომ გარე სამყაროს მოწყვეტილი ვარ. ამაზე ვდარდობ კიდეც.
– ეს მსხვერპლი ღირს იმ ანაზაღაურებად, რასაც ტელევიზიაში გიხდიან?
– ტელევიზიაში ხელფასის გამო არასდროს მიმუშავია. ამ საქმემ ჩემს ცხოვრებაში ყველაფერი დაჩრდილა, რაზეც ახლა ვნანობ და ვხვდები, რომ ასე არ უნდა მოვქცეულიყავი. ვფიქრობ, რომ ეს ყველაფერი არ ღირდა ამად. როცა საქმის გამო ამხელა მსხვერპლს გაიღებ, მნიშვნელოვანს დათმობ, ბუნებრივია, მარტო ხელფასისთვის ვერ იმუშავებ.
– მნიშვნელოვანის დათმობაში პირად ცხოვრებას გულისხმობთ?
– კი და არამარტო ამას. ყველაზე ახლო მეგობრებიც კი ერთ თვეა არ მინახავს. შეიძლება დედა, მამა და ჩემი ძმისშვილი ვერ ვნახო ნორმალურად. სულ სამსახურში ვარ.
– არც შეყვარებულისთვის გრჩებათ დრო?
– პირად ცხოვრებაზე ლაპარაკი არ მსურს. ერთხელ უკვე მქონდა ამის მწარე გამოცდილება, როცა პრესაში დაბეჭდილი ინტერვიუს შემდეგ ჩემს ცხოვრებაში ცუდი ეტაპი დადგა. ადამიანი, რომელთანაც ურთიერთობა მქონდა, ნაწყენი დარჩა.
– როგორი ადამიანი წარმოგიდგენიათ თქვენს მეორე ნახევრად?
– ასეთი ფორმულა ჩემთვის არ არსებობს. შეიძლება ადამიანი გაიცნო და ბევრმა გითხრას, რომ არ შეგეფერება, მაგრამ მასთან ისე კარგად გრძნობდე თავს, რომ სხვების აზრი არ გაითვალისწინო. ახლა 27 წლის ვარ. 15 წლის შემდეგ ჩემს ცხოვრებაში დაიწყება ეტაპი, როცა ასაკის გამო ყველაფერი უკან–უკან წავა. რატომ უნდა იყო იმ ადამიანთან, ვისთან ერთად ცხოვრებაც შენთვის მშვენიერი არ იქნება?! რატომ უნდა შექმნა ოჯახი მხოლოდ ოჯახის შექმნისთვის?! ძალიან ცოტა პერიოდი გვაქვს იმისთვის, რომ ცხოვრებით დავტკბეთ. ამიტომ, ჩემი აზრით, არ უნდა გააკეთო ისეთი რამ, რაც ცხოვრებაში დისკომფორტს შეგიქმნის.
მანანა ნოდია


Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

დღის სიახლეები
რა მოსწონთ თქვენ მეგობრებს

Alternative content

online