| ქალი და მამაკაცი |

სულ რამდენიმე ხანია, რაც "კომედი შოუს" ჯგუფს კიდევ ერთი წევრი შეემატა ბექა ონიანის სახით. მის მიერ შექმნილი მომაბეზრებელი კაცის ტიპაჟი და სახალისო ფრაზები უკვე ხალხმაც აიტაცა. მეშვიდე კლასიდან არის იუმორის სფეროში, სტუდენტობის დროსაც "მხიარულთა და საზრიანთა კლუბში" თამაშობდა. ეკრანზე პირველად რამდენიმე წლის წინ გამოჩნდა, როდესაც "კლაბ შოუში" იღებდა მონაწილეობას, მერე ცოტა ხანი იუმორისტული წყვეტა ჰქონდა. ახლა კი "კომედი შოუს" აქტიური მსახიობი და სცენარისტია. ბექა ონიანს "გუმბათი" შეხვდა და მის პერსონაჟსა და სხვა საინტერესო თემებზე ესაუბრა.
- ბექა, ბოლო თვეები პერიოდულად ჩნდებოდით "კომედი შუში", ახლა კი უფრო მეტად გამოჩნდით. დიდი ხანია, რაც ამ ჯგუფს შემოუერთდით?
- თავიდან მართლაც იშვიათად ვჩნდებოდი ხოლმე. ახლა კი მუშაობაში აქტიურად ჩავერთე და უფრო მეტად გავაქტიურდები, ალბათ. სულ 4-5 თვეა, რაც "კომედი შოუში" ვარ. პირველად კი "კლაბ შოუში" გამოვჩნდი. ბოლო სეზონში ვიყავი, მერე კი, როგორც იცით, ეს პროექტი დაიხურა. ამის შემდეგ ცოტა პაუზა იყო. სხვა პროექტის გაკეთებას გეგმავდნენ და ბოლოს გადაწყვიტეს, რომ "კომედი შოუში" გამოვჩენილიყავი. ადრე, სკოლის პერიოდში "კვნ"-ში ვთამაშობდი, მერე უნივერსიტეტშიც "მხიარულთა და საზრიანთა კლუბში" ვიყავი. ამ ყველაფერს ჩემი მეგობრები უყურებდნენ და მეც მათ თამაშებზე დავდიოდი. სწორედ აქედან მიცნობდნენ "კომედი შოუს" ბიჭები. უნივერსიტეტის მერე ცოტა სხვა განხრით წავედი და ასე ვთქვათ, იუმორისტული წყვეტა მქონდა. მერე კი "კლაბ-შოუში" დამიძახეს.
- მანამდე იუმორს უფრო სცენაზე იყენებდით და ახლა როგორ მოგწონთ ეკრანზე გამოჩენა?
- ძალიან მომწონს, რომ არ მომწონდეს, აქ არც ვიქნებოდი. ჩემთვის ეს სფერო უცხო არ არის. პირველად ეკრანი ცოტა უცხო კი იყო, მაგრამ ახლა ასე აღარ არის. ჩემს საქმეს თავს კარგად ვართმევ. კვირაში სამი დღე მიწევს ჩაწერებზე მოსვლა. ამ დროს სცენარზე ვმუშაობ ხოლმე, თან, ტიპაჟების დამუშავება ხდება. მერე უკვე ჩაწერები გვაქვს. თავიდან მსიამოვნებდა ჩაწერებში მონაწილეობა. მერე მივხვდი, რომ ეს მარტო სიამოვნება არ არის და გარკვეულწილად, ჩემს საქმედაც იქცა.
- საკუთარი თავის ეკრანზე ნახვისას როგორი რეაქცია გაქვთ?
- სიმართლე გითხრათ, ხანდახან არის მომენტი, რომ ვერ ვუყურებ. ისეთ დროს გადის "კომედი შოუ", რომ ხან ამ დროს ბავშვებს ვაძინებთ და ჩუმად უნდა ვიყოთ, ხან კი სტუმრად ვარ ხოლმე, თუმცა, ზოგჯერ ვუყურებ. უფრო მეტად თვითკრიტიკის კუთხით ვუყურებ, თორემ ჩემს თავზე ფანატიკურად შეყვარებული ნამდვილად არ ვარ. სკეტჩებს იმ მიზნით ვუყურებ, რომ რაც დასახვეწია შევცვალო და აღმოვაჩინო ის, რაც არ მომწონს ჩემს თავში.
- საკმაოდ სასაცილო ტიპაჟი შექმენით, თანაც დასამახსოვრებელი ფრაზებით. ეს მთლიანად თქვენი მოფიქრებულია?
- კი, ჩემი შექმნილი ტიპაჟია. ვერავინ გეტყვის, ტიპაჟი გააკეთეო, თუ თავიდან ბოლომდე შენით არ მოიფიქრე ყველაფერი. შენს თავში უნდა ჩამოაყალიბო, რა გინდა და რა უნდა გააკეთო. შეიძლება ვინმემ გითხრას, აი, ეს თქვიო, მაგრამ ტიპაჟს სხვა ვერ შეგიქმნის. თავდაპირველად, ტიპაჟი მე მოვიფიქრე, ახლა სცენარს ხან ერთობლივად ვწერთ, ხან მარტო მე. ცოტა ხანში სხვა როლშიც მიხილავთ.
- ქართველებისთვის სახასიათო გმირს თამაშობთ. კერძოდ, საინტერესოა, საიდან აიღეთ ქცევები და ფრაზები, ვინმეს ხომ არ ბაძავთ?
- კონკრეტულად არავის ვბაძავ. უბრალოდ, ეს არის ქართველი კაცის ხასიათიდან გამომდინარე, რომელიც ხშირ შემთხვევაში მომაბეზრებელია. მართლაც, არსებობენ ასეთი ტიპის ადამიანები, რომლებმაც თვითონაც არ იციან რა უნდათ. სულ უნდათ, რომ უფროსს ან ვინმეს რაღაც ჰკითხონ. შეიძლება ეს რაღაც სულ არ აინტერესებდეს, მაგრამ მაინც ეკითხებიან. ბევრისმთქმელი, მაგრამ ამავე დროს არაფრისმთქმელი პერსონაჟია. ბევრს ლაპარაკობს, მაგრამ სერიოზულს არაფერს აკეთებს. ეს ტიპი, იცით, როგორი წარმომიდგენია? "ცისფერი მთებში" რომ სამსახურია, ასეთ ადგილას მუშაობს ჩემი გმირი, მაგრამ არავინ იცის, რას აკეთებს. უფროსი ჰყავს და ყველაფერს მას ეკითხება. არადა, ისეთ სისულელეებს ეუბნება, რომ თვითონაც ვერ ხვდება. ჩემი აზრით, ასეთი ტიპაჟი "ცისფერ მთებს" ძალიან მოუხდებოდა.
- მსგავსება თქვენსა და თქვენს გმირს შორის არის?
- არა. ის კი არა, ბევრს ქართლელი ვგონივარ, ისეთი კილოთი ვსაუბრობ. არადა სვანი ვარ. ვერ გეტყვით, რომ ჩემი გმირი ქართლელია, უბრალოდ, რაღაც სპეციფიკური კილოთი საუბრობს. ისეთი ტიპაჟია, რომ სხვანაირად ვერ ილაპარაკებს, სხვა ხმასა და ინტონაციას ვერ გაამართლებს. ეს გმირი ჩემში არ ზის, მხოლოდ იუმორით ზის ჩემში. ასეთ ადამიანებზე რეალურად ძალიან ვხალისობ.
- როგორც ახალი წევრი, კოლექტივს როგორ მოერგეთ?
- ძალიან კარგად მოვერგე. მანამდეც გვქონდა ერთმანეთთან შეხება, თუმცა, ხშირი არა. საკმაოდ მეგობრული გუნდია, რომელშიც ძალიან თავმდაბალი ადამიანები არიან. ისინი თავისი საქმის პროფესიონალები არიან. ისეთი სიტუაცია დამხვდა, თითქოს ამ გარემოში ადრეც ვიყავი. მეგობრულად და გუნდურად ჩავჯექი კოლექტივში.
- გარდა იუმორისტული სფეროსი, სხვა საქმითაც ხართ დაკავებული?
- კი. ჩემი საკუთარი პატარა ბიზნესი მაქვს მომსახურების სფეროს სახით და ამით ვარ დაკავებული. თუმცა, იუმორს არანაკლებ ყურადღებას ვაქცევ, ვცდილობ, რომ ორივე საქმე თანაბრად ვაკეთო და ერთმა მეორეს ხელი არ შეუშალოს.
- ბექა, დაოჯახებული ხართ, როგორც ვიცით. რამდენი შვილი გყავთ?
- ორი ქალიშვილი მყავს და ამდენად, ოჯახში უმცირესობაში ვარ. სამი ქალია და ეს ერთი კაცი ვარ. უფროსი გოგონა ხუთი წლისაა, უმცროსი კი სამის.
- ეკრანზე მამის დანახვა უხარიათ, ალბათ.
- კი, მოსწონთ. სხვათა შორის, "კომედი შოუს" "კლაბ შოუს" ეძახიან. ახლახანს ზეიმი ჰქონდათ საბავშვო ბაღში. ორივეს ერთ დღეს დაემთხვა, თუმცა, სხვადასხვა ჯგუფში არიან. მეგონა, ვერ მიცნობდნენ, მაგრამ ორივემ მიცნო, რომ თოვლის ბაბუა მე ვიყავი.
- ახლობლები, ოჯახის წევრები, როგორ აფასებენ თქვენს ტიპაჟს და საერთოდ იმას, რომ ასე აქტიურად ჩაერთეთ "კომედი შოუში"?
- ნორმალურად შეხვდნენ. მშობლებისთვის ეს უცხო არ ყოფილა, იმიტომ, რომ მეშვიდე კლასიდან იუმორის სფეროში ვარ. ჩემი ახლობლები უყურებენ "კომედი შოუს" და ჩემი გმირით ხალისობენ. ჩემი ეს ახალი ამპლუა უცხო არც ჩემი მეუღლისთვის ყოფილა. მოსწონს ძალიან და ჩემგან უფრო მეტს ელის.
- და მაყურებელი რას უნდა ელოდოს თქვენგან სამომავლოდ?
- უფრო ბევრ ტიპაჟსა და უფრო კარგ იუმორს. ვნახოთ, რა და როგორ იქნება. ახალ ტიპაჟებსაც შევქმნი და უფრო ხშირადაც გამოვჩნდები. "კომედი კლაბი" ახალ პროექტს აკეთებს, თუმცა, ჯერჯერობით, ეს მე არ მეხება. ამ ეტაპზე მხოლოდ "კომედი შოუს" სცენარი და მსახიობობა მეხება და ამ დაკისრებულ მოვალეობას თავს კარგად ვართმევ.
თეონა კენჭიაშვილი

|
დღის სიახლეები
24-05-2012
24-05-2012
24-05-2012
|
რა მოსწონთ თქვენ მეგობრებს
|
Alternative content



ჯეიმს ბონდებს ნაზი ქალი წვრთნის
ვაზაგაშვილები ”პირველ არხს” უჩივიან
კახა ბექაური: "მეცხრე არხი" არცერთ თანამშრომელს არ დაუტოვებია
გაზეთი "პოსტკრიპტუმი" ჟურნალისტის მიმართ ფიზიკურ ანგარიშსწორებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს











ვანო ჩხარტიშვილი მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ სარჩელს ამზადებს
ვანო ჩხარტიშვილი ტელეკომპანია ”მზის” დაბრუნებას აპირებს
რას ხედავს სიზმარში ნუცა ხიდირბეგიშვილი 

ნანუკა ჟორჟოლიანი ჩაფიძის კლინიკაში მოხვდა
ია ანთაძე: ”შსს-ს განცხადება ცინიკურია”
შსს: გელა მთივლიშვილი არ გვიცემია
ჟურნალისტ გელა მთივლიშვილს პოლიციამ სცემა
"პირველი სტერეოს" ოფისი ტელეკომპანიის ყველა თანამშრომელმა დატოვა
ხატია ძერყორაშვილი: "ახალგორიდან მე და დედამ გადაცმულებმა გამოვაღწიეთ"
"1 სტერეოს" შენობას დეპუტატ დავით ბეჟუაშვილის წარმომადგენლები იკავებენ
კახა ბექაური - "მეცხრე არხმა" "თრიალეთის" 10%-იანი წილი იყიდა
კახა ბექაურს მე-9 არხზე ინგა გრიგოლია უნდა 






















































































