| ქალი და მამაკაცი |

ქუთათურებს პარლამენტის ქუთაისში გადატანით, ჯერჯერობით, მხოლოდ პრობლემები ექმნებათ. სანამ მომავალი პარლამენტის მეზობლად მცხოვრებთა საკმაოდ სერიოზული გასაჭირის შესახებ გიამბობდეთ, აღვნიშნავთ, რომ დეპუტატებსა და პარლამენტის აპარატის თანამშრომლებთან ერთად, ამ ქალაქს მედიასაშუალებებიც შეესევიან. აბა, პარლამენტის ამბებს გაშუქება ხომ უნდა! უკვე გარკვეულია, რომ "მეორე არხი" ფაქტობრივად, ქუთაისში დამკვიდრდება. მოგეხსენებათ, საპარლამენტო სხდომებს პირდაპირ ეთერში სწორედ ეს არხი გადასცემს. ირკვევა, რომ სხვა სატელევიზიო არხებიც ფიქრობენ, რომ ქუთაისში მნიშვნელოვანი ბიუროები დააფუძნონ.
არ არის გამორიცხული, სახელისუფლებო ტელეარხებმა ცალკეული გადაცემების სტუდიები ქუთაისში მოაწყონ, რადგანაც რესპონდენტები - დეპუტატები ქუთაისში უნდა იყვნენ და ადგილზე მათთან ინტერვიუების ჩაწერის აუცილებლობა ნამდვილად გაჩნდება. ისიც შესაძლებელია, რომ "კურიერი" თუ "ქრონიკა" პირდაპირ ქუთაისის სტუდიიდან გავიდეს ეთერში. ამის პრაქტიკა ტელეკომპანია "რუსთავი 2"-მა უკვე დაამკვიდრა, როდესაც "კურიერის" სტუდია პირდაპირ ბათუმის შერატონში მოაწყო და ზაფხულის სეზონზე ახალ ამბებს სწორედ ამ ზღვისპირა ქალაქიდან გვიყვებოდა. როგორც ჩანს, ასეთივე ჩართვებს გეგმავს ტელეკომპანია "იმედიც" და ამისათვის ზრუნვა უკვე დაწყებული აქვს. ჩვენი ქუთაისელი კოლეგები ამის შესახებ გაუგონარ ინფორმაციას ავრცელებენ. გაზეთ "პოსტსკრიპტუმის" (პ.ს.-ს) ცნობით, "იმედმა" საცხოვრებელი კორპუსის მერვე სართულის თავზე, მის სახურავზე სტუდიის მშენებლობა დაიწყო.
"პოსტსკრიპტუმი" წერს, რომ, რამდენიმე კვირის წინ, ირაკლი აბაშიძის ქუჩის N17-ში მდებარე რვასართულიანი სახლის მცხოვრებნი გვარიანად შეაშფოთა მათ სახურავზე გამართულმა ხმაურმა, ე.წ. დრელის გამუდმებულმა გუგუნმა. როდესაც იკითხეს, რა ხდებოდა, პასუხი ვერ მიიღეს. ადგილობრივებმა, მხოლოდ მოგვიანებით, არაოფიციალურად გაარკვიეს: ამ მისამართზე, კორპუსის თავზე, შენდება "ტელეიმედის" სტუდია, ფილიალი, თუმცა, ამ მშენებლობის შესახებ მოსახლეობისათვის არანაირი დოკუმენტი არ წარუდგენიათ და მათი თქმით, არც ხელშეკრულება არსებობს. წარმომადგენელი, რომელიც კორპუსის მცხოვრებთ ამ ფაქტის შესახებ წინასწარ აცნობებდა, მანამ არ გამოჩენილა, სანამ მობინადრეებმა ამის შესახებ ხმამაღლა ლაპარაკი არ დაიწყეს.
აი, რა უამბო "პოსტსკრიპტუმს" კორპუსის მცხოვრებმა ფარნაოზ სინატაშვილმა:
- ყოველგვარი შეთანხმების გარეშე, ერთ-ერთი ადგილობრივი კომპანია, "შპს 184" შემოიჭრა, რომელმაც სადარბაზოს ჭერზე, ტელეკომპანია "იმედის" სტუდიის ფილიალის განთავსების მიზნით, ნგრევა დაიწყო. პირველ შეხვედრაზე მერია და მუნიციპალიტეტი არ იყვნენ საქმის კურსში. მეორე შეხვედრა მერიის წარმომადგენლების, ბინის ამხანაგობის თავმჯდომარისა და რამდენიმე მეზობლის მონაწილეობით გაიმართა. ცუდია, რომ რამდენიმე მეზობელი მაშინვე დაეთანხმა მშენებლობის პროცესს. ამხანაგობის თავმჯდომარემ, ამ მშენებლობის სანაცვლოდ, ხეების ტოტების მოჭრა მოითხოვა, ზოგიერთმა მეზობელმა - ლიფტის გამართული მუშაობა და სადარბაზოს შეღებვა, ხოლო ზოგიერთი მცხოვრები მშენებლობაზე დასაქმდა. ბინა არის პრივატიზებული. მერვე სართულზე სამი ოჯახი ვცხოვრობთ. აღნიშნული სამუშაოები დღესაც მიმდინარეობს. არის აუტანელი ხმაური. დასკდა ჭერი, იყრება ბათქაში, ჩამოდის წყალი. საცხოვრებელი ფართი პრივატიზებული გვაქვს და არანაირი სურვილი არ გაგვაჩნია, ჩვენი სართულის ზემოთ მოხდეს რაიმე ობიექტის დაშენება. ხდება საკუთრების ხელყოფა. მათ უნდათ, მერვე სართულის ჭერი გამოიყენონ იატაკად. უნდა აიღონ "სინკარები" და დადონ 25-ტონიანი კონსტრუქცია. ყოველივე ამის გამო, ჩვენს სართულზე საყრდენი კედლები უნდა დაიბურღოს. არ გვინახავს ექსპერტიზის დასკვნა. არ ვიცით, იქნება თუ არა გამოსხივება. საერთოდ, რამდენად მიზანშეწონილია მსგავსი სამსახურის განთავსება საცხოვრებელი ბინის სახურავზე? არ გვაქვს უსაფრთხოების გარანტია, არ არის გაფორმებული ხელშეკრულება მერვე სართულის მცხოვრებლებთან, არ არის გამოყოფილი კომპენსაცია. ტელეკომპანია "იმედის" მენეჯერს ქუთაისში ჩამოსვლა არც უკადრებია, მხოლოდ თბილისიდან იძლევა ბრძანებებს.
"პოსტსკრიპტუმის" ინფორმაციით, კორპუსი 43 წლის წინაა აშენებული, საკმაოდ მოძველებულია. გაზეთის ჟურნალისტები ადგილზეც იყვნენ მისულნი.
- როდესაც მშენებლობის სანახავად მივედით, ასეთი სურათი დაგვხვდა: მერვე სართულის ე.წ. ჩერდაკებზე რამდენიმე მუშა მუშაობდა, რკინის რამდენიმე კონსტრუქცია იყო დამონტაჟებული. მუშებთან საუბრისას, გაირკვა, რომ აღნიშნული პროექტი დაფინანსებულია და შეკვეთილია თბილისიდან, ხოლო ქუთაისში სამუშაოებს კურირებს "შპს 184." როდესაც ერთ-ერთ მუშას, თამაზს, ვკითხეთ, თავად რამდენად უსაფრთხოდ თვლიდა ამ მშენებლობას, გვიპასუხა, აქ უსაფრთხოებაზე არ არის ლაპარაკი. პროექტი დადებულია, შეკვეთა აღებული გვაქვს და უნდა დასრულდეს გარკვეულ ვადაში - დაახლოებით, პარლამენტის დასრულების დროისათვისო.
მუშებისაგან ისიც გავიგეთ, რომ ბინის თავზე არსებული ჭერის აღებას და მერვე სართულის ჭერის იატაკად გამოყენებას აპირებენ. შენობა შეიცავს შუშის კონსტრუქციას. რამდენად ხარისხიანად და უსაფრთხოდ შესრულდება ეს ყოველივე, გაურკვეველია. პასუხისმგებლობას, ჯერჯერობით, არავინ იღებს.
აღნიშნული ბინის მერვე სართულზე ცხოვრობს სამი ოჯახი. ერთ-ერთ ოჯახში არის ავადმყოფი ქალბატონი, რომელიც მწოლიარეა და მისი ოჯახის წევრთა თქმით, უბედურების შემთხვევაში გაქცევასაც ვერ მოახერხებს. ეს ოჯახები მუდმივ შიშსა და განცდაში იმყოფებიან.
როგორც ამ სამ ოჯახთან საუბრისას გამოირკვა, კორპუსის სხვა მეზობლები არ იზიარებენ მათ პრობლემას, რადგან ზოგიერთი დასაქმდა (დღეში 20 ლარად), ზოგიერთმა კიდევ სხვადასხვა საკითხის მოგვარება მოითხოვა.
ისიც გვიამბეს, რომ, როდესაც მერვე სართულის მობინადრეებმა პროექტის არქიტექტორთან შეხვედრა მოინდომეს, ადგილზე მოვიდა წარმომადგენელი და მათ განუცხადა, შეგიკეთებთ იმას, რასაც დაგიზიანებთო, თუმცა, ამის შესახებ, მათი თქმით, არც ხელშეკრულება გაფორმებულა და არც დოკუმენტი. შესაძლოა, ეს უბრალო სიტყვად დარჩეს, - წერს "პოსტსკრიპტუმის" ჟურნალისტი.
მისივე ინფორმაციით, კორპუსის მცხოვრებლებმა მერის სახელზე განცხადება შეიტანეს, თუმცა, დიდი იმედი არ აქვთ, რომ აღნიშნულ პრობლემას რამე ეშველება. ქუთაისის საკრებულოს წევრმა, "ახალი მემარჯვენეების" ქუთაისის ოფისის ხელმძღვანელმა მამუკა მღვდელაძემ ეს საკითხი საკრებულოს სხდომაზე გაიტანა, თუმცა, ქუთაისის მერის, გიორგი თევდორაძის შეფასებით, ქალაქისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ასეთი სოლიდური მედიასაშუალება ქუთაისში თავისი სტუდიის მოწყობას აპირებს. ამიტომ, მერმა მემარჯვენეს ურჩია, პოლიტიკური ქულების დაწერისათვის თავი დაენებებინა. მღვდელაძემ მოგვიანებით აღნიშნა, რომ ქუთაისის განვითარება არ სწყინს, მაგრამ ამ ყველაფრით ადამიანების უფლებები არ უნდა დაირღვეს.
თუმცა, ადამიანების უფლებებს ვინ დაეძებს, როცა პრეზიდენტს ბრძანება აქვს გაცემული, რომ პარლამენტის პირველი სხდომა ახალ შენობაში უკვე წელს, 26 მაისს ჩატარდეს.
- ჩემი დაპირებაა, რომ ქუთაისი გახდეს არა მხოლოდ საპარლამენტო დედაქალაქი, არამედ მეორე დედაქალაქი. ეს ნიშნავს იმას, რომ აქ ბევრი ფუნქცია გადმოვიდეს. ჩვენი ამოცანაა, როცა პარლამენტი გადმოვა, კონტროლის პალატა მთელი შემადგენლობით გადმოვიდეს ქუთაისში. ახლა, ნაწილობრივ არის გადმოსული. ბევრი სხვა რაღაცაც კეთდება ქუთაისში, - განაცხადა სააკაშვილმა.
სააკაშვილს იმის თქმა დაავიწყდა, რომ მისი საყვარელი ტელეკომპანიებიც ლამის სრულად გადადიან ქუთაისში.
შალვა ჯოხაძე

|
დღის სიახლეები
24-05-2012
24-05-2012
24-05-2012
|
რა მოსწონთ თქვენ მეგობრებს
|
Alternative content



ჯეიმს ბონდებს ნაზი ქალი წვრთნის
ვაზაგაშვილები ”პირველ არხს” უჩივიან
კახა ბექაური: "მეცხრე არხი" არცერთ თანამშრომელს არ დაუტოვებია
გაზეთი "პოსტკრიპტუმი" ჟურნალისტის მიმართ ფიზიკურ ანგარიშსწორებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს











ვანო ჩხარტიშვილი მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ სარჩელს ამზადებს
ვანო ჩხარტიშვილი ტელეკომპანია ”მზის” დაბრუნებას აპირებს
რას ხედავს სიზმარში ნუცა ხიდირბეგიშვილი 

ნანუკა ჟორჟოლიანი ჩაფიძის კლინიკაში მოხვდა
ია ანთაძე: ”შსს-ს განცხადება ცინიკურია”
შსს: გელა მთივლიშვილი არ გვიცემია
ჟურნალისტ გელა მთივლიშვილს პოლიციამ სცემა
"პირველი სტერეოს" ოფისი ტელეკომპანიის ყველა თანამშრომელმა დატოვა
ხატია ძერყორაშვილი: "ახალგორიდან მე და დედამ გადაცმულებმა გამოვაღწიეთ"
"1 სტერეოს" შენობას დეპუტატ დავით ბეჟუაშვილის წარმომადგენლები იკავებენ
კახა ბექაური - "მეცხრე არხმა" "თრიალეთის" 10%-იანი წილი იყიდა
კახა ბექაურს მე-9 არხზე ინგა გრიგოლია უნდა 






















































































