| ქალი და მამაკაცი |

საინფორმაციო გამოშვება "მოამბის" ყოფილი წამყვანი, ქალბატონი ლიკა გიორგაძე საქართველოს ტელევიზიაში წლების განმავლობაში მუშაობდა. ჟურნალისტიკაში შემთხვევით მოხვედრილმა გოგონამ სატელევიზიო მუშაკის ყველა საფეხური გაიარა და ბოლოს ტელევიზიის გენერალური დირექტორის მოადგილეც გახდა. თუმცა 2004 წელს მასაც, როგორც ყველა სხვა ცნობილ და დამსახურებულ ტელეწამყვანს, ტელევიზიის დატოვება მოუხდა. ქალბატონი ლიკა დღეს მომავალ ჟურნალისტებს ზრდის. "სარკესთან" მან ტელევიზიაში გატარებულ წლებზე ისაუბრა.
– ქალბატონო ლიკა, როგორ დაიწყეთ ტელევიზიაში მუშაობა?
– რაც უნდა საოცარი იყოს, ჟურნალისტიკაში ისე აღმოვჩნდი, რომ ამ სფეროზე არც კი მიფიქრია. სკოლა ოქროს მედალზე დავამთავრე და იურიდიულზე მინდოდა ჩაბარება. მანამდე მედალოსნებს პირდაპირ შეეძლოთ ამ ფაკულტეტზე მოხვედრა, მაგრამ ზუსტად იმ წელს, როცა მე სკოლა დავამთავრე, გამოვიდა ბრძანება, რომ იურიდიულზე მოსახვედრად ორი წლის მუშაობის სტაჟი უნდა გქონოდა. ამიტომაც დილემის წინაშე აღმოვჩნდი, თუ სად ჩამებარებინა. მაშინ ყველაზე მოდური ფაკულტეტი სამედიცინო იყო და ყველა ფიქრობდა, რომ იქ ჩაბარებას გადავწყვეტდი, მაგრამ ლიტერატურა მიყვარდა და ამიტომაც არჩევანი ფილოლოგიის ფაკულტეტზე შევაჩერე. როგორც კი უნივერსიტეტი დავამთავრე, ერთი წელი სოციოლოგიურ ცენტრში ვიმუშავე, მეორე წელს ტელევიზიაში გადავედი და "მოამბეში" დავიწყე მუშაობა. თავიდან კორესპონდენტი ვიყავი. იმ დროს ტელევიზიაში მოხვედრა ადვილი არ იყო, კომისია საკმაოდ მკაცრად ამოწმებდა ხმას, გარეგნობას და ა.შ. ტელევიზიაში მისვლიდან ორი წლის შემდეგ "მოამბეში" კულტურის ბლოკი მიმყავდა.
ტელევიზიაში ერთად მივედით ახალგაზრდა თაობა: მარინა ჯაში, თამრიკო ბალავაძე, ნანა თუთბერიძე და კიდევ რამდენიმე ადამიანი. სხვებიც თანდათან შემოგვემატნენ. მაშინ გაკეთდა საინფორმაციო–მუსიკალური პროგრამა "ნაშუადღევს", რომელიც "ალიონის" წინამორბედი იყო. მე მიმყავდა "მოამბე", "ნაშუადღევს" და ღამის გამოშვება "ქვიშის საათი". ტელევიზიამ იმდენად იცის ჩათრევა და მიჩვევა, რომ ძალიან ძნელია იქიდან სადმე წახვიდე. საინფორმაციო პროგრამაში 25 წელი ვმუშაობდი. 3 წელი ლიტერატურისა და ხელოვნების რედაქციის მთავარი რედაქტორი გახლდით. სანამ ტელევიზიიდან წამოვიდოდი, 2 წლის განმავლობაში "პირველი არხის" გენერალური დირექტორის მოადგილე ვიყავი. ასე რომ, ტელევიზიის მუშაკის თითქმის ყველა საფეხური გავიარე.
– რატომ წამოხვედით ტელევიზიიდან?
– ტელევიზიაში რეფორმები 1999 წლიდან დაიწყო, რასაც ადამიანების სამსახურებიდან გათავისუფლება მოჰყვა და, ბუნებრივია, ეს ძალიან მტკინვეული იყო, რადგან მათ ტელევიზიაში თითქმის მთელი ცხოვრება ჰქონდათ გატარებული. თუმცა ყველამ, ვინც იქ ვმუშაობდით, კარგად ვიცოდით, რომ რეფორმა აუცილებელი იყო. სიახლეებზე უნდა გადაერთო, მაგრამ ეს ყველაფერი უნდა გაკეთდეს ადამიანის დაზოგვით. სამწუხაროდ, რეფორმა ისე გატარდა, რომ ადამიანების პროფესიონალიზმი არ გაითვალისწინეს და ერთი ხელის მოსმით ყველა ძველი სახე მოიშორეს. მაშინ, როცა ვთვლიდი, რომ ჩემს საქმეში ყველაზე მეტი შემეძლო გამეკეთებინა, აღმოჩნდა, რომ ტელევიზიიდან უნდა წავსულიყავი. იქ ისეთი შემოთავაზება მქონდა, რომ ბუნებრივი იყო, უარს ვიტყოდი და წამოვიდოდი.
– რა შემოთავაზება იყო ასეთი?
– მაშინ, როცა "პირველი არხის" გენერალური დირექტორის მოადგილე ვიყავი, შემომთავაზეს, ასისტენტის თანაშემწედ გადავსულიყავი. მე არ ვამბობ, რომ რომელიმე პროფესია სათაკილოა, პირიქით, ტელევიზიის ყველა რგოლი მნიშვნელოვანია, მაგრამ არის გარკვეული ზღვარი, რასაც ვერ გადააბიჯებ. თან მე არც ვიცოდი ის საქმე, რის გაკეთებასაც მთავაზობდნენ. ამასთან, როცა იმ ადამიანების 90 პროცენტი, ვისთან ერთადაც ვმუშაობდი, ტელევიზიიდან გაუშვეს, ბუნებრივია, დარჩენის სურვილი აღარც მქონდა. ის ეტაპი იყო, როცა უნდა წამოვსულიყავი და ამის გადაწყვეტილებაც მივიღე. ეს ძალიან მტკინვეული იყო ჩემთვის. ყველაფერთან ერთად აქ იყო ღირსების და თავმოყვარეობის შელახვის მომენტი, როცა არ ფასდება ის ყველაფერი, რასაც წლების განმავლობაში აკეთებდი. რა თქმა უნდა, გსურს, რომ, ყველაზე მცირე, მადლობა მაინც მიიღო. თუმცა ტელევიზიიდან ჩემზე გაცილებით დამსახურებული ადამიანები გაუშვეს. ასე რომ, შეიძლება არც ღირდეს ამაზე წუხილი.
– რისი გაკეთება ვერ მოასწარით ტელევიზიაში?
– ნაყოფიერად ვიშრომე, მაგრამ უფრო მეტის გაკეთება შეიძლებოდა და ახალ გადაცემას სიამოვნებით გავაკეთებდი ან ჩემს გამოცდილებას ახალგაზრდა თაობას გავუზიარებდი. ვფიქრობ, შეგვეძლო, ბევრი სასარგებლო რამ მიგვეცა მათთვის, რომლებიც ტელევიზიაში ჩვენ შემდეგ მოვიდნენ.
– საინფორმაციო გამოშვებების წამყვანების ახალ თაობას როგორ შეაფასებთ?
– უხერხულია ჩემგან ამაზე საუბარი, რადგან ისინი ჩემი კოლეგები არიან. რა თქმა უნდა, ახალგაზრდობა უნდა მოვიდეს, ამის გარეშე წარმოუდგენელია ნებისმიერი საქმის კეთება. თუმცა ვფიქრობ, რომ გამოცდილების გარეშე ადამიანის პირდაპირ ეთერში დასმა იწვევს იმას, რომ მაყურებელს ან გაუმართავი მეტყველების მოსმენა უწევს, ან – დაუხვეწავი ფრაზის და ა.შ. არ ვამბობ, რომ ის კონკრეტული ახალბედა წამყვანი ცუდი ან უნიჭოა. უბრალოდ, მას გაზრდა და გარკვეული პროფესიული დაოსტატება სჭირდება. ჟურნალისტს აუცილებლად უნდა ჰქონდეს განათლება, წიგნიერი უნდა იყოს, რადგან მას ნებისმიერი სოციალური ფენის წარმომადგენელთან, სხვადასხვა პროფესიის ადამიანთან უხდება შეხვედრა.
– გაიხსენეთ თქვენი დროის ტელევიზია. როგორი იყო ის?
– შეკრული კოლექტივი იყო. როცა ჩვენ მივედით, დაგვხვდნენ ღვაწლმოსილი ადამიანები, რომელთაც ჩამოაყალიბეს და საინფორმაციო პროგრამა გასული საუკუნის 80–იან წლებამდე მოიტანეს. იმ დროს ტელევიზიის თავმჯდომარე ნუგზარ ფოფხაძე იყო. მისი სიტყვები რომ გავიმეორო, ახალი სისხლი სჭირდებოდა საინფორმაციო პროგრამას, რომელიც იმ ეტაპზე ჩვენ ვიყავით. უფროსი თაობა საკმაოდ კარგად შეგვხვდა. მაშინ არ იყო ისეთი ტექნიკური საშუალებები, როგორიც დღეს აქვთ. ფირზე ვიღებდით ყველაფერს და, ბუნებრივია, ამის ეთერში გაშვებას მეტი დრო სჭირდებოდა. მაშინ საბჭოთა კავშირის შემადგენლობაში ვიყავით და საქართველოს ტელევიზიას ყველაზე ეროვნული გადაცემები ჰქონდა. რასაც დღეს ინტერაქტივს ვეძახით, მაშინ მისი გაკეთება რთული იყო, მაგრამ შემოდიოდა უამრავი წერილი, სატელეფონო ზარი და გადაცემები ამის საფუძველზე მზადდებოდა. ტელევიზიას და მაყურებელს შორის ძალიან მჭიდრო კავშირი იყო.
– თუ იყო დაპირისპირებები ტელევიზიაში?
– როგორც ყველგან, ეს ტელევიზიაშიც ხდებოდა. ვიღაცას არ მოსწონდა, რომ შენ მეტხანს ატარებდი ეკრანზე. ეს ბუნებრივი და ადამიანური ფაქტორია. ეკრანს აქვს ის ხიბლი, რომ გინდა, ეკრანზე ჩანდე... საბოლოოდ უფროს და უმცროს თაობას შორის ურთიერთობა შედგა. ჩვენ კარგი მეგობრებიც ვიყავით და კოლეგებიც.
– როგორი უფროსი იყო ბატონი ნუგზარ ფოფხაძე?
– ნამდვილად მკაცრი იყო, მე ვიტყოდი, რომ მისი გვეშინოდა. თუმცა საკმაოდ კარგად იცოდა დაფასება, თუ, რა თქმა უნდა, მონდომებული იყავი და საქმეს გულისყურით აკეთებდი. ვთვლი, რომ ნუგზარ ფოფხაძე ერთ–ერთი საუკეთესო ხელმძღვანელი გახლდათ.
– "მოამბის" პირდაპირი ეთერი მიგყავდათ. ალბათ გქონიათ უხერხული მომენტები.
– პირდაპირი ეთერის დროს კურიოზებისგან დაზღვეული არავინაა, მით უმეტეს, მაშინ კარგი ტექნიკა არ იყო. მაგალითად, ჩვენს არაჩვეულებრივ წამყვანს, ხათუნა დონდუას თავის მორიგეობაზე ნათურა დაჰქონდა, რადგან შეიძლებოდა აპარატურას ორი კუთხიდან გაენათებინა, მაგრამ მესამე წერტილი ჩამქრალიყო და ა.შ. დღემდე მტკივნეულად მახსოვს ერთი შემთხვევა. იმ პერიოდში მეორე შვილი ახალი გაჩენილი მყავდა, გარკვეული პერიოდი ტელევიზიაში არ ვმუშაობდი და სამსახურში ერთი თვის დაბრუნებული ვიყავი. საინფორმაციო გადაცემაზე მუშაობისას ვცდილობდით, სიუჟეტიდან სიუჟეტზე გადასვლა ბუნებრივი ყოფილიყო და გარკვეული ხიდი გაგვეკეთებინა. მოკლედ, ტელევიზიაში ახალი დაბრუნებული ვიყავი და ვღელავდი, რადგან პირდაპირ ეთერს გადაჩვეული ვიყავი. პირველი სამი სიუჟეტი კარგად წავიდა, მაგრამ მეოთხეზე გადასასვლელი ტექსტის კითხვა დავიწყე და დავინახე, რომ ეთერში აბსოლუტურად სხვა სიუჟეტი გადიოდა, უფრო ზუსტად კი პოლიტიკურ თემაზე ვლაპარაკობდი და კადრში ღორების ფერმა ჩანდა. მაყურებელს მოვუბოდიშე, რომ ტექნიკური ხარვეზი იყო, გაღიმება ვცადე და მომდევნო სიუჟეტზე გადავედი, რომელზეც კიდევ სხვა კადრები წავიდა. ეს იყო კოშმარი! ამასთან დაკავშირებით რამდენიმე ადამიანი მკაცრად დაისაჯა. ის ეთერი ახლაც რომ მახსენდება, ცუდად ვხდები. ყველა გამოშვების შემდეგ გამოწურული ლიმონივით ვიყავი, მაგრამ ეკრანს ისეთი ხიბლი აქვს, რომ მეორე დღეს ისევ გინდება გასვლა.
– მაშინ ერთადერთი ტელევიზია იყო "პირველი არხი", ყველა მისი წამყვანი იყავით პოპულარული სახე. ამას რა ხიბლი ჰქონდა?
– როცა ქუჩაში მიდიხარ და გრძნობ, რომ ვიღაც თბილად გიყურებს, ამას, რა თქმა უნდა, თავისი ხიბლი აქვს. მაშინ საზოგადოება ასეთი დაძაბული და ერთმანეთთან დაპირისპირებული არ იყო. მერე უკვე, როცა სამოქალაქო ომი დაიწყო და საზოგადოება დაიყო ზვიადისტებად და არაზვიადისტებად, შეიძლება პირიქით, აგრესიაც გეგრძნო, რადგან შენ არ იყავი ვიღაცის პოზიციის მომხრე. საზოგადოების გახლეჩამდე კი სითბოს და ყურადღებას ვგრძნობდით. როცა 20–25 წლის ხარ, ასეთი ყურადღება გსიამოვნებს. დღესაც ხშირად მეკითხებიან, თქვენ ხომ ტელევიზიაში მუშაობდითო. მიკვირს, რომ ამდენი წლის შემდეგ ადამიანებს კიდევ ვახსოვარ.
– ეკრანიდან წამოსვლის მერე ბევრ წამყვანს ტელევიზიის მიმართ მონატრების გრძნობა უჩნდება. თქვენ როგორ გადალახეთ ეს პერიოდი?
– კარგა ხნის განმავლობაში ღამის საათებში რომ გავიღვიძებდი, არ მჯეროდა, რომ ტელევიზიაში აღარ ვმუშაობდი. არ ვიცოდი, მის გარეშე ცხოვრება როგორ უნდა გამეგრძელებინა. ხშირად მესიზმრებოდა, რომ გადაღებაზე მივდიოდი... საბედნიეროდ, მყავდა ოჯახი, შვილები, რომლებზეც უნდა მეზრუნა. ტკივილის დაძლევაში ოჯახი დამეხმარა.
– გაგვაცანით თქვენი ოჯახი.
– ჩემი ყოფილი მეუღლე, ჯემალ სტურუა, განათლებით ეკონომისტია. ჩვენ ორი შვილი გვყავს, მაგრამ, სამწუხაროდ, ათი წელია ერთად აღარ ვცხოვრობთ. ჩემი ქალიშვილი თაკო 22 წლისაა, ვაჟი, ლუკა კი 18 წლის ხდება. თაკო უკვე დედაა, 1 წლის სანდრო ჰყავს, რომელიც ამ ეტაპზე ჩემი ყველაზე დიდი სიხარულია. ლუკა წელს სკოლას ამთავრებს და ერთ გაწამაწიაში ვართ, ვფიქრობთ, სად ჩააბარებს.
– დღეს რას საქმიანობთ?
– ძალიან საინტერესოა ის საქმე, რასაც დღეს ვაკეთებ. უმაღლეს სასწავლებელში ჟურნალისტიკის პედაგოგად ვმუშაობ, ანუ ვაკეთებ იმას, რაც მიყვარს და მაინტერესებს. კარგი თაობა მოდის. მათთან ერთადერთი რჩევა მაქვს – მეტი იკითხონ. ამის გარეშე ჟურნალისტი ძნელად წარმომიდგენია.
მანანა ნოდია

|
დღის სიახლეები
24-05-2012
24-05-2012
24-05-2012
|
რა მოსწონთ თქვენ მეგობრებს
|
Alternative content



ჯეიმს ბონდებს ნაზი ქალი წვრთნის
ვაზაგაშვილები ”პირველ არხს” უჩივიან
კახა ბექაური: "მეცხრე არხი" არცერთ თანამშრომელს არ დაუტოვებია
გაზეთი "პოსტკრიპტუმი" ჟურნალისტის მიმართ ფიზიკურ ანგარიშსწორებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს











ვანო ჩხარტიშვილი მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ სარჩელს ამზადებს
ვანო ჩხარტიშვილი ტელეკომპანია ”მზის” დაბრუნებას აპირებს
რას ხედავს სიზმარში ნუცა ხიდირბეგიშვილი 

ნანუკა ჟორჟოლიანი ჩაფიძის კლინიკაში მოხვდა
ია ანთაძე: ”შსს-ს განცხადება ცინიკურია”
შსს: გელა მთივლიშვილი არ გვიცემია
ჟურნალისტ გელა მთივლიშვილს პოლიციამ სცემა
"პირველი სტერეოს" ოფისი ტელეკომპანიის ყველა თანამშრომელმა დატოვა
ხატია ძერყორაშვილი: "ახალგორიდან მე და დედამ გადაცმულებმა გამოვაღწიეთ"
"1 სტერეოს" შენობას დეპუტატ დავით ბეჟუაშვილის წარმომადგენლები იკავებენ
კახა ბექაური - "მეცხრე არხმა" "თრიალეთის" 10%-იანი წილი იყიდა
კახა ბექაურს მე-9 არხზე ინგა გრიგოლია უნდა 






















































































