| ქალი და მამაკაცი |

ნანუკა ჟორჟოლიანის ტოქ შოუში, რომელიც ეთერში გასული წლის 20 დეკემბერს გავიდა, გაუგონარი სკანდალი მოხდა, რაც ალბათ დიდხანს იქნება საზოგადოებაში განსჯისა და ინტერესის საგანი – ეპატაჟურობით ცნობილმა ქალბატონმა, ყოფილმა ტელეწამყვანმა, ამჟამად პროფესორმა, ლექტორმა და მწერალმა, ლალი მოროშკინამ, გაზეთ "პრაიმ ტაიმის" დამფუძნებელი და მთავარი რედაქტორი, თაკო ფხაკაძე სცემა.
ცემის საბაბი გახდა გამოკითხვა, რომელიც აღნიშნულ გაზეთს ჩაუტარებია და ცნობილი ქალბატონები სხვადასხვა ნომინაციაში გამოუვლენია. ეს შედეგები "ნანუკას შოუში" უნდა გამოცხადდეს წინასაახალწლოდ და გამარჯვებულების საზეიმო დაჯილდოებაც იქ მოხდეს. შოუს გადაღებისას გაირკვა, რომ მოროშკინას "ყველაზე უგემოვნოდ ჩაცმულის" ტიტული ერგო, რამაც ლალი ისე გამოიყვანა წყობიდან, რომ თაკო ფხაკაძე ძირს დააგდო, თმით ითრია და კისერში ჩანგალი ჩაარტყა. შოუს მონაწილეებმა დიდი ძალისხმევის შედეგად მოახერხეს მოროშკინას ხელიდან ფხაკაძის დახსნა. შემთხვევიდან სულ ცოტა ხანში ლალი ტელეკომპანია "კავკასიის" პირდაპირ ეთერში გამოცხადდა, მომხდარის შესახებ თავად მოუთხრო მაყურებელს და სამართალდამცავებს მიმართა, თაკო ფხაკაძე ვცემე, ხელები სისხლიანი მაქვს და, თუ გინდათ, დამიჭირეთო. ის თაკო ფხაკაძესა და ნანუკა ჟორჟოლიანს მის წინააღმდეგ პროვოკაციის განხორციელებაში ადანაშაულებდა და საკუთარი საქციელის მიზეზადაც ამას ასახელებდა.
ეს ამბავი 9 დეკემბერს მოხდა. 10 დეკემბერს, დილით, სამართალდამცავებს მოროშკინა უკვე დაკავებული და "მოდულის" შენობაში, წინასწარი დაკავების იზოლატორში გადაყვანილი ჰყავდათ. მოგვიანებით გაირკვა, რომ წვრილმანი ხულიგნობისთვის 15 დღიანი პატიმრობა შეუფარდეს.
ქალის მიერ ქალის გალახვა, როცა ორივე მათგანი საზოგადოებაში ცნობილი სახეა და თანაც ეს ხდება ნაციონალური ტელეარხის პოპულარულ ტოქ შოუში, დაგვეთანხმებით, უპრეცედენტო შემთხვევაა საქართველოში და იმედია, ასეთადაც დარჩება. ეს კონფლიქტი გაცილებით ადრეა დაწყებული და თავისი აშკარა და ფარული მიზეზები აქვს, რომელთა განხილვას არ ვაპირებთ. დაე, სკანდალის სამივე მხარემ თავად ილაპარაკოს.
"სარკემ" ლალი მოროშკინასთან ინტერვიუს ჩაწერა მის დაკავებამდე, იმავე საღამოს მოასწრო. რა თქმა უნდა, ვესაუბრეთ დანარჩენ ორ მხარესაც – თაკო ფხაკაძეს და ნანუკა ჟორჟოლიანს.
...
ლალი მოროშკინა: ნანუკა ჟორჟოლიანი თავის გადაცემაში მას შემდეგ არ მეპატიჟება, რაც მის შოუში ჩემი წიგნი "უსექსობა პატარა ქალაქში" გაპიარდა. მაშინ ნანუკამ ალბათ ჯერ არ იცოდა, რას ეხებოდა ეს წიგნი. როცა გაირკვა, რომ პოლიტიკური უფრო იყო და საკმაოდ მძიმედ მიწერია მაღალი თანამდებობის პირებზე, ასე ვთქვათ, ჩემი ფეხი აღიკვეთა ამ გადაცემაში. როცა ბოლოს დამირეკეს და მითხრეს, გვინდა, საახალწლო გადაცემაში მოგიწვიოთო, ცოტა არ იყოს, მეხამუშა. ნანუკას პროდიუსერ მაია სტეფნაძეს ვუთხარი, მაქვს შეგრძნება, რომ თქვენ პროვოკაციას მიწყობთ და, თუ ასე მოხდება, უყურადღებოდ არ დავტოვებ–მეთქი. ამაზე ნანუკამ მითხრა, არა, ეს კეთილი გადაცემაა და არანაირი პროვოკაცია არ იქნებაო.
– რატომ გაგიჩნდათ ეჭვი, რომ პროვოკაციას გიწყობდნენ?
– იმიტომ, რომ სტუდიაში, რომელიც სადღესასწაულოდ იყო მორთული, "პრაიმ ტაიმის" ხალიჩა გაეფინათ და იმაზე უნდა გაევლოთ სტუმრებს. "პრაიმ ტაიმთან" დაძაბული ურთიერთობა მაქვს მას მერე, რაც ფოტოკორესპონდენტები, ჩვენი უახლოესი კოლეგები დაიჭირეს. მაშინ, როცა მე თაკარა მზის ქვეშ ვიდექი და ჩემს მეგობარ და თაკო ფხაკაძის თანამშრომელ ნათია გედენიძეს ვიცავდი, თაკო ამ დროს "შლაპა ფართის" აწყობდა ქობულეთში. ნათია და ირაკლი გედენიძეებს კი ორი შვილი ჰყავდათ სახლში მიტოვებული და საშინელ მდგომარეობაში იყვნენ. ამას ემატება ის, რომ კვირა არ გავა, თაკო ფხაკაძემ ჩემზე მორიგი ჭორი არ ააგოროს და რაიმე საზიზღრობა არ დაწეროს. მისი გაზეთი ცნობილია ყვითელი, არაეთიკური სტატიებით. ერთ–ერთ ასეთ სტატიაზე დავურეკე და ვუთხარი, რამდენჯერ შეიძლება მომაყენო შეურაცხყოფა–მეთქი.
ამას მოჰყვა პრესის ჯიხურების აღების თემა, როცა ვაცხადებდი, როგორ შეიძლება, "პრაიმ ტაიმისთვის" ყველაფერი დასაშვები იყოს და დანარჩენი გაზეთები ცუდ მდგომარეობაში იყვნენ–მეთქი. როცა თაკო ფხაკაძე დავინახე ნანუკას გადაცემაში, ვუთხარი, მე წავალ, რადგან იდეურად ვერ შევეწყობი ამ ქალს–მეთქი. თაკო ფხაკაძის ჭკუით შედგენილ წლის ნომინაციებს არიგებდნენ. ნანუკას ვუთხარი, ეს ქალი ბოღმით სავსეა, ჩემთვის მიუღებელია მასთან თანამშრომლობა და ჯობია, წავიდე–მეთქი. მითხრა, არ წახვიდე, არ ჩაგვიგდო გადაცემა, ვიხალისოთ და ნომინაციას რომ ვნახავ, თუ რამე ცუდი იქნება, შევცვლითო. მარწმუნებდა, არ ვიცი, რა ნომინაციებიაო. ახლა უკვე მგონია, რომ ყველაფერი კარგად იცოდა.
დაიწყო გადაცემა და იყო ძალიან ლამაზი ნომინაციები – ყველაზე ლამაზი, ყველაზე ახალგაზრდა, ყველაზე სურნელოვანი... უცებ მოვიდა პროდიუსერი და მითხრა, შენ და ნუკი კოშკელიშვილი ხართ შემდეგიო. ნუკი შვილივით მიყვარს, ასაკით დედად ვეკუთვნი. ვიფიქრე, ნეტავ, როგორ გაგვაერთიანეს ერთ ნომინაციაში–მეთქი. ამ დროს გამოაცხადეს, ყველაზე უგემოვნოებიო. ნანუკასგან ამ სიტყვას ავიტანდი, მაგრამ თაკო ფხაკაძეს ისეთი კაბა ეცვა, ნამდვილად საცემი იყო! იქვე გამოვედი და ვთქვი, თუ რატომ აღმოჩნდა ამდენ დადებით ნომინაციაში ერთი უარყოფითი. ეს არის თაკოს პირადი შუღლი, ბოღმით სავსე, არშემდგარი პროფესიონალის, არშემდგარი ქალის, მუდამ ვიღაცის ჭერქვეშ მომუშავე ქალის პოზიცია, რომელსაც დამოუკიდებლად არაფრის კეთება შეუძლია. ეს არის ბოტოქსითა და სილიკონით გატენილი ქალი, რომელიც ვერ იტანს ჯანმრთელ ადამიანებს და ეს მისი პრობლემაა. როცა გამოვდიოდი, თაკოს გესლიანი ხარხარი მომესმა. მე სხვა ვერაფერი მოვიფიქრე იმის გარდა, რომ მეცემა.
სახეში ჩავარტყი მუშტი. როცა იატაკზე გაწვა, მივედი და ერთხელ კიდევ ჩავარტყი.
– ინტერნეტში უკვე დაიწერა, ლალის ხელში ჩანგალი ეჭირა და თაკოს ურტყამდაო (მეორე დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე თაკო ფხაკაძემ განაცხადა, რომ ლალიმ მას კისერში ჩაარტყა ჩანგალი. ამის დასტურად ჟურნალისტებს დაზიანებული ადგილიც აჩვენა. – ავტ.).
– ტორტს ვჭამდი და შეიძლება მართლაც მეჭირა ჩანგალი. ნერვები რომ მომეშალა, რას ვიქნევდი, რა ვიცი! იქ არავინ ლამობდა ჩვენს გაშველებას – სეირს უყურებდნენ. მგონი, ყველას ესიამოვნა თაკოს ცემა. უკვე იმდენმა დამირეკა, არც ვიცოდი, თაკოს თუ ამდენი მტერი ჰყავდა, მე კი – ამდენი მეგობარი. რაც ძალიან არ მესიამოვნა, ეს იყო ნანუკას ყვირილი, რომ აუცილებლად დააჭერინებდა ჩემს თავს. ღმერთმა ხელი მოუმართოს! თუ დამნაშავე ვარ, კანონის წინაშე პასუხს ვაგებ! ეს იყო დადგმული პროვოკაცია. ასეთი ტიპის ადამიანები მიეჩვივნენ, რომ მათ საქციელს ყველა "ატარებს". მათგან შეურაცხყოფილნი შეიძლება წავიდნენ სახლში, ბალიშში ჩარგონ თავი და იტირონ. ფაქტი იყო, რომ ეს ნომინაცია შეურაცხმყოფელი იყო. მე ორი უნივერსიტეტის პროფესორი ვარ. ჩემი სტუდენტები ყველა ტოქ შოუზე დადიან, როგორც მსმენელები. ერთადერთი ტოქ შოუ, სადაც მათ შეურაცხყოფას აყენებენ, ნანუკას შოუა.
– რა ფორმით აყენებენ შეურაცხყოფას?
– თქვენ ლალის სტუდენტები ხართ ანუ ყველაზე უნიჭოები და უშნოები ხართო.
– დაუჯერებელ რაღაცას მეუბნებით. ამას ვინ ეუბნება სტუდენტებს?
– დიახ, პირადად ნანუკა ეუბნებოდა ამას ჩემს სტუდენტებს. ლალის სტუდენტები ხართ, ესე იგი უნიჭოები ხართო.
– იქნებ გაეხუმრა?
– უნიჭობაზე ხუმრობა თუ შეიძლება, ესე იგი ამ ბოლო დროს იუმორზე ავიცერი. ვიცოდი მისი პოზიცია და ასეთ რადიკალურ ზომას არ მივმართავდი, ეს რომ ყოფილიყო გადაცემა, სადაც ყველას გააქილიკებდნენ. იუმორიც მესმის და კრიტიკასაც ვიღებ, მაგრამ იქ უნდა ყოფილიყო ყველა კარგი და ერთი – ცუდი.
– თქვენთან ერთად ნუკი კოშკელიშვილიც ხომ დაასახელეს? მისი რეაქცია როგორი იყო?
– ნუკი ამ შარში მხოლოდ იმიტომ გახვიეს, რომ მე ძალიან მიყვარს. ის ახლაც შოკშია. ნომინაცია რომ გამოაცხადეს, სახეზე ფერი დაკარგა და ერთადერთი, რაც ამოილუღლუღა, ეს იყო – გილოცავთ ახალ წელსო. მე ვერავის მივცემ უფლებას, თავისი შოუ აკეთოს. არავის გამოუვა ჩემთვის ბოროტი შოუს დადგმა!
– ცემას არ ჯობდა, გაგერკვიათ, რატომ ჩაგთვალეს უგემოვნოდ, რატომ გიდგანან ჯიბრში?
– ჩემი მთავარი მიზანი იყო, რომ ეთერში სწორედ ეს ცუდი მუხტი გასულიყო, თორემ ვის რაში აინტერესებს, ეთერის მიღმა რაც მოხდება?! ეთერში ყველაფერი ვთქვი, მაგრამ მივხვდი, რომ ამოჭრიდნენ და სხვა გზა აღარ დამრჩა. ადამიანი რომ შეურაცხყოფას მომაყენებს, მასთან ურთიერთობას დიპლომატიურად არ ვარჩევ.
– და მუშტზე გადადიხართ?
– რა თქმა უნდა. როცა არ ესმით, მერე მუშტზე გადავდივარ.
– სხვა დროსაც გიცემიათ ვინმე?
– ნუ ჩამოვთვლით. ადამიანები ჩემი მისამართით უზრდელობას ერიდებიან და თუ არ მოერიდებიან, ზოგიერთების ბედს გაიზიარებენ. მახსოვს, მეათე კლასში რომ ვიყავი, მაშინ ვცემე ერთი ბიჭი. მერე ჩემი ცემა წიგნებით გამოიხატა და, როგორც ჩანს, ვიღაცას ისე მძიმედ მოხვდა, რომ ჩემ წინააღმდეგ გალაშქრება დაიწყეს. "პრაიმ ტაიმს" უჩემოდ სიცოცხლე არ შეუძლია, მუდმივად საზიზღრობა იწერება. ერთხელ ცნობილ ადამიანზე გამათხოვეს. დავურეკე და ვუთხარი, თაკო, რაში გჭირდება ტყუილები–მეთქი. მიპასუხა, რა ვიცი, ასე მოხდაო. ეს გაუთავებელი ჭორების მანქანაა და რამდენი უნდა მომეთმინა?!
– თქვენ და თაკო ფხაკაძე გაცილებით ადრე იცნობდით ერთმანეთს, "პირველ არხზე" მუშაობისას. მაშინ როგორი ურთიერთობა გქონდათ?
– მე და თაკო ფხაკაძე კოლეგები ვიყავით, როცა მე "ვესტნიკი" მიმყავდა. დღეს მაშინდელი "ვესტნიკის" და "მოამბის" ყველა თანამშრომელმა დამირეკა და ერთსა და იმავეს იმეორებდნენ – ყველას გული მოფხანეო. თავისი უხეშობით და ზნედაცემულობით ბევრს უშლიდა ნერვებს. ჯერ კიდევ მაშინ მქონდა კონფლიქტური სიტუაცია და ვუთხარი, მოდი, შენ ნუ გადაკვეთავ ჩემს გზას და მე შენსაზე არასოდეს გავივლი–მეთქი. არ გაჩერდა! ჩემით უნდოდა გაზეთის გაყიდვა. ბევრი ვიცი, ვინც არასოდეს იყიდის "პრაიმ ტაიმს". ვიცი შემთხვევები, როცა თაკომ ოჯახი დაანგრია და ქორწინება ჩაშალა, ისეთ სტატიებს უწერდა... თაკომ და ნანუკამ ჩემს წიგნში საკუთარ თავზე ამოიკითხეს. დაამტკიცეს ის, რასაც ვწერ – არიან უზრდელები, აღვირახსნილები და ზნედაცემულები.
– "კავკასიის" ეთერში თქვით, ყვითელი პრესა რასაც წერს, სულ ტყუილია, ზოგ რამეს პიარისთვის ვამბობო. ისიც თქვით, ჩემი მეუღლე, ჩემი შვილის მამა, მიშკა ღოთვაძე მახლავსო. ახლახან თავად ამბობდით "სარკესთან" ინტერვიუში, რომ ასაკით ძალიან პატარა შეყვარებული გყავთ. როდის არის სიმართლე თქვენი ნათქვამი და როდის – პიარი?
– ხანდახან ასეთი პიარია საჭირო, წიგნის გაყიდვაში მეხმარება. მიჭირს თუ მილხინს, მიშკა სულ ჩემთან ერთად არის.
– მოკრივე გიორგი კანდელაკთან ურთიერთობაც პიარისთვის გჭირდებოდათ?
– არა, გიორგი კანდელაკი იყო ჩემს ცხოვრებაში და ეს ყველაზე კარგი პერიოდი გახლდათ. დანარჩენი ყველაფერი პიარია – ზოგი წიგნისთვის, ზოგი ამბის მოსაყოლად. ახლა ისეთ ასაკში ვარ, უფლება მაქვს, რაღაცეები გამოვიგონო.
– თაკო ფხაკაძის ცემის შემდეგ "კავკასიის" პირდაპირ ეთერში რატომ გადაწყვიტეთ მისვლა?
– "იმედიდან" წამოსული, პირდაპირ "კავკასიაში" მივედი, რომ მერე არ ეთქვათ, აფექტში იყო, ნასვამი იყოო და ა.შ. მგონი, ამით ყველას დავანახე, რომ ადეკვატური ვიყავი და ნორმალურად ვაზროვნებდი. თქვენც რომ გელაპარაკებით, ხომ ხედავთ, ადეკვატური ვარ და არც მთვრალი გახლავართ. ფეთქებადი არ ვარ. აბსოლუტურად ლოგიკური იყო ის, რაც თაკომ მიიღო! ის რომ ბავშვობაში ეცემათ, მე ეს აღარ დამჭირდებოდა.
– ცემა–ტყეპა რა მოსაწონია, მით უმეტეს, ქალისთვის?
– პირიქით, გადასარევია! თუ ნავარჯიშევია, სიგარეტს არ ეწევა და ჯანმრთელი ცხოვრების წესით ცხოვრობს, ქალსაც ისევე უჭრის მარჯვენა, როგორც კაცს.
– თაკოს რომ რამე დაემართოს თქვენ გამო?
– რა უნდა დაემართოს?! ნამუსის ძარღვი გაწყვეტილი აქვს და სილიკონის გარდა სხვა რა გაუსკდებოდა სახეზე?! არაფერს ვნანობ, პირიქით, სიამოვნებით გავიმეორებდი!
– რომ გიჩივლოთ და პასუხისგება მოგიწიოთ?
– პრობლემა არ არის! როცა ადამიანს მორალურ ზიანს მიაყენებ, ცილს დასწამებ, ისიც კანონდარღვევაა. წამომიყენონ ბრალი, ადვოკატი ხომ არსებობს?!
...
ნანუკა ჟორჟოლიანი ამბობს, რომ 20 დეკემბერს მომხდარი ამბის შესახებ კიდევ ბევრ საინტერესო დეტალს ვიხილავთ, თუმცა ბევრიც უცნობი დარჩება, რადგან უხერხული კადრებია და მათი ჩვენება საჭირო არ არის.
– ნანუკა, როგორ გადაწყდა საახალწლო გადაცემის ჩაწერა "პრაიმ ტაიმთან" ერთად?
– "პრაიმ ტაიმი" ყოველ წელს ატარებს გამოკითხვებს. შარშან მაია ასათიანის გადაცემაში შედგა შოუ, წელს მე შემომთავაზა. ეს არის ნახევრად ხუმრობით და ნახევრად სერიოზულად გაკეთებული ნომინაციები.
– თურმე სულ ლამაზ–ლამაზი ნომინაციები გქონიათ და ერთადერთი ცუდი მოროშკინას რგებია წილად.
– იყო ნომინაცია "სკანდალური წყვილი" და გაშორებული ცოლ–ქმარი ერთად იყვნენ მოსული. ასევე იყო "წლის სამკუთხედი" – საუბარია ცოლ–ქმარსა და მესამე გოგონაზე. იყო ნომინაცია "წლის ბარბი" და ვიღაცისთვის შეიძლება ეს უფრო მიუღებელი ყოფილიყო, ვიდრე უგემოვნოდ ჩაცმულის ნომინაცია და ა.შ. ვიცოდი თუ არა, ვინ რომელ ნომინაციას აიღებდა, ეს გადაცემაში კარგად გამოჩნდება. ვერც ერთი ჩემი სტუმარი ვერ გეტყვით, რომ მას წინასწარ ვუთხარი, რომელ ნომინაციაში გაიმარჯვებდა. ლალი მოროშკინამ მითხრა, ჩემთვის შეურაცხმყოფელია სექსუალურობასთან და მკერდთან ასოცირებული ნომინაციაო. მოითხოვა, "პრაიმ ტაიმმა" შეურაცხყოფა არ მომაყენოსო. რუსკა მაყაშვილმა ერთ ნომინაციაში გაიმარჯვა და რომ გამოვიდა, თქვა, მეგონა, წლის ცხვირის ნომინაციას მივიღებდიო. ასეთი ხალისით მიდიოდა ყველაფერი. ფადი ასლის თუ არ ჩავთვლით, ალბათ ვერ გაიხსენებთ ჩემს გადაცემას, რომელიც სკანდალური იყო. ლალი თავიდანვე დაძაბული იყო და ცუდს ელოდებოდა. მითხრა, ბოლოს ვიღაც ბიჭზე დამიწერეს და ამ თემაზე არ მინდა კომენტარის გაკეთებაო. ყველაფერს ჩემი წიგნის პიარისთვის ვაკეთებ და არ მინდა, ახლა ასაკით პატარა ბიჭებთან ასოცირებული ნომინაცია მომცენო.
როცა შეურაცხყოფაზე გადავიდა, ვუთხარი, მთელი თბილისი ამბობს ჩემზე, რომ უგემოვნო ვარ და მე წავიღებ ამ პრიზს სახლში–მეთქი. ბევრი რამ იმან განაპირობა, რომ ნასვამი იყო. ამის მერე კიდევ სამი თუ ოთხი ნომინაცია გამოცხადდა და, მგონი, 20 წუთის მერე დაიწყო ის ყველაფერი. ლალი ძალიან აგრესიული იყო. თავის სტუდენტებზე რომ ამბობს, იცით, ამის პასუხი რა არის? ამავე გადაცემაში მადლობას მიხდის, რომ მე მას სტუდენტებისთვის პრაქტიკული სამუშაოების გაწევაში ვეხმარებოდი.
– მოროშკინა ამბობს, რომ ნასვამი არ იყო და ამის სადემონსტრაციოდ "კავკასიის" ეთერში დაჯდა.
– ძალიან ბევრი კადრი არსებობს და არ მგონია, მათი გამომზეურება ლამაზი იყოს. სხვებიც სვამდნენ. შამპანური და ტორტი გვქონდა. ეს არ იყო ნომინაცია, რომლის გამოც შეიძლება ადამიანს ჩანგლით გაუსწორდე. თურმე მანამდე დანას გაუსინჯა პირი. ჩემი თვალით არ მინახავს, მაგრამ კადრებში ჩანს, როგორ ეჭიდავებიან და ართმევენ ჩანგალს. დათო არჩვაძე ეჭიდავებოდა ქუსლიან ფეხსაცმელზე, რადგან თაკოს წიხლებს ურტყამდა. რუსკა ჩაჩუასაც მოხვდა ხელში ის ჩანგალი და დაზიანებული აქვს. რუსკას ხუთი ბიჭის ძალა კი ჰქონია – რაც მაგან ეჭიდავა...
– თქვენ მართლა უყვიროდით ლალის, თქვენს თავს დავაჭერინებო?
– ლალი ყვიროდა, ყველანი პროკურატურაში წამოდითო. რომ მდომებოდა, ვერ გამოვიძახებდი პოლიციას? სანამ ლალი არ წავიდა და ხმამაღლა არ თქვა, სისხლიანი ხელები მაქვსო, სადმე ნახეთ ჩემი კომენტარი?
– ლალის თავად რომ არ განეცხადებინა მომხდარის შესახებ პირდაპირ ეთერში, ამის შესახებ პოლიცია და ხალხი ვერ გაიგებდნენ და მხოლოდ ჭორის დონეზე გვეცოდინებოდა?
– ეგ თაკოს გადასაწყვეტი იყო, რადგან დაზარალებული ის გახლავთ. როცა მეორედ წამოვიდა თაკოსკენ, დაცვას ვთხოვე, გაეყვანა. დაცვის გარეშეც შევძელით, რომ სტუდია დაეტოვებინა. ლალი მოროშკინა რომ ეცემა ვინმეს, აუცილებლად მას დავიცავდი. თაკო მართლა სიკვდილს გადაურჩა, ისეთ ადგილას აქვს მოხვედრილი. როგორც ვიცი, თაკო არ აპირებდა ამ ამბისთვის მსვლელობის მიცემას. თვითონ მთხოვა, ეს ყველაფერი საჯარო არ გამხდარიყო. თაკო წავიდა, გამოიცვალა და გადაცემა გაგრძელდა. ყველამ თქვა, აღარ გვინდა ამაზე ლაპარაკი, დავწყნარდეთო და ერთი საათის მერე ჩაწერა გავაგრძელეთ, მიუხედავად იმისა, რომ თაკოს თვალი უკვე დალურჯებული ჰქონდა.
გეხვეწებით, დაწერეთ, რომ ლალის არ უთქვამს, რადგან აქ "პრაიმ ტაიმია", მე წავალო და არც არავის უთხოვია მისთვის დარჩენა. ჩემი ფორმატი არ ითვალისწინებს, მაგრამ ახლა იძულებული ვარ, 20 დეკემბერს ძალიან ცუდი მასალა გავუშვა ეთერში ანუ ის, რაც ჯერ მაყურებელს არ უნახავს. ყველაფერს ნახავთ, ცემის გარდა – ეს უკვე გავხადე საჯარო და გადაცემაში აღარ იქნება. ძალიან ცუდი სანახავი კადრები გვაქვს, ისინი ეთერში არასოდეს მოხვდება. თავად ლალისთვისაც ძალიან არაესთეტიკური და შეურაცხმყოფელი კადრები გვაქვს.
– ნუკი კოშკელიშვილსაც უგემოვნოს ნომინაცია მიუღია.
– დიახ და გაიცინა, მადლობა გადაიხადა, ახალი წელი მოგვილოცა ყველას. გაიკეთა თაკოს მიერ ნაჩუქარი ბროში გულზე და გადაცემაში მონაწილეობა გააგრძელა.
– ინტერნეტ ფორუმებსა და სოციალურ ქსელებში საშინელი აგრესია იგრძნობა თაკო ფხაკაძის მიმართ: "ლალი, გენაცვალე ხელებში", "მაგარი გოგო ხარ", "ჯიგარი ხარ" და ა.შ. როგორ ფიქრობთ, საზოგადოების ასეთი რეაქცია რამ გამოიწვია?
– არაჯანსაღი რეაქციაა. ქალს ჩხუბი არ უხდება. ეს მხოლოდ რუსულ და ამერიკულ შოუებში მინახავს. ჩემთვის სეირის მაყურებელი ადამიანი ამაზრზენია. "პრაიმ ტაიმმა" შეიძლება ბევრი გაანაწყენა, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ერთმანეთს ვუთხრათ, მიდი, სცემეო. მეტის ღირსიაო, წერენ. რის წახალისებას ვაკეთებთ? თქვენს ჟურნალში რომ რამე არ მომეწონოს და ვიფიქრო, ჩემი შეურაცხმყოფელია–მეთქი, უნდა მოვიდე და გცემოთ?! მე ის მეწყინა, რომ ამ ამბის მერე ლალი მოროშკინამ თქვა, მე ხვალ ყველა ნიუსში ვიქნებიო. მგონი, ყველამ ერთად უნდა ვიმკურნალოთ. მე ვიმკურნალებ იმის გამო, რომ რესპონდენტებს ვერ ვარჩევ.
რამდენიმე თვის წინ მოროშკინამ მაია სტეფნაძეს დაურეკა და უთხრა, 15 თუ 17 წლის ბიჭს ვაბამ, მგონი, თავი შევაყვარე და მასალა ხომ არ გინდათო. ამაზე ჩვენ უარი ვთქვით. მერე მითხრა, წიგნის გაყიდვა მინდოდა ასეთი პიარითო. ეთერში მოიტყუა, რომ კონკრეტული სახელისა და გვარის მქონე მამაკაცზე თხოვდებოდა, რომელიც თურმე საერთოდ არ არსებობს. ჯანსაღად მიგაჩნიათ, ადამიანი ასე გაიმეტო იმისთვის, რომ შენ დღის თემა გახდე? "ფეისბუქზე" დაწერეს, ეს არ არის პირველი შემთხვევა, როცა ლალიმ ვიღაც სცემა, ვიღაცას ვიცნობ, ვინც ასევე ნაცემი ჰყავსო.
– როცა ჩხუბი დაიწყო, თქვენ სად იყავით ამ დროს და რა რეაქცია გქონდათ?
– ვერ მივხვდი, რა ხდებოდა და თაკო დაგდებული რომ დავინახე, ვიფიქრე, გული წაუვიდა–მეთქი. მხოლოდ იმას ვფიქრობდი, რომ ეს უბედურება დამთავრებულიყო. დარწმუნებული ვარ, ლალი ამ ყველაფერს ინანებს, რადგან ეს მხოლოდ ალკოჰოლის ზემოქმედების ბრალი იყო. არ მიწვევდაო, ამბობს და რამდენჯერმე იყო ჩემს გადაცემაში. მხოლოდ მაშინ ვუთხარით უარი, როცა პატარა ბიჭთან თავისი გატაცების შესახებ უნდა მოეყოლა.
...
თაკო ფხაკაძემ მომხდარიდან მეორე დღეს პრესკონფერენცია გამართა, სადაც კარგად ჩანდა მისი დაზიანებული კისერი. "პრაიმ ტაიმის" დამფუძნებელი მოროშკინას ჩვეულებრივ კრიმინალს უწოდებს. მისი აზრით, ეს მოროშკინას მორიგი პიარია.
– თაკო, ლალი მოროშკინა ამბობს, რომ თქვენ შორის დაპირისპირება ჯერ კიდევ "ვესტნიკის" დროიდან იწყება.
– მე "მოამბეში" ვმუშაობდი, ამდენად "ვესტნიკთან" შეხება საერთოდ არ მქონია.
– როდიდან დაიძაბა თქვენ შორის ურთიერთობა?
– "ნანუკას შოუში". მასთან არანაირი ურთიერთობა მქონია და როგორ უნდა დაძაბულიყო? რეკავდა ხოლმე "პრაიმ ტაიმში", წიგნი გამიშუქეთ, ჩემი ივენთი გადაიღეთო. ურთიერთობა არ არსებობდა და რა უნდა დაძაბულიყო?
– პრეტენზიით გირეკავდათ, როცა მასზე დაწერილი სტატია არ მოსწონდა?
– არ ვფიქრობდი, რომ ლალი მოროშკინა თავისი ბიოგრაფიით რაიმე მნიშვნელობის მატარებელი იყო და არც მახსოვს, მასზე რამე თუ დამიწერია. მით უმეტეს, პრეტენზია რომ ყოფილიყო, მემახსოვრებოდა. მოიგონა, რომ "პრაიმ ტაიმთან" დაძაბული ურთიერთობა აქვს. რომც ჰქონოდა, ის უნდა ექნა, რაც ქნა?! მე ლალი მოროშკინას დაპირისპირებულ მხარედ თავს არ განვიხილავ. მე ვარ ადამიანი, რომელმაც გავაკეთე გამოკითხვა, ჩემთვის ვიყავი და მთვრალი, შლეგი ლალი მოროშკინა თავს დამესხა. საერთოდ არ მაინტერესებდა მისი არსებობა, სანამ ჩანგლით არ გამოექანა ჩემკენ და ყელში არ დამარტყა. მეგონა, რაღაცის სათქმელად მოდიოდა. თაკო ფხაკაძე წერს იმ გამოკითხვას? ათას ადამიანს რომ გამოკითხავ და ისინი ამ ნომინაციაში დაასახელებენ, მე რა შუაში ვარ?!
– თავადაც უგემოვნო გგონიათ ლალი მოროშკინა?
– არასოდეს მაინტერესებდა. ქალს, რომელიც ეთერში იჯდა და 16 თუ 17 წლის ბიჭზე ამბობდა, ჩემს ლოგინში შიშველი ვაპოზიორეო... მერე გაუკვირდა, რომ უგემოვნოა?! ქალმა ჩვეულებრივი დებოში მოაწყო და მე გამიმეტა სასიკვდილოდ. მარტო იმიტომ არ მოვკვდი, რომ ჩანგალი ბლაგვი იყო. მთხოვეს, რომ შოუ არ ჩაშლილიყო. გამოვიცვალე და ისევ გამოვედი.
– რომ არა "კავკასიაში" მოროშკინას გამოჩენა, აპირებდით, სამართალდამცავი ორგანოებისთვის მიგემართათ?
– ლალი პირდაპირ ეთერში არ მინახავს. როგორც კი ეს მოხდა, მაშინვე პატრულში დავრეკე. არ მინდოდა, ის კადრები ვინმეს ენახა, რადგან ეს მოსაწონი კადრები არ არის. ლალის რომ ამისგან პოლიტიკური იმიჯი არ შეექმნა, იძულებული ვიყავი, დავთანხმებოდი ამ კადრების ეთერში გასვლას. ამავე კადრებში კარგად ჩანს, რომ ლალი უგონო მდგომარეობაშია. ქალი ჩვეულებრივი კრიმინალია. ვიღაცეები წერენ, ქალების ჩხუბიო, რასაც საშინლად ვაპროტესტებ. ერთი სიტყვაც არ მითქვამს მისთვის, ისე დამეტაკა.
ამ კონფლიქტის მერე გავიგე, რომ სხვებსაც დასდევდა დანებით. ნინო ზაუტაშვილმა მითხრა მსგავსი ფაქტი, ოღონდ კარგად არც მახსოვს, რა მითხრა.
მასთან თუ "ვესტნიკშიც" დაპირისპირებული ვიყავი, დღეში სამჯერ რატომ რეკავდა "პრაიმ ტაიმში"? მოვიდა, წიგნი დამიბეჭდეო. ვის აინტერესებს ლალი მოროშკინას წიგნი, რატომ უნდა დამებეჭდა?! ჩემი დაბადების დღე გადაიღე, მხოლოდ შენ მოგცემ ექსკლუზივებსო და ა.შ.
– ანუ თვლით, რომ ასეთი ნაბიჯი მოროშკინამ საკუთარი პიარისთვის გადადგა?
– ეჭვი არ მეპარება. მაპატიეთ, რომ მაიკლ ჯეკსონს ვადარებ, მაგრამ ის ოთხჯერ ზედიზედ იყო უგემოვნოდ ჩაცმულთა შორის. ლედი გაგა, მადონა, ანჯელინა ჯოლი... სადმე გინახავთ პატარა ინციდენტი მაინც? სამწუხაროა, რომ მე ამ სანაგვე ყუთში მოვყევი. ჩემი და ყველა იმ საინფორმაციო საშუალების ბრალია, სადაც ლალი მოროშკინას ეთერს აძლევენ ან პრესის ფურცლებს უთმობენ, რადგან ჩვენ ხანდახან გვჭირდება სენსაცია ან ე.წ. სენსაცია. ვნანობ – რა უნდა ლალი მოროშკინას ჩემი გაზეთის ფურცლებზე?! მან ჩათვალა, რომ მისთვის ყველაფერი შესაძლებელია და ჩვეულებრივად გამიმეტა სასიკვდილოდ. უგონოდ მთვრალი წავიდა "კავკასიის" ეთერში და აქუბარდია და ლალი მაშინ ღადაობდნენ ჩემზე, როცა შეიძლებოდა, ცოცხალიც არ ვყოფილიყავი. ამ "დემოკრატიულმა" ტელევიზიამ ტელეფონიც კი არ აიღო და არ იკითხა, მოროშკინას რომ სისხლი ჰქონდა ხელზე, ცოცხალი ვიყავი თუ არა. ეს ჭრილობა ყელზე ახლაც მაწუხებს.
მორალურად ძალიან დავზიანდი, რადგან ცხოვრებაში თავი სუფრასთანაც კი არ წარმომედგინა მოროშკინასთან ერთად, არათუ რაიმე საერთო ინტერესი გვქონოდა. მე ჩემი ცხოვრების გზა მაქვს, რომელიც ლალისას არასოდეს გადაკვეთს. მას ჩემი ავტორიტეტი და სახელი იმისთვის დასჭირდა, რომ ჩემთვის ჭუჭყი მოეცხო და თვითონ დღის ეთერის გმირი გამხდარიყო.
– სოციალურ ქსელებში თქვენ წინააღმდეგ გაკეთებულ შეფასებებს როგორ ახსნით?
– მე ისეთ გაზეთს ვაკეთებ, რომ ადამიანები ამას მტკივნეულად განიცდიან და ამაზე აქვთ რეაქცია, თორემ არც ერთი მათგანი არ მიცნობს და ჩემთან შეხება არ აქვს.
რუსუდან ადვაძე

|
დღის სიახლეები
24-05-2012
24-05-2012
24-05-2012
|
რა მოსწონთ თქვენ მეგობრებს
|
Alternative content



ჯეიმს ბონდებს ნაზი ქალი წვრთნის
ვაზაგაშვილები ”პირველ არხს” უჩივიან
კახა ბექაური: "მეცხრე არხი" არცერთ თანამშრომელს არ დაუტოვებია
გაზეთი "პოსტკრიპტუმი" ჟურნალისტის მიმართ ფიზიკურ ანგარიშსწორებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს











ვანო ჩხარტიშვილი მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ სარჩელს ამზადებს
ვანო ჩხარტიშვილი ტელეკომპანია ”მზის” დაბრუნებას აპირებს
რას ხედავს სიზმარში ნუცა ხიდირბეგიშვილი 

ნანუკა ჟორჟოლიანი ჩაფიძის კლინიკაში მოხვდა
ია ანთაძე: ”შსს-ს განცხადება ცინიკურია”
შსს: გელა მთივლიშვილი არ გვიცემია
ჟურნალისტ გელა მთივლიშვილს პოლიციამ სცემა
"პირველი სტერეოს" ოფისი ტელეკომპანიის ყველა თანამშრომელმა დატოვა
ხატია ძერყორაშვილი: "ახალგორიდან მე და დედამ გადაცმულებმა გამოვაღწიეთ"
"1 სტერეოს" შენობას დეპუტატ დავით ბეჟუაშვილის წარმომადგენლები იკავებენ
კახა ბექაური - "მეცხრე არხმა" "თრიალეთის" 10%-იანი წილი იყიდა
კახა ბექაურს მე-9 არხზე ინგა გრიგოლია უნდა 


























