asdas
ცნობილი ადამიანები

Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

თქვენთვის, გურმანებო
თქვენთვის, გურმანებო
თქვენთვის, გურმანებო

2011-12-06 12:24:28



შემწვარი ბადრიჯანი მაიონეზით

მასალა: 1 კილოგრამი ბადრიჯანი; 200 გრამი მაიონეზი; 2 საშუალო ზომის ხახვი; 100 გრამი ქინძი; 4 კბილი ნიორი, მარილი და შავი წიწაკა გემოვნებით.

შევწვათ ბადრიჯანი ზეთში, მოვთუშოთ ხახვი, გავაგრილოთ. შემდეგ მაიონეზში ჩავაწყოთ შემწვარი ბადრიჯანი და დავუმატოთ მოთუშული ხახვი, ქინძი, ნიორი, მარილი, წიწაკა და ავურიოთ. შემდეგ კი მივირთვათ ცივი.

ღორის ხორცი გახეხილი ხახვით

მასალა: საულუფე ნაჭრებად დაჭრილი ღორის ხორცი - 1 კგ; ხახვი - 3 თავი; მარილი; დაფქვილი შავი წიწაკა; ზეთი შესაწვავად.

ხორცი ჩადეთ ღრმა ჯამში; წვრილ სახეხზე გახეხეთ 3 მოზრდილი ხახვი. მიიღებთ ფაფის მაგვარ მასას. ხორცს მოაყარეთ მარილი, წიწაკა და გახეხილი ხახვი. შედგით მაცივარში 1 საათით. ხახვი გამოყოფს ბლომად წვენს. ხორცი ჩააწყვეთ ზეთიან ტაფაში, დაასხით გამოყოფილი წვენი მთლიანად და შეწვით საშუალო ცეცხლზე. სუფრაზე გაიტანეთ კიტრთან ერთად.

მოხარშული გელაქნური ან კალმახი ნიგვზის საწებლით

მასალა: გელაქნური - 1 კილოგრამი; ნიგოზი - 200 გრამი; ნიორი - 2-3 კბილი; წყალი - 1,5 ჩაის ჭიქა; მარილი - გემოვნებით.

გელაქნური გავასუფთავოთ, დავჭრათ ნაჭრებად, ჩავდოთ ადუღებულ მარილწყალში და მოვხარშოთ. დუღილის დროს მოვხადოთ ქაფი. როცა მოიხარშება, ამოვალაგოთ ქაფქირით და დავაწყოთ თეფშზე. ნიგოზი, მარილი, ნიორი ერთად დავნაყოთ, გავხსნათ წყალში (არაჟნის სისქის) და მივიტანოთ მოხარშულ გელაქნურთან ერთად.

აჯაფსანდალი

მასალა: ბადრიჯანი - 1 კილოგრამი; პამიდორი - 500-600 გრამი; კარტოფილი - 500 გრამი; ხახვი - 2-3 თავი; ზეთი - 4-5 სუფრის კოვზი; მწვანილი - 5-5 ძირი; ნიორი - 2 კბილი; მწვანე წიწაკა, მარილი - გემოვნებით.

ბადრიჯანი დავჭრათ მრგვალ ნაჭრებად და მოვაყაროთ მარილი. ასე გავაჩეროთ სამი-ოთხი საათი. ზეთში მოვხრაკოთ წვრილად დაჭრილი ხახვი, დავაყაროთ მარილმოყრილი და კარგად გაწურული ბადრიჯანი. როცა მოიშუშება, დავასხათ გაფცქვნილი, დაჭრილი პომიდორი. დავამატოთ წვრილად დაჭრილი კარტოფილი, წიწაკა, რეჰანი, ქონდარი, ქინძი, ოხრახუში, ნიორი, ვადუღოთ კარტოფილის მოხარშვამდე და გადმოვდგათ ცეცხლიდან.

ქათამი არაჟნითა და ბრინჯით

მასალა: ქათამი, არაჟანი - 500 გრამი, ბრინჯი - 1 ჩაის ჭიქა, მარილი, პილპილი, ნიორი - გემოვნებით.

დაჭრილ ქათამს მოვაყაროთ მარილი, შავი პილპილი, წავუსვათ დანაყილი ან გატარებული ნიორი, დავალაგოთ ტაფაზე, მოვასხათ 500 გრამი არაჟანი და დავდგათ გრილ ადგილზე. ერთი საათის შემდეგ შევდგათ გაზქურაში, როცა ქათამი შეიბრაწება, გამოვიღოთ, ფრთხილად გადმოვალაგოთ თეფშზე. ტაფის ძირზე მოვფინოთ წინასწარ მოხარშული და გაწურული ბრინჯი, ზემოდან დავალაგოთ ქათმის ნაჭრები და ისევ შევდგათ გაზქურაში 10-15 წუთით. შემდეგ ფრთხილად გადმოვიტანოთ შესაფერის ლანგარზე ან გაშლილ თეფშზე ისე, რომ ბრინჯი კვლავ ძირში მოექცეს.

სიმინდის ფქვილის ხაჭაპური (ჭვიშტარი)

სუფთად გაცრილი სიმინდის ფქვილი მოვზილოთ რძესა და მაწონში. ავურიოთ ერთი-ორი კვერცხი. მოვაგუნდავოთ, გუნდა გავყოთ ორ ნაწილად და გავაბრტყელოთ. ერთი ფენა დავდოთ გახურებულ ქვის კეცზე, მოვაყაროთ 5-6 ჩაის ჭიქა დაფხვნილი იმერული ყველი, დავაფაროთ ზემოდან ცომის მეორე ნახევარი და გავაბრტყელოთ. ზემოდან მოვასხათ დაფხვნილი ყველისა და კვერცხის ნარევი. დავადოთ თუნუქის სახურავი, დავაყაროთ ნაცარნარევი ნაკვერჩხლები და გამოვაცხოთ გაწითლებამდე.



ლობიანი

ერთ ლიტრ თბილ წყალში გავხსნათ 100 გრამი საფუარი. შემდეგ შევურიოთ ფქვილი და მოვზილოთ ცომი. დავდოთ თბილ ადგილას, სანამ ცომი ამოვა.

ლობიოს მომზადების წესი: მოვხარშოთ ლობიო, გავწუროთ თუშფალანგზე. მიღებული მასა გავატაროთ და მოვშუშოთ სუფთა ქვაბში, შევაზავოთ მარილით, შავი პილპილით, შევაგრილოთ და ისე გამოვიყენოთ.

სატაცური ნიგვზით

მასალა: სატაცური - 1 კილოგრამი, ნიგოზი - 1,5 ჩაის ჭიქა, ნიორი - 2-3 კბილი, ქინძი - 3-4 ძირი, მარილი, წიწაკა, ძმარი - გემოვნებით.

სატაცური დავარჩიოთ, მოვამტვრიოთ ხმელი ძირები, წყალში გავრეცხოთ და მოვხარშოთ მარილწყალში. შემდეგ ხელით გავწუროთ. ნიგოზი, წიწაკა, ნიორი, ქინძი კარგად დავნაყოთ, გავხსნათ ძმარში და ავურიოთ სატაცურში.

ბალბა

მასალა: ბალბა - 1 კილოგრამი, ხახვი - 200 გრამი, მწვანილი - 4-4 ძირი, ბროწეული - 1 ცალი; მარილი, პილპილი - გემოვნებით.

გასუფთავებული ბალბა კარგად გავრეცხოთ და წვრილად დავჭრათ. ჩავყაროთ ადუღებულ წყალში და მოვხარშოთ. წყალი გადავწუროთ, ბალბაში ავურიოთ წვრილად დაჭრილი ხახვი, ქინძი, ოხრახუში, კამა, შავი პილპილი ან წიწაკა და მარილი. ზემოდან მოვაყაროთ ბროწეულის მარცვლები.

სალათი "მზესუმზირა"

მასალა: პატარა კომბოსტოს ნახევარი; შებოლილი ძეხვი - 200 გრამი; ვიჩინა ან შებოლილი ქათამი - 200 გრამი; მოხარშული კვერცხი - 4 ცალი; ყველი - 200 გრამი; კამა - 2 კონა; დაკონსერვებული სიმინდი - 1 ქილა; ნახევარი ლიმონი; მაიონეზი.

ზოლებად დაჭერით კომბოსტო, შებოლილი ძეხვი, ვიჩინა და მოხარშული კვერცხი. გახეხეთ ყველი. მომზადებული პროდუქტები შეურიეთ ერთმანეთს. შეკაზმეთ მაიონეზით და ლიმონის წვენით. მოაყარეთ დაჭრილი კამა. ერთ ქილა დაკონსერვებულ სიმინდს გადაავლეთ წყალი და მოაყარეთ მზა სალათს.

ტარხუნის ღვეზელი

მასალა: მაწონი - 1,5 ჩაის ჭიქა, კვერცხი - 3 ცალი (1 ზემოდან წასასმელად), კარაქი - 100 გრამი, სოდა - 1 ჩაის კოვზი, არაჟანი - 1 სუფრის კოვზი.

მასალა გულსართისათვის: ტარხუნა - 3 მოზრდილი კონა, მწვანე ხახვი - 2 კონა, კარაქი - 50 გრამი, კვერცხი - 2-3 ცალი, მარილი, პილპილი - გემოვნებით.

მაწონით, კვერცხითა და კარაქით მოვზილოთ საშუალო სიმაგრის ცომი. გავაბრტყელოთ, მოვაყაროთ ფქვილში შერეული სოდა, გადავკეცოთ რამდენიმეჯერ. ეს პროცესი გავიმეოროთ სამჯერ. ცომი დავდგათ ჯერ სითბოში (დაახლოებით 1 საათი), შემდეგ კი შევდგათ მაცივარში (არანაკლებ 2 საათისა). ცომი გავყოთ ორ ნაწილად. ერთი ნაწილი კარგად გავაბრტყელოთ, მოვათავსოთ კარაქწასმულ და ფქვილმოყრილ თუნუქის ფურცელზე, დავადოთ გულსართი, გავასწოროთ, კარგად გავაბტყელოთ ცომის მეორე ნაწილი, გადავაფაროთ, ნაპირები კარგად მოვუკრათ, ზემოდან წავუსვათ არაჟანში გახსნილი კვერცხის გული და შევდგათ გაზქურაში გამოსაცხობად (დაბალ ცეცხლზე).

გულსართი მოვამზადოთ შემდეგნაირად: ტარხუნა და მწვანე ხახვი გავარჩიოთ, კარგად გავრეცხოთ და წვრილად დავჭრათ (ტარხუნას კლერტები უნდა გავაცალოთ), ჩავყაროთ ქვაბში და კარაქთან ერთად კარგად მოვშუშოთ. კვერცხი მაგრად მოვხარშოთ, დავჭრათ წვრილად და შევურიოთ მოშუშულ ტარხუნას და ხახვს. შევაზავოთ მარილითა და შავი პილპილით.



მოშუშული ხორცი ბოსტნეულით

მასალა: 250 გრამი ძროხის უცხიმო ხორცი; 80 გრამი სტაფილო; 100 გრამი მწვანე მუხუდო; 100 გრამი კომბოსტო; 30 გრამი ხახვი; 10 გრამი კარაქი; 10 გრამი ოხრახუში ან კამა; მარილი გემოვნებით.

მომზადების წესი: ხორცი გარეცხეთ, დაჭერით ნაჭრებად და ნახევრად მოხარშეთ. ბულიონი გაწურეთ. ხორცს დაასხით ცოტა ბულიონი და მოშუშეთ. სტაფილო ღერებად დაჭერით. კომბოსტო დაკეპეთ. შეურიეთ ერთმანეთს სტაფილო, კომბოსტო, მუხუდო, დაუმატეთ ცოტა ბულიონი, მოშუშეთ. ხახვი წვრილად დაჭერით და ცალკე მოშუშეთ ცხიმში და დაუმატეთ, მომზადებული ბოსტნეულის გარნირი დაუმატეთ ხორცს. კერძს მოაყარეთ წვრილად დაჭრილი მწვანილი და მარილი გემოვნებით.

მოშუშული ხორცი მაკარონით

მოხარშეთ ხორცი, ხახვთან ერთად გაატარეთ ხორცსაკეპში და მოშუშეთ კარაქში. შეაზავეთ შავი პილპილითა და მარილით.

წინასწარ მარილწყალში მოხარშული, ცივ წყალში გავლებული მაკარონი (ან ბრინჯი) და ხახვთან ერთად მოშუშული ხორცი ჩაყარეთ ქვაბში ფენა-ფენა. დაუმატეთ კარაქი და მოშუშეთ.

ძროხის ხორცის სოუსი

მასალა: ძროხის ხორცი - 500 გრამი; კარტოფილი - 200-300 გრამი; ხახვი - 3-4 თავი; პამიდორი - 500 გრამი; ოხრახუში, რეჰანი, ქინძი, წიწაკა, მარილი - გემოვნებით.

მომზადება: დაჭრილი ძროხის ხორცი ჩაყარეთ ქვაბში და მოშუშეთ (თუ ხორცი მაგარია, ამატეთ ცოტ-ცოტა წყალი). შემდეგ ჩაყარეთ დაჭრილი ხახვი და ისიც კარგად მოშუშეთ. ჩაუმატეთ დაჭრილი კარტოფილი. კარტოფილი ნახევრად რომ მოიხარშება, დაამატეთ პამიდორი (ტომატი ან ტყემლის საწებელი). განაგრძეთ ხარშვა. ბოლოს ჩაყარეთ ოხრახუში, რეჰანი, ქინძი. შეაზავეთ წიწაკითა და მარილით.

ძროხის ხორცი ბელგიურად

მასალა: 800 გრამი ძროხის მჭლე ხორცი; 4 სუფრის კოვზი გამდნარი ქონი; 2 თავი ხახვი; 2 ცალი სტაფილო; 1 სუფრის კოვზი ძმარი; 1/2 ლიტრი ლუდი (სასურველია ბელგიური); 1/2 ჭიქა ხორცის ბულიონი; 3 სუფრის კოვზი პამიდვრის კეტჩუპი; 1 ცალი დაფნის ფოთოლი; 1 მომცრო კონა ოხრახუში; 1 ჩაის კოვზი მდოგვი; 1 ნაჭერი პური, მარილი და შავი პილპილი - გემოვნებით.

მომზადება: ძროხის ხორცი დავჭრათ მომცრო ნაჭრებად, ამოვავლოთ ფქვილში და შევწვათ გამდნარ ქონში მაღალ ცეცხლზე.

სოუსისთვის ცხიმს დავასხათ ძმარი, 2/3 ლუდი, დავუმატოთ ხორცის ბულიონი, კეტჩუპი და წამოვადუღოთ. ჩავყაროთ დაჭრილი ოხრახუში, კუბებად დაჭრილი სტაფილო, მარილი და პილპილი. ჩავაგდოთ დაფნის ფოთოლი.

ცეცხლგამძლე ფორმას წავუსვათ ცხიმი. ფენებად დავაწყოთ ხორცი და ქონში მოშუშული ხახვი. მოვასხათ სოუსი და დანარჩენი ლუდი. ზემოდან დავადოთ მდოგვწასმული პურის ნაჭერი. დავახუროთ თავსახური ან დავაფაროთ ფოლგა და 90 წუთით გავაჩეროთ 180 გრადუს ტემპერატურამდე გახურებულ ღუმელში. კერძი მზადაა. იგი სუფრაზე მაკარონთან და ბოსტნეულის სალათთან ერთად მიიტანეთ.

მოშუშული ცხვრის ხორცი

მასალა: ცხვრის მსუქანი ხორცი - 1 კილოგრამი; ხახვი - 4 თავი; ერბო - 100 გრამი; ბროწეულის წვენი - 1 ჭიქა; პილპილი, მარილი - გემოვნებით.

მომზადება: ცხვრის ხორცი გავრეცხოთ, დავჭრათ ნაჭრებად და შევწვათ ტაფაზე ორივე მხრიდან. ჩავაწყოთ ქვაბში, დავაყაროთ მარილი, პილპილი, დავასხათ ცოტა წყალი და ნელ ცეცხლზე მოვშუშოთ. როცა მზად იქნება, გადავიღოთ ლანგარზე, მის წვენში ავურიოთ ბროწეულის წვენი, დაკეპილი ხახვი, დანაყილი ქინძი და ზედ გადავასხათ.



მოხრაკული საქონლის ხორცი ბროწეულით

მასალა: მსუქანი საქონლის ხორცი - 1 კილოგრამი; ხახვი - 500 გრამი; ბროწეულის წვენი - 1 ჭიქა; პილპილი, მარილი - გემოვნებით.

მომზადება: საქონლის ხორცი დავჭრათ ნაჭრებად, ჩავყაროთ ქვაბში, დავდგათ ცეცხლზე და მოვშუშოთ. წვენი, რომელსაც ხორცი გამოჰყოფს, ცალკე ჭურჭელში გადავწუროთ და შევინახოთ.

ხახვი წვრილად დავკეპოთ, დავუმატოთ ხორცს და ერთად მოვხრაკოთ. მერე დავასხათ თავისივე წვენი, დავაყაროთ მარილი, პილპილი და ერთად კარგად მოვშუშოთ. სუფრაზე მიტანის წინ ავურიოთ შიგ მარცვლებად დარჩეული ბროწეული.

მოხრაკული შიგნეულობა

მასალა: შიგნეულობა - 4 კილოგრამი; ხახვი - 1 კილოგრამი; ცხიმი - 200 გრამი; ქინძი, ქონდარი - 4-5 ძირი; ძმარი - 1 სუფრის კოვზი; წიწაკა, მარილი - გემოვნებით.

მომზადება: საქონლის ან ღორის შიგნეულობა და ნაწლავები დიდხანს ვრეცხოთ გამდინარე წყალზე. გადავაბრუნოთ ნაწლავები და კიდევ ვრეცხოთ მარილითა და წყლით, შემდეგ სიმინდის ფქვილი დავაყაროთ, ხელით კარგად გავწმინდოთ და ისევ წყლით ვრეცხოთ. გარეცხილი ნაწლავები ქვაბში ჩავყაროთ, დავასხათ ცივი წყალი და წამოდუღების შემდეგ ეს წყალი გადავაქციოთ. ნაწლავებს დავუმატოთ შიგნეული - გული, ღვიძლი, თირკმელები, დავასხათ მდუღარე წყალი და მოვხარშოთ.

ხახვი დავკეპოთ, ჩავაყაროთ სუფთა ქვაბში, დავუმატოთ საქონლის ცხიმი და კარგად ვშუშოთ. შემდეგ ჩავყაროთ მოხარშული, დაჭრილი შიგნეულობა.

წიწაკა, მარილი, ქინძი, ქონდარი კარგად დავნაყოთ, გავხსნათ ცოტა ძმარში და მოვასხათ შიგნეულობას.

ქვაბს დავახუროთ სახურავი და მოვშუშოთ თავისივე ორთქლში. სუფრაზე მივიტანოთ ცხელი.

მოშუშული ღვიძლი

მასალა: ღვიძლი - 1 კილოგრამი; ერბო ან სხვა ცხიმი - 100 გრამი; ხახვი - 500 გრამი; მარილი, პილპილი - გემოვნებით.

მომზადება: ღვიძლი ნაჭრებად დავჭრათ, ჩავყაროთ ქვაბში, დავდგათ ცეცხლზე და ვშუშოთ, სანამ სითხეს არ შეიშრობს.

ცალკე ჭურჭელში მოვათავსოთ დაკეპილი ხახვი, დავუმატოთ ერბო ან რომელიმე ცხიმი და კარგად მოვშუშოთ. ავურიოთ ღვიძლში, დავამატოთ ცხიმი, მარილი, დანაყილი პილპილი და ერთად კარგად მოვშუშოთ.

საქონლის ხორცი არაჟნის საწებლით

მასალა: ძროხის უცხიმო ხორცი - 250 გრამი; არაჟანი - 100 გრამი; კარაქი - 20 გრამი; ხახვი - 250 გრამი; ტომატის პასტა - 2 სუფრის კოვზი; პურის ფქვილი - 2 სუფრის კოვზი; მარილი - გემოვნებით.

მომზადება: ხორცი გავრეცხოთ, ნახევრად მოვხარშოთ მარილიან წყალში. ამოვიღოთ ბულიონიდან, დავჭრათ პატარა ნაჭრებად. ხახვი წვრილად დავჭრათ და შევწვათ ცხიმში. შევაერთოთ ხორცი და ხახვი, დავამატოთ ცოტა წყალი და ტომატის საწებელი, თავსახური დავახუროთ და მოვთუშოთ. მირთმევის წინ დავასხათ არაჟნის საწებელი.

მოხრაკული, დაკეპილი ხორცი კვერცხით

მასალა: ძროხის ან ცხვრის ხორცი - 1 კილოგრამი; წყალი ან ბულიონი - 4 სუფრის კოვზი; ცხიმი - 2 სუფრის კოვზი; ტარხუნა, ოხრახუში - 2-3 ძირი; კვერცხი - 2 ცალი; პილპილი, ნიორი, წიწაკა, მარილი - გემოვნებით.

მომზადება: ძროხის ან ცხვრის გარეცხილი ხორცის რბილი ნაჭერი და ხახვი გავატაროთ მსხვილბადიან ხორცსაკეპ მანქანაში. დავასხათ წყალი ან ბულიონი, მოვათავსოთ ტაფაზე და მოვშუშოთ. დავუმატოთ ცხიმი, შევაზავოთ მარილით, პილპილით, დანაყილი წიწაკით და წვრილად დაჭრილი ოხრახუშით, ტარხუნით; ზემოდან დავასხათ კარგად გათქვეფილი კვერცხი და, როცა შეიწვება, სუფრაზე ცხელ-ცხელი მივიტანოთ ტაფით.

Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

სიახლეები
დღის სიახლეები
რა მოსწონთ თქვენ მეგობრებს

Alternative content

online