asdas
ცნობილი ადამიანები

Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

ქეთა ლორთქიფანიძე: "ბაზარში ჩემი დანახვა ყველას უკვირს"
"ბაზარში ჩემი დანახვა ყველას უკვირს"
ქეთა ლორთქიფანიძე: "ბაზარში ჩემი დანახვა ყველას უკვირს"

2011-11-27 21:40:32



მსახიობი ქეთა ლორთქიფანიძე, გარდა იმისა, რომ საკმაოდ წარმატებული და დატვირთულია თავის საქმეში, მისი ოჯახური ცხოვრებაც ძალიან საინტერესოა. ხუთი შვილის დედაა და საოჯახო საქმეებსაც თავად აგვარებს. სახლში ყველაფრის გაკეთება უყვარს და ხალისით უდგება ამ ყველაფერს. განსაკუთრებით სამზარეულოში ფუსფუსი უყვარს და როგორც აღმოჩნდა, საკმაოდ კარგი დიასახლისი ყოფილა. ეს სფერო მხოლოდ მაშინ აითვისა, როდესაც დასჭირდა. პატარობაში სადილებს არ ამზადებდა, თუმცა, დედას უყურებდა, ზოგჯერ ეხმარებოდა, მეხსიერებაში ყველაფერი შემორჩა და შემდეგ უკვე აღიდგინა. ქეთას ბებიებიც კარგი დიასახლისები ყოფილან. როგორც თავად აღნიშნავს, ერთ ბებიას იმაში დაემსგავსა, რომ, როდესაც ძალიან შია, მაგ დროს უფრო გემრიელი გამოსდის კერძი. მეორე ბებია კარგი ნამცხვრებისა და ტორტების მცხობელი ყოფილა, ქეთას კი ეს საქმე არ გამოსდის. თუმცა, ამბობს, რომ მოვა დრო, როდესაც ცხობაშიც ისეთივე წარმატებული დიასახლისი გახდება, როგორიც სადილების კეთებაში. თუ როგორ აკვირვებს ბაზარში ხალხს ცნობილი მსახიობი, რატომ არ მიირთმევს საჭმელს არეულ სამზარეულოში და რა არის მისთვის ყველაზე დიდი შექება კულინარიაში, ამ ყველაფერს და უფრო მეტს ჩვენი ინტერვიუს წაკითხვისას შეიტყობთ.

- ქეთა, საოჯახო საქმეებს თავად ართმევთ თავს თუ დამხმარე გყავთ?

- საოჯახო საქმეებს მე ვაგვარებ, აბა, ვინ მომიგვარებს. როგორც მე ვალაგებ, ისე სხვა ხომ ვერ დამილაგებს. ერთი ძიძა მყავს, რომელიც ბავშვების აღზრდასთან ერთად, სხვა საოჯახო საქმეებშიც მეხმარება. სადილებს მიკეთებს ხოლმე, სახლს ალაგებს. ის უკვე ჩვენი ოჯახის წევრი გახდა და როდესაც მე არ ვარ, ამ დროს ყველაფერს ის აკეთებს. ხოლო როდესაც სახლში ვარ, ყველაფერს მე ვაკეთებ. ერთადერთი არ მიყვარს ფანჯრების წმენდა. არ დავმალავ, რომ ეს პროცესი ძალიან მეზარება. სხვა დანარჩენს ყველაფერს დიდი ხალისით ვაკეთებ ხოლმე. სწრაფი ხელი მაქვს. მივეჩვიე იმას, რომ დრო ყოველთვის ცოტა მაქვს და ამიტომ ყველაფერს სწრაფად ვაკეთებ.

- როგორც დიასახლისს, საკუთარ თავს როგორ დაახასიათებთ?

- არაჩვეულებრივად. თავს არ ვიქებ, თუმცა, კარგი დიასახლისი ვარ, თუნდაც იმიტომ, რომ სახლში ფუსფუსი, სამზარეულოში ტრიალი ძალიან მიყვარს. მსიამოვნებს, როდესაც სამზარეულოში მარტო ვარ და რაღაც სადღესასწაულო სუფრას ვაწყობ. ყველა კერძი კარგად გამომდის, განსაკუთრებით, ლობიო, გუფთა, ტოლმა ვაზის ფოთოლში და სალათები. ასევე ნაირნაირი წვნიანების მომზადება ვიცი, რომლებსაც ხშირად ვაკეთებ. გუფთას სხვადასხვანაირად ვამზადებ ხოლმე. მის შიგთავსში ხან ბრინჯს ვურევ, ხან მხოლოდ ხორცით ვაკეთებ. თუ მარტო ბავშვებისთვის ვაკეთებ, ბრინჯს ვურევ, რომ უფრო ფაფუკი იყოს. ლობიოს რაც შეეხება, ძალიან გემრიელი გამომდის, რადგან მასში ტარხუნას ვურევ. ნახევარ კილო ლობიოზე ერთ კონა ტარხუნას ვიყენებ. ასევე ვამატებ ყველანაირ მწვანილს: ქონდარს, ქინძს, ცოტა ოხრახუშს, ცოტა ნიახურსა და ცოტა კამას. ნიორი და ხახვი თავისთავად უნდა უქნათ. ხანდახან ლობიოს კვაწარახით ვამზადებ. თუ კვაწარახი არ მაქვს, მაშინ ტყლაპით ვაკეთებ. ჩემი მეუღლე ქართლელია და მას ასეთი არ უყვარს. მე იმერელი ვარ და მიყვარს ტყლაპითა და კვაწარახით მომზადებული ლობიო. ხან ჩემი გემოვნებით ვამზადებ ლობიოს, ხანაც - ჩემი მეუღლის.

- მეუღლისგან მზარეულობაში შექებას ხშირად იმსახურებთ?

- კი. ძალიან ხშირად მაქებს და იწონებს ხოლმე ჩემს მომზადებულ კერძებს. ჩემთვის ყველაზე დიდი შექება ოჯახის წევრებისგან ის არის, როდესაც სადილის ქვაბი ცარიელი მხვდება.

- მზარეულობა ბავშვობიდან იცოდით?

- როდესაც დამჭირდა, რომ მეკეთებინა სადილები, მაშინ გამიჩნდა ინტერესიც. ჭამა ყოველთვის მიყვარდა. პატარაობაში კარგი მჭამელი არ ვყოფილვარ, მაგრამ უკვე სტუდენტობის ასაკიდან გემრიელად ჭამა შემიყვარდა. ხორციანი საჭმელები და განსაკუთრებით მწვადი ძალიან მიყვარს. სხვათა შორის, ერთ-ერთ გადაცემაში ვიყავი, სადაც ასეთი შეკითხვა იყო: უნდა მიაჩვიოს თუ არა დედამ თავისი გოგონა სამზარეულოში პატარობიდანვე ფუსფუსს? ჩემი აზრით, ყველა გოგონა პატარობიდანვე თავისთავად იწყებს სამზარეულოში ფუსფუსს და ეს გამოიხატება სახლობანას, დედობანას თამაშში. მაგალითად, მე რომ პატარა ვიყავი, ეზოში ჩემს თანატოლებთან ერთად ფოთლებს ვჭრიდი, მერე მიწაში ავურევდი, წყალს ვასხამდი და ვითომ რაღაც სადილს ვამზადებდი. ყველა გოგონაში პატარობიდავე კოდირებულია სამზარეულოსკენ სწრაფვა. თუ ბავშვს მოთხოვნილება აქვს, რომ სამზარეულოში იტრიალოს და დედას მიეხმაროს, მაშინ მას ხელი უნდა შევუწყოთ. თუ არ მოსწონს ეს საქმე, არ უნდა დავაძალოთ. იარაღით არ უნდა დაადგე გოგოს და არ უნდა მოსთხოვო, გინდა თუ არა სამზარეულოში იტრიალეო. მე, პირადად, ძალიან მიყვარდა ეს საქმე. დედასთან ერთად რაღაცებს ვაკეთებდი, ვჭრიდი, ცომებს ვამრგვალებდი და ასე გამოვხატავდი ჩემს ინტერესს სამზარეულოს მიმართ. როდესაც ოჯახში სულ მზადდება კერძები, დედა ფუსფუსებს სამზარეულოში, შესაბამისად, გოგონასაც იგივე ინტერესები ექნება. ბავშვი რასაც დაინახავს, თვითონაც იმავეს აკეთებს.

- დედა, ბებიები ხშირად მისაბაძები არიან გოგონებისთვის ამ საკითხში. თქვენი ბებიები და დედა როგორი მზარეულები არიან?

- დედა მსახიობი იყო და ჩემს ასაკში ისიც სულ დაკავებული ყოფილა, რეპეტიციები ჰქონდა, თუმცა, მაინც ახერხებდა, რომ სადილები მოემზადებინა. კარგად მახსოვს, სკოლიდან ექსკურსიაზე რომ მივდიოდით, დედა ყოველთვის ხორციან ღევეზელს მიმზადებდა. ახლაც სულ ვეხვეწები, რომ მასწავლოს ამ ღვეზელის გაკეთება ან თავად გამიკეთოს. მისი გემო დღემდე მახსოვს. მე სულ ვეხმარებოდი ამ ღვეზელების შეხვევაში. მახსოვს, ღუმელში აცხობდა ხოლმე, დაბრაწულები და ძალიან ლამაზები იყო. ორივე ბებია საკმაოდ კარგი მზარეული მყავდა. განსაკუთრებით, მამაჩემის დედა, ქეთევანი, რომელიც ერთი წლის წინ გარდაიცვალა და ძალიან მაკლია. არაჩვეულებრივი მზარეული იყო და უგემრიელეს საჭმელებს აკეთებდა, ლობიოს, ჩახოხბილს, ფხალეულს, წვნიანებს და ა.შ. ყველაფერი გემრიელი გამოსდიოდა. ყველაზე გემრიელი მაშინ გამოსდიოდა საჭმელი, როდესაც თავადაც შიოდა. სხვათა შორის, ამ საკითხში მას დავემსგავსე. მეც ასე ვარ, როცა ძალიან მშია, მაშინ ზედმეტად გემრიელად ვამზადებ. მეორე ბებიას რაც შეეხება, ქალბატონი ელენე ფანტასტიკურად აცხობდა ნამცხვრებს. აი, ეს ნიჭი, სამწუხაროდ, არ მაქვს, მაგრამ ვთვლი, რომ ამ პრობლემას დავძლევ, ნამცხვრებს და ტორტებს ავითვისებ. მინდა, რომ ცხობის მხრივაც წარმატებული დიასახლისი ვიყო. სამი მცდელობიდან ერთ-ერთი გამომსვლია, მაგრამ ცოტა ძნელად, მაგალითად, ლობიანი გამომიცხვია. რადგანაც იშვიათად გამომდის ცომეული, ამის გამო მათ არ ვეტანები და ვცდილობ, არ გავაკეთო ხოლმე. ტორტს რაც შეეხება, არც მას ვაცხობ. ამას წინათ, ერთადერთი შემთხვევა მქონდა, რომ ტორტი გავაკეთე. ჩემი შვილის, ნინოს დაბადების დღე იყო და გადავწყვიტე, ტორტი თავად გამეკეთებინა. ვიცოდი, რომ ბისკვიტი ნამდვილად არ გამომივიდოდა და ჩამივარდებოდა. ამიტომაც ეს პრობლემა მარტივად გადავჭერი, ვიყიდე ბისკვიტი, უამრავი ხილი, კრემიც გავაკეთე და ასე ვთქვათ, ტორტი ავაწყვე. მართლა ძალიან ლამაზი ტორტი გამოვიდა, გემოთიც და შესახედაობითაც. ჩემი მეუღლეც დამეხმარა, ჩემი გოგონას სახელი გამოვჭერით და შაქრის პეპლებით გავაფორმეთ. ვერავინ იტყოდა, რომ ეს ჩემი გაკეთებული იყო. ჩემი შვილის მეგობრებში თავს ვიწონებდი, რომ ტორტი ასე ლამაზად მოვრთე. გამოდის, რომ სულ თავს ვიქებ, მაგრამ დამერწმუნეთ, ჩემს ახლობლებს რომ ჰკითხოთ, ისინიც შემაქებენ და იმავეს იტყვიან.

- როგორც ვატყობ, სამზარეულოში თქვენ დიდ ყურადღებას აქცევთ ესთეტიკურ მხარეს?

- კი, უდავოდ. ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს იმას, ესა თუ ის კერძი დანახვისას როგორ განწყობას გიქმნის. არასდროს ვჭამ არეულ სამზარეულოში ან არეულ სასადილო ოთახში. სადაც საჭმელს მივირთმევ, იქ მშვიდი და ლამაზი ატმოსფერო უნდა იყოს. სახლში ძალიან დაღლილი რომ მოვდივარ და მშია, მაშინვე ჭამა არ შემიძლია. ამდენი შვილი მყავს და ბუნებრივია, როცა მე სახლიდან გასული ვარ, ისინი ყველაფერს ურევენ. ამიტომ ჯერ უნდა მივალაგო ყველაფერი, ჭურჭელი გავრეცხო. პურს დავჭრი, მაგიდას ლამაზად გავაწყობ და მხოლოდ ამის შემდეგ ვიწყებ ჭამას. სხვანაირად არ შემიძლია. თვითონ კერძებთან მიმართებაშიც ასე ვარ. თუ საჭმელი ლამაზად არ გამოიყურება და გული არ მიმიწევს მისკენ, მაშინ ვერ მივირთმევ. ვცდილობ, რომ ესთეტიკური მხარე ყველა ჩემ მიერ მომზადებულ კერძს მოწესრიგებული ჰქონდეს.

- გაიხსენეთ თქვენი პირველი სერიოზული ნახელავი, რომელიც დამოუკიდებლად მოამზადეთ?

- ნამდვილად არ მახსოვს, მაგრამ დროთა განმავლობაში გემოვნება მეცვლება. ხან რა გამომდის კარგად და ხანაც - რა. მახსოვს, პირველად რომ გავაკეთე ტოლმა ვაზის ფოთოლში, შოკში ვიყავი. მანამდე ვთვლიდი, რომ ეს იყო ყველაზე რთული კერძი და არ მეგონა, თუ ამას დავძლევდი. მინდა გითხრათ, რომ ტოლმა არც თუ ისე რთული მოსამზადებელი ყოფილა. პირიქით, საკმაოდ სასიამოვნო იყო მისი მზადების პროცესი და გასართობიც. საშობაოდ ტოლმას აუცილებლად დიდი რაოდენობით მოვამზადებ.

- როდესაც ცოტა რთულ კერძებს ამზადებთ, ვინმეს თუ ეკითხებით რჩევას?

- ხშირად ვურეკავდი ხოლმე ქეთო ბებიას, რომელიც შესანიშნავ რჩევებს მაძლევდა. თუმცა, როგორც გითხარით, ის უკვე ცოცხალი აღარაა. მაქვს ძალიან კარგი კულინარიული წიგნები - ლომიძისა და ხოფერიას წიგნები ყოველთვის ჩემ გვერდით არიან. ამ რეცეპტების მიხედვით, ყველაფერი კარგი გამომდის და არასდროს გამფუჭებია. მერე სხვებსაც ვასწავლი ხოლმე. ერთი ასეთი რაღაც გამომიმუშავდა, როდესაც რამდენიმე დღე სამსახურში ძალიან გადაღლილი ვარ და საჭმელებისთვის დრო არ მრჩება, მერე ცოტა მიჭირს ალღოს აღება. თუმცა, ხდება ისეც, რომ მთელი კვირა ან მთელი თვე ვკულინარობ და გაწაფული ვარ ხოლმე. ხანდახან შემიძლია მხოლოდ სურნელით მივხვდე, კერძს ესა თუ ის ინგრედიენტი აკლია თუ არა.

- ქეთა, ხუთი შვილის დედა ხართ. მხოლოდ მათი გემოვნების მიხედვით ამზადებთ საჭმელებს?

- როგორც ჩემი ქალიშვილი, თეოდორა ამბობს, ჩემი მომზადებული ყველაფერი უყვარს. მას ისე უყვარს ჩემ მიერ მომზადებული წვნიანი, რომ სხვის გაკეთებულს არ ჭამს. ჩემი ძიძაც უკვე ჩემსავით ამზადებს სადილებს, რომ ბავშვებს მოეწონოთ. ჩემი შვილები არაპრეტენზიული მჭამელები არიან. რასაც გავაკეთებ, მშვენივრად მიირთმევენ. ასე რომ, მხოლოდ მათ გემოვნებაზე დაყრდნობით არ ვამზადებ. ვიცი, რომ რასაც მოვამზადებ, მათაც მოეწონებათ. შეიძლება, რომ უკვე ქვეცნობიერადაც ვიცი მათი გემოვნება და სადილებს ისე ვამზადებ.

- თქვენს მეუღლესა და შვილებს თქვენი მომზადებული კერძებიდან ყველაზე მეტად რა უყვართ?

- ყველაფერი. ჩემი მეუღლეც არაჩვეულებრივად ამზადებს საჭმელებს. ძალიან გემრიელ ლობიოსა და ოჯახურს აკეთებს. ასევე მწვადს წვავს კარგად. ხშირად, როდესაც მეგობრები გვსტუმრობენ და მე სახლში არ ვარ, მას თვითონ შეუძლია, რომ არაჩვეულებრივი სუფრა გაშალოს. ბევრჯერ ყოფილა, რომ ასე მივსულვარ და ჩემთვის სიურპრიზი დაუხვედრებია, ყველაფერი თავად გაუკეთებია. ასეთი ყურადღება და ხელშეწყობა ყველა ქალს სიამოვნებს.

- დიდ, სადღესასწაულო სუფრებს დამოუკიდებლად შლით ხოლმე?

- რა თქმა უნდა, როდესაც რამე დღესასწაულია, სულ მე ვაკეთებ საჭმელებს. ამ დროს ვცდილობ, რომ მზა კერძები ნაკლებად შევიძინო. საერთოდ, ნახევარფაბრიკატებს ვიყენებ იმიტომ, რომ ამის გარეშე წარმოუდგენელია. მით უმეტეს, როდესაც მართლა ძალიან დაღლილი ვარ, თანაც სახლში მარტო ვარ, მზა პროდუქტებს ვყიდულობ. ბავშვები თუ სახლში არ არიან, მარტო ჩემთვის სადილებს არ ვაკეთებ. დღესასწაულებს რაც შეეხება, ახალ წელს პომპეზურად არ ვხვდები ხოლმე. ამ დროს მარხვაა და მთელი ჩემი ოჯახი, პატარების გარდა, ვმარხულობთ. ამიტომაც, ჩვენ ახალ წელს მოკრძალებული სუფრა გვაქვს და უფრო პომპეზურად შობისთვის ვემზადებით. შობა დღეს ჩვენთან ყოველთვის დიდი სუფრა იშლება. რაც მთავარია, ყველაფერი ჩემი ხელითYარის ხოლმე მომზადებული.

- თქვენს უფროს გოგონას თუ ასწავლით სამზარეულოში ტრიალს ან თუ უბიძგებთ ამისკენ?

- უფროსი გოგონა თერთმეტი წლის არის. მის ასაკში მე საჭმელების გაკეთებას არ ვსწავლობდი, უბრალოდ, დედას ვუყურებდი. მერე კი, როცა დამჭირდა, ყველაფერი აღვიდგინე თვალის მახსოვრობით და თვითონ გავაკეთე. ალბათ, ჩემი გოგონაც მომავალში ასე მოიქცევა. ამ ეტაპზე მე არ ვაძალებ, რომ დადგეს და ჩემთან ერთად ამზადოს სადილები. მარტო თუ არის, უპრობლემოდ გაიმზადებს საჭმელს, კვერცხსა და კარტოფილსაც შეიწვავს და სალათსაც მოამზადებს. მას თავისუფლად შეუძლია უმცროს დას ან მეგობარს გაუმასპინძლდეს. ნინოს მკაცრად არ ვთხოვ, სადილები მოამზადე-თქო, მაგრამ დარწმუნებული ვარ, წინ რეცეპტების წიგნი რომ დავუდო, აუცილებლად მოამზადებს და სულაც არ გაუჭირდება.

- ბაზარში სიარულს რაც შეეხება, ეს საქმე თქვენ გეხებათ?

- არ მეხება, მაგრამ ჩემი სურვილით დავდივარ ხოლმე. მზარეულობის საუკეთესო მუზა სწორედ მაშინ მომდის, როდესაც თვითონ მივდივარ ბაზარში. პროდუქტებს რომ გადავხედავ, უკვე ვიცი, რას რა უნდა მივუმატო, რომელ ქვაბში რა ჩავყარო და ა.შ. ამ მხრივ ძალიან მიყვარს, როდესაც ჩემი ხელით ვარჩევ მწვანილს, წიწაკას. რადგანაც კერძის ესთეტიკურ მხარეს დიდ ყურადღებას ვაქცევ, ამიტომ ფერადი და სხვადასხვანაირი ბოსტნეული ძალიან მიყვარს. თავად რომ მომაქვს პროდუქტები ბაზრიდან, ამ დროს კერძს უფრო მეტი შემართებით ვამზადებ.

- გსიამოვნებთ, როდესაც ბაზარში ხალხი გცნობთ?

- კი, ამ ფაქტს არაჩვეულებრივად ვიღებ. სხვათა შორის, ბაზარში ჩემი დანახვა ყველას უკვირს. მეუბნებიან ხოლმე, შენ თუ ბაზარში დადიოდი, არ გვეგონაო. რატომაც არ უნდა ვიარო, მეც ჩვეულებრივი დიასახლისი, დედა და მეუღლე ვარ. ბაზარში გამყიდველ ქალბატონებთან ყოველთვის თბილი საუბრები მაქვს. არც თუ ისე პატარა ვარ ასაკით და ოჯახის მოვლა ჩემით უნდა შემეძლოს. რა გასაკვირია, თუ ბაზარში თავად ვივლი. გამომდის მზარეულობა და ამიტომ ვაკეთებ. თუმცა, ყველას ყველაფერი არ გამოუვა. ეს დასაძრახი ნამდვილად არ არის. საკმარისია მონდომება და ყველა ქალს შეუძლია ერთ-ორი კერძის მომზადება მაინც ისწავლოს. ყველა ვერ გააკეთებს წვნიანს, ბოზბაშს ან ჩობან-ყაურმას, უბრალოდ, სალათის მომზადება და ელემენტარული კერძების კეთება, მგონია, რომ ყველა გოგოს შეუძლია. თუ კაცს შეუძლია ეს, ქალს რატომ არ შეუძლია? ვთვლი, რომ ქალებს ყველაფერი ბევრად უკეთ გამოსდით, ვიდრე კაცებს. ერთადერთი არის მწვადი, რასაც კაცები უკეთ წვავენ და ჩვენ, ქალები ამაში ნამდვილად ვერ შევეცილებით.

- დასასრულს, რომელიმე იმ კერძის რეცეპტი ჩაგვაწერინეთ, რომელიც თქვენს სახლში ხშირად მზადდება.

- ხშირად ვამზადებ სოკოს ჩაქაფულს. მისი მომზადება მარტივია. ხის სოკოს ავიღებთ და კარგად გავრეცხავთ, მერე დავანაწევრებთ, ანუ დავძენძავთ. შემდეგ ქვაბში მოვათავსებთ და მოვშუშავთ. მასთან ერთად უნდა მოიშუშოს ხახვიც. ნელ-ნელა ვამატებთ ყველა იმ მწვანილს, რომლებსაც ჩაქაფულში ვიყენებთ. აუცილებელი ინგრედიენტია ტყემალი. აბსოლუტურად იმავე პრინციპით მზადდება ეს სადილი, როგორითაც ჩვეულებრივი ხორცის ჩაქაფული. ხორცის მაგივრად სოკო უნდა გამოვიყენოთ. ძალიან გემრიელი სადილი გამოდის, თანაც სამარხვოა.

- რომელიმე სალათის რეცეპტიც ჩაგვაწერინეთ...

- სალათებს ხშირად ვამზადებ, თუმცა, სულ სხვადასხვანაირებს ვაკეთებ. საერთოდ, სალათი ისეთი რაღაცაა, რომ ყველაფრისგან შეგიძლია მოამზადო. რაც გაქვთ სახლში, ყველაფერი დაჭერით, ჩაყარეთ ერთად და აურიეთ მაიონეზში. ჩემი აზრით, სალათს რეცეპტი არ სჭირდება. რა ინგრედიენტითაც გინდა, იმით მოამზადებ. სტაფილო ან ყვავილოვანი კომბოსტო თუ გაქვთ, კარგად დაჭერით, შეურიეთ ხმელი ქინძი, შავი წიწაკა, წყალში გათხელებული მაიონეზი და ა.შ. გააჩნია რა გაქვთ სახლში. აგრეთვე, თუ ბადრიჯანი გაქვთ ცოტა დარჩენილი, შეწვით და მისგან მოამზადეთ სალათი. ყველაზე კარგ დიასახლისად ვთვლი იმას, ვისაც შეუძლია არაფრისგან რაღაცის გაკეთება. გამოაღეთ თქვენი სამზარეულოს კარი და რასაც აღმოაჩენთ, ის გამოიყენეთ. თან, ამ პროცესში თქვენი გემოვნების რეცეპტორები ჩართეთ და წარმოიდგინეთ რას რა შეიძლება მოუხდეს. არ არსებობს, რომ ქართველ ქალს, თუ მოინდომა, გემრიელი სადილი არ გამოუვიდეს.

თეონა კენჭიაშვილი

Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

სიახლეები
დღის სიახლეები
რა მოსწონთ თქვენ მეგობრებს

Alternative content

online