asdas
ცნობილი ადამიანები

Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

თქვენთვის, გურმანებო
თქვენთვის, გურმანებო
თქვენთვის, გურმანებო

2011-11-22 21:24:10



ღორის კუჭმაჭი

მასალა: კუჭმაჭი - 1 კილოგრამი; ღორის ქონი - 200 გრამი; ხახვი - 5-6 თავი; ქონდარი - 8-10 ძირი; ქინძი - 4-5 ძირი; მარილი, წიწაკა - გემოვნებით.

კარგად გასუფთავებული, გარეცხილი კუჭმაჭი (ღვიძლი, გული, ელენთა, ფილტვი) დავჭრათ წვრილად, ჩავყაროთ ქვაბში, დავდგათ ცეცხლზე და ცხიმში მოვშუშოთ. ხახვი დავჭრათ, დავუმატოთ კუჭმაჭს და კარგად მოვხრაკოთ თავისივე გამოყოფილ ცხიმში. შევაზავოთ მარილით, პილპილით, წიწაკით, ქონდარით (შეიძლება ხმელი ქონდარიც), ქინძით.

სუფრაზე მიტანისას მოვაყაროთ მარცვლებად დარჩეული ბროწეული.

ხინკალი კახურად

მასალა: ცხვრის ან ძროხის ხორცი - 1 კილოგრამი; ფქვილი - 1 კილოგრამი; ხახვი - 4-5 თავი; მწვანილი - 3-4 ძირი; კვერცხი - 2 ცალი; მარილი, პილპილი - გემოვნებით.

თეთრი პურის ფქვილით, კვერცხითა და ცივი მარილწყლით მოვზილოთ ჩვეულებრივი მაგარი ცომი. მოვამზადოთ გულსართი შემდეგნაირად: მსუქანი ცხვრის ან ძროხის ხორცის რბილი ნაჭრები ორჯერ გავატაროთ ხორცსაკეპ მანქანაში ხახვთან ერთად. შევაზავოთ დაკეპილი ოხრახუშით, ქინძით, შავი პილპილით, მარილით; დავზილოთ და გავაზავოთ წყლით. როდესაც გულსართი მზად იქნება, ცომი გავაბრტყელოთ, გამოვჭრათ სპეციალური ხის საჭრისით და კიდევ გავაბრტყელოთ. თითოეულ ცომზე მოვათავსოთ ერთი სუფრის კოვზი მომზადებული ხორცი, ნაპირები შემოვუკეცოთ, მოვგრიხოთ და კუჭი დავტკეპნოთ ისე, რომ მოხარშვის დროს არ გაიხსნას და ჩავუშვათ მარილით შეზავებულ მდუღარე წყალში. დუღილის დროს ქვაბი ვატრიალოთ, რომ ძირზე არ მიიკრას. როცა ყველა ხინკალი წყლის ზევით ამოტივტივდება, კიდევ 5 წუთი ვადუღოთ, ამოვალაგოთ ქაფქირით და სუფრაზე მივიტანოთ დანაყილ პილპილთან ერთად.

შემწვარი ბადრიჯანი ნიგვზით, გურულად

მასალა: ბადრიჯანი - 1 კილოგრამი; ნიგოზი - 1,5 ჩაის ჭიქა; ხახვი - 2-3 თავი; ნიორი - 2-3 კბილი; მწვანილი - 4-4 ძირი; ძმარი - 2 სუფრის კოვზი; მარილი, პილპილი - გემოვნებით.

უთესლო, ქორფა ბადრიჯანი ყუნწიანად შევწვათ აირღუმელში. შემდეგ დავჭრათ 1 სანტიმეტრი სისქის მრგვალ ნაჭრებად, მოვათავსოთ ღრმა, ფართო ჭურჭელში და შევაზავოთ შემდეგნაირად: კარგად დავნაყოთ ნიგოზი, პილპილი, ნიორი, ქინძი, ომბალო, წვრილად დავჭრათ კამა, ოხრახუში, ავურიოთ ერთმანეთში, მოვაყაროთ მარილი, მოვასხათ ძმარი. ყველაფერი ეს შემწვარ ბადრიჯანში კარგად ავურიოთ, მოვათავსოთ ლანგარზე, ზევიდან მოვაყაროთ წმინდად დაჭრილი ოხრახუში და კამა.

მწვანე ლობიო ნიგვზით და ბროწეულით

მასალა: მწვანე ლობიო - 1 კილოგრამი; ნიგოზი - 1,5 ჩაის ჭიქა; მწვანილი - 4-4 ძირი; ხახვი - 2 თავი; ბროწეულის წვენი - 0,5 ჩაის ჭიქა; ბროწეული - 1 ცალი; ნიორი, წიწაკა, მარილი - გემოვნებით.

კარგად მომწიფებული მწვანე ლობიო, რომელსაც შიგნით მარცვლები აქვს, ჩვეულებრივი წესით მოვხარშოთ და მერე ხელით გავწუროთ.

დავნაყოთ ნიგოზი, ნიორი, წიწაკა, ქინძი, მარილი, დავუმატოთ წვრილად დაჭრილი ხახვი, ოხრახუში, რეჰანი, ქონდარი, ომბალო (თუ ძალიან მშრალია, დავასხათ ცოტაოდენი ლობიოს წვენი), ბროწეულის წვენი, მისივე მარცვლები და ყველაფერი ეს კარგად ავურიოთ გაწურულ მწვანე ლობიოში. შემდეგ გადმოვიტანოთ ლანგარზე და ზევიდან მოვაყაროთ ბროწეულის მარცვლები.



ძროხის ენა არაჟნით (ქართულად)

მასალა: ძროხის ენა - 1 ცალი; კარაქი - 100 გრამი; პამიდორი (ტომატი) - 400 გრამი (1 ჩაის ჭიქა); კვერცხი - 3-4 ცალი; მწვანილი - 3-3 ძირი; ხახვი - 3-4 თავი; არაჟანი - 500 გრამი; ძმარი - 2 სუფრის კოვზი; მარილი, პილპილი - გემოვნებით.

გასუფთავებული, კარგად გარეცხილი ენა მოვათავსოთ ქვაბში, დავასხათ ცხელი წყალი და ვხარშოთ ნელ ცეცხლზე, დაახლოებით 2 საათი. მოხარშული ენა ამოვიღოთ ბულიონიდან, გადავალოთ ცივი წყალი, მოვაცილოთ კანი და დავჭრათ თხელ, წვრილ ნაჭრებად.

კარაქში კარგად მოვშუშოთ ხახვი, ჩავყაროთ წვრილად დაჭრილი ენა, პურის ფქვილი და გავაგრძელოთ შუშვა. დავამატოთ დაჭრილი პამიდორი (ან ტომატი), 5-10 წუთი დუღილის შემდეგ არაჟანი. შევაზავოთ ტარხუნით, ოხრახუშით, კამით, მარილით, პილპილით; ზემოდან მოვასხათ ღვინის ძმარში გათქვეფილი კვერცხი და შევდგათ ღუმელში გამოსაცხობად. სუფრაზე მიტანისას ზევიდან მოვასხათ გამდნარი კარაქი და მოვაყაროთ დაკეპილი კამა და ოხრახუში.

კვერცხი - ნიგვზის სატენით

მასალა: კვერცხი - 10 ცალი; ნიგოზი - 3/4 ჩაის ჭიქა; წიწაკა, ნიორი, სუნელი, ყვითელი ყვავილი, მარილი, ძმარი, მწვანილი - გემოვნებით.

კვერცხები მაგრად მოვხარშოთ, გადავავლოთ ცივი წყალი, რომ კარგად გაიფცქვნას. გასუფთავებული კვერცხი მჭრელი დანით გავჭრათ შუაზე (სიგრძეზე), ამოვაცალოთ გულები.

ნიგოზი, წიწაკა, ნიორი, მარილი, სუნელი, ყვითელი ყვავილი კარგად დავნაყოთ, დავამატოთ ძმარი, ძალიან წვრილად დაჭრილი მწვანილი (ქინძი, კამა, ოხრახუში), კარგად ავურიოთ და ამოვავსოთ ცილის გულები მომზადებული საკმაზით და ლამაზად დავალაგოთ თეფშზე. შეიძლება ზემოდან მოვასხათ ნიგვზის საწებელა.

ფხალიანი ხაჭაპური

უმი ჭარხლის ფოთოლი წვრილად დავჭრათ, დავაყაროთ მარილი და გავაჩეროთ ასეთ მდგომარეობაში რამდენიმე ხნით. ამის შემდეგ კარგად გავწუროთ, ავურიოთ შიგ დაფხვნილი იმერული ყველი. ასეთი წესით მომზადებული ფხალი მოვათავსოთ შემდეგნაირად მომზადებულ ცომში: საფუვრიანი ცომის მოსამზადებლად საჭიროა ავიღოთ 2 ჩაის ჭიქა სითხე (რძე ან წყალი), გავათბოთ (დაახლოებით 30 გრადუსით), გავხსნათ შიგ საფუარი, დავამატოთ კვერცხი, ფქვილი და მოვზილოთ ცომი. ცხიმი გავადნოთ და ვზილოთ ცომი ცხიმიანი ხელით, სანამ ცომი ცხიმს მთლიანად არ შეიზელს. მოზელილ ცომს მოვაყაროთ ფქვილი, დავახუროთ სუფთა ტილო და დავდგათ თბილ ადგილას 3-4 საათი. გაფუების პროცესში ცომი შეიძლება 2-3-ჯერ დავზილოთ. შემდეგ ავიღოთ პატარა გუნდა, სუფრის კოვზით შუაში მოვათავსოთ გულსართი, მოვუკეცოთ ნაპირი, წავუსვათ ზედ გათქვეფილი კვერცხის გული და გამოვაცხოთ კეცში ან ღუმელში. გამომცხვარ ხაჭაპურს წავუსვათ ზედ კარაქი ან ერბო.

ნამცხვარი "ზებრა"

მასალა: კვერცხი - 5 ცალი; შაქრის ფხვნილი - 3 ჩაის ჭიქა; კარაქი - 200 გრამი; არაჟანი - 1 ჩაის ჭიქა; კაკაოს ფხვნილი - 5 სუფრის კოვზი; რძე ან წყალი - 4 სუფრის კოვზი; სოდა, ძმარი, ვანილი - გემოვნებით.

5 მთლიანი კვერცხისა და 2 ჩაის ჭიქა შაქრის ფხვნილისაგან გავაკეთოთ გოგლი-მოგლი, დავამატოთ დარბილებული კარაქი, არაჟანი, სოდა, ძმარი, ვანილი, ფქვილი და კოვზით კარგად ავზილოთ (ცომი უნდა იყოს არაჟნის სისქის). ცომი გავყოთ შუაზე. 1 ნახევარს შევაზილოთ 2 სუფრის კოვზი კაკაოს ფხვნილი; ყალიბს წავუსვათ კარაქი და რიგრიგობით დავასხათ ჯერ თეთრი ცომი, ზემოდან ყავისფერი, შემდეგ ისევ თეთრი და ასე გავაგრძელოთ, სანამ ცომი დამთავრდება. ყალიბი შევდგათ გაზქურაში გამოსაცხობად.

როცა გამოცხვება, ზემოდან დავასხათ შოკოლადის მინანქარი ("გლაზური"), რომელიც შემდეგნაირად უნდა მოვამზადოთ: 1 ჭიქა შაქრის ფხვნილს დავამატოთ 3 სუფრის კოვზი კაკაოს ფხვნილი, 4 სუფრის კოვზი რძე ან წყალი დავდგათ ცეცხლზე, დავამატოთ 50 გრამი კარაქი, წამოვადუღოთ და ცხელი დავასხათ ნამცხვარს.



ჩანახი (ქვაბში)

მასალა: ცხვრის ხორცი - 1 კილოგრამი; ხახვი - 4-5 თავი; ნიორი - 1 თავი; ცხვრის დუმა - 200 გრამი; ბადრიჯანი - 1 კილოგრამი; პამიდორი - 1 კილოგრამი; კარტოფილი - 800 გრამი; მწვანილი - 3-3 ძირი; წიწაკა, დანაყილი ქინძის თესლი, მარილი - გემოვნებით.

ვინაიდან თიხის ჯამების საშუალება ოჯახში ხშირად არ არის, ამიტომ ჩანახი შეიძლება ქვაბშიც მომზადდეს.

ცხვრის დუმა დავჭრათ წვრილად და მოვშუშოთ. ამ ქონში ცალ-ცალკე შევწვათ მთელ-მთელი ბადრიჯანი, ოთხად გაჭრილი (სიგრძეზე) კარტოფილები, მთელ-მთელი მწიფე პამიდორი.

მოშუშულ დუმის ნარჩენებში ავურიოთ წვრილად დაჭრილი ნიორი, ქინძი, ოხრახუში, ნიახური, რეჰანი, წიწაკა, დანაყილი ქინძის თესლი. ეს გულსართი ფრთხილად ჩავდოთ ბადრიჯანში და პამიდორში, ისე, რომ არ დაირღვეს მთლიანობა.

ცალკე შევწვათ წვრილად დაჭრილი ხორცი, ჩავალაგოთ ქვაბში თანმიმდევრობით, ფენა-ფენა, ჯერ ბადრიჯანი, შემდეგ ხორცი, დაჭრილი ხახვი, კარტოფილი, პამიდორი, ხორცი, ბადრიჯანი, კარტოფილი, ხორცი, ზევიდან პამიდორი. დავასხათ გულსართისა და ცხიმის ნარჩენები და 10-15 წუთი ვშუშოთ. მარილს ყველაფერს ცალ-ცალკე ვაყრით შეწვის დროს.

კვერცხი სატენით

მასალა: კვერცხი - 10 ცალი; კარაქი - 70-80 გრამი; ტარხუნა (პიტნა) - 5-6 ძირი; არაჟანი ან მაიონეზი - 1 ქილა; მარილი - გემოვნებით.

მოვხარშოთ კვერცხები, გადავავლოთ ცივი წყალი, გავფცქვნათ, გავჭრათ სიგრძეზე და ამოვაცალოთ გულები. გულებში ავურიოთ კარაქი, მარილი, წვრილად დაჭრილი ტარხუნა (ან პიტნა), კარგად ავზილოთ და აღნიშნული მასალით ამოვავსოთ ცილების შუაგული. ლამაზად დავაწყოთ თეფშზე და ზემოდან მოვასხათ არაჟანი ან მაიონეზი.

ბლინები მოხარშული, დაკეპილი ხორცით

მასალა: ხორცი - 1 კილოგრამი; ხახვი - 200 გრამი; ერბო ან კარაქი - 50 გრამი; ზეთი - 200 გრამი; შავი პილპილი, მარილი - გემოვნებით; კვერცხი - 8 ცალი; რძე (ან წყალი) - 1 ლიტრი; ფქვილი - რამდენიც დასჭირდება.

საქონლის ან ღორის (შეიძლება შერეული) ხორცის რბილი ნაჭერი კარგად მოვხარშოთ და გავატაროთ ხორცსაკეპ მანქანაში. ხახვი წვრილად დავჭრათ, მოვხრაკოთ ერბოში შეწითლებამდე, ჩავყაროთ დაკეპილი ხორცი და კარგად ავურიოთ. ცოტაოდენ ბულიონში გავხსნათ მარილი, შავი პილპილი და დავასხათ ხორცის სატენს ისე, რომ ფარში რბილი, ნაზი გამოვიდეს. ვშუშოთ 5-10 წუთი, გადმოვდგათ ცეცხლიდან და გავაცივოთ.

ბლინების მომზადების წესი: ავიღოთ კვერცხი და კარგად ვთქვიფოთ მიქსერით ან სათქვეფელით. დავასხათ რძე (თუ არა გვაქვს, შეიძლება წყალი) და გავაგრძელოთ თქვეფა, სანამ კარგად არ აქაფდება. ჩავყაროთ ფქვილი (უმაღლესი ხარისხის) ისე, რომ ცომი ძალიან თხელი არაჟანის სისქის გამოვიდეს. კარგად გავაცხელოთ ალუმინის სახელურიანი ტაფა და ჩამჩით დავასხათ ბლინის ცომი. როდესაც ერთი მხრიდან გამოცხვება (ზემოთა მხარე კარგად უნდა იყოს გამშრალი), ბლინი ავიღოთ, გამომცხვარი მხრიდან დავადოთ ხორცის სატენი და დავახვიოთ ისე, როგორც ტოლმას ვახვევთ. ასეთნაირად მომზადებული ბლინები სუფრაზე მიტანის წინ შევწვათ გაცხელებულ, ზეთიან ტაფაზე.

ტორტი "ქალის თითები"

მასალა: კარაქი - 150 გრამი; წყალი - 1,5 ჩაის ჭიქა; კვერცხი - 6 ცალი; ფქვილი - 1,5 ჩაის ჭიქა; არაჟანი - 2 ჩაის ჭიქა; შაქრის ფხვნილი - 1 ჩაის ჭიქა.

ჭიქანახევარი წყალი დავდგათ ცეცხლზე, ჩავუმატოთ კარაქი და როცა ადუღდება, ჩავყაროთ შიგ პურის ფქვილი, თან სულ ვურიოთ, ორი წუთი დუღილის შემდეგ გამოვრთოთ. როგორც კი ცომი შეგრილდება, თანდათან ჩავახალოთ კვერცხი.

მოხარშული ცომი გავანაწილოთ, მივცეთ მოგრძო თითების ფორმა (შეიძლება გამოვიყენოთ კრემის შპრიცი), დავდოთ ცხიმწასმულ ტაფაზე და შევდგათ ღუმელში გამოსაცხობად.

კრემისათვის ავიღოთ გაციებული არაჟანი და კარგად ავთქვიფოთ შაქრის ფხვნილთან ერთად.

გამომცხვარი "ქალის თითები" ამოვავლოთ კრემში, დავაწყოთ თეფშზე და ზემოდან მოვაყაროთ კაკაოს ფხვნილი ან გახეხილი შოკოლადი.



ქათმის წვენი ატრიით

მასალა: ხახვი - 4-5 თავი; კარაქი - 50 გრამი; ხორბლის ფქვილი - 300 გრამი; კვერცხი - 1 ცალი; მწვანილი - 3-3 ძირი; ნიორი - 2 კბილი; ყვითელი ყვავილი (ზაფრანა) - 0,5 ჩაის კოვზი; მარილი - გემოვნებით.

გასუფთავებული ქათამი დავჭრათ საშუალო ზომის, თანაბარ ნაჭრებად, გავთუთქოთ მდუღარე წყალში და შემდგომ მოვათავსოთ ქვაბში, ჩავუმატოთ კარაქი, დაჭრილი ხახვი, ნიორი, დავხუროთ სახურავი და ვშუშოთ ორთქლში ნელ ცეცხლზე, სანამ ხორცი ხახვთან ერთად ჩაიშუშება.

მოვზილოთ კვერცხითა და წყლით მაგარი ცომი; გავაბრტყელოთ ორი მილიმეტრის სისქემდე. დავჭრათ მოგრძო ნაჭრებად (4 სანტიმეტრი სიფართის), დავაწყოთ ერთიმეორეზე, დავჭრათ ასანთის ღეროების მსგავსად და გავშალოთ, რომ გაშრეს. ქათმის ხორცს დავასხათ წყალი ისე, რომ კარგად მოადგეს; როდესაც ადუღდება, ჩავყაროთ ცომის დაჭრილი და მდუღარეში გათუთქული ატრია. შევაზავოთ ოხრახუშით, ახალი კამით, ყვითელი ყვავილით, მარილით.

ქაბაბი

მასალა: ხორცი - 1 კილოგრამი; ხახვი - 3-4 თავი; ერბო - 3 სუფრის კოვზი; შინდის ჩურჩა ან კოწახური - 0,5 ჭიქა; კვერცხი - 2 ცალი; დანაყილი ორცხობილა - 3 სუფრის კოვზი; მარილი, პილპილი - გემოვნებით.

ძროხის ან ცხვრის რბილი ხორცი ხახვთან ერთად გავატაროთ ხორცსაკეპ მანქანაში; შევაზავოთ მარილით, ძალიან წვრილად დაჭრილი შინდის ჩურჩით ან კოწახურით, დანაყილი პილპილით, შევურიოთ გათქვეფილი კვერცხი. გავაკეთოთ დაკეპილი ხორცის პატარ-პატარა გუფთები, მივცეთ მოგრძო ფორმა, ამოვავლოთ ორცხორბილაში და შევწვათ ერბოიან ტაფაზე ორივე მხრიდან. როცა შეიწვება, ცოტა ზყალი დავასხათ და ვადუღოთ რამოდენიმე წუთს.

მოხრაკული, დაკეპილი ხორცი კვერცხით

მასალა: ძროხის ან ცხვრის ხორცი - 1 კილოგრამი; წყალი ან ბულიონი - 4 სუფრის კოვზი; ცხიმი - 2 სუფრის კოვზი; ტარხუნა, ოხრახუში - 2-3 ძირი; კვერცხი - 2 ცალი; პილპილი, ნიორი, წიწაკა, მარილი - გემოვნებით.

ძროხის ან ცხვრის გარეცხილი ხორცის რბილი ნაჭერი და ხახვი გავატაროთ მსხვილბადიან ხორცსაკეპ მანქანაში. დავასხათ წყალი ან ბულიონი, მოვათავსოთ ტაფაზე და მოვშუშოთ. დავუმატოთ ცხიმი, შევაზავოთ მარილით, პილპილით, დანაყილი წიწაკით და წვრილად დაჭრილი ოხრახუშით, ტარხუნით; ზემოდან დავასხათ კარგად გათქვეფილი კვერცხი და როცა შეიწვება, სუფრაზე ცხელ-ცხელი მივიტანოთ ტაფით.

მწვანე ლობიო ნიგვზით

მასალა: მწვანე ლობიო - 1 კილოგრამი; ნიგოზი - 2 ჩაის ჭიქა; ხახვი - 2-3 თავი; ნიორი - 2 კბილი; კამა - 5-6 ძირი; მარილი - გემოვნებით.

მწვანე ლობიო დავარჩიოთ, დავამტვრიოთ, გავრეცხოთ და მოვათავსოთ ქვაბში. დავასხათ იმდენი წყალი, რომ მთლიანად ფარავდეს ლობიოს. დავდგათ ცეცხლზე და მოვხარშოთ. როცა კარგად მოიხარშება, გადავიტანოთ საწურზე, რომ წყალი მოცილდეს და გაცივდეს. ლობიო ხელით კარგად დავჭყლიტოთ, შევურიოთ დანაყილი ნიგოზი, ნიორი, მარილი, წვრილად დაჭრილი ხახვი და ხელით კარგად ავურიოთ. დავდოთ ლანგარზე, შევასწოროთ და ზევიდან მოვაყაროთ წვრილად დაჭრილი კამა. შეგვიძლია ნიგოზს წინასწარ გამოვხადოთ ზეთი და სუფრაზე მიტანის წინ ლობიოს მოვასხათ ზევიდან.

Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

სიახლეები
დღის სიახლეები
რა მოსწონთ თქვენ მეგობრებს

Alternative content

online