asdas
ცნობილი ადამიანები

Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

ნინო ზაუტაშვილი: ”ბაზარში სიარულზე ვგიჟდები”
"სახლში საუკეთესო ყავა და ჩაი ყოველთვის მაქვს"
ნინო ზაუტაშვილი: ”ბაზარში სიარულზე ვგიჟდები”

2011-11-23 00:21:10



"სამოთხის ვაშლების" ერთ-ერთი ტელეწამყვანი ნინო ზაუტაშვილი კარგი დიასახლისია. მართალია, ბავშვობაში სახლში არაფრის გაკეთება არ უწევდა, მაგრამ როდესაც გათხოვდა, ყველაფერი ადვილად აითვისა. ამბობს, რომ სწრაფი ხელი აქვს, რაშიც ბებიას დაემსგავსა. მისი პირველი კერძი შემწვარი კვერცხი და კარტოფილი იყო, მას მერე კი უფრო რთულ საჭმელებზე გადავიდა. ახლა კი, თურმე, არ არსებობს ისეთი კერძი, რომელსაც ვერ მოამზადებს. თუმცა, აქვე აღნიშნავს, რომ მისი სისუსტე ხაჭაპურია, რომელიც კარგად ვერ გამოსდის. ასევე, არასდროს გაუკეთებია ხინკალი, რადგან თვლის, რომ ხინკლის სახლში გაკეთება აუცილებელი არაა. ქალბატონ ნინოს, მოუცლელობის გამო, დამხმარე ჰყავს სახლში, რომელიც ყველაფერში ეხმარება. როდესაც თავად არის სახლში, მაშინ ოჯახის წევრებს საკუთარი ნახელავით უმასპინძლდება. წლების წინ, თურმე, ხშირად აცხობდა ყავის ტორტებს, რომლებითაც არამარტო სტუმრებს უმასპინძლდებოდა, ასევე სახლშიც ატანდა. ახლა კი, ცხობისთვის დრო ნაკლებად რჩება. ერთადერთი, რასაც ხშირად აცხობს, ეს მჭადებია, რომლის ცომის მოზელვაშიც შვილიშვილები ეხმარებიან. ნინო ზაუტაშვილმა "გუმბათთან" სამზარეულოსთან დაკავშირებულ ბევრ თემაზე ისაუბრა და მკითხველისთვის რამდენიმე საინტერესო რეცეპტიც ჩაგვაწერინა.
- ქალბატონო ნინო, როგორი დიასახლისი ხართ?
- ზოგადად თუ ვიმსჯელებთ და ყველა სახლის საქმეს ჩავთვლით, მაშინ კარგი დიასახლისი ვარ. სამზარეულო, ოჯახის მართვა, სისუფთავე, ეს ყველაფერი კარგად გამომდის.
- საოჯახო საქმეებიდან ყველაზე მეტად რისი კეთება გიყვართ?
- ალბათ, მაინც სადილების მომზადება მიყვარს ყველაზე მეტად.
- დამხმარე გყავთ?
- კი, მყავს და ის ძალიან ბევრ რამეს მიგვარებს. ეს იქნება დაუთოვება თუ სახლის დალაგება, ამას მთლიანად ის აკეთებს. სხვათა შორის, სახლის დალაგება სასტიკად არ მიყვარს. რეცხვას რაც შეეხება, დღესდღეობით, ამისი პრობლემა მეტ-ნაკლებად აღარ დგას. სარეცხის მანქანამ საკმაოდ დიდი დროისა და შრომის ეკონომია გაუკეთა დიასახლისებს. ჩემი დამხმარე ყველაფერში აქტიურად მეხმარება.
- სამზარეულოს სიყვარული პატარობიდან მოგდევთ?
- არა, ვერ მოვიტყუები, რომ პატარობიდან მიყვარდა სამზარეულოში ფუსფუსი ან სხვა საოჯახო საქმეების კეთება. ჩემს სახლში არაჩვეულებრივი ადამიანები ტრიალებდნენ დედა, ორი ბებია, რომლებიც ერთმანეთზე უკეთესი დიასახლისები იყვნენ და პლუს დედას შვილების გაზრდაში ძიძა ეხმარებოდა. ამდენად, იმის საჭიროება არანაირად არ ყოფილა, რომ საოჯახო საქმეები მეკეთებინა.
- თუმცა, პატარა გოგონებს მაინც აქვთ რაღაც ინტერესები სამზარეულოში, როდესაც დედას უყურებენ. თქვენ ასეთი ინტერესები არ გქონდათ?
- კი, როდესაც დედა და ბებიები რამეს ამზადებდნენ, მეც სამზარეულოში ვიყავი და ვუყურებდი მათ. მით უმეტეს, თუ დიდი სადღესასწაულო სუფრებისთვის ვემზადებოდით. ამ დროს უამრავი რაღაც მზადდებოდა სახლში. საახალწლო სუფრების სამზადისი მომწონდა ყველაზე მეტად. ჩვენ, ბავშვები მთელი სულითა და გულით ვეხმარებოდით უფროსებს, რაღაცეების გაკეთებას გვთხოვდნენ. მზადების პროცესში სიამოვნებით ვერთვებოდით. ძირითადად კი, თამაში მერჩივნა და სამზარეულოსადმი დიდი მიდრეკილება არ მქონია. თამაშის დროს უფრო კარგად ვგრძნობდი თავს.
- დამოუკიდებლად საოჯახო საქმეების გაძღოლა როდის დაიწყეთ?
- როდესაც საკუთარი ოჯახი შევქმენი, იმ პერიოდიდან დავიწყე ყველაფრის კეთება. მანამდე კი საჭიროება არ ყოფილა, რომ რამე გამეკეთებინა. გათხოვების მერე ყველაფერს ადვილად ავუღე ალღო, იმიტომ, რომ სამზარეულო სირთულეს არ წარმოადგენს. თუ რაღაცას გულისყურით ეკიდები, იქ ყოველთვის ყველაფერი კარგად გამოგივა. მე ასე ვფიქრობ და ყოველ შემთხვევაში, ჩემთვის სამზარეულოში ტრიალი პრობლემა არ ყოფილა.
- გაიხსენეთ თქვენი პირველი სერიოზული ნახელავი, კერძი, რომელიც დამოუკიდებლად გააკეთეთ.
- პირველად რაც მოვამზადე, ეს იყო შემწვარი კვერცხი და შემწვარი კარტოფილი. ანუ ჯერ დავიწყე ადვილი საჭმელების გაკეთებით და შემდეგ ჩემ მიერ მომზადებული კერძების ჩამონათვალში საკმაოდ რთულად მოსამზადებელი კერძები შევიდა. მაგალითად, საცივი, რომელსაც სერიოზული გაკეთება სჭირდება. მისი მომზადება ბებიაჩემმა მასწავლა.
- არის ისეთი კერძი, რომლის გაკეთებაც არ გამოგდით?
- არა, ბუნებაში ასეთი კერძი, ალბათ, არ არსებობს, რომლის გაკეთებაც გამიჭირდება. ძალიან ადვილად ვაკეთებ ყველაფერს. თანაც, საკმაოდ სწრაფი ხელი მაქვს და ესეც უნდა აღინიშნოს. მე მყავდა ბებია (დედის დედა) ჟენია გიგინეიშვილი, რომელსაც სწრაფი და უგემრიელესი ხელი ჰქონდა. მეორე ბებია კი (მამის დედა) ეკატერინე მანაგაძე საქმეს ძალიან დინჯად, აუჩქარებლად აკეთებდა, თუმცა, მასაც არაჩვეულებრივი ხელი ჰქონდა. სისწრაფეში დედის დედას დავემსგავსე, რომელიც საოცრად სწრაფად აკეთებდა ყველაფერს. არასდროს მიცდია ხინკლის გაკეთება, რადგან ვთვლი, რომ ხინკალი ისეთი კულტურაა, სახინკლეში უნდა წახვიდე და იქ გემრიელად მიირთვა. მყავს მეგობრები, რომლებიც სახლში ამზადებენ ხინკალს, თუმცა, მე მაინც მირჩევნია, წავიდე და იქ მივირთვა, სადაც კარგად ამზადებენ.
- თქვენი რომელიმე კულინარიული მცდელობა კრახით თუ დასრულებულა?
- კი. ერთხელ ტორტის გამოცხობა გვინდოდა მე და ჩემს დას და ბისკვიტი ჩაგვივარდა. სხვა ასეთი შემთხვევა არ მახსენდება, რომ რაღაც ვერ გამომსვლოდა.
- მას მერე ტორტი გაგიკეთებიათ?
- კი, ხშირად ვაკეთებდი, იმიტომ, რომ ყავის ტორტი არაჩვეულებრივად გამომდიოდა. ჩემს მეგობრებს ეს ტორტი ძალიან უყვარდათ. ადრე იყო რამდენიმე ნამცხვარი, ყავის ტორტი, "იდეალი" და "მიშკა", რომელსაც მე, ჩემი და და ჩემი მამიდაშვილი სისტემატიურად ვაკეთებდით. ახლა კი, თბილისში იმდენნაირი ნამცხვარი და ტორტი იყიდება, რომ იშვიათად ხდება საჭირო, რომ ჩემით გამოვაცხო. ნამცხვრების, ტორტების, პეჩენიებისა და ტკბილეულის ინდუსტრიამ ნამდვილად დიდი როლი ითამაშა და ხალხი ამ ყველაფერს ყიდულობს. თუმცა, დარწმუნებული ვარ, რომ სახლში გამომცხვარი ნამცხვარი მაინც სულ სხვა იქნება, უფრო გემრიელი და უფრო სასურველიც. უბრალოდ, ადამიანი იმდენად იღლება სამსახურში სირბილითაYდა სხვადასხვა საქმით, იმის დრო აღარ არის, რომ სახლში მისულმა ნამცხვრები აცხოს. ჩემს შემთხვევაში, ნამდვილად ასეა. მივალ ხოლმე საკონდიტრო მაღაზიებში, ყუთში ჩავალაგებინებ ნამცხვარს და შემდეგ მომაქვს ჩემებთან. მაგრამ ვცდილობ, რომ ოჯახის წევრებმა და განსაკუთრებით კი, ბავშვებმა, ნაკლებად მიირთვან ტკბილეული. დიდი დოზით მისი მიღება სასურველი არაა.
- ყავის ტორტს როგორ ამზადებდით ხოლმე?
- არაჩვეულებრივად ვამზადებდი. ცომში ყავას ვამატებდი, ნელ-ნელა ვაყრიდი და ამოდიოდა უგემრიელესი ბისკვიტი. კრემშიც ოდნავ კაკაოსა და ყავას ვურევდი. ძალიან მსუბუქი და გემრიელი ტორტი გამოდიოდა. ზუსტი დეტალები მისი მომზადებისა აღარ მახსოვს. მახსოვს ის, რომ ხშირ შემთხვევაში ორი-სამი ტორტიც კი გამომიცხვია ერთდოულად, იმიტომ, რომ ერთი სახლში რჩებოდა, ერთს სტუმრებს ვატანდით და ა.შ. რაც მთავარია, მსურველი ბევრი გვყავდა, რომ ეს ტორტი მიერთვათ. ახლა, სახლში ნამცხვრებს აღარ ვაცხობ. ერთადერთი, რასაც სახლში ხშირად ვაცხობ, ეს არის მჭადები. ჩემებს ძალიან უყვართ მჭადები. მისი ცხობისას ყოველთვის ჩემი შვილიშვილები მეხმარებიან, რადგან მათ ცომის მოზელის პროცესი ძალიან უყვართ. საწნახელში ყურძენს რომ ჩაყრიან და ყველა წურავს, ჩვენც ასე ყველანი ცომს ვზელთ ხოლმე. ჩვენთვის ეს არის ძალიან საინტერესო და სასიამოვნო პროცედურა. ფქვილს დიდ ჯამში ჩავყრით და მერე ყველა ერთად დიდხანს ვზელთ.
- ხაჭაპურს, ლობიანსა და სხვა ცომეულს ყიდულობთ?
- ვუკვეთავ ხოლმე ან ჩემი დამხმარე აცხობს. სხვათა შორის, ხაჭაპური არის ჩემი სისუსტე. ძალიან მიყვარს ხაჭაპური, მაგრამ მე თვითონ ვერ ვაცხობ ხოლმე.
- ნახევარფაბრიკატების ხშირი მომხმარებელი ხართ?
- ხშირად არა, მაგრამ ნახევარფაბრიკატებს ვყიდულობთ ზოგჯერ.
- ყველაზე მეტად რომელი კერძის მომზადება გიყვართ?
- მაინც უფრო რიტუალური კერძების მომზადება მიყვარს, თუნდაც საცივის. იმიტომ მიყვარს ასეთი სადილების კეთება, რომ ესენი უკავშირდება ახალი წლის შემოსვლას ან სხვა დღესასწაულის დადგომას. როდესაც სახლში ახალი წელი დგება და ჩემი შვილებისა და შვილიშვილებისთვის რაღაც უნდა შევქმნა, ეს გაცილებით სასიამოვნო სიხარულსა და ენერგიას მაძლევს, ვიდრე ყოველდღიური ფუსფუსი. მინდა ხოლმე, რომ ბავშვებს ყველაფერი საკუთარი ხელით გავუმზადო. ყოველდღიურად კი, ამას ნაკლებად ვახერხებ. სამწუხაროდ, ჩემი მოუცლელობის გამო, ხშირად ვერ ვტრიალებ სამზარეულოში.
- გაქვთ კერძი, რომელსაც ხშირად ამზადებთ ოჯახში?
- იქედან გამომდინარე, რომ დამხმარე ქალი მყავს, უფრო მეტად მივუთითებ ხოლმე, რა გააკეთოს. ყოველ დილას, როგორც წესი, მას ვეუბნები, ჩემო ტერეზა, დღეს ეს გააკეთე, ბავშვებს ეს უნდათ-თქო და ა.შ. თუ ისეთი სიტუაცია ჩავარდება, რომ ვისვენებ და სახლში ვარ, მაშინ მე ვაკეთებ სადილებსა და ყველაფერს, რასაც ჩემები მთხოვენ. ძირითადად, ყველაფერს იმის მიხედვით ვაკეთებ, რასაც ჩემი შვილები და შვილიშვილები მთხოვენ. მე თვითონ კი პროგრამულ კვებაზე ვარ ამჟამად და ჩემს საკვებს ცალკე ვიმზადებ. სხვა დანარჩენი კი ჩემი ოჯახის წევრების სურვილის მიხედვით მზადდება.
- რატომ ხართ პროგრამულ კვებაზე, გასახდომ დიეტას იცავთ?
- დიახ, ამ ბოლო დროს ცოტა მოვიმატე და უნდა დავიკლო. კალორიებს ხშირად ვებრძვი, მით უმეტეს, ახლა ასაკში შევდივარ და ეს აუცილებელია.
- გურმანი ბრძანდებით?
- ძალიან. გემრიელი კვება მიყვარს. ცომეული და ტკბილეულიც საკმაოდ მიყვარს, თუმცა, ვერიდები. ჩემს ასაკში წონის კონტროლი აუცილებელია.
- ქება ყველა ქალს სიამოვნებს, მით უმეტეს, თუ საქმე ეხება სამზარეულოს. თქვენ რამდენად ხშირად იღებთ კომპლიმენტს, რომ კარგი ხელი გაქვთ?
- როდესაც რაღაცას ვაკეთებ კარგად, მაქებენ. ადრე, ჩემი მეგობრები ჩემთან ხშირად იკრიბებოდნენ. ახლა, ეს იშვიათი გახდა და ამდენად კომპლიმენტებს გაათმაგებული სიამოვნებით ვიღებ. ეს ყოველთვის ნიშანია მათგან, რომ ჩემი გაკეთებული სადილები მოენატრათ. უნდათ, რომ ასე ვაკეთო რაღაცები და ისინიც დავპატიჟო. ჩემს მეგობრებს ჩემთან სტუმრობა ძალიან უყვართ და ვწუხვარ იმის გამო, რომ ეს ხშირად ვეღარ ხერხდება ჩემი მოუცლელობის გამო.
- შეგიძლიათ, რომ მოამზადოთ საჭმელი მაშინაც კი, როდესაც მაცივარში თითქმის არაფერი გაქვთ?
- სახლში ისეთი რამ ყოველთვის მოინახება, რისგანაც შეიძლება, რომ რაღაც მოამზადო. თუმცა, ცარიელი მაცივარი ფანტაზიას ნაკლებად ავითარებს და ცოტა რთულია ამ დროს გადაწყვეტილების მიღება. ჩვენს თაობას ისეთი დრო აქვს გავლილი, რომ მაცივარი საერთოდ გამორთული იყო ხოლმე და არასაჭირო ნივთი იყო იმ პერიოდში, მაგრამ შიმშილით არ დავხოცილვართ და რაღაცას მაინც ვახერხებდით. ამ შემთხვევაში, საზრდო სულ სხვა რამ იყო.
- მოულოდნელად მოსულ სტუმარს, ადვილად გაუმასპინძლდებით?
- კი, ძალიან იოლად შემიძლია გავუმასპინძლდე უცებ მოსულ სტუმარს. ამ დროს არანაირად არ ვიძაბები და არც უხერხულად ვგრძნობ თავს, რადგან ჩემს სახლში რაღაც ისეთი ყოველთვის მოინახება, რითაც სტუმარს გავუმასპინძლდები. ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, საუკეთესო ყავა და ჩაი ყოველთვის მაქვს. ისეთი ყავის სუნი დატრიალდება ხოლმე, სულ რომ არაფერი მიატანო, მაინც კმაყოფილი დარჩები.
- რაც შეეხება სადღესასწაულო, ანუ დიდ სუფრებს, ასეთი სუფრის დამოუკიდებლად გაშლა შეგიძლიათ?
- კი, როგორ არა და ბევრჯერ არამარტო სადღესასწაულო, ასევე ჭირის სუფრაც გამიშლია. ჩემს მეგობარს დედა გარდაეცვალა, ფოთში ჩავედით და დაახლოებით სამოცკაციანი სუფრა გავშალე. ბუნებრივია, სხვებიც მეხმარებოდნენ, მაგრამ ძირითადი მაინც მე გავაკეთე. სუფრის მომზადება, გაშლა და მერე ალაგებაც მე ვითავე.
- გაქვთ თქვენი კულინარიული წიგნი ან რვეული, სადაც იწერთ ყველაფერს?
- რა თქმა უნდა, მაქვს ჩემი რეცეპტების რვეული, სადაც ყველაფერი მაქვს ჩაწერილი, როგორც ძველი, ისე ახალი რეცეპტები. ბევრი ნამცხვრის რეცეპტი მაქვს ჩემს რვეულში, თუმცა, რომ გითხრათ, ამით ხშირად ვსარგებლობ-თქო, მოგატყუებთ. ასეთ რამეებს ძირითადად ვიძენ, ცხობის დრო კი არ მრჩება. ბოლოს ჩავიწერე ერთი სადილის რეცეპტი, რომელიც ჩემს მეგობართან გავსინჯე და ძალიან მომეწონა. უახლოეს მომავალში მეც აუცილებლად გავაკეთებ ამ კერძს. საკმაოდ ადვილი მოსამზადებელია, თანაც გემრიელი და უფრო ზამთრის კერძია. ადამიანს ერთი და იმავე კერძების კეთება ბეზრდება და ამიტომ სიახლეებია საჭირო. თუმცა, ჩემს შვილებს მაინცდამაინც არ უყვართ ახალი კერძების მირთმევა, ძველი და კარგად გამოცდილი სადილები ურჩევნიათ ხოლმე. რაც შეეხება ამ სადილს, რომელიც ამ ბოლო დროს ჩავიწერე, ადვილად მზადდება. მოთუშული ხახვი, "გაროხი" და კარტოფილია საჭირო. ასევე უნდა შეურიოთ სხვადასხვანაირი ძეხვი და წვრილად დაჭრილი სოსისი. სუფრასთან ცხელ კერძად უნდა მიიტანოთ.
- სალათების მოყვარული ხართ და თუ ამზადებთ ხოლმე?
- სალათები მეც მიყვარს და ჩემი ოჯახის წევრებსაც. ჩემებს ყველაზე მეტად უყვართ ქათმის სალათი სოკოთი, ახალი ხახვითა და მჟავე კიტრით. ეს საკმაოდ ადვილად მოსამზადებელი სალათია. რაოდენობას რაც შეეხება, ვისაც რამდენი უნდა, იმდენს შეურევს ინგრედიენტს. მთავარია, ყველაფერი პროპორციულად დაჭრათ და მაიონეზში აურიოთ. უგემრიელესი გამოდის ნამდვილად. სალათების რეცეპტი საკმაოდ ბევრი მაქვს, თუმცა, ამას უფრო მეტად ვამზადებ.
- რაიმე კერძის რეცეპტიც ჩაგვაწერინეთ, რომელიც თქვენი საფირმოა?
- მე უფრო მეტად ტრადიციულ სადილებს ვამზადებ, რისი რეცეპტიც თითქმის ყველამ იცის. მით უმეტეს, რაც რესტორნისა და გარეთ ჭამის კულტურა შემოვიდა, ჩემი ტრადიციული საჭმელებით ვერავის გავაკვირვებ. შემიძლია ჩვეულებრივი ხარჩოს რეცეპტი ჩაგაწერინოთ, რომელსაც ბევრი არაფერი უნდა. დაგჭირდებათ მოხარშული ხორცი. მერე ჩაყრით ხახვს და ერთად მოითუშება. უნდა გქონდეთ ცალკე გატარებული ნიგოზი. ამას უმატებთ ტომატს, ნიორს, ყველანაირ სუნელსა და შავ წიწაკას. მარილი გემოვნებით ჩააყარეთ. ბოლოს ხორცსა და ხახვს ამ მასას ვუმატებ. ცოტა წყალს ვამატებ. როგორც კი წამოდუღდება, ხუთ წუთში უგემრიელეს ხარჩოს ვიღებთ.
- კონსერვებს, მურაბებს, კომპოტებს, საწებლებსა და ზამთრის სხვა სანოვაგეებს თუ ამზადებთ?
- კი, თითქმის ყოველთვის. ზამთარში ყოველთვის მაქვს ტყემალი, აჯიკა, რამდენიმენაირი ჯემი და მურაბა. ზამთარში ამ ყველაფრის მიღება, როგორც ვიტამინი, აუცილებელია. მართალია, ეს ყველაფერი იყიდება, უბრალოდ, სახლში გაკეთებული სჯობია. ზოგს ვყიდულობ ხოლმე. ვაკეთებ ისეთ მურაბებს, რაც ჩემს შვილებს უყვართ, ესენია: კაკლის, კომშის, ლეღვისა და ალუბლის მურაბები.
- ბაზარსა და ვაჭრობას რაც შეეხება, ეს კარგად გამოგდით?
- კი, ბაზარში მე დავდივარ და ამას არავის ვუთმობ. ბაზარში სიარულზე ვგიჟდები. პროდუქტის არჩევის პროცესი მთელი აკადემიაა. თავისუფლად შემიძლია კარგი ხორცისა და ყველის შეფასება. საერთოდ, პროდუქტის არჩევა ერთი თვალის შეხედვით შემიძლია. ამაში გამოცდილება საკმაოდ დიდი მაქვს. შემიძლია საათობით ვიარო ბაზარში და ის ავარჩიო, რაც მე მინდა. ეს ყველაზე საინტერესო პროცესია და არ მბეზრდება.
თეონა კენჭიაშვილი


Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

სიახლეები
დღის სიახლეები
რა მოსწონთ თქვენ მეგობრებს

Alternative content

online