| ქალი და მამაკაცი |

მსახიობი ნინო იოსელიანი ტკბილეულის გარეშე ერთი დღე ვერ ძლებს და თავისი ნახელავი ნამცხვრებით ოჯახსაც ანებივრებს. აი, სადილების კეთებაში კი ცოტას მოიკოჭლებს. მაგრამ ეს მისთვის და მისი ქმრისთვის, მსახიობ ირაკლი ჩოლოყაშვილისთვის, პრობლემას არ წარმოადგენს. ირაკლი იქით ეხმარება ცოლს სამზარეულოს საქმეებში. ნინოს კიდევ ერთი საუკეთესო დამხმარე ჰყავს – დედა, ყოფილი ტელესახე, ჟურნალისტი ანა რატიანი, რომელიც შესანიშნავი კულინარია. ამაში მაშინ დავრწმუნდით, როცა სამზარეულოს თემაზე სასაუბროდ ნინომ სწორედ მის სახლში მიგვიწვია და საკუთარი თვალით ვნახეთ, როგორ ფუსფუსებდა ქალბატონი ანა სამზარეულოში – ფერადი კომბოსტოთი კერძს ამზადებდა.
– ნინო, სამზარეულოსადმი როგორი დამოკიდებულება გაქვთ?
– სამზარეულოში ექსპერიმენტების ჩატარება მიყვარს, მაგრამ საჭმელს, რომლის მომზადებასაც 40 წუთზე მეტი სჭირდება, არ ვეკარები. დედაჩემი კი უგემრიელეს კერძებს ამზადებს.
– დედის სახით ასეთი მაგალითი გქონდათ და არ გამოიყენეთ?
– ამის სურვილი მე თვითონ არ მქონდა. ძირითადად ნამცხვრების ცხობა მაინტერესებდა. მხოლოდ იმ საჭმელს ვაკეთებ, რაც მენატრება. მაშინაც დედაჩემს ვურეკავ და ვეკითხები, როგორ გავაკეთო. ნამცხვრები, ცომეული ძალიან მიყვარს და ხშირად ვაცხობ.
– გვასწავლეთ თქვენი რომელიმე "საფირმო" რეცეპტი.
– მოდით, ზარმაცების აჩმას გასწავლით. ორ–სამ შეკვრა სომხურ ლავაშს იყიდით. მაღალკედლებიან თუნუქის ფირფიტას კარაქს წაუსვამთ. შემდეგ ლავაშებს მარილიან მაწონში ამოავლებთ და დაარბილებთ. ჯერ ერთ ლავაშს დადებთ ფირფიტაზე, ზემოდან იმერული ყველის და სულგუნი ნაზავს მოაყრით, შემდეგ მეორე ფენას დადებთ, იმავეს გაიმორებთ და ა.შ. ბოლო ფენას კვერცხს, კარაქს წაუსვამთ და გამოაცხობთ. უგემრიელესი გამოდის.
– თქვენი საყვარელი კერძი რა არის, რომელიც ყველაზე ძალიან მოგენატრებათ ხოლმე?
– შუა ზამთარში, მაშინ, როცა პომიდორი არ იშოვება, ხშირად მენატრება ქათმის ჩახოხბილი. ზოგჯერ კი ზაფხულში მომინდება ხოლმე ზამთრის საჭმელები. ქათმის გარდა, არანაირ ხორცს არ ვჭამ. წვნიანებიც ძალიან მიყვარს.
– არადა ქართული სუფრა ხორცეულის გარეშე წარმოუდგენელია.
– სულაც არაა წარმოუდგენელი. მეგრელები უგემრიელეს ფხალეულობას ამზადებენ. კახურ სამზარეულოშიც მოიპოვება საჭმელები, რომლებიც ხორცისგან არ კეთდება. ჩემი აზრით, ქართულ სუფრაზე ხორცს წამყვანი ადგილი არ უჭირავს.
– არც თქვენს ქმარს უყვარს ხორცეული?
– როცა კახეთშია და სისხლის ყივილს გრძნობს, ხაშლამა მაშინ უყვარს. ჩემს უფროს ძმას არ შეუძლია, დღე ისე გაიყვანოს, რომ ხორცი არ ჭამოს. როცა ხორციან კერძს არ ჭამს, იმ დღეს ფაქტობრივად მშიერია. ირაკლი ასეთი პრეტენზიული არ არის. მას თავადაც შეუძლია საჭმელი ნაუცბათევად, კვერცხისა და პომიდვრისგან მოამზადოს. ილია ჭავჭავაძის ლუარსაბივით და დარეჯანივით არ ვფიქრობთ, დღეს რა ვჭამოთ–თქო. საჭმელების გამოგონება ორივეს უცებ შეგვიძლია.
– თქვენი რომელიმე წარმატებული ექსპერიმენტის რეცეპტი გაგვანდეთ.
– ცოტა ხნის წინ გავაკეთე კვერცხი ქამა სოკოთი. სოკო შევაზავე მაიონეზით, უცხო სუნელით, პომიდორი ჩავახეხე და ლიმონი ჩავაწვეთე. ბოლოს კი კვერცხი ჩავახალე. ძალიან გემრიელი გამოვიდა. 15 წუთში სახლში საჭმელი გვქონდა. ბავშვმაც დაგვიდასტურა, რომ მართლა კარგი იყო. ჩემი შვილი პრეტენზიული მჭამელია, ყველაფერს არ გეახლებათ. მასაც რომ მოეწონა, ე.ი. მართლა გემრიელი გამოვიდა.
– შვილისთვის როგორი მენიუ გაქვთ?
– ყოველდღიურად მზადდება მისი საჭმელები – სუპი, კატლეტი... ჩემგან განსხვავებით, მას ხორცი უყვარს. ბებოსთან მისვლა ძალიან უხარია, რადგან დედაჩემი ნაირ–ნაირ, გულის გასახარებელ საჭმელებს გვახვედრებს. ჩემი შვილი 7 წლისაა და არ შეუძლია, კვირაში ერთხელ მაინც სახინკლეში არ წავიდეს. ხინკალი და ქაბაბი ძალიან უყვარს.
– თქვენ რას ფიქრობთ კაფე–რესტორნებში კვებასა და ნახევარფაბრიკატებზე?
– ნახევარფაბრიკატები კარგი გამოგონებაა, მაგრამ სახლში გაკეთებულ სადილებს არაფერი ჯობია. რაც შეეხება გარეთ ჭამას, რატომაც არა?! შეიძლება რესტორანში მეგობრებთან ერთად წახვიდე, მაგრამ ამას ყოველდღიური ხასიათი არ უნდა ჰქონდეს. ჩვენ ისეთი დაკავებულები არ ვართ, სახლში მარტივი კერძების მომზადებას ვერ ვასწრებდეთ. კვირაში ერთხელ კი სასიამოვნოცაა რესტორანში ან კაფეში წასვლა.
– მამაკაცებს უყვართ, როდესაც სახლში ცოლი ცხელ სადილს ახვედრებთ. ირაკლის ასეთი მოთხოვნები არ აქვს?
– იმის გათვალისწინებით, რომ მე და ირაკლი ერთად მივდივართ სახლში და ერთი რეჟიმით ვცხოვრობთ, იცის, რომ შინ ცხელი სადილი არ დახვდება. როცა სახლში ვართ, ერთად ვფიქრობთ, რა გავაკეთოთ. სადილებს ხან მე ვამზადებ და ხან – ის. ასე ვშველით ერთმანეთს.
– ტკბილეული ძალიან გყვარებიათ. ეს თქვენს წონაზე არ აისახება?
– არ მეტყობა? იმდენად მსიამოვნებს ცხობა და თვითონ ეს პროცესი, რომ მერე ჩემი გამომცხვარის ჭამის თავი აღარ მაქვს. როცა ვიცი, რომ ჩემი ნახელავით ქმარ–შვილს გავახარებ, მსიამოვნებს. ნამცხვრების კეთებით ნერვებს ვიწყნარებ. თანაც გემრიელი გამომდის.
– დედა როგორ აფასებს თქვენს ნახელავს, შენიშვნებს ხომ არ გაძლევთ?
– საჭმელების კეთებაში დედაჩემი მჯობნის. დავუშვათ, მომინდა სუპი და ვიწყებ გაკეთებას. მოვა დედა და მეტყვის, შენ სუპის გაკეთება არ იცი, მე თვითონ მოვამზადებო. მეც იმავე ინგრედიენტებს ვუკეთებ, რასაც ის, მაგრამ დედაჩემს მაინც უფრო გემრიელი გამოსდის. ასე რომ, სადილების კეთებაში ვერ გავეჯიბრები. მგონი, გემრიელად მხოლოდ კარტოფილს ვწვავ.
– სუფრის ლამაზად გაფორმება თუ გიყვართ?
– სუფრის გაწყობას სულით და გულით ვუდგები. ჩვენს სახლში დიდი სუფრების გაშლას თავისი წესები აქვს. ყველაზე მეტად ჩაის და ყავის სუფრის გაწყობა მიყვარს. ვგიჟდები განსხვავებულ ჩაიდნებზე, ძვირფას ჭიქებზე... ყველაფერს დიდ მნიშვნელობას ვანიჭებ. ხშირად ვამბობ, ლამაზი ჭიქიდან ჩაის რომ დალევ, უფრო გემრიელია–მეთქი. სამზარეულოში ბევრი ისეთი პატარა დეტალი უნდა იყოს, რომელიც მყუდრო, სასიამოვნო სიტუაციას შექმნის. როცა ჩვენთან მეგობრები მოდიან, სამზარეულოში ვსხდებით. აქ ყოფნა ყველას უყვარს. ჩემს მეგობრებს თავთავიანთი ადგილები აქვთ.
საჭმელების გაფორმებაც მომწონს. ინტერნეტის საშუალებით ვუყურებ, სუფრებს როგორ აფორმებენ. მე ნერვები არ მყოფნის, რომ სტაფილოსგან ვარდები ვთალო. ლამაზად გაფორმებული სუფრები იმაზე მეტყველებს, რომ სტუმარზე ზრუნავ. სულ მინდა, სტუმრები ლამაზ სუფრასთან მივიპატიჟო და ასე გადავცე ჩემი კეთილგანწყობა და ემოციები.
– ეთანხმებით აზრს, რომ სამზარეულოში ერთდროულად ორი ქალი ვერ თავსდება?
– სამზარეულოში ორი ადამიანი ვერასოდეს თავსდება. არ მსიამოვნებს, რამეს რომ ვაკეთებ და ამ დროს ირაკლი და ჩემი შვილი იქ არიან. სულ ვეუბნები, გავიდნენ, რადგან ფართო არეალი მჭირდება, რომ თამამად ვიმოძრაო.
– ახლა დედათქვენი ფერადი კომბოსტოთი კერძს ამზადებს. იცით, როგორ აკეთებს?
– ფერადი კომბოსტო 7–8 წუთის განმავლობაში უნდა ვხარშოთ, რომ მერე ტაფაზე კარგად შეიწვას. ერთ თავ კომბოსტოს ერთ კონა მწვანე ხახვს დავაჭრით, ცოტა არაჟანს მოვასხამთ და ორ კვერცხს ჩავახლით. პილპილსა და მარილს გემოვნებით ვუზამთ.
– დელიკატესებს გემოს თამამად უსინჯავთ?
– კი, მიყვარს. წელს ესპანეთში, იბიცაზე ვიყავით. ეს ადგილი ზღვის პროდუქტებითაა ცნობილი. თევზის დიდი მოყვარული არ ვარ, მაგრამ ის კი კარგად ვიცი, რომ სადაც წავალ, იქაური ქუდი უნდა დავიხურო. სწორედ იბიცაზე გავსინჯე კალმარები, ლოკოკინები... ასევე ვჭამეთ კომბოსტოს მსგავსი ყვავილი, თევზით და ხორცით შეზავებული. უგემრიელესი იყო. ესპანური და ქართული საჭმელები ძალიან ჰგავს ერთმანეთს, მაგრამ მათ ისეთი ცხარე კერძები უყვართ, რომ ამ მხრივ მეგრულიც ვერ შეედრება. იქ რომ რამეს შეუკვეთავ, აუცილებლად უნდა უთხრა, რომ ნაკლებად ცხარე მოგიტანონ. უგემრიელესი ზღვის პროდუქტები და ტროპიკული ხილი ჰქონდათ, რომელიც აქ არ იყიდება.
– ქართულ სამზარეულოში მოიძებნება კერძი, რომელსაც პირს საერთოდ არ აკარებთ?
– ღორის და ცხვრის ხორცს არ ვჭამ.
– ესე იგი ხინკალს და მწვადსაც არ ჭამთ?
– ხინკალი მენატრება, მაგრამ სამ თვეში ერთხელ. მას ძირითადად წვენის ხათრით ვჭამ. ქაბაბი და მწვადი ჩემთვის არ არსებობს. სამაგიეროდ, როცა ნამცხვარს ან ტორტს ვხედავ, პავლოვის ძაღლის რეფლექსები მეწყება. ყველგან ნამცხვრის საცხობ ფორმებს და ორიგინალურ ჩაიდნებს ვყიდულობ.
– დიეტის დაცვა ხშირად გჭირდებათ?
– სამწუხაროდ, არ გამომდის, მაგრამ ახლა დიეტაზე ვარ. არ არსებობს, ჩემს სახლში ტკბილეული არ იყოს. ამჟამად ჩემი კვების რაციონიდან პურ–ფუნთუშეული ამოღებული მაქვს და ვცდილობ, ნამცხვრების დანაკლისი მურაბებით შევივსო. მიჩვეული ვარ, რომ ყოველდღე ტკბილი უნდა ვჭამო და ამის გარეშე ძალიან მიჭირს. ხანდახან კითხვასაც ვსვამ, ასეთ სიამოვნებაზე რატომ უნდა ვუთხრა საკუთარ თავს უარი, ერთხელ ვცხოვრობ და გემრიელი რაღაცეების ჭამა რატომ უნდა მოვიკლო–მეთქი.
– ალკოჰოლური სასმელებიდან რა მოგწონთ?
– დიდი მსმელი არ ვარ, მაგრამ ძალიან მსიამოვნებს ამარეტო და მარტინი. შეიძლება სახლში ჩემს მეგობრებთან ერთად დავლიო, როცა არსად ვარ წასასვლელი. ამაზრზენია ბარიდან გამოსული ნასვამი ქალების ყურება. ერთადერთხელ მოხდა, რომ კარგად დავთვერი. ამის გამო დღემდე მრცხვენია. ისეთი შეგრძნება მქონდა, თითქოს სხვა სივრცეში აღმოვჩნდი. მაშინ მე და ირაკლი ახალი შეუღლებულები ვიყავით. სუფრასთან არაფერი მეტყობოდა, მაგრამ გარეთ გამოვედი თუ არა, მაშინვე მომეკიდა და გაუთავებელი ლაპარაკი დავიწყე. ირაკლი დღემდე მახსენებს ამ შემთხვევას.
ქეთი დინოშვილი

|
დღის სიახლეები
24-05-2012
24-05-2012
24-05-2012
|
რა მოსწონთ თქვენ მეგობრებს
|
Alternative content



ყვავილოვანი კომბოსტო კიბოს წინააღმდეგ
კულინარიული შედევრები
ხილი დიაბეტის წინააღმდეგ
დიეტა მოგბეზრდათ? ნაყინი შეჭამეთ











ფასტფუდი დეპრესიას იწვევს
კულინარიული შედევრები
ნინო თოლორდავას ქმარი წელიწადში ორჯერ შემწვარი კვერცხით აბედნიერებს 

კულინარიული შედევრები
კულინარიული შედევრები
გია ბაღაშვილი: "ჩემმა ცოლმა ზუსტად იცის, როგორი კერძები უნდა მომიმზადოს!"
თქვენთვის, გურმანებო
გუშინ მაკარონი ხომ არ მოგიხარშავთ?
თქვენთვის, გურმანებო
თამუნა ლეკვეიშვილი: "საჭმელს ყოველთვის მოვალეობის მოხდის მიზნით ვაკეთებ"
თქვენთვის, გურმანებო
კულინარიული შედევრები 






















































































