asdas
ცნობილი ადამიანები

Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

სალომე დადუნაშვილის ფრანგი ქმარი გოზინაყისთვის ნიგოზს თავად ჭრის
"თევზის გარდა, ზღვის ცოცხალ პროდუქტებს არ ვჭამ".
სალომე დადუნაშვილის ფრანგი ქმარი გოზინაყისთვის ნიგოზს თავად ჭრის

2011-11-12 10:11:44



ტელესახე სალომე დადუნაშვილი შვილის დაბადებამდე უფრო ახერხებდა სამზარეულოში ნაირ–ნაირი ექსპერიმენტების ჩატარებას, ვიდრე ახლა. პატარა კესარიას მენიუზე სალომეც და მისი მეუღლეც, რომელიც ეროვნებით ფრანგია, ერთად ზრუნავენ. სალომეს ნახევარფაბრიკატებსა და მზა პროდუქტებს სახლში მომზადებული კერძები ურჩევნია. პროდუქტებს მუდამ თავად ყიდულობს და ეს მისთვის სასიამოვნო პროცესიც კია.
– სალომე, გამართლებულად მიგაჩნიათ, როდესაც ქალი ოჯახში სადილის მომზადებაზე უარს სამსახურის გამო ამბობს?
– კარგია, როდესაც საკუთარი თავისთვის და ახლობლებისთვის გემრიელი საჭმელების მომზადება შეგიძლია. თუნდაც იმის გამო უნდა იცოდე კულინარია, რომ კვების პროცესი და სადილობა სასიამოვნო რიტუალს დაემსგავსოს. სულაც არ მგონია, რომ მხოლოდ ქალის უშუალო მოვალეობაა ყოველდღიურ სადილებზე ზრუნვა. ქალს კულინარიულ ცოდნას ვერც პლუსად ჩავუთვლი და ვერც მინუსად. ჩემთვის ეს ერთ–ერთი კარგი თვისებაა და მეტი არაფერი. თუ იცი სადილების კეთება და ეს საქმე კარგად გამოგდის, რატომაც არა?! თუ არ შეგიძლია, მაშინ რა გაეწყობა.
– თქვენ თუ გეხერხებათ მზარეულობა?
– მგონი, არა მიშავს. სადილის კეთების პროცესი სიამოვნებას უნდა განიჭებდეს. როდესაც საჭმელს სიყვარულით აკეთებ, აუცილებლად გამოგივა. მე ვიტყოდი, რომ სადილების მომზადება შემოქმედებითი პროცესია.
– ოჯახის დაპურება თქვენ გაქვთ საკუთარ თავზე აღებული?
– სადილებზე ძირითადად მე ვზრუნავ, მაგრამ ხანდახან ჩემი მეუღლე და დედაჩემიც მცვლიან. არის კერძები, რომლებიც ჩემს ქმარს უნდა, რომ თავად გააკეთოს. როცა მშიერია, არასოდეს ელოდება, საჭმელს როდის შესთავაზებენ. შეუძლია, სადილი თავად მოიმზადოს და მიირთვას.
– თქვენ მოგწონთ მეუღლის მიერ მომზადებული კერძები?
– კი, ძალიან. სადილების მომზადებაში ხშირად მეხმარება. განსაკუთრებით მაშინ, როდესაც სადღესასწაულო სუფრებს ვშლით. უკვე რამდენიმე წელია გოზინაყისთვის განკუთვნილ ნიგოზს ჩემი მეუღლე ჭრის.
– თქვენს ნახელავს როგორ აფასებს?
– ძირითადად ყველაფერი მოსწონს. ამ საკითხში საკმაოდ არაპრეტენზიულია.
– თქვენი შვილის საჭმლის მომზადებაშიც ორივე მონაწილეობთ?
– კესარიას მისთვის განკუთვნილ სადილს ყოველდღიურად ვუმზადებთ. მას ცალკე მენიუ აქვს. ჩვენი გოგონა მისი ასაკისთვის შესაბამისად იკვებება. ჭამს ფაფებს, სუპებს... ამჟამად მეც და ჩემი მეუღლეც კესარიას სადილებზე ზრუნვას უფრო მეტ დროს ვუთმობთ, ვიდრე ჩვენსას.
– ქართულ სუფრებს ანიჭებთ უპირატესობას თუ ე.წ. ევროპულს?
– მე ყველა იმ საჭმელს ვანიჭებ უპირატესობას, რაც გემრიელი და საინტერესოა. უცხო კერძების დაგემოვნება მიყვარს. თუ იმას გულისხმობთ, სახლში კვირის განმავლობაში რამდენჯერ ვაცხობთ ხაჭაპურს, მინდა გითხრათ, რომ არც ერთხელ.
– არის რამე ისეთი საკვები, რომელსაც არ ჭამთ?
– კი. თევზის გარდა, ზღვის ცოცხალ პროდუქტებს არ ვჭამ. აი, იაპონური სუში ძალიან მიყვარს, მაგრამ ზღვის ზღარბი, ცხენი და მსგავსი რაღაცეები მიუღებელია ჩემთვის.
– შეგიძლიათ, ჩვენს მკითხველს რომელიმე კერძის მომზადება ასწავლოთ?
– გასწავლით ჩემ მიერ მოგონილ საჭმელს – ქათმის მკერდი ლორით და შავი ქლიავის ჩირით. რთულად გასაკეთებელი არ არის, მაგრამ დიდი დრო სჭირდება. უნდა ავიღოთ თეთრი მშრალი ან ნახევრადმშრალი ღვინო. სასურველია ბოთლის იყოს, ტანინის გარეშე. შემდეგ ავიღოთ ქათმის მკერდის ნაჭრები. თითო ქათმის მკერდს შუაზე, სიგრძეზე გავჭრით. თუ დიდია, მაშინ შეგვიძლია, სამად გავყოთ. 5 ქათმის მკერდს სჭირდება წვრილად დაკეპილი ორი თავი ნიორი და სამი თავი ხახვი. ქათამს, ნიორსა და ხახვს ავურევთ ერთმანეთში, მოვაყრით ცოტა მარილს და გემოვნებით წიწაკას. შემდეგ იმდენ თეთრ ღვინოს დავასხამთ, რომ ეს მასა დაიფაროს. ორი საათი ასე დავტოვებთ. ბოლოს დაბალ ცეცხლზე დავდგამთ და იქამდე ვადუღებთ, სანამ ქათამი თითქმის ბოლომდე არ მოიხარშება. ხახვი და ნიორი ისე იხარშება შიგნით, რომ ფაქტობრივად გემო აღარ იგრძნობა. როცა მივხვდებით, რომ ქათამი მზად არის, წვრილად დაჭრილ შავი ქლიავის ჩირს დავამატებთ. ასევე წვრილად დაჭრილ ლორს ცალკე ტაფაზე დავყრით, შემდეგ ქათმის მასას ჩავამატებთ და ცოტა ხანს ერთად ვადუღებთ. როცა სოუსი საკმაოდ შესქელდება, ცეცხლიდან გადმოდგმამდე 2 წუთით ადრე გემოვნებით რძის ნაღებს ვუზამთ. მოხარშულ ბრინჯთან ერთად ძალიან გემრიელია.
– სამზარეულოში ხშირად ატარებთ ექსპერიმენტებს?
– რეცეპტის ბრმად აყოლას ექსპერიმენტები მირჩევნია. ეს თურმე ქალებისთვის დამახასიათებელი თვისებაა. მამაკაცები ამიტომაც არიან უკეთესი მზარეულები. ისინი პედანტები არიან და თურმე არასოდეს ეზარებათ ზუსტი პროპორციების დაცვა. ქალებს გვინდა, ინგრედიენტები ჩვენი თვალის ზომით ჩავყაროთ. ყველაფრის გრამებში აწონა გვეზარება.
– ნახევარფაბრიკატების მომხმარებელი ხართ?
– დიდად არ მიყვარს. სწრაფი კვების ობიექტებში ხშირი სტუმრობით და ნახევარფაბრიკატების მოხმარებით ჯანმრთელობას ვიუარესებთ. ჩემი ოჯახის რაციონიდან ფაქტობრივად ამოღებულია ჩიფსები და მსგავსი ტიპის საკვები. არანაირ გაზიან სასმელს არ ვსვამ. თუმცა გაყინული ფენოვანი ცომი ძალიან კარგია. სულაც არაა აუცილებელი, დიასახლისმა სახლში სამი დღე ცომი აბრტყელოს, მაშინ, როდესაც შეუძლია მაღაზიაში იყიდოს.
– ტკბილეულისადმი როგორი დამოკიდებულება გაქვთ?
– არაჩვეულებრივი. მეც ვიცი ნამცხვრების და ტორტების გამოცხობა და პერიოდულად ვაკეთებ კიდეც. ამ შემთხვევაშიც არაერთი ექსპერიმენტი მაქვს ჩატარებული, მაგრამ რეცეპტს ძირეულად არ ვცვლი ხოლმე. შაქრის რაოდენობას კი ყოველთვის ვანახევრებ. თითქმის ვერც ერთი საცხობის ნამცხვარს ვერ ვჭამ, რადგან მათი პროდუქტი ძალიან ტკბილია ჩემთვის.
– დიეტებს თუ მიმართავთ ხოლმე?
– კი, მივმართავ, დიეტა არაჩვეულებრივი რამ არის. არის პერიოდები, როცა ნებისყოფას ვიჩენ და ყოველგვარ გემრიელ კერძზე უარს ვამბობ, თუმცა ისეც ხდება, რომ მბეზრდება და დიეტის თავი არ მაქვს ხოლმე. თუ ვგრძნობ, არ მაქვს უნარი, დიეტა ბოლომდე მივიყვანო, მაშინ ვარღვევ.
– პროდუქტების საყიდლად სიარული თქვენთვის დამღლელი პროცესია?
– ვინც სიმძიმეებს ეწევა და სახლში ფეხით მიდის, რა თქმა უნდა, დამღლელი იქნება. თუ არის იმის საშუალება, რომ პროდუქტი მანქანამდე მიგატანინონ, დამღლელი სულაც არაა. მე დავდივარ საყიდლებზე და ყველაფერს თავად ვიძენ.
– მეგობრები რას გეუბნებიან, ყველაზე გემრიელი რა გამოგდითო?
– მეტნაკლებად ყველას გემოვნება ვიცი. ჩემს რამდენიმე მეგობარს ნამცხვარი "შუ" ძალიან უყვარს და მთხოვენ, გამოგვიცხვეო.


Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

სიახლეები
დღის სიახლეები
რა მოსწონთ თქვენ მეგობრებს

Alternative content

online