asdas
ცნობილი ადამიანები

Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

თქვენთვის, გურმანებო
თქვენთვის, გურმანებო
თქვენთვის, გურმანებო

2011-11-09 15:52:08



კიტრისა და პამიდვრის სალათა

მასალა: კიტრი - 0,5 კილოგრამი; პამიდორი - 0,5 კილოგრამი; ბულგარული წიწაკა - 2 ცალი; მწარე წიწაკა - 1 ცალი; მწვანე ხახვი, მწვანილი - 3-3 ძირი; ზეთი - 3 სუფრის კოვზი; ძმარი - 1 სუფრის კოვზი; მარილი - გემოვნებით.

საღი, ქორფა კიტრი გავთალოთ, დავჭრათ მრგვალ ნაჭრებად, ავიღოთ სასალათე ჭურჭელი და დაჭრილი კიტრი ჭურჭლის ნაპირზე, ირგვლივ შემოვალაგოთ გვირგვინის მსგავსად.

მაგარი, მწიფე წითელი პამიდორიც დავჭრათ მრგვალ ნაჭრებად და კიტრის გვირგვინს შუაგულში შემოვალაგოთ ლამაზად. ბულგარული წიწაკა, მწარე წიწაკა, მწვანე ხახვი, ოხრახუში, რეჰანი, კამა დავჭრათ წვრილად და მოვაყაროთ დაჭრილ სალათს. დავასხათ მზესუმზირის ან ზეითუნის ზეთი და ცოტა ძმარი, მოვაყაროთ მარილი და სუფრაზე ისე მივიტანოთ.

ქათმის, ცხვრის ან ბატკნის ჩიხირთმა

მასალა: ქათამი ან ხორცი - 1 კილოგრამი; ხახვი - 5 თავი; კვერცხი - 4-5 ცალი; ქინძი, დარიჩინი, ძმარი, მარილი - გემოვნებით.

წვრილად დაჭრილი ან ხორცსაკეპ მანქანაში გატარებული ხახვი მოვშუშოთ ხორცის სიმსუქნეში. ჩავყაროთ შიგ გასუფთავებული, ნაჭრებად დაჭრილი ქათამი, ან ბატკნის ხორცი და ხახვიანად ვხრაკოთ 10-15 წუთი. როცა ხორცი მოიხრაკება, დავასხათ იმდენი წყალი, რომ ხორცი კარგად დაიფაროს და ვადუღოთ, სანამ კარგად მოიხარშება. დავუმატოთ დანაყილი ქინძი, მარილი, დარიჩინი. კვერცხები გავთქვიფოთ, გავხსნათ ძმარში, ჩავასხათ უკვე მომზადებულ წვენში და ვურიოთ, რომ არ აგვეჭრას. შეიძლება დავამატოთ ყვითელი ყვავილის ნაყენი (ცივ წყალში დაყენებული).

შემწვარი თართი ან ზუთხი პამიდვრის საწებლით

მასალა: თევზი (თართი ან ზუთხი) - 1 კილოგრამი; ხახვი - 3-4 თავი; პამიდორი - 1 კილოგრამი; მცენარეული ზეთი - 5 სუფრის კოვზი; ოხრახუში - 2 ძირი; წიწაკა და მარილი - გემოვნებით.

გასუფთავებული, გარეცხილი, ნაჭრებად დაჭრილი თევზი (თართი ან ზუთხი) ორივე მხრიდან შევწვათ ცხელ ტაფაზე მცენარეულ ზეთში.

პამიდორი გავხეხოთ სახეხზე, ჩავასხათ ქვაბში, დავუმატოთ მცენარეული ზეთი, დავდგათ ცეცხლზე და მოვხარშოთ შესქელებამდე. ხარშვის დასრულებისას დავუმატოთ დანაყილი ნიორი, წიწაკა და ძალიან წვრილად დაჭრილი ოხრახუში.

ხახვი დავჭრათ მრგვალად, მოვათავსოთ ზეთიან ტაფაზე და მოვშუშოთ. შემწვარი თევზი ლანგარზე დავალაგოთ, მოვასხათ მოშუშული ხახვი და ზემოდან პამიდვრის საწებელი.

მწვანე ლობიოს საცივი

მასალა: მწვანე ლობიო - 1 კილოგრამი; ნიგოზი - 2 ჩაის ჭიქა; ხახვი - 3-4 თავი; ნიორი - 2 კბილი; ქინძი - 4 ძირი; კარაქი - 50 გრამი; ლობიოს ნახარში წვენი - 5-6 ჩაის ჭიქა; ძმარი - 1-2 სუფრის კოვზი; მიხაკი, წიწაკა, მარილი, დარიჩინი - გემოვნებით.

მწვანე ლობიოს მოვაცილოთ მხოლოდ კლერტები, გავრეცხოთ, ჩავყაროთ ქვაბში, დავასხათ იმდენი მდუღარე წყალი, რომ კარგად დაიფაროს და მოვხარშოთ. შემდეგ მთელ-მთელი ლობიო გადავიტანოთ საწურზე.

ნიგოზი დავნაყოთ, გამოვხადოთ ზეთი და ცალკე ჭურჭელში ჩავასხათ. ქინძი, ნიორი, წიწაკა, მარილი ერთად დავნაყოთ და დანაყილ ნიგოზში ავურიოთ.

გასუფთავებული, გარეცხილი ხახვი დავკეპოთ, ჩავყაროთ ქვაბში და კარაქში მოვშუშოთ.

ნიგვზიან მასალას დავუმატოთ ძმარი, დანაყილი მიხაკ-დარიჩინი, გავხსნათ ლობიოს ნახარშ წვენში, დავასხათ მოშუშულ ხახვს და 10-15 წუთი ვადუღოთ, მოვათავსოთ შიგ მოხარშული ლობიო და წამოდუღების შემდეგ ცეცხლიდან გადმოვდგათ. სუფრაზე მიტანის წინ ლანგარზე გადავიტანოთ, ზემოდან მოვასხათ ნიგვზიდან გამოხდილი ზეთი.



ბადრიჯანი ნიგვზის სატენით

მასალა: ბადრიჯანი - 1 კილოგრამი; ნიგოზი - 1 ჩაის ჭიქა; ცხიმი - 100 გრამი; ქინძი, ნიორი, წიწაკა, მარილი - გემოვნებით.

ბადრიჯანი ჩავჭრათ 3-4 სანტიმეტრის სიგრძეზე. როდინში დავნაყოთ ნიგოზი, ქინძი, ნიორი, წიწაკა, მარილი. დამზადებული მასალით ამოვავსოთ თითოეული ბადრიჯნის ჩაჭრილი სივრცე, დავაწყოთ გაცხელებულ ცხიმიან ტაფაზე, სახურავი დავახუროთ და შევწვათ ყოველი მხრიდან. დავალაგოთ ლანგარზე და ზევიდან მოვაყაროთ წვრილად დაჭრილი მწვანილი.

ზეთში შემწვარი ბადრიჯანი ნივრით

მასალა: ბადრიჯანი - 500 გრამი; ზეთი - 1/3 ჩაის ჭიქა; ხახვი - 3-4 თავი; ძმარი, ნიორი, მარილი - გემოვნებით.

ბადრიჯანი სიგრძეზე თხლად დავჭრათ, დავაყაროთ მარილი, დავაფაროთ ტილო და გავაჩეროთ 1 საათი, მერე ხელით გავწუროთ კარგად, მხოლოდ ისე, რომ არ დაიჭყლიტოს. ტაფაზე დავასხათ ზეთი, გავაცხელოთ და შიგ ჩავალაგოთ ბადრიჯანი. შევწვათ ორივე მხრიდან. ხახვი წვრილად დავჭრათ, ავურიოთ შემწვარ ბადრიჯანში. მოვათავსოთ თეფშზე ან ლანგარზე და ზემოდან დავასხათ ძმარში გახსნილი ნიორი.

ოსური ხაჭაპური (ხაბიზგინა)

მოვზილოთ ჩვეულებრივი საფუარიანი ცომი და დავდგათ ასაფუებლად. როცა გაფუვდება, ამოვაგუნდავოთ, გავაბრტყელოთ, ბლომად დავაყაროთ დაფშვნილი ახალი ოსური ყველი და მოვუკრათ თავი. ტაფა კარგად გავაცხელოთ, დავდოთ ერბო და გამოვაცხოთ ხაჭაპური ორივე მხრიდან, შეწითლებამდე.

ფრანგული სალათა

2 მოხარშული კარტოფილი, 2 საშუალო ზომის ახალი კიტრი, 2 საშუალო ზომის მჟავე კიტრი, 2 მოხარშული კვერცხი, ნახევარი გათლილი ვაშლი, 8-10 ღერი მწვანე ხახვი, 2 სუფრის კოვზი დაჭრილი კამა და 1 სუფრის კოვზი მოხარშული ფანტია ბრინჯი შევაზავოთ 1 ჩაის ჭიქა არაჟნითა და მაიონეზით. მაიონეზს და არაჟანს თანაბარი რაოდენობით ვიღებთ, შავი პილპილი და მარილი დავუმატოთ გემოვნებით.

ტორტი "ოცნება"

მასალა: კვერცხი - 11 ცალი; შაქრის ფხვნილი - 2,5 ჩაის ჭიქა; კარაქი - 300 გრამი; ნიგოზი - 1 ჩაის ჭიქა; დაფქვილი ორცხობილა - 0,5 ჩაის ჭიქა; ფქვილი - 1 სუფრის კოვზი; ძმარი - 1 სუფრის კოვზი; სოდა - 1 ჩაის კოვზი; რძე - 0,5 ჩაის ჭიქა; მაგარი ყავა - 0,5 ჩაის ჭიქა.

4 ცალი კვერცხის ცილა დიდხანს ვთქვიფოთ; ნელ-ნელა შევათქვიფოთ ერთი ჭიქა შაქრის ფხვნილი. ფორმას დავაფინოთ პერგამენტის ქაღალდი, დავასხათ მიღებული ცილის მასა და გამოვაცხოთ ბეზე. ბეზეს გამოცხობას დასჭირდება დაახლოებით 2-3 საათი.

ამავე ფორმაში გამოვაცხობთ ბისკვიტს შემდეგნაირად: 7 ცალი კვერცხი მიქსერით კარგად გავთქვიფოთ შაქრის ფხვნილთან ერთად; ჩავამატოთ დაფქვილი ტკბილი ორცხობილა, ხორცსაკეპ მანქანაში გატარებული ნიგოზი - შერეული 1 სუფრის კოვზ ფქვილთან, დავამატოთ სოდა გახსნილი ძმარში და ჩავასხათ ცხიმწასმულ ფორმაში.

როცა გამოცხვება, ტორტი გავაფორმოთ შემდეგნაირად: ბისკვიტი გავჭრათ შუაზე, ქვედა ნაწილს წავუსვათ კრემი, დავაფაროთ ბეზე, წავუსვათ კიდევ კრემი, დავაფაროთ ბისკვიტის მეორე ნაწილი, წავუსვათ კიდევ კრემი და ზემოდან და გვერდებზე მოვაყაროთ გახეხილი შოკოლადი.

კრემი მოვამზადოთ შემდეგნაირად:

4 კვერცხის გულისა და 3 სუფრის კოვზი შაქრის ფხვნილისგან გავაკეთოთ გოგლი-მოგლი. 0,5 ჩაის ჭიქა მაგარ ყავას დავასხათ რძე, ისე, რომ ჭიქა შეივსოს, დავასხათ გოგლი-მოგლს, ავურიოთ და შევდგათ ნელ ცეცხლზე, თან ვურიოთ, დავამატოთ ვანილი და გავაცივოთ.

300 გრამი კარაქი ავზილოთ, კარგად გავთქვიფოთ და შევაზილოთ ყავის გოგლი-მოგლი.

Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

სიახლეები
დღის სიახლეები
რა მოსწონთ თქვენ მეგობრებს

Alternative content

online