asdas
ცნობილი ადამიანები

Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

თქვენთვის, გურმანებო
თქვენთვის, გურმანებო
თქვენთვის, გურმანებო

2011-11-04 14:10:44



ხორცის ტოლმა

მასალები: რბილი ხორცი - 1 კილოგრამი; ბრინჯი - 0,5 ჩაის ჭიქა; ხახვი - 3-4 თავი; კვერცხი - 2 ცალი; კომბოსტო - 1 კილოგრამი; პამიდორი - 1 კილოგრამი; მწვანილი, პილპილი, მარილი - გემოვნებით.

ხორცის რბილი ნაჭერი ხახვთან ერთად ორჯერ გავატაროთ ხორცსაკეპ მანქანაში, დავამატოთ მარილი, პილპილი, უმი ბრინჯი, წვრილად დაჭრილი სხვადასხვა მწვანილი, გათქვეფილი კვერცხი და ერთად კარგად ავზილოთ.

კომბოსტოს თავი სათითაო ფოთლებად დავარჩიოთ, მოვაჭრათ მაგარი ნაწილები, ჩავდოთ ადუღებულ წყალში და 3-5 წუთის განმავლობაში გავთუთქოთ. შემდეგ თითოეულ კომბოსტოს ფოთოლში შევახვიოთ გამზადებული ხორცის გუფთები, ჩავალაგოთ ქვაბში, დავასხათ ძვლებისგან მიღებული ბულიონი ან ცოტა წყალი, დავამატოთ ხორცსაკეპ მანქანაში გატარებული პამიდორი (ან ერთი ჭიქა ტომატი) და დავდგათ მოსახარშად. როცა მზად იქნება, ლანგარზე ამოვალაგოთ და ზედ თავისი ნახარში წვენი გადავასხათ.

ხინკალი

მასალა: ღორის ან ცხვრის ხორცი - 1 კილოგრამი; ხახვი - 5 თავი; კვერცხი - 1 ცალი; მწვანილი, პილპილი, მარილი - გემოვნებით.

ღორის ან ცხვრის ხორცის რბილი ნაჭერი დავჭრათ და ხახვთან ერთად ხორცსაკეპ მანქანაში გავატაროთ. ავურიოთ შიგ დანაყილი პილპილი, მარილი, ოხრახუში, ქინძი, ქონდარი, იმდენი თბილი წყალი, რამდენსაც შეიწოვს ხორცი (დაახლოებით ერთი ჩაის ჭიქა).

მოვზილოთ მაგარი ცომი ოდნავ მარილიანი ნახევარი ლიტრი წყლითა და კვერცხით. კარგად გავაბრტყელოთ, გამოვჭრათ სპეციალური ხის საჭრისით და კიდევ გავაბრტყელოთ. თითოეულ ცომზე მოვათავსოთ ერთი სუფრის კოვზი მომზადებული ხორცი, ნაპირები შემოვუკეცოთ, მოვგრიხოთ და კუჭი დავტკეპნოთ ისე, რომ მოხარშვის დროს არ გაიხსნას. ასე მომზადებული ხინკლები ჩავყაროთ მარილიან მდუღარე წყალში და ვხარშოთ; ქვაბი ხანგამოშვებით ვატრიალოთ, რომ ხინკალი ძირზე არ მიეკრას. როცა ყველა ხინკალი წყლის ზევით ამოტივტივდება, კიდევ ხუთი წუთი ვადუღოთ და ამოვალაგოთ ქაფქირით.

სუფრაზე ხინკალთან ერთად მივიტანოთ დანაყილი პილპილი.

ცხვრის ხორცის ჩაქაფული

მასალა: ცხვრის ან ბატკნის ხორცი - 1 კილოგრამი; ხახვი - 500 გრამი; ტარხუნა - 1 კონა; მწვანილი - 5-5 ძირი; ახალი ტყემალი - 1 ჩაის ჭიქა; თეთრი ღვინო - 1 ჭიქა; მარილი, წიწაკა - გემოვნებით.

ცხვრის ან ბატკნის მსუქანი, ძვლიანი ხორცი დავჭრათ საშუალო ზომის ნაჭრებად, დავასხათ იმდენი წყალი, რომ ხორცი დაფაროს. დავდგათ დაბალ ცეცხლზე და ვხარშოთ. როცა წყალი დაუშრება, ჩავყაროთ რგოლებად დაჭრილი ხახვი და ვშუშოთ. ოხრახუში, ქინძი დავჭრათ წვრილად და ჩავყაროთ ხორციან ქვაბში. ავიღოთ ქორფა ტარხუნა, დავჭრათ დიდ ნაჭრებად (დაახლოებით გავჭრათ სამად) და მწვანილთან ერთად ისიც ჩავაყაროთ. ნამიანი მწვანილი წყალს გაუშვებს; თუ ეს საკმარისი არ იქნება, დავამატოთ ცოტა წყალი და ჩავყაროთ ახალი ტყემალი. როცა ტყემალი კარგად მოიხარშება, გადმოვდგათ ცეცხლიდან, დავასხათ თეთრი ღვინო და შევაზავოთ მარილითა და წიწაკით.

ხაშლამა

ახალგაზრდა მსუქანი საქონლის ხორცი დავჭრათ საშუალო ზომის ნაჭრებად, გავრეცხოთ კარგად, ჩავაყაროთ ქვაბში და ვადუღოთ; დუღილის დროს მოვხადოთ ქაფი. დავუმატოთ დაფნის ფოთოლი, შავი პილპილის მარცვლები, ნივრის კბილები. როცა ხორცი კარგად მოიხარშება, შევაზავოთ მარილით. ქაფქირით ამოვიღოთ ლანგარზე, ზევიდან მოვაყაროთ დაჭრილი ოხრახუში და სუფრაზე ისე მივიტანოთ.



ძროხის ან ცხვრის ხორცის ტოლმა, ვაზის ფოთოლში გახვეული

მასალა: რბილი ხორცი - 1 კილოგრამი; ხახვი - 4-5 თავი; მაწონი ან არაჟანი - 500 გრამი; ვაზის ფოთოლი - საჭირო რაოდენობის; მარილი, პილპილი, მწვანილი - გემოვნებით.

ძროხის ან ცხვრის ხორცი დავჭრათ ნაჭრებად, გავრეცხოთ და ხახვთან ერთად ორჯერ გავატაროთ ხორცსაკეპ მანქანაში, დავუმატოთ პილპილი, მარილი, კვერცხი, სხვადასხვა მწვანილი და კარგად ავზილოთ.

ვაზის ფოთოლი გავარჩიოთ, დავასხათ მდუღარე წყალი, წამოვადუღოთ ერთი პირი, ამოვალაგოთ და გავაცივოთ. თითო კაკლისოდენა გამზადებული ხორცი ვაზის ფოთოლში სათითაოდ შევახვიოთ, ჩავალაგოთ ქვაბში, დავასხათ წყალი და დავდგათ მოსახარშად. როცა მოიხარშება, ამოვალაგოთ, დავაწყოთ ლანგარზე, გადავასხათ გათქვეფილი მაწონი ან არაჟანი, მოვაყაროთ შაქრის ფხვნილთან ერთად დანაყილი დარიჩინი და სუფრაზე ისე მივიტანოთ.

ლულაქაბაბი

მასალა: ცხვრის ხორცი - 1 კილოგრამი; დუმა - 100 გრამი; ხახვი - 2 თავი; კვერცხი - 2 ცალი; კოწახური, მარილი, პილპილი - გემოვნებით.

ცხვრის ხორცის რბილი ნაჭერი, დუმა, ხახვი ორჯერ გავატაროთ ხორცსაკეპ მანქანაში. შევაზავოთ მარილით, პილპილით, კოწახურით, გათქვეფილი კვერცხით და ხელით კარგად ავურიოთ. დავყოთ ნაწილებად, დავამრგვალოთ, წამოვაგოთ შამფურზე და შევწვათ ყოველი მხრიდან. როცა შეიწვება, ფრთხილად მოვაცილოთ შამფურიდან, სათითაოდ შევახვიოთ ლავაშში და დავალაგოთ თეფშზე. ცალკე მივიტანოთ დაჭრილი ხახვი და დანაყილი კოწახური. შეგვიძლია შემწვარი ლულაქაბაბი ლავაშში არ გავახვიოთ, დავაწყოთ თეფშზე, მოვაყაროთ დაჭრილი ხახვი და დანაყილი კოწახური, ან ეს უკანასკნელი ცალკე მივიტანოთ.

ძროხის ხორცის სუპი მჟაუნით

მასალა: ხორცი - 1 კილოგრამი; კარტოფილი - 600 გრამი; მჟაუნა - 200 გრამი (1 მოზრდილი კონა); კარაქი - 100 გრამი; მწვანე ხახვი - 1 კონა; სტაფილო - 2-3 ცალი; ოხრახუში, კამა - 3-4 ძირი; კვერცხი - 3 ცალი; არაჟანი - 200 გრამი; ფქვილი - 2 სადილის კოვზი; მარილი, წიწაკა - გემოვნებით.

თანაბარი ზომის ნაჭრებად დაჭრილი მსუქანი ძროხის ხორცი კარგად გავრეცხოთ, მოვათავსოთ ქვაბში, დავასხათ წყალი და დავდგათ მოსახარშად. დუღილის დროს მოვხადოთ ქაფი, ჩავყაროთ დაფნის ფოთოლი, ცოტა მოგვიანებით დაჭრილი ხახვი და სტაფილო.

სანამ ხორცი მოიხარშება, დავჭრათ მწვანე ხახვი და მოვშუშოთ კარაქში, შევურიოთ ფქვილი და ვშუშოთ. დავასხათ ხორცის ნახარში (გაწურული ბულიონი), ჩავამატოთ მოგრძო ნაჭრებად დაჭრილი კარტოფილი, დაკეპილი ახალი მჟაუნა, კამა, ოხრახუში, წიწაკა. გამორთვის წინ ნელ-ნელა ჩავამატოთ არაჟანში გათქვეფილი კვერცხი.

როდესაც მზად იქნება, ჩავაყაროთ მოხარშული ხორცი.

ყვავილოვანი კომბოსტო კვერცხით

მასალა: ყვავილოვანი კომბოსტო - 1 კილოგრამი; კარაქი - 100 გრამი; ხახვი - 2-3 თავი; მწვანილი - 4-4 ძირი; კვერცხი - 3 ცალი; რძე - 100 გრამი; ყვითელი ყვავილი, პილპილი, მარილი - გემოვნებით.

ყვავილოვან კომბოსტოს მოვაცილოთ მწვანე ფოთლები, მოვაჭრათ ბოლოები, შემდეგ დავშალოთ პატარ-პატარა ნაწილებად, გავრეცხოთ ცივ წყალში და მოვხარშოთ მარილით შეზავებულ მდუღარე წყალში. ამოვალაგოთ საცერზე, რომ დაიწრიტოს. კარაქში მოვშუშოთ წვრილად დაჭრილი ხახვი და კომბოსტოს მოვასხათ. ჩავუმატოთ წმინდად დაკეპილი ახალი ქინძი, კამა, ოხრახუში, შევანელოთ დაფქული შავი პილპილით და ყვითელი ყვავილით. ავურიოთ ერთმანეთში ისე, რომ კომბოსტო არ დაიმტვრეს. შემდეგ დავახუროთ თავსახური და კიდევ მოვშუშოთ ორთქლში. როცა მზად იქნება, გადავიტანოთ ღრმა ტაფაში, მოვასხათ რძეში გათქვეფილი კვერცხი და გამდგარი კარაქი, შევდგათ აირღუმელში. როცა კვერცხი შეიწვება, გამოვიღოთ ღუმელიდან და სუფრაზე ცხელ-ცხელი მივიტანოთ.



ღვეზელი ვაშლით

მასალა: კვერცხი - 4 ცალი; შაქრის ფხვნილი - 4 ჩაის ჭიქა; კარაქი - 200 გრამი; არაჟანი - 2 ქილა; სოდა - 1 ჩაის კოვზი; ძმარი - 1 სუფრის კოვზი; ვაშლი ("ანტონოვკა") - 2 კილოგრამი; წყალი - 0,5 ჩაის ჭიქა; 1 ლიმნის კანი.

სამი კვერცხი მთლიანად გავთქვიფოთ ჭიქანახევარ შაქრის ფხვნილთან ერთად, დავამატოთ 200 გრამი დარბილებული კარაქი, 2 ქილა არაჟანი, სოდა, ძმარი, დავაყაროთ იმდენი ფქვილი, რომ ცომი ფაფუკი გამოვიდეს. ცომი გავყოთ 2 არათანაბარ ნაწილად.

ვაშლის პიურე მოვამზადოთ ისე, როგორც ზევით არის აღწერილი, ოღონდ როცა გაცივდება, შიგ ჩავაფხიკოთ ლიმნის კანი.

შუაზე გაყოფილი ცომიდან დიდი გუნდა თუნუქის ფიცარზე გავაბრტყელოთ, ზემოდან თანაბრად წავუსვათ ვაშლის პიურე. მეორე გუნდა კარგად გავაბრტყელოთ, რომ პირველ ცომს მთლიანად დაეფაროს. ცომს ფქვილში ამოვლებული სველი დანით გვერდები ისე შემოვუკეცოთ, რომ გამოცხობის დროს ვაშლის პიურე გარეთ არ გამოვიდეს. ერთი კვერცხის გულს დავამატოთ ცოტა მაწონი, ან რძე, ან წყალი და ცომს ზემოდან წავუსვათ, შემდეგ შევდგათ გაზქურის ღუმელში გამოსაცხობად.

ეკალა ნიგვზით

მასალა: ეკალა - 1 კილოგრამი; ნიგოზი - 1,5 ჩაის ჭიქა; ნიორი - 2-3 კბილი; მწვანილი - 3-4 ძირი; მარილი, წიწაკა, ძმარი - გემოვნებით.

ეკალა გავარჩიოთ, გავრეცხოთ, ჩავყაროთ ადუღებულ-წყლიან ქვაბში, მოვხარშოთ, გადავიტანოთ საწურზე. დავასხათ ზედ ცივი წყალი ისე, რომ მას კარგად ფარავდეს. გავაჩეროთ 40 წუთი. ხელით გავწუროთ. დანაყილი ნიგოზი, ნიორი, წიწაკა, წვრილად დაჭრილი ქინძი, ომბალო, ძმარი, მარილი ავურიოთ მოხარშულ ეკალაში, დავდოთ თეფშზე და მოვაყაროთ დაჭრილი კამა.

ზაფხულის ტოლმა

მასალა: ძროხის ხორცი - 1 კილოგრამი; ბრინჯი - 0,5 ჩაის ჭიქა; ბადრიჯანი - 6 ცალი; პამიდორი - 8 ცალი; ტკბილი წიწაკა - 7 ცალი; ვაშლი - 500 გრამი, პამიდორი (წვენისთვის) - 600 გრამი; ხახვი - 2 თავი; მწვანილი - 3-3 ძირი; პილპილი, მარილი - გემოვნებით.

გარეცხილი ძროხის ხორცის რბილი ნაჭერი ნაჭრებად დავჭრათ და გავატაროთ ხორცსაკეპ მანქანაში. დავუმატოთ ძალიან წვრილად დაჭრილი ხახვი, რეჰანი, ოხრახუში, ქინძი, პილპილი, ბრინჯი, მარილი და კარგად ავურიოთ.

მწიფე პამიდორი დავჭრათ, წამოვადუღოთ 8-10 წუთი და გავხეხოთ საცერზე. საშუალო ზომის ბადრიჯანს მოვაჭრათ თავი, ჩავჭრათ ერთი მხრიდან, ამოვაცალოთ თესლი, ჩავაყაროთ ცოტა მარილი. ტკბილ წიწაკას მოვაჭრათ ზედა თავი, ამოვაცალოთ თესლი და გავთუთქოთ მდუღარე წყალში.

მწიფე, მაგარი, საშუალო ზომის პამიდორი გავრეცხოთ ცივი წყლით, მოვაჭრათ თავი, ამოვაცალოთ თესლი ისე, რომ მისი მთლიანობა არ დაირღვეს და დავაყაროთ ცოტა მარილი.

ვაშლი გავფცქვნათ და დავჭრათ თხელ ნაჭრებად. გამზადებული ბადრიჯანი, წიწაკა და პამიდორი ამოვავსოთ წინასწარ მომზადებული ხორცით და თავ-თავისი სახურავი დავახუროთ.

სუფთა ქვაბის ფსკერზე მოვათავსოთ რბილი ხორცისგან გამოცლილი ძვლები, ფენებად დავაწყოთ გამზადებული ბადრიჯანი, შემდეგ ვაშლი, ტკბილი წიწაკა, ვაშლი და შემდეგ ფენად პამიდორი. ზევიდან დავასხათ წინასწარ მოხარშული პამიდორი. დავახუროთ ქვაბს სახურავი და ვხარშოთ, სანამ მზად არ იქნება.

ისპანახი ერბო-კვერცხით

მასალა: ისპანახი - 1 კილოგრამი; ხახვი - 3-4 თავი; ერბო - 4 სუფრის კოვზი; კვერცხი - 4 ცალი; მწვანილი - 4-4 ძირი; მარილი, პილპილი - გემოვნებით.

ისპანახი დავარჩიოთ, გავრეცხოთ, მოვათავსოთ ქვაბში და მოვხარშოთ. გადავწუროთ საწურზე, გავაცივოთ და ხელით გავწუროთ. ხახვი წვრილად დავჭრათ და მოვხრაკოთ ერბოში, დავუმატოთ მოხარშული, გაწურული ისპანახი, დავამატოთ ერბო და ერთად მოვხრაკოთ. ჩავუმატოთ ქინძი, ოხრახუში, კამა, მარილი, პილპილი.

გავთქვიფოთ 2 კვერცხი, ავურიოთ მოშუშულ ისპანახში, კიდევ გავთქვიფოთ 2 კვერცხი და ისპანახს ზევიდან მოვასხათ, დავხუროთ ხუფი და ვშუშოთ, სანამ კვერცხი მზად არ იქნება.



ქათმის ან ვარიის ჩახოხბილი

მასალა: ქათამი ან ვარია; ხახვი - 4-5 მოზრდილი თავი; კარაქი ან ერბო - 100-150 გრამი; პამიდორი - 1 კილოგრამი; მწვანილი, პილპილი, მარილი - გემოვნებით.

გასუფთავებული, კარგად გარეცხილი ფრინველი დავჭრათ, მოვათავსოთ ქვაბში და მოვშუშოთ. როცა წვენს გამოყოფს, გადავასხათ.

ხახვი დავჭრათ სიგრძეზე, დავაყაროთ მოშუშულ ხორცს, დავუმატოთ კარაქი ან ერბო და ვხრაკოთ, სანამ ხორცი კარგად არ შეწითლდება. ხანგამოშვებით კოვზით კარგად ვურიოთ, რომ ქვაბის ძირს არ მიეწვას. პამიდორი სახეხზე გავხეხოთ (ან გავატაროთ ხორცსაკეპ მანქანაში). მოხრაკულ ფრინველის ხორცს დავასხათ პამიდორის წვენი, ვხარშოთ. შევაზავოთ წვრილად დაჭრილი სხვადასხვა მწვანილით (ქინძი, ოხრახუში, კამა), პილპილითა და მარილით.

ბადრიჯნის საცივი

მასალა: ბადრიჯანი - 1 კილოგრამი; ზეთი - 50 გრამი; ნიგოზი - 2 ჩაის ჭიქა; ხმელი სუნელი - 2 ჩაის კოვზი; ძმარი - 0,5 ჩაის ჭიქა; ყვითელი ყვავილი - 1 ჩაის კოვზი; მიხაკ-დარიჩინი - 1 ჩაის კოვზი; მარილი, წიწაკა - გემოვნებით.

ბადრიჯანს მოვაჭრათ ყუნწები, დანით გავსეროთ სიგრძეზე ისე, რომ ერთმანეთს არ მოშორდეს, ჩავყაროთ ქვაბში, დავასხათ ცოტა მდუღარე წყალი და მოვხარშოთ. შემდეგ ამოვიღოთ, დავალაგოთ ლანგარზე, ზევიდან დავადოთ სიმძიმე, რომ ბადრიჯანი კარგად გაიწუროს. წვრილად დავჭრათ ხახვი, მოვხრაკოთ ზეთში. ხახვი რომ შეწითლდება, დავასხათ 2 ჩაის ჭიქა წყალი და წამოვადუღოთ. ჩავუმატოთ დანაყილი ნიგოზი ხმელ სუნელთან, მარილთან, ნიორთან და წიწაკასთან ერთად; დავამატოთ მიხაკ-დარიჩინი, ღვინის ძმარი და ადუღებული, ცოტა ცივი წყალი. წვენში ჩავაწყოთ ბადრიჯნები.

ახალი კარტოფილი კვერცხით

მასალა: კარტოფილი - 500 გრამი; ხახვი - 1-2 თავი; კარაქი - 50 გრამი; კვერცხი - 3 ცალი; რძე - 50 გრამი; მწვანილი - 4-4 ძირი; პილპილი, მარილი - გემოვნებით.

ახალი კარტოფილი გავრეცხოთ და დავდგათ მოსახარშად. როცა მოიხარშება, გადავწუროთ, გავფცქვნათ, დავჭრათ წვრილად და მოვხრაკოთ წვრილად დაჭრილ, კარაქში მოშუშულ ხახვთან ერთად. მოვაყაროთ შავი პილპილი, შევაზავოთ დაკეპილი ახალი კამით, ოხრახუშით, ტარხუნით. ამის შემდეგ მოვათავსოთ ტაფაზე, ზემოდან გადავასხათ რძესთან ერთად კარგად გათქვეფილი კვერცხი და შევდგათ აირღუმელში გამოსაცხობად. როდესაც მზად იქნება, ზემოდან გადავასხათ გამდნარი კარაქი და მოვაყაროთ წვრილად დაჭრილი ახალი კამა.

ხაჭაპური კარტოფილით

მასალა: მარგარინი - 200 გრამი; წყალი - 1 ჩაის ჭიქა; საფუარი - 25 გრამი.

მარგარინი კარგად დავკეპოთ ფქვილთან ერთად, გავაკეთოთ ღრმული და ჩავასხათ წყალი, რომელშიც კარგად იქნება გახსნილი საფუარი. მოვზილოთ საშუალო სიმაგრით ცომი და მოვათავსოთ მაცივრის საყინულეში 40-50 წუთი. გამოვიღოთ, გავაბრტყელოთ და მოვათავსოთ ზედ კარტოფილისგან მომზადებული მასალა და გამოვაცხოთ ჩვეულებრივი წესით. ასეთი ცომი შეიძლება მაცივარში შევინახოთ რამდენიმე დღე და შემდეგ გამოვიყენოთ.

კარტოფილის მასალის მომზადება: კარტოფილი გავთალოთ, დავჭრათ, დავასხათ წყალი და კარგად მოვხარშოთ; ხის კოვზით კარგად დავზილოთ, დავუმატოთ 2 სუფრის კოვზი ზეთი, შევაზავოთ მარილით, შავი პილპილით, შევაგრილოთ და ისე გამოვიყენოთ.

Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

სიახლეები
დღის სიახლეები
რა მოსწონთ თქვენ მეგობრებს

Alternative content

online