asdas
ცნობილი ადამიანები

Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

ოთო კოვზირიძე: "ჩემი პირველი ხაჭაპური ოთხკუთხედი და ამოზნექილი გამოვიდა"
"ჩემი პირველი ხაჭაპური ოთხკუთხედი და ამოზნექილი გამოვიდა"
ოთო კოვზირიძე: "ჩემი პირველი ხაჭაპური ოთხკუთხედი და ამოზნექილი გამოვიდა"

2011-11-04 14:10:44



ჟურნალი "გუმბათი" "თეატრალურის კვარტეტის" ერთ-ერთ წევრს, ოთო კოვზირიძეს გაესაუბრა. რატომ ამზადებს ხოლმე ქართულ ნაციონალურ კერძებს მომღერალი და მსახიობი, რა სიახლეებია მის ცხოვრებაში, როგორ იხსენებს და ახასიათებს სცენას, სჭირდება თუ არა განწყობა იმისათვის, რომ იმღეროს და რატომ არ უყვარს საკუთარი შემოქმედების ნახვა ან მოსმენა, ამას ჩვენი სტატიიდან შეიტყობთ.



- ოთო, მოგვიყევი "თეატრალურის კვარტეტის" გარდა, რას საქმიანობდით და რა სიახლეებია ამ მხრივ ამჟამად?

- ყველაფერი დაიწყო თეატრით. თავისუფალ თეატრში 2-3 წელი ვმოღვაწეობდი. შემდეგ, გარკვეული მიზეზებისა და გარემოებების გამო, წამოსვლა მომიწია. რაღაცას ვათავსებდი, რაღაცას - ვერა. რთულია, როცა რამდენიმე საქმეს აკეთებ, მით უფრო, როცა თითოეული ხელოვნებასთანაა დაკავშირებული. ამიტომ ვარჩიე ერთ-ერთისთვის მიმეხედა - გავყევი სიმღერას. ამჟამად, რადიო "დარდიმანდში" ვმუშაობ. მაქვს ჩემი გადაცემა "მარანი", რომელიც მე და ჩემს მეგობარს, გიორგი შანიძეს მიგვყავს ერთად. კვარტეტს რაც შეეხება, ჩაწერები, კონცერტები, პლუს გასტროლებიც გვაქვს თვეში 2-ჯერ. კიდევ ერთი სიახლე არის ის, რომ ვარ ერთ-ერთი გადაცემის წამყვანი, ქართული ნაციონალური კერძების შესახებ. ამ გადაცემებს საქართველოში იღებენ, თუმცა, უკრაინული ტელევიზიით აშუქებენ. ანუ გამოდის ისე, რომ უკრაინელებს ქართული კერძების მომზადებას ვასწავლით.

- უფრო დაწვრილებით მომიყევით ბოლო პროექტზე. როგორ მოხვდით ამ გადაცემაში?

- ჩვენი კვარტეტის პროდიუსერი გახლავთ თამარ ჯანელიძე (რომელიც ტელეკომპანია იმედზე გასული ახალი თოქ-შოუს "100 გრადუსი ცელსიუსის" პროდიუსერიცაა). ჩემი ამ გადაცემაში მონაწილეობის იდეა სწორედ მისგან წამოვიდა. სჭირდებოდათ წამყვანი, რომელიც ისაუბრებდა და გადაცემას წაიყვანდა რუსულად. ბევრი მსჯელობის შემდეგ, მეც ვსინჯე, რა გამოვიდოდა. სიმართლე რომ ვთქვა, ძალიან გამიჭირდა. სკოლა მოსკოვში მაქვს დამთავრებული, წესით, რთული არ უნდა ყოფილიყო, მაგრამ სხვადასხვა რამეა უბრალოდ საუბარი და რუსულად გადაცემის წაყვანა. თუმცა, ბევრი შრომისა და ჯაფის შედეგად, შევძელი, რომ წამეყვანა. გადაცემაზე მეტად, უფრო შოუა, თავისი იუმორითა და კურიოზებით.

- არ მღერი ხოლმე გადაცემის მიმდინარეობის პროცესში?

- კი, როგორ არა. ბიჭების დახმარებაც დამჭირდა რამდენჯერმე. ზოგჯერ ვამთავრებთ სიმღერით, ზოგჯერ კი ვიწყებთ. სხვა შემთხვევაში მარტო ვარ ხოლმე გადაცემაში და სხვადასხვა კერძს ვამზადებ.

- არ იყო რთული ქართულ ნაციონალურ კერძებთან შეჭიდება? თუ გქონიათ მსგავსი გამოცდილება?

- ამ მხრივაც გამიჭირდა, იმიტომ, რომ ერბო-კვერცხის იქეთ არ წავსულვარ ჩემით. გადაცემაში კი ჩაქაფულისა და მსგავსი ნაციონალური კერძების მზადება მიწევდა. ყველაზე დასამახსოვრებელი იყო ხაჭაპურის გამოცხობა, რადგან ეს პირველ გადაცემაში მოხდა. წარმოდგენაც არ მქონდა, რა და როგორ უნდა გამეკეთებინა. თავიდან პროცესს აჩვენებდნენ, ვითომ მე ვფუსფუსებდი და შემდეგ უკვე მზა მდგომარეობაში მოჰქონდა მზარეულს ესა თუ ის კერძი. ეს, თავიდან, მერე მეც ვისწავლე რაღაცები და ცოტა მივეჩვიე.Aჩემი პირველი ხაჭაპური მრგვალის ნაცვლად, ოთხკუთხედი და ამოზნექილი გამოვიდა. თუმცა, გემრიელი ნამდვილად იყო. ასე ნელ-ნელა ვეუფლები ქართულ სამზარეულოს. ჩაიწერა 7 თუ 8 გადაცემა, რომელიც უკრაინულ პირველ არხზე გადიოდა, თუმცა, ახლა, ახალმა არხმა შეისყიდა და დროებით შეჩერებულია ჩაწერები.

- დავუბრუნდეთ ისევ შემოქმედებას. როგორც ვიცი, რამდენიმე კინო-როლიც გქონდათ...

- კი, გადამიღეს ავთანდილ ვარსიმაშვილის ცნობილ ფილმში "ყველაფერი კარგად იქნება". მის პირველ სერიაშიც ("იდიოტოკრატია") მაქვს ეპიზოდური როლი ნათამაშები. ასევე, სერიალში "გოგონა გარეუბიდან" ბანკირის როლი შემომთავაზეს და რამდენიმე სერიაში გამოვჩნდი.

- ამ მხრივ წასვლას არ აპირებთ? არ გაქვთ სურვილი, კიდევ რომ სცადოთ?

- კი, ვფიქრობ, მაგრამ, მგონი, ნაკლებად ვაქტიურობ. თითქმის ყოველთვის ასე იყო ჩემს ცხოვრებაში. თეატრალურის დამთავრების შემდეგაც, ფაქტობრივად, არაფერი მიღონია თეატრში მოსახვედრად. რაღაც დებიუტის გამო დამირეკა რეჟისორმა სოსო ნემსაძემ და შემომთავაზა როლი, რომელიც თავისუფალ თეატრში შევასრულე. იქ ბატონმა ავთო ვარსიმაშვილმა მნახა და ასე მოვხვდი თავისუფალ თეატრში. შემდეგ შემოქმედებითად რაღაც არ განვითარდა ჩემს ცხოვრებაში და, როგორც წეღან გითხარით, გადავწყვიტე თეატრიდან წამოსვლა. ამჟამად, ტელევიზიაში მუშაობის ძალიან დიდი სურვილი მაქვს. თუმცა, სანამ აქამდე მივალ, მანამდე რადიოთი ვიღებ კარგსა და დიდ გამოცდილებას.

- თეატრი არ გენატრებათ?

- ამჟამად მასთან არანაირი შეხება აღარ მაქვს და ძალიანაც მენატრება. თუმცა, მსახიობის ცხოვრებაში, მგონია, რომ ზოგადად ასე ხდება, 1-2 წელი რომ არ ახვალ სცენაზე, თითქოს გიქარწყლდება ეს ნდომა და სურვილი, რაღაცნაირად. ეჩვევი იმ გარემოებასა და სიტუაციას, რომ აღარ ხარ თეატრში. თუმცა, დაბრუნებაც შეიძლება, რაღა თქმა უნდა.

- ერთმანეთს რომ შევადაროთ თამაში (გნებავთ სცენაზე, გნებავთ კინოში) და მუსიკა, თვითგამოხატვის უკეთეს საშუალებად რომელი უფრო მიგაჩნიათ?

- ვერ გეტყვით. მგონია, რომ სიმღერაც ერთგვარი თამაშია, თეატრი კი სულ სხვა სამყაროა. სცენაზე უცხო პერსონაჟს ანსახიერებ, საკუთარ თავსა და ბევრ სხვა რამესაც დროებით ივიწყებ და აბსოლუტურად, სხვაგან ხვდები. სპექტაკლის დაწყებამდე ადრენალინი გამოგეყოფა ძალიან დიდი რაოდენობით, ამბობენ და ასეცაა - სხეულის ტემპერატურაც კი იმატებს რამდენიმე გრადუსით. სხვა რამეა ისევ სცენა, ოღონდ, ვთქვათ, საკონცერტო გამოსვლის დროს. ყოველთვის ვცდილობდი, რაღაცნაირად ხასიათში მემღერა. შეიძლება ვოკალურად გამართულად და იდეალურად არ იმღეროს ვინმემ, მაგრამ ხასიათი, განწყობა, გულწრფელობა მაინც მიიტანოს მაყურებლამდე და მანაც იგრძნოს, დაიჯეროს.

- სიმღერისთვის გჭირდებათ განწყობა თუ ნებისმიერ ხასიათზე მყოფმა შეგიძლიათ იმღეროთ?

- ზოგადად, ვცდილობ, რომ მოვალეობა არ მოვიხადო და ყოველთვის გულით ვიმღერო. თეატრალურშიც მასწავლიდნენ ამას: რაც უნდა ცუდ ხასიათზე იყო და არ გემღერებოდეს, მაყურებელმა ეს არ უნდა იგრძნოს, თავი მაქსიმალურად ხელში უნდა აიყვანო და საუკეთესოდ წარმოაჩინოო. ნებისმიერ კონცერტზე, როგორი განწყობაც უნდა გქონდეს ადამიანს, ვფიქრობ, არაფერი გამართლებს, მაყურებელს თუ მსმენელს "ცალყბად" არასდროს უნდა უმღერო.

- ერთია, როცა მღერი და მეორეა, როცა უსმენ (საკუთარ ნამღერს). განიჭებთ თუ არა ერთსა და იმავე სიამოვნებას ეს ორი პროცესი?

- არასდროს მიყვარს ხოლმე არც ჩემი ნამღერის მოსმენა და არც ჩემი თამაშის ყურება. ასე რომ, სიამოვნებას უშუალოდ სიმღერის პროცესიდან უფრო ვიღებ. მოსმენას რაც შეეხება, ისე რომ ვთქვათ, კითხვის ამგვარი ფორმულირება: რას უსმენ? ან მუსიკის რომელი ჟანრიმიმდინარეობა მოგწონსო? არასწორად მიმაჩნია. მუსიკის მოსმენას განწყობა სჭირდება. უნდა მოუსმინო იმას, რაც იმ მომენტში გინდა. ჩემს ნამღერსაც ვუსმენ, როგორ არა, მაგრამ არა იმ დოზით, რა დოზითაც სხვებს. ზოგჯერ სევდიან განწყობაზე ხარ ადამიანი, ზოგჯერ მხიარულზე, ზოგჯერ რომანტიკულზე - მგონია, რომ ხასიათის მიხედვით უნდა აარჩიო ხოლმე მუსიკა.

- რომანტიკული განწყობა ახსენეთ. თქვენს ხასიათში რამდენად ამჩნევთ ამ თვისებას?

- რომანტიკული ვარ, მაგრამ ყოველთვის ვცდილობ, გემოვნებიანი რომანტიკოსი ვიყო, და არა გულის ამრევი. ზედმეტობა არაფერში ვარგა. არც გადამეტებული სენტიმენტებია კარგი, მე ასე ვფიქრობ. ვცდილობ, ვიყო ორიგინალური, რაღაცნაირად ოქროს შუალედი ვიპოვო და ზომიერების ფარგლებს არ გავცდე.

- დავიჯერო, სერენადა არავისთვის გიმღერიათ?

- ჩვენს დღევანდელ ცხოვრებაში სერენადა, ცოტა არ იყოს, ბანალური გახდა. ჩვენი სტუდენტობისას კი ძალიან პოპულარული იყო. ჩემი რჩეულისთვის არა, სხვებისთვის მიმღერია ხოლმე. სიმართლე გითხრათ, რაღაცნაირად სულ ვცდილობდი, უფრო საინტერესო რამ გამეკეთებინა, ვიდრე აივნის ქვემოდან სიმღერაა. მახსოვს, სტუდენტობისას, ჩემს შეყვარებულს ერთ-ერთ სპექტაკლში ეპიზოდური როლი ჰქონდა. ერთხელაც, ძმაკაცები შევკრიბე, ვიყიდე ძალიან ბევრი ყვავილი. სპექტაკლის დასრულებისას ისინი სათითაოდ ადიოდნენ სცენაზე და ზოგს ერთი, ზოგს რამდენიმე, ზოგს კი უზარმაზარი თაიგული აჰქონდა მისთვის. მთელი სცენა ყვავილებით აივსო. დარბაზში ყველას უკვირდა, ყველაზე მეტი ყვავილი უმნიშვნელო როლის შემსრულებელმა რომ მიიღო. თვითონაც სასიამოვნოდ გაოცებული დარჩა.

Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

სიახლეები
დღის სიახლეები
რა მოსწონთ თქვენ მეგობრებს

Alternative content

online