| ქალი და მამაკაცი |

გათხოვების შემდეგ მსახიობი თათული ედიშერაშვილი, რომელსაც იქამდე სადილები არასოდეს უკეთებია, კარგი დიასახლისი დადგა. ფანტაზიას იშველიებს, რეცეპტებს ნაკლებად იყენებს და თავისი ექსპერიმენტებით უმეტესწილად კმაყოფილიც რჩება. საკუთარ სამზარეულოში ის სრული ბატონ–პატრონია, "ზედამხედველებისა" და კონკურენტების გარეშე, ამიტომაც ერთდროულად პასუხისმგებლობასაც გრძნობს და თავისუფლებასაც.
თათული ახლა მეორე შვილზეა ორსულად და, როგორც ამ მდგომარეობაში მყოფი ქალების უმრავლესობას, მასაც შეეცვალა კულინარიული გემოვნება. სხვათა შორის, სწორედ ამ მიზეზობამ მიახვედრა რამდენიმე ხნის წინ, რომ მეორე ბავშვს ელოდებოდა.
– თათული, გიყვართ სამზარეულოს საქმე?
– სამზარეულოში ყოფნა ერთგვარ სიამოვნებას მანიჭებს. სახლში მხოლოდ მე ვარ დიასახლისი და ამიტომ ვალდებულიც ვარ, სამზარეულოში ვიტრიალო. საჭმელებს მოვალეობის გამო არ ვაკეთებ. პირიქით, მსიამოვნებს, ჩემს მომზადებულ კერძებს ჩემი საყვარელი ადამიანები რომ მიირთმევენ. ხანდახან ისეც ხდება, კეთება მეზარება და იოლად გადავივლით ხოლმე. საერთოდ კი, ამ მხრივ, ჩემი ოჯახი საკმაოდ ტრადიციულია და ყოველთვის გვაქვს სადილი. ძირითადად საჭმელს საღამოობით ვაკეთებ, რომ მეორე დღისთვის მამაკაცებს ჰქონდეთ. არ მომწონს ნახევარფაბრიკატები, მაგრამ მეც მიყიდია მზა პროდუქტები. არიან ოჯახები, რომლებიც მუდმივად ნახევარფაბრიკატებით იკვებებიან, მე კი ამას ვეწინააღმდეგები. არ ვიცი, მის მომზადებაში რამდენადაა ნორმები დაცული. როცა ქალმა სადილების კეთება იცის, რატომ არ უნდა გააკეთოს?! ქალმა, მით უმეტეს, თუ ის უკვე დედაა, აუცილებლად უნდა იცოდეს დაგვაც, დაწმენდაც და სადილის კეთებაც. ამასთან ერთად, რა თქმა უნდა, სხვა საქმეც უნდა ჰქონდეს. თუ ქალს ეს მხარე მოწესრიგებული აქვს, მისთვისაც კარგია და მისი ოჯახისთვისაც.
– როგორ ფიქრობთ, გემრიელი ხელი გაქვთ?
– საკუთარი თავის ქება გამომდის, მაგრამ ამბობენ, რომ გემრიელი ხელი მაქვს. შეიძლება ერთი და იგივე კერძი რამდენიმე ქალმა ერთი რეცეპტით მოამზადოს, მაგრამ ყველას სხვადასხვანაირი გამოუვიდეს. კეთების დროს საჭმელს არასოდეს ვსინჯავ. არ ვიცავ დაწესებულ ნორმებს და არ მგონია, რომ თუ მეტყვიან, ორი კოვზი მარილი უნდაო, ზუსტად ორი კოვზი უნდა ვუყო. მიუხედავად ამისა, ყოველთვის ძალიან გემრიელი გამომდის სადილი.
– ქმარს ყველაზე მეტად რა კერძი მოსწონს?
– თითქმის ყველაფერზე მეუბნება, გემრიელიაო, ნახელავს მიქებს. ჩემი ოჯახის წევრები ძალიან გავაკვირვე, როდესაც დამოუკიდებლად მოვამზადე აჯიკა. ერთ დღეს ძალიან მომინდა, თან აუცილებლად ჩემი გაკეთებული. მაინტერესებდა, როგორი გამომივიდოდა და რეცეპტის გარეშე, ჩემი ინტუიციით გავაკეთე. ყველას გაუკვირდა, რატომღაც ეგონათ, რომ მაჩუქეს.
სანამ გავთხოვდებოდი, არასოდეს მიწევდა სადილების კეთება. სახლში დედა და ორი უფროსი და მყავდა, ამიტომ სამზარეულოში ჩემი ადგილი აღარ რჩებოდა, მაგრამ, როცა მათ ვუყურებდი, როგორ ამზადებდნენ კერძს, მეც ვსწავლობდი.
– თქვენს შვილს უყვარს დედიკოს მომზადებული საჭმელები?
– ძალიან უყვარს, ჭამაზე უარს არასოდეს ამბობს. უკვე ერთი წლის არის და ყველაფერს მისი ასაკის გათვალისწინებით ვუმზადებ – ბულიონებს, ბოსტნეულის პიურეს... მას თავისი მენიუ აქვს.
– თქვენი კულინარიული ექსპერიმენტები ყოველთვის ამართლებს თუ კრახიც განუცდიათ?
– კრახს ძირითადად ცომეულში განვიცდი. თუ ვიცი, რომ შეიძლება ჩემი ცდა კრახით დამთავრდეს, არც ვრისკავ. ცხოვრებაშიც ასე ვარ. სამზარეულოში სადილების მომზადებისას ბევრს არ ვფიქრობ. ახლა "მოდაშია", რომ ქალმა არ უნდა იცოდეს კერძების მომზადება, კვერცხს "ძლივს" უნდა წვავდეს. მე არავის ვაკრიტიკებ, მაგრამ გულწრფელად გეტყვით, არ მჯერა ასეთი რაღაცეების. შეიძლება ვიღაცა ძალიან გააღიზიანოს ჩემმა ნათქვამმა, მაგრამ ვერ დავიჯერებ, ქალები რომ ამბობენ, კვერცხის შეწვა არ ვიციო და რომ ჰგონიათ, ნაჭუჭიანად უნდა შეიწვას. შეიძლება მას ეს პოზა მოსწონს და უხდება კიდეც, მაგრამ მე ასეთი დამოკიდებულება არ მომწონს. მაღაზიაში შემწვარი კარტოფილის ყიდვაც ჩემთვის პოზაა. აწ გარდაცვლილი სოფიკო ჭიაურელი არაჩვეულებრივი დიასახლისი იყო. ვერ ვხვდები, დღეს რატომ ითვლება კულინარიის ცოდნა არამოდურად. როგორც ამბობენ, მამაკაცის გულისკენ მიმავალი გზა კუჭზე გადის და თუნდაც ამიტომ უნდა ვიცოდეთ ქალებმა კერძების მომზადება.
– ხშირად უთქვამთ ჩემს რესპონდენტ მამაკაცებს, რომ ბედნიერებას ანიჭებთ ის ფაქტი, როდესაც სახლში მისულებს ცოლი ცხელ კერძს ახვედრებთ.
– მეც ძალიან მიყვარს, როდესაც სახლში მოსულს სადილი მხვდება. მე არ მივეკუთვნები ქალების იმ კატეგორიას, რომლებსაც მხოლოდ სალათები უყვართ. მე ყველა გემრიელი კერძი, კარგად დანაყრება და გემრიელად ჭამა მიყვარს. ძალიან სასიამოვნოა, როდესაც სამსახურიდან დაღლილი ბრუნდები და გემრიელი სადილი გხვდება.
– თქვენი კულინარიული გამოცდილებიდან ჩვენს მკითხველს რას გაუზიარებთ?
– მე ხორცეულს ყოველთვის ქონდრით ვაზავებ, რომელიც განსაკუთრებულ გემოს და არომატს აძლევს. სანამ თქვენ მოხვიდოდით, ტოლმა უნდა გამეკეთებინა, მაგრამ დამეზარა და ხვალისთვის გადავდე. იმასაც კი უნდა ვუყო ქონდარი. კატლეტშიც არაჩვეულებრივია. ეს დედაჩემმა მასწავლა.
– რამდენ კაცზე შეგიძლიათ მოამზადოთ სუფრა სწრაფად?
– ვერ ვიტყვი, რომ ათკაციან სუფრას ერთ საათში გავამზადებ, მაგრამ რამდენიმე საათში შემიძლია გავაწყო. ამაში პრობლემას ვერ ვხედავ.
– თქვენი ოჯახის ტრადიციული კერძი რა არის?
– ჩვენი სუფრების ტრადიციული კერძი ჩაქაფულია, რომელიც ყველას გვიყვარს. ჩაქაფული მხოლოდ ხორცთან არ ასოცირდება. ტარხუნის და ალუჩის არომატი ძალიან უხდება ამ კერძს. ჩემთვის ძალიან საინტერესო და გემრიელი საჭმელია. ასევე ხშირად ვაკეთებ აჩმას. რამდენიმე დღის წინ ჩემი მეგობრები მოვიდნენ და უცებ გადავწყვიტე, აჩმა გამეკეთებინა. ნახევარ საათში უკვე მზად მქონდა. სტუმრებმა ვერ დაიჯერეს, რომ ასე უცებ მოვახერხე აჩმის გაკეთება. მე არც მას ვაკეთებ რეცეპტით. ძალიან ნაჩქარევად გავაკეთე და, მგონი, ისეთივე შედეგი მივიღე, როგორსაც მაშინ ვიღებ, როდესაც გულმოდგინედ ვაკეთებ. რაც შეეხება შემწვარ კარტოფილს, ყველაზე მეტად მიყვარს ქურაში ორეგანოთი გაკეთებული. ორეგანო სუნელია და უგემრიელესს ხდის შემწვარ კარტოფილს.
– კარტოფილის შეწვის ალბათ იმდენი რეცეპტი არსებობს, რამდენიც დიასახლისია. თქვენ როგორ ამზადებთ?
– კარტოფილს გათლით და თითოს ოთხ გრძელ ნაჭრად დაჭრით. მე კარტოფილთან ერთად ქათამსაც ვწვავ ხოლმე, მაგრამ თქვენ შეგიძლიათ მხოლოდ კარტოფილი შეწვათ. კარგად დამუშავებულ ქათამს დიდ ტაფაზე დადებთ და გარშემო მარილმოყრილ კარტოფილს შემოულაგებთ. ზემოდან აუცილებლად უნდა მოასხათ ზეთი. მოაყრით ცოტა მსხვილად დაფქულ წითელ წიწაკას. კიდევ უცხო სუნელი და ქინძი უნდა. ზემოდან არ დაგავიწყდეთ ორეგანოს მოყრა და მერე შეწვით. ისეთი გემრიელია, ყველაფერს დაგავიწყებთ!. ძალიან უხდება ალუბლის და მაყვლის ტყემალი.
– ახლა ისეთ მდგომარეობაში ხართ, პირის გემო ალბათ ხშირად გეცვლებათ.
– კი. ძალიან მიყვარდა ნებისმიერი სახის თევზეული, მაგრამ ფეხმძიმობის დროს ხიზილალაც კი მიუღებელი გახდა ჩემთვის. ცუდად ვხდები თევზეულის დანახვისას. თავიდან, სანამ არ ვიცოდი, რომ ფეხმძიმედ ვიყავი, ქურაში შევწვი თევზი ძალიან დაბალ ცეცხლზე, შავი პილპილით, ლიმონით, ნივრით, ხახვით... მოკლედ, არაფერი დავაკელი. ყველამ ძალიან გემრიელად მივირთვით, მაგრამ მე უცებ ცუდად გავხდი. ვერ ვხვდებოდით, რა შეიძლებოდა დამმართნოდა. თევზი ახალი იყო და არ მომწამლავდა, თან დანარჩენები ყველანი კარგად იყვნენ. აღმოჩნდა, რომ თურმე ფეხმძიმედ ვიყავი და ამიტომ გავხდი ცუდად.
– თქვენ საჭმელების და სუფრების ლამაზად გაფორმებაც გეყვარებათ.
– ყოველდღურ ცხოვრებაში – ნაკლებად. დღესასწაულებზე მიყვარს სუფრის გაფორმება. ჩემთვის დიდი მნიშვნელობა აქვს, როგორი ჭურჭლით მოაქვთ საჭმელი. ყველა კერძი თავის ჭურჭელში უნდა იყოს. ეს დიასახლისის კულტურაზე მეტყველებს. სასიამოვნოა, როდესაც სუფრა ლამაზად გამოიყურება. არ მსიამოვნებს პირმოტეხილი ჭიქებიდან წყლის დალევა. შეიძლება გქონდეს ასეთი ჭიქა სახლში, ამაში ცუდი არაფერია, მაგრამ მე არ მომწონს და რა ვქნა.
– მგონი, არაჩვეულებრივად მოირგეთ დიასახლისობა.
– კი, ნამდვილად, მაგრამ მხოლოდ დიასახლისობით არ ვარ დაკავებული. ვერ გეტყვით, რომ ადგომისთანავე წინსაფარს ვიკეთებ და სამზარეულოში ვფუსფუსებ. დიდი სიამოვნებით ვაკეთებ სადილებს, მაგრამ კვირაც გასულა ისე, რომ სახლში არაფერი მომიმზადებია.
– რა არის თქვენს სამზარეულოში აუცილებელი ყოველდღიური პროდუქტი, რომლის გარეშეც არ შეგიძლიათ?
– ყავა. სულ ყავის ყიდვაში ვარ, მაგრამ თან სულ ჩემს მეუღლეს ვურეკავ, ყავა წამოიღე–მეთქი. ჩემს ჩანთას მუდამ ყავის სუნი ასდის.
– ოდესმე დიეტაზე ყოფილხართ?
– არა, დიეტა აბსოლუტურად უცხო რამ არის ჩემთვის. სულ მიკვირს, როდესაც ნორმალური აღნაგობის ხალხი დიეტებს იცავს. ჩემთვის ძალიან გამხდარი ადამიანები საინტერესოები არ არიან. ვერ ვხვდები, პოდიუმზე კატასტროფული სიგამხდრის მოთხოვნილება რატომ არის. ძალიან მიყვარს ჭამა, მაგრამ ჩემი მადა აღნაგობაზე არ მოქმედებს. ხანდახან უფრო მომატებული ვარ, მაგრამ ჩემს წონას არასოდეს შევუწუხებივარ.
– სწორ რეჟიმში იკვებებით?
– სულაც არ ვიკვებები სწორ რეჟიმში. ღამით ვჭამ. ამბობენ, რომ ეს კუჭისთვის არ შეიძლება, მაგრამ მე ძალიან მიყვარს, როდესაც ვჭამ და ვიძინებ. ეს არ არის ჯანმრთელი ცხოვრების წესი, მაგრამ რა ვქნა?! სულ სადღაც მეჩქარება, ხან მთელი დღე ყავაზე და ჩაიზე ვარ და სახლში ღამე მოსულმა რატომ არ უნდა ვჭამო?! როცა ვახერხებ, მაშინ ვჭამ. თამუნა ნიკოლაძესაც (თათულის მეგობარი და პარტნიორი სერიალში "შუა ქალაქში". ავტ. შენ.) უყვარს ჭამა. ჩვენ ამას კაცურ ჭამას ვეძახით. ყოფილა შემთხვევა, როდესაც მე და თამუნა სადმე საჭმელად შევსულვართ და კანჭი მოგვითხოვია. მიმტანი ცოტა დაბნეულა, მაგრამ ჩვენ ეს საჭმელი ბოლომდე აგვითვისებია. ვგიჟდები ხინკალზე, მწვადზე, მჟავეზე...
– წარმომიდგენია, რა მხიარულებაა იმ სუფრასთან, სადაც თქვენ და თამუნა ნიკოლაძე მეგობრებთან ერთად იკრიბებით.
– ერთად ძალიან მაგარ დროს ვატარებთ. ჩვენ სერიალამადეც ვიცნობდით ერთმანეთს და მანამდეც ვიკრებებოდით.
– ძირითადად ვის სახლში იკრიბებით, ვინ ხართ ყველაზე კარგი მზარეული?
– სახლებში იშვიათად ვიკრიბებით, არ გვინდა ხოლმე ოჯახის შეწუხება. კახა ჯოხაძეს ჰყავს არაჩვეულებრივი დედა, ქალბატონი ნანა, რომელიც ძალიან მიყვარს. ჩვენ ხომ აღარ ვართ სერიალში და იმ დღეს დამირეკა ნანა დეიდამ, ჩემო ყოფილო რძალო, ძალიან მომენატრეო. მას უყვარს სადილების გაკეთება, ეს დიდ სიამოვნებას ანიჭებს. ხშირად დავუპატიჟივართ კახას თავის ოჯახში ყოველგვარი მიზეზის გარეშე საქეიფოდ. ჩვენც, რა თქმა უნდა, ბედნიერები მივდივართ ხოლმე. ნანა დეიდა ტრადიციული სუფრების გაშლაზე გიჟდება.

|
დღის სიახლეები
|
რა მოსწონთ თქვენ მეგობრებს
|
Alternative content



ყვავილოვანი კომბოსტო კიბოს წინააღმდეგ
კულინარიული შედევრები
ხილი დიაბეტის წინააღმდეგ
დიეტა მოგბეზრდათ? ნაყინი შეჭამეთ












ფასტფუდი დეპრესიას იწვევს
კულინარიული შედევრები
ნინო თოლორდავას ქმარი წელიწადში ორჯერ შემწვარი კვერცხით აბედნიერებს 

კულინარიული შედევრები
კულინარიული შედევრები
გია ბაღაშვილი: "ჩემმა ცოლმა ზუსტად იცის, როგორი კერძები უნდა მომიმზადოს!"
თქვენთვის, გურმანებო
გუშინ მაკარონი ხომ არ მოგიხარშავთ?
თქვენთვის, გურმანებო
თამუნა ლეკვეიშვილი: "საჭმელს ყოველთვის მოვალეობის მოხდის მიზნით ვაკეთებ"
თქვენთვის, გურმანებო
კულინარიული შედევრები 





































































































