asdas
ცნობილი ადამიანები

Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

ცნობილი ჯუჯას მარტივი და გემრიელი რეცეპტები
ცნობილი ჯუჯას მარტივი და გემრიელი რეცეპტები
ცნობილი ჯუჯას მარტივი და გემრიელი რეცეპტები

2011-10-20 15:30:48



ცნობილი "ივერიელი" ანუ ცნობილი "ჯუჯა", მომღერალი ვახტანგ ტატიშვილი, ამქვეყნად ყველაზე გემრიელ კერძად იმას მიიჩნევს, რომელსაც ცოლი სახლში ახვედრებს. საერთოდ მას, როგორც ოჯახის ადამიანს, ძალიან უყვარს სახლის სადილ–ვახშმები და ნაკლებად – რესტორნის კერძები მაღაზიის ან მზა თუ ნახევარფაბრიკატები. გემრიელი სადილი მისი ოჯახის ტრადიციაა, რომელსაც ბატონი ვახტანგის ცოლი უძღვება და ხანდახან ქმარიც წააშველებს ხოლმე ხელს რაიმე მარტივი კერძის მომზადებით.

ბატონი ვახტანგი ჩვენი ინტერვიუს ჩაწერის დროს განსაკუთრებით კარგ განწყობაზე იყო. მიზეზიც მისგან შევიტყვეთ – თბილისობის დღესასწაულზე მას საპატიო თბილისელის წოდება მიენიჭა, რამაც ძალიან გაახარა. გვითხრა, მიხარია, ამდენ ხალხში მე რომ ამომარჩიესო. "სარკეც" ულოცავს ცნობილ "ივერიელს" ამ ჯილდოს, წინასწარ ულოცავს 70 წლის იუბილეს და ცხოვრებაში კიდევ მრავალ სიხარულს უსურვებს.

– ბატონო ვახტანგ, ქართველები ხშირად ვსაუბრობთ ქართული სამზარეულოს გამორჩეულობაზე. თქვენი აზრით, რა არის ჩვენი სამზარეულოს პლუსი?

– ალბათ ის, რომ კარგად ვიცით საჭმელების შეკმაზვა. ჩვენ, სხვებისგან განსხვავებით, მწვადს, საცივს, გებჟალიას ვაკეთებთ. ქართველებმა სადილის კეთება გულიანად ვიცით. ჭამაც გვიყვარს, თუმცა ეს სატრაბახო არაა. ზედმეტი ჭამა სულ არ არის საჭირო.

– ქართველი მამაკაცები ხორცეულს ანიჭებენ უპირატესობას. თქვენც მათ რიცხვს მიეკუთვნებით?

– არა მათ რიცხვში მე არ შევდივარ. ერთი ნაჭერი ხორცი თუ შევჭამე, ეგეც კარგია. თუ სადმე ტყეში ვართ და მწვადებზე ვქეიფობთ, მაშინ დიდი სიამოვნებით გეახლებით. მწვადს კახელები წვავენ ყველაზე გემრიელად.

– რომელი კუთხის სამზარეულო გიყვართ ყველაზე მეტად?

– კახური, რადგან მათ ალალი პურმარილის გამართვა იციან. "გრუბად" დაჭრიან ღორის ხორცს, შორიდან "ხროშ" მარილს მოაყრიან, დიდ ნაჭრებს წამოაცვამენ შამფურზე და წალამზე შეწვავენ. ისეთ მწვადს აკეთებენ, რომ ჭამით ვერ დაკმაყოფილდები. არ არსებობს, ისეთი მწვადი სხვა კუთხეში შეწვან. ასევეა ხაშლამა, რომელსაც, რომ შეხედავ და იტყვი, მოხარშული ხორცია და სხვა არაფერიო, მაგრამ, აბა, მიდი და შენ მოხარშე! კახელებს სულ სხვა გემოსი გამოსდით. მათ იციან, როგორ ნაჭრებად დაჭრან ხორცი და ალბათ ესაა მთავარი. კიდევ, კახურ სუფრაზე აუცილებელია თუშური ყველი და დედას პურები. კახელები იმისთანა პურმარილს გაგიშლიან, სხვაგან ვერსად შეხვდები.

რაც შეეხება იმერეთს, იქ სულო და გულო, რას არ მოგიტანენ! ყველაფერს თავისებურად აკეთებენ, საჭმელებს რაღაცნაირად აფორმებენ. იმერლებს ნიგვზიანი სალათები უყვართ. მისთვის ისეთი დოზით და გემოვნებით არჩევენ მწვანილებს, რომ სხვა კუთხეში მსგავსი გემოსას ვერ გააკეთებენ. კახელები გეტყვიან, რა სალათა, რის სალათაო და პირდაპირ მთლიან პომიდორს მიაყოლებენ პურს.

– რომელი კერძის გარეშე ვერ წარმოგიდგენიათ ქართული სუფრა?

– მე დიდი კულინარი არ ვარ, მაგრამ შემიძლია ჩემი აზრი გითხრათ. მთელი საქართველო მოვლილი მაქვს და ალბათ ყველა ქართული კერძი მაქვს დაგემოვნებული. კარგია, რომ ქართველებმა ვიცით, რა როგორ ვჭამოთ. ხორცეულს ბევრ ხახვს და მწვანილს იმიტომ ვაჭრით, რომ ზედმეტი ქოლესტერინი გააბათილოს. რაც შეეხება საცივს, ჩვენი ტრადიციის მიხედვით, წელიწადში მხოლოდ ერთხელ უნდა მივირთვათ, ახალ წელს. არ მგონია, ვინმესთვის საცივი ყოველდღიური კერძი იყოს. ქართული სუფრა ვერ წარმომიდგენია ყველისა და ხაჭაპურის გარეშე. შეიძლება სუფრაზე ტორტი არ იყოს, მაგრამ ხაჭაპური სავალდებულოა. მე ძალიან მიყვარს მჭადი და ყველი. ქართველებმა ძალიან კარგი სადილის გაკეთება ვიცით – მჭადი, ყველი, პური, წიწილა... სხვა რაღა უნდა ინატროს კაცმა, მაგრამ სადაა ყოველდღიურად წიწილა?!

– თქვენი საუზმე რისგან შედგება?

– დილით თითქმის ყოველთვის ჩემებურად შემწვარ კვერცხს გეახლებით.

– როგორია თქვენებური შემწვარი კვერცხი?

– კვერცხს ტაფაზე არ ვწვავ. ავიღებ ბრტყელ თეფშს, ზედ თხლად გადავუსვამ კარაქს და მოვაყრი წვრილად დაფხვნილ ყველს. ცალკე ავთქვეფ სამ კვერცხს და მოვასხამ თეფშზე. შემდეგ შევდებ მიკროტალღოვან ღუმელში და დავაყენებ ორ წუთზე. ისეთი გამოდის, გაგიჟდებით! მარილი არ უყოთ, რადგან ყველს საკმარისი სიმლაშე აქვს.

– კიდევ რისი მომზადება შეგიძლიათ ცოლისგან დამოუკიდებლად?

– შემიძლია აჯაფსანდალი გავაკეთო. ცალკე დავჭრი ბადრიჯანს, მარილს დავაყრი და ცოტა ხანს გავაჩერებ, რომ კარგად დაიწუროს. შემდეგ დავყრი ტაფაზე და შევწვავ. ცალკე დავჭრი რეჰანს, ოხრახუშს და კანგაცლილ პომიდორს. აჯაფსანდალს არასოდეს ვაკეთებ კარტოფილით. ცალკე მოშუშულ პომიდორს და მწვანილს შემწვარ ბადრიჯანს ავურევ. ცოტა გავაციებთ და მშვენიერი გამოდის.

– ცოტა ხნის წინ თქვენი კოლეგა და მეგობარი, ბატონი ნუგზარ კვაშალი მეუბნებოდა, ვახო ტატიშვილს, რაც კი ფუ–ზე, მთავრდება, ყველაფერი უყვარსო.

– მართალი უთქვამს. მიყვარს ჩაქაფული და გაკეთებაც შემიძლია. ჩაქაფული ყოველთვის მაშინ მზადდება, როცა ტარხუნის სეზონია. ეს კერძი ისეთი ბატკნის ხორცისგან უნდა მოამზადო, რომელსაც გაზაფხულის მწვანე ბალახი აქვს მოძოვილი. მისი ხორცი გემრიელი ამ დროს არის.

– და ძალიან უხდება თეთრი ღვინო. თქვენ როგორ ღვინოს მიირთმევთ?

– არავინ თქვას, რომ ვინმე კახელებზე უკეთესად აყენებს ღვინოს. შეიძლება იმერეთში უფრო მეტი დასახელების ღვინო მოიძებნოს, ვიდრე კახეთში, მაგრამ კახურს მაინც არაფერი შეედრება. ეს ალბათ იმიტომ, რომ ეს კუთხე მზიანია და ღვინისთვის კარგი ყურძენი მოდის. ყველაზე მეტად ტანინიანი ღვინო მიყვარს. მართალია, ყელზე მიჭერს ხოლმე ტანინი, მაგრამ მომღერლების გასაგონად ვიტყვი, რომ ერთ ჭიქა ტანინიან ღვინოს ერთი ყლუპი წყალი მიაყოლონ და ყელი წესრიგში იქნება 22 ნოემბერს 70 წლის იუბილე მაქვს. ახლა უკვე იმდენს არ ვსვამ, ჩემს ასაკში ყოველდღიურად ერთი ჭიქა ღვინო წამლად საჭიროა.

– თქვენი ცოლი როგორი კულინარია?

– ოჰ, ძალიან მაგარი! მამით გურულია, დედა რუსი ჰყავს. დედამ ისეთი ბორშჩის გაკეთება ასწავლა, რომ გაგიჟდებით. ძალიან გემრიელ ხაჭაპურს აცხობს. დედაჩემმაც ასწავლა რაღაც–რაღაცეები. ყველა საჭმელს ლამაზად და სუფთად აკეთებს.

– ლამაზი სამზარეულო გაქვთ. თქვენ და თქვენი მეუღლე ერთად ზრუნავთ მის მოწყობაზე?

– როგორც ხედავთ, ჩემს სამზარეულოში ყველა საჭირო ნივთია. დანების ყველანაირი კომპლექტი გვაქვს. ტექნიკაც მიყვარს. გვაქვს მიკროტალღოვანი ღუმელი, გაზქურა. ყველაფერი ხარისხიანი და მაღალი დონის უნდა იყოს. მიყვარს კარგად და ლამაზად მოწყობილი სამზარეულოები. საზღვარგარეთიდან დიასახლისისთვის საჭირო ბევრი ნივთი ჩამომაქვს.

– თქვენი საგასტროლო ცხოვრების მანძილზე ალბათ ბევრი ეგზოტიკური, ქართველებისთვის უცნაური კერძიც გაგისინჯავთ.

– თქვენ წარმოიდგინეთ, ვიეტნამში ძაღლის ხორციც კი მივირთვი, ოღონდ ისე მაჭამეს, რომ არ მითხრეს, ძაღლის ხორციაო. სხვათა შორის, მომეწონა. მეზიზღება, როცა ცოცხალ ლოკოკინებს ჭამენ. მეცოდებიან საწყალი ლოკოკინები. კუბაში შეგვეკითხნენ, ქათმის ხორცს შეჭამთ თუ ბაყაყისო. ყველამ ქათმის ხორცი ამჯობინა. მე ბაყაყის ხორცი შევუკვეთე. იქ თურმე ქათამს თევზის ფხვნილს აჭმევენ, ამიტომ რომ მოიტანეს, ისეთი საშინელი სუნი ასდიოდა, ვერავინ შეჭამა. ჩემი ბაყაყი თავის გარნირთან ერთად ძალიან გემრიელად გეახელით.

– როგორ ფიქრობთ, ქალისთვის პლუსია, როდესაც მზარეულობა ეხერხება?

– ჩვენც მალე ევროპელებს შევუერთდებით და მზა პროდუქტებზე გადავალთ, რაც არ მომწონს. ვთვლი, რომ ქალმა აუცილებლად უნდა იცოდეს სადილების გაკეთება. სახლში დაბრუნებულს ცოლი ბორშჩს, ბულიონს, აკროშკას, ბოზბაშს ან მაწვნის შეჭამანდს რომ დაგახვედრებს, რა სჯობს!

– ახლა ოჯახებში აკროშკას იშვიათად თუ ვინმე აკეთებს. გვითხარით, თქვენი ცოლი როგორ ამზადებს.

– მოხარშულ ხორცს ძალიან წვრილად დაჭრით. ცალკე დაჭრით კიტრს, ოხრახუშს, მწვანე ხახვს და ბურახში აურევთ. მერე ამ მასაში შეურევთ დაჭრილ ხორცს და მაცივარში შედებთ. საზაფხულო საჭმელია.

– ტკბილეულზე არაფერი გვითქვამს. არ გიყვართ ნამცხვრები?

– მაინცდამაინც – არა. ნამცხვრები მუკუზას (ბატონი ვახტანგი ნუგზარ კვაშალს მოიხსენიებს ასე. ავტ.) უყვარს.

Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

სიახლეები
დღის სიახლეები
რა მოსწონთ თქვენ მეგობრებს

Alternative content

online