| ქალი და მამაკაცი |

მსახიობ ნანა შონიას რომ დავურეკეთ, აღნიშნა, რომ განსაკუთრებული მზარეული არ ვარო, მაგრამ შემდეგ გვითხრა, მზარეულობა ეხერხება და საჭმელების მომზადებაც ხშირად უწევს. უბრალოდ თვლის, რომ ამას დიდი დრო მიაქვს. თერთმეტი წლის იყო, როდესაც პირველად ნამცხვარი გამოაცხო და მას მერე იგივე რამ აღარ უცდია. მხოლოდ ერთხელ სცადა კექსის გამოცხობა და ისიც წარუმატებლად. ცომეული და ტკბილეული უყვარს, თუმცა, ჭამას ერიდება. ხშირად არის დიეტაზე და წვეულების მეორე დღეს ყოველთვის აწყობს ორგანიზმის განტვირთვას. ქალბატონი ნანა ჟანსაღ კვებას ყურადღებას აქცევს. მართალია, მის შვილებს შემწვარი კარტოფილი ძალიან უყვართ, მაგრამ ხშირად არ წვავს. ასევე ცდილობს, ნაკლებად გამოკვებოს ოჯახი ნახევარფაბრიკატებით. თუ როგორ კერძს ამზადებს სალათის ფურცლებისგან ცნობილი მსახიობი, რატომ უყვარს ბაზარში სიარული და რა საიდუმლო გაანდო მან "გუმბათის" მკითხველს, ამას ჩვენი ინტერვიუდან შეიტყობთ.
– ქალბატონო ნანა, როგორი დამოკიდებულება გაქვთ სამზარეულოსთან?
– დადებითი და ამავდროულად იძულებითი დამოკიდებულება მაქვს. არ მიყვარს, როდესაც ჩემი ოჯახის წევრები სამზარეულოში რომ შემოდიან და ხელს მიშლიან. რომ გითხრათ, დიდი კულინარი ვარ და მწვერვალებს ვიპყრობ–თქო, მოგატყუებთ. თუმცა, რაღაც–რაღაცეები გამომდის. მართალი რომ გითხრათ, დიდად მაინც არ მიყვარს სამზარეულო, რადგან ისეთი ხელი არ მაქვს, რომ ყველაფერი კარგად გამომივიდეს. თუმცა, სამზარეულოში ყოფნა ზოგჯერ სასიამოვნოა, მაგალითად, ჩემს მეგობრებს უყვართ ჩემთან შეკრება. ვჭორაობთ, ვსაუბრობთ და ვკამათობთ ხოლმე. ჩემი სამზარეულოს კედლებმა ბევრი რამე იცის. მომზადებას რაც შეეხება, მიწევს საჭმელების კეთება, ოჯახის კაცებს ჭამა ხომ უნდათ?! კიდევ კარგი, რომ ისინი ძალიან მომთხოვნები არ არიან. უმცროსი შვილი უფრო განსხვავებული მჭამელია, რაღაცას ჭამს, რაღაცას – არა, მწვანილები არ უყვარს და ა.შ. მოკლედ, ამ მხრივ ცოტა საწვალებელი არის, რადგან მას სხვანაირად უნდა მოვუმზადო კერძი.
– ბავშვობაში უფროსები გასწავლიდნენ საჭმელების კეთებას, თუ თავად გქონდათ ინტერესი?
– პატარობაში უფრო მაინტერესებდა. მახსოვს, ზუგდიდში ვიყავი, სადაც ბევრი ნათესავი და ახლობელი მყავს. იქ მეზობლის ქორწილი იყო და როგორც იცით, ქორწილის დროს მთელი სამეზობლო მიდის მისახმარებლად. მამიდაჩემიც, რა თქმა უნდა, ეხმარებოდა და ერგო ნამცხვრების გამოცხობა. ამ საქმეში მეც ჩავერთე, მაშინ თერთმეტი წლის ვიყავი. მამიდამ მითხრა, უკვე ყველაფერი იცი და მოდი, შენ გააკეთეო. მართლაც გავაკეთე და ძალიან კარგი გამომივიდა. იმ დღის მერე ნამცხვარი აღარ გამომიცხვია. რამდენიმე წლის წინ, კექსის გამოცხობა ვცადე და ჩემმა უფროსმა შვილმა მითხრა, ამ ამპლუაში სასაცილო ხარო. ის ნამცხვარი ტაფიდან ძლივს ავფხიკეთ, შვილებიც მეხმარებოდნენ, თუმცა, გემო კარგი ჰქონდა. ისიც კი ვიფიქრე, ამაზე ხომ არ ვივარჯიშო და ნელ–ნელა კარგი გამომივა–თქო. ეს ნამცხვარი ზუსტად ისეთი რეცეპტით და ისეთნაირად გავაკეთე, როგორც ჩემი და აკეთებს ხოლმე. იმას კარგი გამოუვიდა, მე – არა. კულინარობა არის ნიჭი, განსაკუთრებული ტალანტი. ჩემი და ძალიან კარგი მზარეულია, შესანიშნავი ხელი აქვს. ამბობს ხოლმე, როდესაც ჩემს ნახელავს მიქებენ, ეს დაახლოებით იგივეა, შენ რომ გითხრან ასეთი კომპლიმენტი, რა კარგად შეასრულე როლიო. ჩემი და სამზარეულოში ყველაფერს გულით და მოწიწებით აკეთებს. პროდუქტსაც განსაკუთრებით არჩევს, რადგან მის კერძებში ყველაფერი კარგი ხარისხის უნდა იყოს. ასე რომ, მას მერე ნამცხვარი აღარ გამიკეთებია და ალბათ ამისი საჭიროება არც არის. ისეთი კარგი ნამცხვრები იყიდება, რომ რა საჭიროა გამოცხობისთვის წვალება, მით უმეტეს, თუკი დრო ნაკლები გაქვს.
– საჭმელების მომზადებისას სწრაფი ხელი გაქვთ?
– სწრაფი ხელი არ მაქვს. ერთი საათი ვრეცხავ მწვანილებს, მერე დავჭრი, ამასობაში ტელეფონი დარეკავს, გონება სხვა რამეზე გამექცევა და ამგვარად საჭმლის გაკეთებას ჩემთვის დიდი დრო მიაქვს. სულ დროის დეფიციტი რომ მაქვს, იმიტომ არ მიყვარს საჭმელების კეთება, რადგან დიდი დრო მიაქვს. ხანდახან ჩემი მეუღლე და შვილები მხოლოდ მჭადსა და ყველზე გადამიყვანია, რაც უყვართ. მით უმეტეს, ზაფხულში, კიტრისა და პამიდვრის სალათასთან მჭადი და ყველი ძალიან გემრიელია.
– როდესაც თქვენს ნახელავს მოიწონებენ ან კომპლიმენტს გეუბნებიან, ეს რას ნიშნავს თქვენთვის?
– რა თქმა უნდა, მსიამოვნებს, როდესაც ჩემს ნახელავს შეაქებენ. სხვათა შორის, წითელ ლობიოს ვაკეთებ ხშირად და ჩემი და სპეციალურად მოდის ამის საჭმელად. როდესაც ის ლობიოს საჭმელად მოდის, ამ დროს ძალიან ამაყი ვარ. თავად ვირტუოზი კულინარია და ჩემი გაკეთებული რომ მოსწონს, ეს ძალიან მახარებს. ლობიო ჩემს ოჯახის წევრებსაც უყვართ, თუმცა ძალიან – არა. მარხვის დროს კი ის ყველაზე აქტუალური კერძია. აქვე ერთ საიდუმლოსაც გაგიმხელთ, რომ ლობიო გემრიელი რომ გამომდის, ეს ერთ–ერთი მთავარი კომპონენტის დამსახურებაა. დედაჩემი აკეთებს ხოლმე მწვანილებით შეკმაზულ აჯიკას და სწორედ ამ აჯიკით ვაზავებ ლობიოს, რაც განსაკუთრებულ გემოს აძლევს.
– მზა პროდუქტს, ნახევარფაბრიკატებს ხშირად ყიდულობთ?
– ნახვარფაბრიკატები დიდად არ მიყვარს. მირჩევნია სუპი მოვამზადო და ბავშვებს ის ვაჭამო, ვიდრე გამზადებული საჭმელი ვიყიდო. ასეთ რამეებს იშვიათად ვყიდულობ. ვთვლი, რომ ნახვარფაბრიკატები ჯანმრთელობისთვის სასარგებლო არ არის. უმეტესად მე, ჩემი მეუღლე და უფროსი შვილი ბოსტნეულის მოყვარულები ვართ. სახლში სალათის ფურცლები ყოველთვის გვაქვს და ხან რას ვამზადებ მისგან, ხან – რას.
– სალათის ფურცლებით რას ამზადებთ, რეცეპტს ჩაგვაწერინებთ?
– განსაკუთრებული რეცეპტი არ მაქვს, თუმცა, მაინც გეტყვით. პირველ რიგში, სალათის ფურცლები კარგად უნდა გავრეცხოთ და დავძენძოთ. საერთოდ გამიგონია, რომ სალათის ფურცლებს დანა არ უხდება და ჯობია ხელით დაიძენძოსო. მასში უნდა შევურიოთ მწვანე ხახვი, მოხარშული ქათმის ხორცი, ესეც დაძენძილი, ცოტა სიმინდის მარცვლები. ასევე შეგიძლიათ შეურიოთ გახეხილი ყველი ან მოხარშული კვერცხი. სალათს აუცილებლად უნდა შეურიოთ ზეთი და ძმარი. ხან ვაშლის ძმარს ვიყენებ, ხანაც შავ ძმარს. ასევე აუცილებლად ვურევ პატარ–პატარა დაჭრილ სუხარს. ზოგჯერ ლიმონსაც მოვასხამ ხოლმე. ცოტა მაიონეზი უნდა იმისთვის, რომ პიკანტური გემო მიიღოს. მოკლედ ეს ისეთი სალათია, რომ მასში ყველაფრის არევა შეიძლება. სხვათა შორის, ბროწეულიც ძალიან უხდება.
– ბაზარში საყიდლებზე თავად დადიხართ?
– კი. მე ვთვლი, რომ ბაზარში ქალმა უნდა იაროს, რადგან თვითონ შეარჩიოს პროდუქტი, შეევაჭროს და ა.შ. მე მიყვარს ბაზარში სიარული, განსაკუთრებით ზაფხულში. ხილს ავარჩევ ხოლმე, ვიყიდი, მერე სახლში მოვიტან და ეს პროცესი ძალიან მომწონს. ასე რომ, ბაზარში სიარული ჩემთვის წვალება არაა. რა თქმა უნდა, მეუღლეც მომყვება ხოლმე, რომ მომეხმაროს, თუმცა, მარტოც ხშირად წავსულვარ. მაგალითად, რეპეტიციის მერე მიყიდია რაღაცეები და მომიტანია სახლში. ჩემთვის ერთგვარი გართობაცაა ვაჭრობის პროცესი, იქ ვიღაც რაღაცას გეტყვის, გამოგელაპარაკება და ეს ხალხთან ურთიერთობაა.
– სადღესასწაულო სუფრებს თავად შლით?
– მე და ჩემი მეუღლე დაბადების დღეებს უმეტესად სახლში ვიხდით. შვილები უფრო გასართობ ცენტრებში აღნიშნავენ ამ დღეს. დედაჩემი ძალიან კარგი მზარეულია, ასევე ჩემი დედამთილიც, რომელიც კლასიკურ კერძებს ამზადებს და ჩემი და. დიდი სუფრები როდესაც მაქვს, ისენი მეხმარებიან და ჩემი სუფრაც მრავალფეროვანი ხდება ხოლმე. მართალია, აქედან ცოტა რამ არის ჩემი გამზადებული, მაგრამ სუფრის გაწყობა მთლიანად ჩემი მოვალეობაა. ვერ გეტყვით, რომ სუფრის გაფორმება მეხერხება, თუმცა, ისე გავაწყობ, რომ ცუდი შესახედიც არ იქნება.
– ხორცეულის მომზადება ხშირად გიწევთ?
– ოჯახში ხორცი ნაკლებად გვიყვარს და, შესაბამისად, მისი მომზადებაც ხშირად არ მიწევს. ყველაზე მეტად კატლეტი გვიყვარს. ფარშს ვყიდულობ ხოლმე, ოღონდაც ვარჩევ, რომ კარგი იყოს და თანაც ჩემ თვალწინ გაატარონ.
– ქალბატონო ნანა, გურმანი ბრძანდებით?
– კი და გემრიელი ჭამა–სმა ძალიან მიყვარს. უფრო მეტად წვეულებები და რაღაც განსაკუთრებული დღეები მიყვარს, როდესაც გემრიელად შეჭამ. ყოველდღიურად კი, ძირითადად, მსუბუქად ვიკვებები. ხშირად ვარ დიეტაზე. წვეულებებზე თავს უფლებას კი ვაძლევ, რომ გემრიელად ვჭამო და ამით გავხალისდე. წვეულებას ყოველთვის მოსდევს განტვირთვის დღე. საახალწლოდ ცოტა მიჭირს განტვირთვის გაკეთება, რადგან საზეიმო დღეები ერთმანეთზეა მიბმული. ზოგჯერ ერთ დღეში რამდენიმე ადგილას მოვხვდები და ამ დროს ორგანიზმის განტვირთვა ცოტა რთულია.
– ცომეული და ტკბილეულიც გიყვართ?
– კი, მაგრამ ცომეულს ნაკლებად ვეტანები. ტკბილეულიდან საახალწლო გოზინაყი და ჩურჩხელა ძალიან მიყვარს. შოკოლადსა და კანფეტებს ნაკლებად ვჭამ. ასევე ძალიან მიყვარს ბრინჯის ფლავი, რომელსაც აუცილებლად კომშითა და გარგრით ვაკეთებ. თუ გარგრის სეზონი არ არის, მაშინ ჩირით ვაკეთებ. ფლავში ვურევ ცოტა ფორთოხლის კანს და საკმაოდ გემრიელი გამოდის. ოდნავ უნდა მიიხრუკოს, ეს უხდება, ფერსაც მისცემს. თუ დამრჩა, მერე ცივადაც გემრიელად მივირთმევ და ძალიან უხდება მურაბაც.
– რაც შეეხება ზამთრის მარაგს, კონსერვებს, მურაბებს, კომპოტებს, ამ ყველაფერს თავად აკეთებთ თუ სხვები გეხმარებიან?
– მურაბებს დედაჩემი და ჩემი დედამთილი აკეთებენ და მათი დამსახურებით, გახეხილი შინდისა და ფეიხოას მურაბა სახლში ყოველთვის მაქვს. ზამთრის სანოვაგეებით, უმეტესად, ისინი მამარაგებენ. თუმცა, მომავალში არაა გამორიცხული, რომ მეც მომიწიოს მსგავსი რაღაცეების კეთება ჩემი შვილებისთვის. თანაც ეს ყველაფერი იყიდება გამზადებული და ამდენად მეც რომ მოვამზადო, ამაში დიდ აუცილებლობას ვერ ვხედავ. ჩვენს სახლში, ძირითადად, მურაბები იჭმება, უმეტესად ამით სტუმრებს ვუმასპინძლდები.
– ჯანსაღ კვებას ყურადღებას რამდენად აქცევთ?
– ვაქცევ ყურადღებას, ყოველ შემთხვევაში, ვცდილობ. მიუხედავად იმისა, რომ ჩემს შვილებს შემწვარი კარტოფილი ყველაფერს ურჩევნიათ, მაინც იშვიათად ვწვავ. ვიცი, რომ შემწვარი კარტოფილი მაინცდამაინც სასარგებლო არ არის. უფრო ხშირად სუპებს, ბორშჩს, ბოსტნეულს, მჭადს ვაკეთებ. ვცდილობ, ნაკლებად ვაჭამო საფუარით დამზადებული საჭმელები. მათ სულ თვალი გაურბით სასუსნავებსა და ტკბილეულისკენ. აქედან უპირატესობას თხილს, ნუშს, ფინიკებს და ასეთ რამეებს ვანიჭებ, რაც ვიტამინებს შეიცავს, რადგან სხვა ტკბილეულის ხშირი ჭამა სასურველი არაა.
– ქალბატონო ნანა, მეგრელი ბრძანდებით, მეგრული კერძების მომზადება თუ იცით?
– ღომის გაკეთება თეორიულად ვიცი და უფრო მეტად დედაჩემი აკეთებს. ბავშვობაში, მახსოვს, ბებიაჩემი აკეთებდა კუპატს. მასალას მოუტანდნენ, ის კი ამას საათობით რეცხავდა და მეც ვეხმარებოდი. მერე ჭრიდა, დებდა ნაწლავებში და ეს პროცესი კარგად მახსოვს. რამდენიმე დღე გრძელდებოდა მისი მომზადება, საკმაოდ შრომატევადი იყო და ერთ წუთში იჭმებოდა. სახლში ბებიას გაკეთებულ კუპატს რესტორნის კუპატი არ შეედრება. მას განსაკუთრებით უხდება ცივი ღომი. ჩვენ კუპატსა და ცივ ღომს სულ ერთად ვჭამდით და ეს ჩვევა უკვე გამჯდარი მაქვს.
– გარდა ღომისა, არის ისეთი კერძი, რისი გაკეთებაც არ გიცდიათ?
– არასდროს მიცდია საცივის გაკეთება. საცივი საახალწლოდ სულ მაქვს, იმიტომ რომ ან დედაჩემი აკეთებს ან ჩემი დედამთილი. არ ვთვლი, რომ ძალიან რთულად მოსამზადებელი კერძია, უბრალოდ, მგონია, რომ კარგი არ გამომივა.
თეონა კენჭიაშვილი, ჟურნალი გუმბათი. N 27

|
დღის სიახლეები
|
რა მოსწონთ თქვენ მეგობრებს
|
Alternative content



ყვავილოვანი კომბოსტო კიბოს წინააღმდეგ
კულინარიული შედევრები
ხილი დიაბეტის წინააღმდეგ
დიეტა მოგბეზრდათ? ნაყინი შეჭამეთ












ფასტფუდი დეპრესიას იწვევს
კულინარიული შედევრები
ნინო თოლორდავას ქმარი წელიწადში ორჯერ შემწვარი კვერცხით აბედნიერებს 

კულინარიული შედევრები
კულინარიული შედევრები
გია ბაღაშვილი: "ჩემმა ცოლმა ზუსტად იცის, როგორი კერძები უნდა მომიმზადოს!"
თქვენთვის, გურმანებო
გუშინ მაკარონი ხომ არ მოგიხარშავთ?
თქვენთვის, გურმანებო
თამუნა ლეკვეიშვილი: "საჭმელს ყოველთვის მოვალეობის მოხდის მიზნით ვაკეთებ"
თქვენთვის, გურმანებო
კულინარიული შედევრები 






















































































