asdas
ცნობილი ადამიანები

Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

შოკმანჟე მოხალული ნიგვზით ანუ უცნაური რეცეპტები დიასახლისებისთვის
მიირთვით
შოკმანჟე მოხალული ნიგვზით ანუ უცნაური რეცეპტები დიასახლისებისთვის

2011-07-05 17:51:41



მაკარონი არყით, შოკმანჟე მოხალული ნიგვზით, მთვრალი ალუბალი და ბანანის რულეტი – ეს იმ უცნაური რეცეპტების ჩამონათვალია, რომლებსაც მზარეულები ჩვენი სუფრის გასაფორმებლად და საუცხოო გარემოს შესაქმნელად გვთავაზობენ.

ნიკა ლავრელაშვილის აზრით, უცნაური კერძი, პირველ რიგში, დაინტერესებას იწვევს. ასე თუ ისე, მისი კაფეტერიის სტუმრებს, პირველ რიგში სახელი ეჩვენებათ უცნაურად, შემდეგ კი მისი დაგემოვნების სურვილი უჩნდებათ. როგორ მოვამზადოთ თითოეული მათგანი, ამ საკითხთან დაკავშირებით ერთ–ერთ კაფეტერიას ვესტუმრეთ და შეფ–მზარეულ ნიკა ლავრელაშვილისგან სპეციალურად "გუმბათის" მკითხველისთვის რჩევები ჩავიწერეთ.
– რას ნიშნავს უცნაური რეცეპტი?
– უცნაური რეცეპტი ჩვენს წარმოსახვაში სხვადასხვა არაშესატყვის პროდუქტთა ერთობლიობას ნიშნავს. მაგალითად, ზოგჯერ ბევრი დიასახლისისათვის წარმოუდგენელია, როგორ შეიძლება გაკეთდეს ესა თუ ის კერძი. მაგრამ ჩვენთვის ამაში წარმოუდგენელი და გასაკვირი არაფერია.
– ეს ყველაფერი არ მოგვწამლავს?
– არა, რა თქმა უნდა, თუმცა, გააჩნია რას შეურევთ ერთმანეთში. მამაკაცების ცნობილი გამოთქმაა: რა მნიშვნელობა აქვს რას შეჭამ, ყევლაფერი ხომ კუჭში ხვდებაო. ესეც მართალია, თუმცა, საუზმეს დესერტით არავინ იწყებს. თუ იწყებს, საუზმე აღარ უნდებათ, ესეც იმიტომ, რომ ტკბილი დესერტი საუზმეს აღარ გვანდომებს. უცნაური კერძების ჩამონათვალში შემიძლია დაგისახელოთ მაკარონი არყით, რომელიც საკმაოდ საინტერესოა და მისი მომზადების პროცესი მართლაც რომ სახალისო და ადვილია. სწორედ ამ საჭმლის რეცეპტს ჩაგაწერინებთ.
მაკარონი არაყში
მოსამზადებლად დაგვჭირდება: მაკანონი, 200 გრამი არაყი, ცოტაოდენი კარაქი, 200 გრამი ლორი (ვიჩინა), ხახვი 1 თავი, სასურევლია იყოს მწვანე ხახვი თუ, რაღა თქმა უნდა, ახალი იქნება, ერთი კონა საკმარისია, 100 გრ არაჟანი, გემოვნებით მარილი და შავი წიწაკა.
მომზადების წესი შემდეგია: მაკარონი მოვხარშოთ და ხარშვისას დავუმატოთ 200 გრ არაყი. შემდეგ გადავწუროთ საწურზე და გადავავლოთ ცივი წყალი. ცალკე ქვაბში კუბიკებად დაჭრილი ლორი მოვშუშოთ კარაქთან ერთად და გაგრილებულ მაკარონთან ერთად. შემდეგ ვუმატებთ წვრილად დაჭრილ მწვანე ხახვსა და არაჟანს, ასევე გემოვნებით მოვაყაროთ მარილი და შავი წიწაკა. მაკარონი არაყით მზადაა.
– გამოყენებული ინგრედიენტები უბრალოდ სახელით მიგვიზიდავს თუ გემრიელიცაა?
– კი, პირველი ეფექტია სახელწოდება, რომელიც უცნაურად გვეჩვენება, არ გაგვისინჯავს და მისი დაგემოვნების სურვილი გვიჩნდება. მაგრამ მას აბსოლიტურად სხვა გემო აქვს. ბევრჯერ გსმენიათ, რომ წვნიანსა და ხორციან საკვებს შავ ღვინოს უმატებენ, ეს მართლაც რომ იდეალურ გემოს აძლევს ხორცპროდუქტებს და შედეგიც ფანტასტიკურია, თუმცა, მას უბრალოდ ხორციანი საკვები ჰქვია და სტუმარი ჩვეულებრივად ინტერესის გარეშე მიირთმევს, აქედან გამომდინარე, ინტერესთან ერთად საჭიროა სახელწოდებაც ჰქონდეს ისეთი, რომ ჩვენს სტუმრებს გასინჯვა მოუნდეთ.
– გემო თუ აქვს ისეთივე საინტერესო, როგორიც მისი სახელია?
– საინტერესო კითხვაა, აი, აქ კი, მართლაც ყურადღება გვმართებს. გემო როგორიაო, ამას ხშირად მეკითხებიან. დამერწმუნეთ, ყველა მზარეული ამ ყველაფერს წინასწარ აგემოვნებს და შემდეგ მიაქვს თავის სტუმართან. აქედან გამომდინარე, ის თუ გემრიელი არაა, მზარეულს შეუძლია ის ინგრედიენტი დაუმატოს, რაც ამ ყევლაფერს უფრო გემრიელს გახდის.
მთვრალი ალუბალი
აუცილებელია მოვამზადოთ სპეციალური ცომი, მოსამზადებლად დაგვჭირდება: 4 ცალი კვერცხი, 1 ჭიქა მაწონი ან არაჟანი, 200 გრამი შერბილებული კარაქი, სოდა ძმრით, ვანილი, მარილი, 5 სუფრის კოვზი კაკაო, 3 ჭიქა ფქვილი. რაც შეეხება კრემს, 1 ცალი მოხარშული შედედებული რძე, 200 გრამი კარაქი, 2 სუფრის კოვზი უნალექო ყავა. ცომი მოვამზადოთ აღნიშნული თანმიმდევრობით და გამოვაცხოთ ცხიმწასმულ ჟარუნაზე. ბისკვიტი გავჭრათ შუაზე, დავუმატოთ ალუბლის წვენი, ასევე კონიაკი 3 კოვზი, და ხუთი ჩაის კოვზი მაგარი ჩაის ნაყენი. წავუსვათ კრემი, მოვაყაროთ ალუბალი, შეგვიძლია, ალუბლის კომპოტიც გამოვიყენოთ. შემდეგ ფენაზე წავუსვათ კრემი და დავაწყოთ ლამაზად ალუბლები. გააფორმეთ შეძლებისდაგვარად და მიიტანეთ სუფრასთან. ინგრედიენტები, რომლებიც ჩამოვთვალეთ, დარწმუნებული ვარ, თქვენს მკითხველებს არ გაუკვირდებათ, თუმცა, მისი სახელწოდება მიმზიდველია. აქედან გამომდინარე, შეეცადეთ, სახელწოდებასთან ერთად ორიგინალური გაფორმების ტექნიკაც მოიფიქროთ და დამერწმუნეთ, თქვენი სუფრა გაჯერებული იქნება გემრიელი და მიმზიდველი კერძებითა და დესერტებით.
– კიდევ რომელი დესერტები მოსწონთ თქვენს სტუმრებს?
– განსაკუთრებით ბანანით მომზადებული დესერტები უყვართ, ბანანი ყველა სეზონზე მოთხოვნადი ხილია. დესერტი, შემიძლია გითხრათ, რომ ზაფხულის ცხელ დღეებში მხოლოდ და მხოლოდ ჩაციებული მიიტანეთ სუფრასთან, რომ ნაშრომი წყალში არ ჩაგეყაროთ. ჩაციებული ბანანით მომზადებული დესერტი ყველასთვის სასურველია და ამავდროულად გემრიელი.
ბანანის რულეტი
ბანანის რულეტის მოსამზადებლად დაგჭირდებათ 5 კვერცხი, 1 ჩაის ჭიქა შაქარი, 1 სუფრის კოვზი თაფლი. ფქვილი, სოდა, ვანილი. კრემი: 150 გრამი კარაქი, 1 ქილა შედედებული რძე. 1 სუფრის კოვზი უნალექო ყავა, ვანილი, 2–3 ბანანი, 1 შოკოლადის ფილა. გავაკეთებთ ცომს და დავასხამთ კალკაზე ცხიმწასმულ ცხელ ჟარუნაზე. როდესაც გამოცხვება, ქაღალდი მალე უნდა მოვაცილოთ (ცხვება ძალიან მალე) კრემის 2/3 წავუსვათ ბისკვიტს, ზედ დავალაგებთ სიგრძეზე დაჭრილ ბანანებს და გადავახვევთ. ზემოდან წავუსვათ დარჩენილი კრემი და დავახეხოთ შოკოლადის ფილა. იმედია ყველასათვის გემრიელი იქნება ეს რულეტი.
– მაინც რა კრიტერიუმებით არჩევენ თქვენთან სტუმრები მენიუს?
– ეს, ძირითადად, დამოკიდებულია იმაზე, თუ ვისთან ერთად და რატომ იმყოფებიან. ალბათ, დამეთანხმებით, რომ თუ რომანტიკული ვახშამი აქვს წყვილს, იქ მენიუ მართლაც რომ ერთ–ერთ მნიშვნელოვან როლს თამაშობს. თუ მეგობრებთან ერთად იმყოფება რომელიმე კლიენტი ჩვენთან, ეს ყველაფერი რომანტიკიდან დიდ ჟრიამულში გადადის და ა.შ. მაგრამ მსგავსება ამ ყველაფერს შორის მაინც არსებობს და ეს მსგავსება უცნაურ საჭმელში მდგომარეობს. მათთვის მართლაც რომ სასურველია ეს ყველაფერი.
– ჩაგვაწერინეთ ყველაზე მოთხოვნადი და უცნაური დესერტი.
– თუ დააკვირდით, ყველა რეცეპტს, რომელიც დღეს მე თქვენ ჩაგაწერინეთ, უცნაური სახელი აქვს, მაგრამ რას იტყვით მის შედგენლობაზე? ვერაფერს, იმიტომ რომ ძალიან ჩვეულებრივი ინგრედიენტებისაგან შეიძლება მოვამზადოთ ძალიან არაჩვეულებრივი დესერტები. ასეთივეა შოკმანჟე მოხალული ნიგვზით, გამოგიტყდებით და ჩემი საყვარელი დესერტია.
შოკმანჟე მოხალული ნიგვზით
მასალა: 4 კვერცხი, 150 გრამი კარაქი, 100 გრამი სუფთა შოკოლადი, 200 გრამი ნიგოზი, 1 ჭიქა შაქრის პუდრა, ვანილი. კარაქი და შოკოლადი გავადნოთ ჯამში ერთად და გავაციოთ. მოვხალოთ ნიგოზი და დავაჭრათ ძალიან თხლად და წვრილად. 4 კვერცხის ცილა გავთქვიფოთ კარგად, როგორც ბეზე, დავუმატოთ შაქარი და ვანილი, შემდეგ ავთქვიფოთ. ყოველივეს დავუმატოთ კვერცხის გულები და ისევ ავთქვიფოთ მიქსერით. მივიღებთ გოგლი–მოგლს, რომელსაც უნდა დავუმატოთ გაციებული კარაქი და შოკოლადი. ვთქვიფოთ მანამდე, სანამ მასა არ გახდება ყავისფერი, შემდეგ ჩავყაროთ ნიგოზი, ავურიოთ, მიღებული მასა გადავიღოთ შუშის პატარა ჭიქებში, შევდგათ საყინულეში და გავაციოთ.
თამუნა ლაშხია, ჟურნალი გუმბათი. N 27


Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

სიახლეები
დღის სიახლეები
რა მოსწონთ თქვენ მეგობრებს

Alternative content

online